ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 18:45

საზოგადოება / საქართველო

დიასახლისის სტატუსი - დასაქმება თუ ანაზღაურებული ტყვეობა?

გურამ ჩახვაძე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი
გურამ ჩახვაძე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია დიასახლისებისათვის სპეციალური სოციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის. სურვილის შემთხვევაში, ამ სტატუსს მიიღებენ ის უმუშევარი ქალები, რომლებსაც აქვთ ოჯახი და ჰყავთ ერთი ან მეტი შვილი. ამასთან, „დიასახლისის სოციალური სტატუსის“ მქონე ქალები გაუთანაბრდებიან საჯარო მოხელეებს და მიიღებენ ყოველთვიურ ანაზღაურებას, რომლის ოდენობა დამოკიდებული იქნება შვილების რაოდენობაზე.

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, დიასახლისი ჰქვია ქალს, რომელიც საოჯახო საქმეებს უძღვება. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის, დეპუტატ გურამ ჩახვაძის თქმით, „დიასახლისის სოციალური სტატუსის“ დაკანონების შემთხვევაში, ქალის ეს საქმიანობა ანაზღაურებადი იქნება:

„ქალები, რომლებიც არ არიან დასაქმებული არც საჯარო სამსახურში და არც კერძო სექტორში, რეგისტრირდებიან როგორც დიასახლისები და ამის შემდეგ ისინი ჩაითვლებიან დასაქმებულად. სახელმწიფოსგან მიიღებენ ყოველთვიურ ფულად ანაზღაურებას, რომლის ოდენობა დამოკიდებული იქნება შვილების რაოდენობაზე. ასევე მიიღებენ უფასო სამედიცინო დაზღვევას და საპენსიო ასაკის დადგომისას მიიღებენ არა მინიმალურ პენსიას, არამედ შრომითს, იმავე სახელმწიფო პენსიას.“
შრომა კი არა, ტანჯვა და წამებაა!  ამაში თუ ხელფასს გადაიხდიან, ძალიან კარგი იქნება ...

გურამ ჩახვაძის თქმით, მისი ეს ინიციატივა ნაწილია პარტიის მიერ შემუშავებული პროგრამისა „დასაქმებული საქართველო“. ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის მონაცემებით, სულ საქართველოში 150 ათასამდე უმუშევარი ქალია. მათი დიდი ნაწილი დაკავებულია შვილების აღზრდითა და სხვა მძიმე საოჯახო საქმით. გურამ ჩახვაძე დარწმუნებულია, რომ დიასახლისის შრომის ანაზღაურება ხელს შეუწყობს ოჯახების განმტკიცებას და დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებას. დეპუტუტის ამ აზრს ბევრი ქალი იზიარებს:

„სახლში ჯდომა ძალიან ძნელია, მით უმეტეს, ბაშვების გაზრდა. იტვირთება ადამიანი.“

„შრომა კი არა, ტანჯვა და წამებაა!  ამაში თუ ხელფასს გადაიხდიან, ძალიან კარგი იქნება.“

„დიასახლისის შრომა ძალიან ძნელია! საოჯახო საქმე, წადი-მოდი, შვილების გაზრდაზე არაფერს ვამბობ... თუ ამას გააკეთებენ, კარგი იქნება.“


„ძალიან მძიმე შრომაა! ოჯახის მოვლა, შვილების მოვლა, ქმრის მოვლა... მაგრამ რომ მუშაობდეს, უფრო უკეთესი იქნება.“

ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ დიასახლისებს დასაქმების მეტი შანსიც უნდა ჰქონდეთ. „კავკასიის ქალთა ქსლის“ ხელმძღვანელი ნინო ციხისთავი მიიჩნევს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ეს ინიციატივა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს ისედაც არათანაბარ პირობებში მყოფ ქალს.

სოციალური თვალსაზრისითაც რომ შევხედოთ, სახელმწიფო ვიღაცას ეხმარება, ამ მხრივაც კი გაუმართლებელია, იმიტომ რომ სოციალური დახმარების თვალსაზრისით ჯობია სახელმწიფო დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ ...
„ქალები სერიოზული სამუშაო ძალაა შრომის ბაზარზე. სახელმწიფომ თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს, რათა ქალები გამოვიდნენ შრომის ბაზარზე თანაბარ პირობებში, და არა მიუთითოს, ფულს გადაგიხდი და სახლში დაჯექიო. ასეთი მიდგომა შეიძლება მხოლოდ იმ ქვეყანაში იყოს (მაგალითად, დანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში), სადაც ქალს თანაბარი შესაძლებლობა აქვს და მისი ასარჩევია, უნდა იმუშავებს და უნდა სახლში დაჯდება. ჩვენთან ქალს არჩევანს არ უტოვებენ“, უთხრა ნინო ციხისთავმა რადიო თავისუფლებას.

„დიასახლისის სოციალური სტატუსის“ შემოღებას ეკონომისტების ნაწილიც აკრიტიკებს. ზურაბ ჯაფარიძის ვარაუდით, ინიციატივას ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკური დატვირთვა აქვს და პარტია ცდილობს არჩევნების წინ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის - დიასახლისების - გული მოიგოს:

„სოციალური თვალსაზრისითაც რომ შევხედოთ, სახელმწიფო ვიღაცას ეხმარება, ამ მხრივაც კი გაუმართლებელია, იმიტომ რომ სოციალური დახმარების თვალსაზრისით ჯობია სახელმწიფო დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ, ანუ კრიტერიუმი იყოს გაჭირვება და არა ის, რომ არის მდედრობითი სქესის ადამიანი, რომელიც დაკავებული არის საოჯახო საქმეებით. ბევრი იქნება ისეთი, რომელიც შეძლებული ოჯახიდანაა ან მეუღლეს აქვს მნიშვნელოვანი შემოსავალი და მათთვის ფულის განაწილება არის სახელმწიფო რესურსების ფანტვა და მეტი არაფერი.“

ეკონომისტ ზურაბ ჯაფარიძისგან განსხვავებით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ამ ინიციატივის რადიკალური შეფასებისგან თავს იკავებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე, თუმცა ის ჩამოთვლის საკითხებს, რომლებიც იდეის განხორციელებას შეაფერხებს:

საუბარი იმაზე, რომ ფული არ გვაქვს, გაუმართლებელია. ამ ლოგიკით, არც ჯარი უნდა გვყავდეს და არც პოლიცია ...
„ჯერ ერთი, დიასახლისის სტატუსია განსასაზღვრი. ეს არის უმუშევარი ადამიანი, რომელიც ქალია და სახლშია თუ არის მეოჯახე, რომელსაც ავადმყოფი, ან ერთი, ან ხუთი შვილი ჰყავს? მეორე: მოსახლეობის რა ნაწილს შეეხება ეს სიახლე - 16 წლის გათხოვილი ქალი დიასახლისია თუ 18 წლიდან ჩავთვალოთ? და მესამე: სოციალური დაცვის მოქმედი სისტემა. ნაწილი ამ ადამიანებისა სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და იღებს დახმარებას, მათ შემოსავალი მოემატებათ. საკითხავია, ყოველივე ეს როგორ აისახება სტრუქტურაზე? ასე რომ, ცოტა მეტი ფიქრი სჭირდება.“

პასუხად ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში აცხადებენ, რომ ყველა ამ შეკითხვაზე აქვთ პასუხი. გურამ ჩახვაძის თქმით, პრობლემა არ უნდა იყოს მათი ინიციატივის დასაფინანსებლად საჭირო სახსრების გამოძებმნა.

„დაახლოებით 1, 5 მილიარდი ლარი მიდის სოციალურ სფეროზე და ეს არის მცირე როგორც მთლიან შიდა პროდუქტთან, ასევე ბიუჯეტთან მიმართებაში და ეს წილი უნდა გაიზარდოს. საუბარი იმაზე, რომ ფული არ გვაქვს, გაუმართლებელია. ამ ლოგიკით, არც ჯარი უნდა გვყავდეს და არც პოლიცია... ოჯახი არის საფუძველი სახელმწიფოს სიძლიერის და ამიტომ ჩვენ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ. მერწმუნეთ, ამის რესურსები ქვეყანაში არსებობს“, განაცხადა გურამ ჩახვაძემ.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: SOPHIO საიდან გვწერთ: UNITED STATES
08.06.2012 20:34
არ მჯერა, ამდენი განათლებული ადამიანი გამოვიდეს ასეთი სულელური ინიციატივით გამოდიოდეს!
სასაცილოა!

ავტორი: me საიდან გვწერთ: --
11.05.2012 15:16
თუ ეს სტატუსი მამალ დიასახლისებზეც (მამასახლისებს, თუ რაც ქვიათ) გავრცელდება, უკვე წმინდა სოციალური პრობლების გადაწყვეტისკენ იქნება მიმართული, ყოველგვარი გენდერული პრობლემების გარეშრე :)

ავტორი: ანონიმი
11.05.2012 13:29
რა დროს დიასახლისებია როცა ბატონი ობამა მხარს უჭერს გეების ქორწინებას და პუტინს გაპრეზიდენტებას ულოცავს? მაგათაც რა,დინების წინააღმდეგ გაცურვა მოინდომეს? ჩაუშესკუ ჩაუშესკუ!!!

ავტორი: ანონიმი
11.05.2012 09:48
იმედია სერიოზულად არავინ აღიქვამს ამ ყოვლად უპასუხისმგებლო და დემაგოგიური ინიციატივას

ავტორი: მელანქოლიკოსი
11.05.2012 01:32
კაი თქვენი ჭირიმე რა. თეოდემოკრატიის შემომთავაზებელთა და ჩაუშესკუს ძახილის მოყვარულთა ფანტაზიები მძიმედ მოქმედებს ადამიანებზე. სექსუალურ და ნაირ ნაირ უმცირესობათა ეპოქაში,ამ უმცირესობათა უმრავლესობებად ქცევის ხანაში რაღა დროს არქაული ოჯახი და დიასახლისია. გეების და ლესბოსელების "ოჯახებში" მიდით და არკვიეთ რომელია დიასახლისი და რომელი მამასახლისი. მთელ დემოკრატიულ სამყაროში ოჯახები ინგრევა და ისინი არსებობას განაგრძობენ მაჰმადიანურ,ინდუისტურ,ბუდისტურ,კონფუციურ თუ სინტოისტურ და ანიმისტურ სამყაროში და აქედანაა დემოკრატიული სამყაროს დემოგრაფიული პრობლემებიც.
ველურ აფრიკულ სოფელში გშემთხვევით გაჩენილი ბავშვიც ცის საჩუქრად ითვლება და მის მშობლებად მთელი ნათესაობა და სოფელი ითვლება. მთელი ნათესაობა და სოფელი იღებს პასუხისმგებლობას მის გადარჩენაზე და აღზრდაზე. ცივილიზებულად ცნობილ სამყაროში მასეთ შემთხვევით გაჩენილ ან ჩასახულ ბავშვს თუ არ კლავენ ნაგვის ყუთში აგდებენ. ხოდა დასკვნები გამოიტანეთ თუ შეიძლება. ნუ გაა-ხურეთ. ისე აქა-იქ შემორჩენილ დედებს, მამებს (დედ-მამა მშობლებზე მეტად ნაშობთა სრულფასოვან ღირსეულ ადამიანებად აღმზრდელები არიან სხვათა შორის) და მეუღლეებს ნამდვილად სჭირდება ხელის გულზე ტარება. ეს კარგია კაცობრიობის მომავლისთვის.

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
10.05.2012 23:44
უსაზღვროა ედპს ფანტაზია, ედიკასადმი დაჩოქების ინიციატივით დაწყებული, დიასახლისების ხელფასებით დამთავრებული, განსაკუთრებული დამსახურება ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ საბჭოთა სპეცსამსახურების დავალებების შესრულებაა, რისთვისაც მაგარი "ჯილდოები" მიიღეს მისმა ლიდერებმა-კალაშნიკოვის ტყვიების სახით, ასე იცის "ბევრის ცოდნამ".....მმართველი პარტიის მოქკავშირის სატელიტობის ტრადიციას ღირსეულად გრძელებენ ჩახვაძე და ძმანი მისნი....

ყველაზე პოპულარული