Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეტიენ მბაპპე


ეტიენ მბაპპე
ეტიენ მბაპპე

კამერუნელი მომღერალი, ბასგიტარისტი და კომპოზიტორი ეტიენ მბაპპე ქალაქ დუალაში დაიბადა. შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა. მამამისი მაღალი თანამდებობის პირი გახლდათ და შვილის მომავალსაც პოლიტიკაში ხედავდა, პატარას კი სხვა მიზნები ჰქონდა, - მუსიკოსობაზე ოცნებობდა, - რაც მშობელთან გაუთავებელი კონფლიქტის მიზეზი გახლდათ. ერთხელ მამა ისე გაუბრაზდა, რომ ქალაქურ კომფორტს მოაშორა და ბებიასთან, მიყრუებულ სოფელში, გაგზავნა საცხოვრებლად, ჭკუას ისწავლისო. თუმცა ეტიენის ამგვარმა "დასჯამ" უკუშედეგი გამოიღო. სოფლად მან მუსიკა უფრო შეიყვარა, ადგილობრივი მომღერლებისა თუ სახალხო მთქმელების წყალობით, გიტარაზე დაკვრის ხელოვნებას დაეუფლა და კამერუნული ფოლკლორის ისეთ კოლორიტულ ჟანრებშიც გაერკვა, როგორიცაა: ბოლობო, ბეკელე, ჰონგო, ბოლობო და სხვა. როგორც მოგვიანებით განმარტავდა, სოფლად მიღებულმა განათლებამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისი ვოკალურ-ინსტრუმენტული საშემსრულებლო ხელწერა.

მამა-შვილის ბრძოლა ეტიენის გამარჯვებით დასრულდა. 14 წლის თვითნასწავლმა მუსიკოსმა თავისი მაინც გაიტანა და საფრანგეთში გადაბარგდა. ეტიენმა პარიზთან მდებარე პატარა ქალაქის, შევილი-ლარიუს, კონსერვატორიაში ჩააბარა. 4 წელი კლასიკური გიტარის კლასში დაყო, ხოლო შემდეგ კონტრაბასი აითვისა, თუმცა სწავლის დასრულების შემდეგ ძირითად საკრავად ბასგიტარა აირჩია და ინდივიდუალური საშემსრულებლო სტილიც განავითარა. მის სავიზიტო ბარათად ხელთათმანებით დაკვრის მანერა იქცა. მისი თქმით, ამგვარი მიდგომით ინსტრუმენტი ხავერდოვანი, მსუყე და დამთბარი ბგერებით აამეტყველა.

კამერუნელის სასცენო კარიერა ფიუჟენ-ბენდის "Ultramarine"-ის შემადგენლობაში დაიწყო, შემდეგ საფრანგეთის ნაციონალურ ჯაზორკესტრში აიყვანეს, სადაც პარტნიორობას ისეთ სახელოვან მუსიკოსებს უწევდა, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, სტივ სვოლოუ და რენდი ბრეკერი. თუმცა თავად მბაპპე ყველაზე სასარგებლო პერიოდად ჯო ზავინულის ბენდში გატარებულ დროს მიიჩნევს, რადგან "სინდიკატის" წევრობისას მოიპოვა თანამედროვე ჯაზური სცენის ერთ-ერთი საუკეთესო ბასგიტარისტის სტატუსი და, რაც მთავარია, სწორედ ავსტრიელის რჩევით გადაწყვიტა სოლოკარიერის დაწყება.

ჯო ზავინულის მიერ წაქეზებულმა მუსიკოსმა 2 ალბომი "Misya" და "Su La Take" გამოუშვა, რომლებზეც თავი როგორც ვირტუოზმა ინსტრუმენტალისტმა, ჩინებულმა ვოკალისტმა და ნიჭიერმა კომპოზიტორმა წარმოაჩინა. სპეციალისტებმა მბაპპე არანაკლებ ცნობილ არტისტს, რიჩარდ ბონას, შეადარეს. ეს ლოგიკურიც იყო: ორივე კამერუნელი და ბასგიტარისტი გახლავთ, ორივე ლაღი, იმპროვიზაციული საშემსრულებლო ტექნიკით გამოირჩევა, თავიანთ მშობლიურ ქვეყანაში გავრცელებულ ენებზე - „დუალასა“ და „ბანველეზე“ - მღერიან, თუმცა განსხვავება მუსიკალურ ქსოვილშია: ბონა აფრო-კუბურ და ამერიკულ გრუვ-ჯაზში ტრიალებს, ხოლო მბაპპე მეტწილად აფრიკულ რიტმულ კარკასს ეყრდნობა. ზემოხსენებული ალბომებიც ამის დასტურია: დისკებზე წარმოდგენილი მასალა ევროპული მუსიკის, ჯაზისა და ფანკის სინთეზს წარმოადგენს, დომინანტი კი კამერუნული ფოლკლორული მოტივებია.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG