Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური ზრდა და საინვესტიციო გარემო საქართველოში


გასული კვირის მიწურულს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი გამოაქვეყნა. წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2015 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 0,9 პროცენტი, 2015 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 3,2 პროცენტი, ხოლო 2015 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,6 პროცენტი შეადგინა.

ზრდის ეს მაჩვენებელი უკანასკნელი წლების მანძილზე ყველაზე დაბალია. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე საუბარი შეუძლებელი იქნება, თუ საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო ბუმი არ შედგა. ამისთვის კი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ამ სფეროში არსებული დადებითი და უარყოფითი ტენდენციების გაანალიზებაა აუცილებელი.

გასულ კვირას არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლების მიერ ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკა შეაფასეს, მათ შორის – საინვესტიციო გარემოც. დადებით ტენდენციებს შორის არასამთავრობოთა ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოსული ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ბიზნესის სახელისუფლებო წნეხისგან გათავისუფლება იყო. მნიშვნელოვან წინსვლად, ასევე, უნდა ჩაითვალოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა და ამოქმედება. ასევე, აღსანიშნავია კონკურენციის მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის მიღება. ეს კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების, განსაკუთრებით კი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, აქტიური მუშაობის შედეგია.

გამოწვევების, ანუ გარემოს გამაუარესებელი ნუსხა კი გაცილებით გრძელია და ამ ჩამონათვალშია:

არასტაბილური საკანონმდებლო გარემო და გადავადებული ცვლილებები;

ახალი საიმიგრაციო პოლიტიკა; შრომის კოდექსის რეფორმირების გაჭიანურებული პროცესი; უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვა; საფოსტო მომსახურების ახალი რეგულაციები; ასევე ის, რომ ზოგიერთ სექტორში კვლავაც შეინიშნება ელიტური კორუფციის ნიშნები და იკვეთება ინტერესთა კონფლიქტები, რაც ხელს უშლის სანდო და კვალიფიციური ინვესტორების შემოსვლას. ხშირად გაუგებარია, ვინ დგას დაგეგმილი თუ მიმდინარე მნიშვნელოვანი (ინფრასტრუქტურა, ქალაქმშენებლობა, ენერგეტიკა) პროექტების უკან, ვინ არიან მათი რეალური დამფინანსებლები და მფლობელები.

ამ ფონზე, არასათავრობოები ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევენ, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ყველა რეფორმის შესახებ ინფორმირებული და ჩართული უნდა იყოს ყველა ის მხარე, ვისაც ცვლილებები შეეხება და რეფორმირების პროცესი ძალიან ხარგრძლივი არ უნდა იყოს;

ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ისეთი კანონების მიღებისგან, რომლებიც ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს გაუმართლებელ შეზღუდვებს უწესებს და მათ განვითარებას აფერხებს;

ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი რეგულაციების დაწესებისგან, რომლებიც კონკრეტულ ბაზრებზე ზღუდავს კონკურენციას და უპირატეს მდგომარეობაში აყენებს ცალკეულ კომპანიებს; უნდა გაგრძელდეს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეგულაციებთან ჰარმონიზაცია, განსაკუთრებით გარემოს დაცვის, ადგილობრივი მოსახლეობის მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული უფლებების, ენერგეტიკის, განსახლების პოლიტიკისა და ადგილობრივი მოსახლეობის კომპენსაციის მიმართულებით.

რამდენად გაიზიარებს ამ მოსაზრებებს ხელისუფლება, ძნელი სათქმელია. ერთი კი ფაქტია – მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე ეკონომიკური ზრდის მასშტაბის გაფართოებისა და რეალური ეკონომიკური წინსვლის მიღწევა ქვეყანაში საკმაოდ გაძნელებული იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG