Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესსექტორის მდგომარეობა და დასაქმების მაჩვენებელი საქართველოში


ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკა
ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკა

რა როლს ასრულებს ბიზნესსექტორი საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებაში? - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება 2016 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის სტატისტიკურ მაჩვენებლებს გადავხედოთ.

მონაცემები აჩვენებს, რომ ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15,4 %-ით გაიზარდა და 12,7 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2016 წლის პირველ კვარტალში მისი მოცულობა 6,5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 15,0 %-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, ბრუნვისა და პროდუქციის დიდი ნაწილი კვლავ მსხვილ ბიზნესზე მოდის და საშუალო ბიზნესის წვლილი ამ პროცესში ძალზე მცირეა, კერძოდ, 2016 წლის პირველ კვარტალში მთლიანი ბრუნვის 82,8 % მოდის მსხვილ ბიზნესზე, 7,6 % - საშუალო, ხოლო 9,7 % - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. ოდნავ განსხვავებულია პროდუქციის მთლიანი გამოშვების სურათი: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 80,6 %, საშუალოზე - 9,3 %, ხოლო მცირე ბიზნესზე - 10,1 %.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2016 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში 9,3 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7,3 %-ით მეტი), ხოლო გასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 5,8 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3,1 %-ით მეტი ).

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქ. თბილისი და საერთო სურათი ასეთია: ქ. თბილისი – 73,7 %, აჭარის ავტ. რესპუბლიკა – 6,8 %, ქვემო ქართლი – 6,1 %, იმერეთი – 3,8 %, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3,3%. ეს ტენდენცია, ფაქტობრივად, უცვლელია და ბიზნესის წარმოებაში ძირითადი წვლილი კვლავ დედაქალაქს შეაქვს.

ოფიციალური სტატისტიკით, ბიზნესში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 577,6 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,9 %-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41,0 % ქალია, ხოლო 59,0% - მამაკაცი; დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 61,2 % მსხვილბიზნესზე მოდის, 14,8% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 24 % - მცირე ბიზნესზე.

ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 922,4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია 70,7 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა 687,1 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 46 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი ასეთია: მსხვილი ბიზნესი – 1092,2 ლარი, საშუალო ბიზნესი – 724,8 ლარი, მცირე ბიზნესი – 513,1 ლარი.

2016 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესსექტორში ვაჭრობის (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით), დამამუშავებელი მრეწველობის, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად, 25,7 %, 14,1 % და 10,4 %-იანი წილებით), თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (10,2 %), მშენებლობის (9,8 %), აგრეთვე უძრავი ქონებით ოპერაციების, იჯარისა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის დარგის საწარმოებზე (9,1 %).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG