Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ებოლასთან მებრძოლი ჯარისკაცები


დასავლეთ აფრიკაში შეერთებული შტატების არმიის დამატებითი ჯგუფი გაიგზავნა. რამდენიმე მათგანს „ამერიკის ხმა“ მერილენდის შტატიდან გამგზავრებამდე ესაუბრა.

პრეზიდენტ ობამას განკარგულებით დასავლეთ აფრიკაში შეერთებული შტატების არმიის ერთი ნაწილი უკვე გაემგზავრა. კვირის განმავლობაში ებოლით ყველაზე უფრო დაზარალებული აფრიკული ქვეყნების დასახმარებლად მერილენდის შტატიდან დამატებით 22 სამხედრო მოსამსახურე გაემგზავრა. მათ საპატივცემულოდ მერილენდის ქალაქ აბერდინში საგანგებო ცერემონიალი გაიმართა.

„ჯარისკაცი მეცნიერები“ - ასე უწოდებს საკუთარ თავს არმიის ნომერ პირველი სამედიცინო ლაბორატორიის ქვედანაყოფში მომსახურე პერსონალი. პოლკოვნიკი პატრიკ გარმენი ამბობს, რომ მის გუნდს ებოლასთან დაკავშირებით ტრეინინგი ლიბერიაში გასამგზავრებლად ჩაუტარეს.

„უამრავი ახალგაზრდა ჯარისკაცი გვყავს. ბევრისთვის ეს უცხოეთში სამსახურის პირველი შემთხვევა იქნება. ამით ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ვატყობ, რომ თავდაჯერებულები არიან, ძალიან უნდათ იქ წასვლა და იმის ჩვენება, რომ დახმარება მართლაც შეუძლიათ“ - ამბობს პოლკოვნიკი მათთვის გამართულ გაცილების ცერემონიალზე.

„ამიტომაც ჩავეწერე არმიაში“! ეს ენდი კაჰუნია, სამედიცინო ლაბორატორიის სპეციალისტი, რომელიც მთელი ცხოვრება იმაზე ოცნებობდა, რომ ჰუმანიტარული საქმიანობით დაკავებულიყო. თუმცა, ოჯახის დატოვება უჭირს. მისი თქმით, აფრიკის კონტინენტზე მომაკვდინებელ ვირუსთან ბრძოლის დროს ახლობლებისგან შორს ყოფნა ცოტა გაუძნელდება.

„დედაჩემი განიცდის, ისევე როგორც ყველა დედა ინერვიულებდა ასეთ სიტუაციაში. მაგრამ ყველაფერზე მეტად ის ჩემით ამაყობს და მე მისი მხარდაჭერის მადლიერი ვარ“ - ამბობს ენდი. თანამებრძოლებთან ერთად ის სამსახურს ლიბერიის ტერიტორიაზე გააგრძელებს. ნაწილი მონროვიაში მიემგზავრება, დანარჩენები კი მობილურ ლაბორატორიებში განაწილდებიან, რომლებიც მთელი ლიბერიის ტერიტორიაზეა განლაგებული.

პოლკოვნიკი გარმენი ბოლო დღეებს ახლობლებთან ერთად ატარებს და იმედი აქვს, რომ აფრიკიდან სამშობლოში მალე დაბრუნდება. „ყველა იმედოვნებს, რომ მალე დავბრუნდებით. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, დიდი დღესასწაული იქნება. ჩვენ ერთწლიანი სამსახურისთვის ვემზადებით, ასე ვართ განწყობილები. ვნახოთ“ - ამბობს ის. მანამდე კი ოჯახთან „სკაიპის“ საშუალებით აპირებს საუბარს.

თითქმის ყველა ფიქრობს, რომ ებოლის შეჩერება ღირს ამერიკელების მიერ მსხვერპლის გაღებად. არმიის მაღალჩინოსანთა განმარტებით, სპეციალისტებისგან შემდგარი ამერიკული ჯგუფი უშუალოდ ებოლით ინფიცირებულ პაციენტებთან იმუშავებს. ისინი ვალდებული არიან დამცავი კოსტიუმები ინსტრუქციების სრული დაცვით ატარონ. 29 ოქტომბერს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ არცერთი სხვა ქვეყანა არ აკეთებს იმდენს ებოლის საფრთხის გასანეიტრალებლად, როგორც შეერთებული შტატები.

XS
SM
MD
LG