ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 04:32

პოლიტიკა / საქართველო

რა რეკომენდაციებს აძლევს ევროკავშირი საქართველოს

ტექსტის ზომა - +
”ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პაკეტი”, რომელიც 15 მაისს გამოაქვეყნეს ევროკომისიამ და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, მოიცავს შეფასებებს, თუ როგორ განხორციელდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკა 2011 წელს საქართველოში. აქვეა კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების გზაზე მიიღოს ”მეტი მეტის სანაცვლოდ”. ანგარიშში ასახულია საქართველოს მიღწევებიც და თითქმის ყველა ის პრობლემური საკითხი, რომლებიც მუდმივი კრიტიკის საგანია ქვეყნის შიგნითაც. 15 მაისს გამოქვეყნებული დოკუმენტის პრეზენტაციას სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი უძღვებოდა.

ფილიპ დიმიტროვმა ახალი ანგარიშის საქართველოსთან დაკავშირებული ნაწილის პრეზენტაცია ქვეყნის მიერ გასულ წელს მიღწეულ წარმატებებზე ლაპარაკით დაიწყო:

”დოკუმენტში ასახულია პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით, რომელმაც საშუალება მისცა საქართველოს წინ წაეწია ასოცირების შეთანხმების გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში, დაწყებულიყო მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარშემო და საქართველო მომზადებულიყო ვიზების ლიბერალიზაციის მოლაპარაკებებისთვის, რაც, ძალიან ვიმედოვნებთ, რამდენიმე თვეში დაიწყება.”

ტექსტის გაცნობისას თქვენ ნახავთ, რომ პირველი ნაწილი ეთმობა დემოკრატიის გაღრმავებასა და მდგრად განვითარებას. აღნიშნულია საარჩევნო რეფორმები ...
ევროკავშირის მიერ 15 მაისს გამოქვეყნებული დოკუმენტი საქართველოს პროგრესს მართლაც არაერთი მიმართულებით ასახავს, იქნება ეს კორუფციასთან ბრძოლა და საპოლიციო რეფორმები, ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება თუ სისხლის სამართლის სექტორის  რეფორმირება, რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფა თუ ეკონომიკური წინსვლის განმტკიცება, მიგრაციის მართვის გაძლიერება თუ ბრძოლა ტრეფიკინგის წინააღმდეგ. თუმცა, როგორც ელჩი ფილიპ დიმიტროვიც აღნიშნავს, აქვეა საუბარი 2011 წელს გამოვლენილ პრობლემებზეც და მათი ნაწილი წარმატებულად აღიარებულ სფეროებსაც უკავშირდება.

”ტექსტის გაცნობისას თქვენ ნახავთ, რომ პირველი ნაწილი ეთმობა დემოკრატიის გაღრმავებასა და მდგრად განვითარებას. აღნიშნულია საარჩევნო რეფორმები, რომლებიც ხორციელდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. და აქვეა საუბარი არსებულ პრობლემებზეც, მაგალითად,  კარგად ცნობილ საკითხზე, რომელიც არათანაბარ საარჩევნო ოლქებს და, შესაბამისად, არჩეული დეპუტატების არათანაბარ რაოდენობას შეეხება. იმედია, ეს პრობლემა გამოსწორდება ახალ საარჩევნო კანონმდებლობაში. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია თანაბარი გარემოს შექმნა  მედიაში”, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა 15 მაისს გამართულ პრეზენტაციაზე.

პირველ თავში, სახელწოდებით ”პოლიტიკური დიალოგი და რეფორმები”, ასევე ვკითხულობთ, რომ კვლავაც ”დარჩა კითხვის ნიშნები სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხებში”. ამ კონტექსტში დასახელებულია, მაგალითად: ”საარჩევნო დავების გადაწყვეტის მექანიზმის ბუნდოვანება; მედიასაშუალებებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა და მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფო რესურსების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, რაც არასათანადოდ არის რეგულირებული”. იმავე თავში აღნიშნულია, რომ ”საქართველოს სახელმწიფო მმართველობა კვლავაც ხასიათდება აღმასრულებელი ხელისუფლების დომინირებით, სუსტი საპარლამენტო ზედამხედველობითა და სასამართლო ხელისუფლების არასაკმარისი დამოუკიდებლობით.”

პრობლემების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალის გათვალისწინებით და იმის გამო, რომ 2012 წელს კვლავაც გაგრძელდება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება, ევროკავშირი საქართველოს მთელ რიგ რეკომენდაციებს აძლევს, მაგალითად, ”უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება; არჩევნებამდე საკმარის ვადაში მოხდეს დადგენილ ნაკლოვანებათა დაძლევა საარჩევნო კანონმდებლობაში, მხარეებთან კონსულტაციებისა და მათი ჩართულობის საშუალებით.” აქვე რეკომენდებულია, რომ საქართველომ ”განაგრძოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლების განმტკიცება; შესრულდეს კანონი მედიამფლობელობის გამჭვირვალობის შესახებ; უზრუნველყოფილ იქნეს დაბალანსებული გაშუქება მედიაში და თანაბარი ხელმისაწვდომობა მედიასა და რეკლამაზე არჩევნების წინ.”

სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით უფრო ინტენსიური გახადოს ჩართულობისა და შერიგების, კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკა - დე ფაქტო ხელისუფლებასთან პრაგმატული თანამშრომლობისა და ჩართულობის ფინანსური რესურსების გამოყოფის გზით ...
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, უნდა ”გაგრძელდეს სასამართლო სისტემის რეფორმირება და განმტკიცდეს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა” და ასევე ”გაიზარდოს სამართალდამცველი ორგანოების ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული კონტროლი მათზე; ებრძოლოს დაუსჯელობას და საფუძვლიანად გამოიძიოს ნებისმიერი ბრალდება სამართალდამცველი ორგანოების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ.” რეკომენდაციები ასევე შეეხება, მაგალითად, შრომის უფლებების დაცვას, დევნილთა ყველა ჯგუფის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ჩართულობის სტრატეგიის გაღრმავებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. აქვე ვთქვათ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ევროკავშირის რეკომენდაციებში მოხსენიებულია ”სეპარატისტულ რეგიონებად” და მათ კონტექსტში შემოთავაზებულ წინადადებებში გარკვეულ სიახლეებსაც ვხვდებით:

”სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით უფრო ინტენსიური გახადოს ჩართულობისა და შერიგების, კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკა - დე ფაქტო ხელისუფლებასთან პრაგმატული თანამშრომლობისა და ჩართულობის ფინანსური რესურსების გამოყოფის გზით; გადადგას პრაგმატული და კონსტრუქციული ნაბიჯები, რათა წახალისდეს ვაჭრობა, გადაადგილება და ინვესტიციები ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ; გადახედოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ; ”სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის” შემოღება მისასალმებელი ნაბიჯია  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრთა იზოლაციიდან გამოყვანის გზაზე, თუმცა ვიდრე ამ რეგიონების მცხოვრებთა უფრო ფართო ფენის მიერ არ იქნება აღიარებული, ის არ უნდა იყოს მგზავრობის ერთადერთი შესაძლებლობა; სეპარატისტული რეგიონების მკვიდრთათვის ჯანდაცვისა და სხვა სოციალური სერვისების შეთავაზება შერიგებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია  - საჭიროა მისი გაფართოება ისეთი წინაპირობების გარეშე, როგორიც არის, მაგალითად, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების ვალდებულება.”
 
ევროკავშირის ახალ რეკომენდაციებში ასევე საუბარია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს ”კონსტრუქციული ჩართულობის” გაგრძელებასა და გააქტიურებაზე - ”განსაკუთრებით, ერთობლივი მუშაობის მიზნით უსაფრთხოების მდგრადი მექანიზმების შესამუშავებლად.” ამ კონტექსტში ხაზგასმულია აუცილებლობა, რომელიც რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის მტკიცე ვალდებულების აღებას გულისხმობს.

დაბოლოს, ვთქვათ, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკა განსაზღვრავს და არეგულირებს ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის. მართალია, ამ პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებულ სამოქმედო გეგმას მოქმედების ვადა 2011 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა, მაგრამ თანამშრომლობის საბჭოს 1 დეკემბრის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ იქამდე გააგრძელებენ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის  ვადას, ”ვიდრე ასოცირების შესახებ შეთანხმების გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებები საკმარისად განვითარებულ ეტაპზე არ გადავა.” მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების გარშემო ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2010 წელს დაიწყო აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში. ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილს წარმოადგენს შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომლის გარშემოც მოლაპარაკებები გახსნილად 2011 წლის მიწურულს გამოცხადდა. აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში, რომელიც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთის განზომილებად მიიჩნევა, ჩართულია 6 ქვეყანა: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდავეთი და ბელორუსია. თუმცა ბელორუსია ამ ეტაპზე პროგრამაში შეზღუდულად მონაწილეობს.

2011 წელს განახლებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ხელმძღვანელობს პრინციპით ”მეტი მეტის სანაცვლოდ”, ანუ რაც უფრო მეტად და რაც უფრო სწრაფად განავითარებს კონკრეტული ქვეყანა საშინაო რეფორმებს, მით უფრო მეტ დახმარებას მიიღებს ის ევროკავშირისგან.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ელენე საიდან გვწერთ: თბილისი
16.05.2012 12:44
გავბედავ და ჩაგისწორებთ, ქვეყანას ჰქვია მოლდოვა და არა მოლდავეთი.
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
16.05.2012 15:17
მოლდოვა და მოლდავეთი პარალელური ფორმებია. ისევე, როგორც ბელარუსი და ბელორუსია. ჩვენ მოლდავეთსა და ბელორუსიას ვხმარობთ, ქართულ ენაში დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად. სხვათა შორის, ქართული გეოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, მოლდოვა არის: 1. მდინარე რუმინეთში და 2. რუმინეთის ერთ-ერთი ოლქი.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
16.05.2012 09:40
არჩევნებში რო ხმას ვერ მიცემ წესივრად და მანამდე რომ წინასაარჩევნო კამპანიას არ ჩაგატარებინებენ, კონსტიტუციას საშენოდ შეცვლიან და გაგაპანღურებენ, ნუ მეტი რაღა უდემოკრატიობა გინდათ ხალხნო :D სასაცილოა მეტი სხვა არაფერი

ახალი საბჭოთა კავშირი გვაქვს, ტელევიზიები, სასამართლო, პოლიცია, ჯარი, ყველაფერი დიდი პარტიის მსახურებაშია და არა ხალხის

არაფერი არ გვეშველება

ავტორი: ანონიმი
16.05.2012 00:28
დე ფაქტო რესპუბლიკების დე ფაქტო ხელისუფლება აგებს პასუხს მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის ბედზე. ვიღაც გაგიჟებული ოსი თავის შვილს გენოციდს რომ დაარქმევს ეს არაა არგუმენტი მის გამგიჟებლებთან სორი კონსტრუქტიული თანამშრომლობის დასამყარებლად.
ევროპელებმაც ხომ უნდა გაიგონ თუ აქამდე არ იციან რომ დამნაშავეს დამნაშავე უნდა დაერქვას და უდანაშაულოს უდანაშაულო. აფხაზეთის მთელი ქართველობა გამოაცხადეს ბერიას მიერ სხვის მიწაზე ჩასახლებულ დამნაშავე მოსახლეობად. შედეგი მგონი ცნობილია. ამის ჩამდენებმა ხოცეს აფხაზებიც სხვათა შორის, ის აფხაზები რომელთაც არ ამოძრავებდათ ქართველი ხალხის სიძულვილი. ასეთი აფხაზი ქალბატონი ჯუხუ ანჩაბაძის გვამი რამოდენიმე დღე ეგდო სოხუმის ცენტრში და მერე ჩააგდეს სანაგვე ყუთში. მოკლეს სახელგანთქმული ნელი ეშბას უდანაშაულო ძმა იმიტომ რომ ვერ ჩაითრიეს ქართველების წინააღმდეგ ტოტალურ ომში. აღარაფერს ვამბობ არძინბას კონკურენტი ზურაბ აჩბას მკვლელობაზე. და ბევრ სხვა მსგავს შემთხვევაზე. ამაზე რუსეთის მოქალაქე და სახაროვის პროგრამის განმხორციელებელმა აფხაზებმა პასუხი არ უნდა აგონ? ადამიანობა იწყება ყველაფრისთვის,მათ შორის ამისთვის შესაბამისი სახელის დარქმევით. თუ შავს შავს არ უწოდებთ თეთრს როგორ დაინახავთ?
ნახონ აევროპელებმა მიწასთან გასწორებული ქართული სოფლები და შეადარონ ისინი ნაცისტების მიერ მომსპარ ფრანგულ დასახლება ორადურ სურ გლანს!

ყველაზე პოპულარული