Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯავახეთში ჩასახლებული ეკომიგრანტები ყურადღებას ითხოვენ


გორელოვკა
გორელოვკა

მიხეილ გორგაძე ხულოს რაიონიდან სოფელ გორელოვკაში საცხოვრებლად 2005 წელს გადავიდა. ეკომიგრანტი ამბობს, რომ მას მერე აჭარიდან ჯავახეთში ჩასახლებული მოსახლეობა არსებობისთვის იბრძვის. მათ მთავარ პრობლემად მიწის ფართობის სიმცირე და მიუდგომელ ადგილებში გამოყოფილი სათიბებია.

აჭარიდან ჯავახეთში ჩასახლებული მოსახლეობა საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემისთვის ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მადლობას უხდის, თუმცა მათი უმეტესობა აქცენტს იმ მძიმე სოციალურ პირობებზე აკეთებს, რომელშიც წლებია უწევთ ცხოვრება.

ეკომიგრანტების მძიმე სოციალური ყოფა ცნობილია ხელისუფლებისთვისაც. სწორედ ამიტომ, მთავრობამ პირველ ნაბიჯად მათთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა გადაწყვიტა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 91 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა. სამთავრობო პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2004-2012 წლებში შესყიდული საცხოვრებელი სახლების აზომვითი საკადასტრო ნახაზების მომზადება მიმდინარეობს, – განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.

სოფელ გორელოვკაში აჭარიდან მოსახლეობა 2005 წლიდან ჩამოვიდა. მათ ის საცხოვრებელი სახლები დაიკავეს, რომლებშიც გასულ წლებში დუხობორები ცხოვრობდნენ. ამ დრომდე მათ ფართი მფლობელობაში ჰქონდათ, უახლოეს მომავალში კი როგორც საცხოვრებელ სახლს, ასევე, გარკვეული ოდენობის მიწის ფართობსაც დაიკანონებენ, - განაცხადა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ.

ნინოწმინდაში აზომვითი სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც პროცესი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწყება. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი 1200 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG