Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რამდენიმედღიანმა დიდთოვლობამ იმერეთის მოსახლეობა დააზარალა


წინასწარი მონაცემებით, გასულ კვირაში იმერეთის რეგიონში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა მხარის მუნიციპალიტეტებს 300 ათას ლარამდე ღირებულების ზიანი მიაყენა. თოვლმა დააზიანა ადმინისტრაციული და ბაგა-ბაღების შენობები, საცხოვრებელი სახლების სახურავები, ხიდ-ბოგირები და გზის რამდენიმე მონაკვეთი. მათ შორის, თითქმის ერთი კვირის განმავლობაში იყო პარალიზებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის 206-ე კმ-ი. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ამ მონაკვეთზე მდინარე ჩხარამ ბოლო ორი თვის განმავლობაში მეექვსედ წაიღო დროებითი გზა. დროებითი გზის სანაცვლოდ ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის გზაზე იყო გადართული. ამ დროის განმავლობაში მცირე და დიდი გამავლობის ავტოტრანსპორტს და ტვირთმზიდავ ავტომობილებს სოფლებში უწევდათ გავლა, რის გამოც მნიშვნელოვნად დაზიანდა სასოფლო გზები. როგორც თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე ამბობს, იმ სოფლებში, სადაც დიდი რაოდენობით ავტოტრანსპორტი მოძრაობდა, თითქმის მთლიანადაა დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, ნიშნულები და ბორდიურები.

თერჯოლის გამგებელ თეიმურაზ ჯაფარიძის განცხადებით, დაზიანებული სასოფლო გზების განახლება თერჯოლა-ზესტაფონი-ქუთაისის მთავარ მაგისტრალზე მშენებარე ხიდის კონსტრუქტორ კომპანიას ევალება, რომელმაც დროებითი გზა გაიყვანა მდინარე ჩხარაზე და მილებში მოქცეულმა მდინარემ საავტომობილო გზა რამდენჯერმე წალეკა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მესამე დღეა მოძრაობა აღდგენილია და თვის ბოლოსთვის მდინარე ჩხარაზე იმ ხიდის მშენებლობაც დასრულდება, რომელიც ცენტრალური მაგისტრალზეა განთავსებული.

დიდთოვლობის შედეგად პრობლემები შეექმნათ იმერეთის მაღალმთიან სოფლებსაც, მათ ნაწილს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და, როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რთული რელიეფური მდებარეობის გამო ვერ მოხერხდა სოფლებამდე მისასვლელი გზების გაწმენდა. უხვმა ნალექმა იმერეთის რეგიონში ის მოსახლეობაც დააზარალა, რომელთა ძირითადი შემოსავლის წყარო სათბურში მოყვანილი მოსავლის რეალიზაციით მიღებული თანხებია. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვედა ზონის სოფლებში რამდენიმე ათეული სათბური განადგურდა და მეპატრონეები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

მესათბურეების საპასუხოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი მერაბ ჩიკვაიძე განმარტავს, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად თანხა არც ადგილობრივ ბიუჯეტშია გათვალისწინებული და არც ცენტრალურში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG