Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ ბოუი


10 იანვარს 69 წლის ასაკში აღესრულა როკმუსიკის „ქამელეონად“ წოდებული ბრიტანელი არტისტი დევიდ ბოუი. გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე კი, თავის დაბადების დღეს, სტუდიური ალბომი „Blackstar“ გამოსცა - როგორც მოგვიანებით გაირკვა, გამოსათხოვარი ნაშრომი და ერთგვარი რეკვიემიც, დისკი, რომელიც უკვე შედევრად შერაცხეს და ისეთ ეპოქალურ პროექტებს შეადარეს, როგორიცაა, მაგალითად, 1977 წლის „Low“ ან „Outside“. მის მნიშვნელობაზე დიდხანს ისაუბრებს მუსიკალური სამყარო. არა მხოლოდ იმის გამო, რომ ის სიკვდილის სევდიანი წინათგრძნობის მუხტითაა გაჯერებული, არამედ იმიტომ, რომ მუსიკალური თვალსაზრისითაა ღირებული. 69 წლის არტისტმა თანამედროვე მუსიკის მოდუნებული სხეული გააცოცხლა, სრულიად ახალი გამომხატველობითი ფორმა გამოძერწა, მომავალ თაობებს ულტრათანამედროვე სტილისტიკური და აკუსტიკური სივრცეები შეუქმნა სამოქმედოდ.

ყველაფერი კი 2014 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ უძველეს ჯაზ-კაფე „55Bar“-ში დაიწყო. ბოუი მეგობარმა მარია შნაიდერმა ამერიკელი ავანგარდისტი საქსოფონისტის დონი მაკკასლინისა და მისი კვარტეტის მოსასმენად მიიპატიჟა. ბრიტანელმა უკომენტაროდდატოვა კონცერტი, 10 დღის თავზე კი საქსოფონისტსა და დრამერ მარკ ჯულიანას ერთობლივი პროექტის შექმნა შესთავაზა. პირველი კოლაბორაცია ერთი ფსიქოდელიური ბუნების თხზულების გარშემო შედგა. მას „Sue“ ერქვა და 2014 წლის კრებულში Nothing Has Changed შევიდა.

„Blackstar“-ის ჩაწერები 2014 წლის შუა ხანებში დაიწყო. ბოუიმ ჯაზმუსიკოსებთან ერთად პროდიუსერი ტონი ვისკონტი და დრამერი ზაკ ალფორდიც დაიმატა. დევიდი ახალგაზრდა მუსიკოსებს ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის კენდრიკ ლამარის ჩანაწერებს ასმენინებდა მისი უჩვეულო ხელწერის მოსახელთებლად, მაგრამ არა კოპირებისთვის. ბოუის წინა ალბომის, „Next Day“-ს, როკენროლური განწყობის განმეორება არ სურდა და ამისათვის თანამედროვე მუსიკის ელემენტების ინტეგრირებას ცდილობდა. როგორც არტისტები იხსენებენ, მუშაობის პროცესი დუღდა, როცა ბოუი, მოულოდნელად, რამდენიმე თვით დაიკარგა - მასალის გააზრება მჭირდებაო, დაიბარა. სინამდვილეში კი, ის დრო იყო, როცა არტისტმა მძიმე სენის შესახებ შეიტყო. არავინ იცის, თუ რას აკეთებდა ამ ხნის მანძილზე, თუმცა იდეებით სავსე დაბრუნდა, რაც ახალ პროექტში კრაუთ-როკის, ჰიპ-ჰოპის, პოპისა და ჯაზის სინთეზს ისახავდა მიზნად.

საინტერესო გახლდათ ჩაწერის პროცესიც. ტონი ვისკონტის თქმით, ბოუი თავდაუზოგავად მუშაობდა. როცა მუსიკოსები შესვენებაზე გადიოდნენ, სტუდიაში რჩებოდა და შრომას აგრძელებდა. რამდენჯერმე შეუძლოდ გამხდარა, რასაც ყველა მძიმე გრაფიკს უკავშირებდა: პარალელურად, ბელგიელ რეჟისორ ივო ვან ჰოვესთან ერთად მიუზიკლ „ლაზარეზე მუშაობდა და მისი ცუდად ყოფნა ასაკსა და გადაღლას მიეწერებოდა.

კვლავ ალბომ “Blackstar”-ს დავუბრუნდები და მის უნიკალურობაზე ჩემს აზრს მოგახსენებთ. ინდასტრიალის, გლემ-როკის, დრამენბასის, რობერტ ფრიპისეული გიტარის ფრაზირებების, საორკესტრო სვლების, ფოლკის, ჯაზური ლირიკული საქსოფონისა და ჰიპ-ჰოპის სიურრეალისტური სინთეზი მხოლოდ ბოუის შეეძლო. დისკის აკუსტიკური და მხატვრული კონცეფცია აქამდე ცნობილ არც ერთ მუსიკალურ მიმართულებას არ მიეკუთვნება და თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ქამელეონმა“ ანდერძად სრულიად ნოვაციური ჟანრი და ექსპერიმენტების შესაძლებლობები დატოვა. 7 სიმღერისგან შემდგარი კრებული დიდხანს იქნება აქტუალური მსმენელისათვის და, ამასთანავე, ინსპირაციის წყარო მუსიკოსების არაერთი თაობისთვის.

რაც შეეხება თავად ბოუის, წავიდა ისე, როგორც იცხოვრა - დრამა ყვითელ სენსაციად არ უქცევია, საკუთარი სიკვდილისგან ნამდვილი არტპროექტი შექმნა. ჩვენ კი სევდასთან ერთად, ალბათ, უნდა გვიხაროდეს კიდეც, რომ გაგვიმართლა და ჩვენი თანამედროვე გახლდათ.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG