Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დასუფთავების, ქვეწარმავლებისა და მღრღნელების პრობლემა კახეთში


საყოფაცხოვრებო ნარჩენები ლაგოდეხის სოფლების ერთი ნაწილიდან წლებია არავის გააქვს. ლაგოდეხში სულ 65 სოფელია, თუმცა ნარჩენები მხოლოდ ამ სოფლების ნახევრიდან გააქვთ. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად კახეთში დღის წესრიგში დადგა ქვეწარმავლებსა და მღრღნელებთან ბრძოლის საკითხი.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი თემი ლაგოდეხში აფენია. ამ სოფლიდან ზვიად ხვედელიძე მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატია. ის ნინო ბურჯანაძის პარტიას წარმოადგენს და ფრაქცია „სოფლის ხმის“ თავმჯდომარეა. ზვიად ხვედელიძე გვეუბნება, რომ „აფენში ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა“ - დასუფთავების სამსახურს საყოფაცხოვრებო ნარჩენები მხოლოდ ცენტრალური ქუჩებიდან გააქვს, პერიფერიებიდან კი - არა. ამიტომ მოსახლეობას თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელები აქვს. დეპუტატ ხვედელიძის თქმით, ბოლო დროს გახშირდა ნარჩენების გადაყრისთვის მოსახლეობის დაჯარიმების შემთხვევები:

„ხდება ის, რომ გარემოს დაცვის სამსახურები აჯარიმებენ ადამიანებს ნაგვის დაყრისთვის და, შესაბამისად, მოსახლეობის უკმაყოფილების გრძნობაც დღითი დღე იზრდება. მე ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა და დაუყოვნებლივ მოგვარებას საჭიროებს, თუმცა ჩვენი რაიონის ხელმძღვანელები სხვა საქმეებით არიან დაკავებული“.

სიჩქარეზე მედო ხელი და რაღაც ტკივილი ვიგრძენი. დავხედე და გველი იყო. იქიდან პირდაპირ ექიმთან წავედი...
თენგიზ ამირეჯიბი

მთლიანი მუნიციპალიტეტიდან ნარჩენების გატანა რომ არ ხდება, ამას არ უარყოფენ ლაგოდეხის გამგეობაში. გამგებლის მოადგილე გიორგი ბოკერია გვეუბნება, რომ რაიონს ამჟამად სამი მანქანა ემსახურება და მთელი ტერიტორიის დაფარვა ამ რესურსით, უბრალოდ, შეუძლებელია. მისივე თქმით, ისინი მოლოდინის რეჟიმში არიან - ცენტრალური ხელისუფლება ლაგოდეხს 3 ავტომობილს ჰპირდება, რამაც პრობლემა უნდა მოხსნას. აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის დასუფთავების სამსახური ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელიწადში 300 000 ლარით ფინანსდება.

„დასუფთავების არეალის გაზრდა მეტ შემოსავლებზეა დამოკიდებული. მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე მწირი ბიუჯეტის გამო, სამწუხაროდ, არ აქვს შესაძლებლობა, რომ თხუთმეტივე თემს მოემსახუროს. იგეგმება სამი მანქანის დამატება და გახდება 6. ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ უფრო მეტ სოფელს მოვემსახურებით “.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა-გადამუშავების პრობლემა კახეთის მუნიციპალიტეტების სხვა სოფლებშიც დგას. არანაკლებ პრობლემურია ქვეწარმავლებსა და მღრნელებთან ბრძოლა. მიმდინარე წელს ქვეწარმავლის მიერ ადამიანის დაკბენის პირველი შემთხვევა გურჯაანში მოხდა. სოფელ ახაშენში მცხოვრები თენგიზ ამირეჯიბი ამბობს, რომ გველმა საკუთარ მანქანაში დაკბინა. თენგიზ ამირეჯიბის თქმით, ქვეწარმავალი ავტომობილში მაშინ შეძვრა, როცა სამუშაოდ ვენახში იმყოფებოდა:

„სიჩქარეზე მედო ხელი და რაღაც ტკივილი ვიგრძენი. დავხედე და გველი იყო. იქიდან პირდაპირ ექიმთან წავედი“.

ქვეწარმავლებისთვის პრეპარატი, ალბათ, შხამქიმიკატების მაღაზიაში იქნება. ისე, არ მეგულება უწყება, რომელიც ამ პრობლემას ებრძოდეს...
ელენე ქურდიაშვილი

ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ, თუკი მან საკუთარ სახლში ან მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეწარმავალი შენიშნა? ამის გარკვევას ჩვენ გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შევეცადეთ, თუმცა ამ უწყებაში გვითხრეს, რომ ისინი მხოლოდ მღრღნელების წინააღმდეგ მუშაობენ და, ისიც, წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულება კი, რომელიც დეზინფექციას თვეში ორჯერ ითვალისწინებს, იურიდიულ პირებთან ფორმდება. აი, რას გვეუბნება გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროფილაქტიკური სამსახურის ხელმძღვანელი ელენე ქურდიაშვილი:

„ქვეწარმავლებისთვის პრეპარატი, ალბათ, შხამქიმიკატების მაღაზიაში იქნება. ისე, არ მეგულება უწყება, რომელიც ამ პრობლემას ებრძოდეს“.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გურჯაანის რაიონულ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათ, უბრალოდ, რჩევის მიცემა შეუძლიათ მოქალაქეებისთვის, ქვეწარმავლის მიერ დაკბენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ექიმს მიმართონ. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას ლაგოდეხის სოფლებიდან, მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკრეტულ ვადას ვერ ასახელებენ, როდის მოგვარდება ეს პრობლემა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG