სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 15:40

საზოგადოება / სპორტი

ევრო 2012-ის ზოგიერთი საინტერესო რიცხვი და თარიღი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
2012 წლის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენის, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატამდე ოთხი დღე რჩება. ამ ასპარეზობას  რამდენიმე საინტერესო  რიცხვი თუ თარიღი უკავშირდება.

2 - ეს არის ცხოველების რიცხვი, რომლებიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების პროგნოზირებას მოახდენენ. ალბათ, ყველას ახსოვს რვაფეხა პაული, რომელიც გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრების შედეგებს წინასწარმეტყველებდა. როგორც ცნობილია, უკრაინას თავისი წინასწარმეტყველი ე.წ. ფსიქოლოგი გოჭი ჰყავს, პოლონეთში კი მატჩების პროგნოზებს სპილო ჩიტა გააკეთებს.

რიცხვი 3  ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ისტორიაში გერმანიის ნაკრების გამარჯვებასთან ასოცირდება. გერმანელი ფეხბურთელები სამჯერ ავიდნენ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, სულ კი გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ექვსჯერ ითამაშა.

8 - ეს არის 2012 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების რაოდენობა. უკრაინაში მატჩები დონეცკში, ხარკოვში, კიევსა და ლვოვში გაიმართება. პოლონეთშიც 4 ქალაქი - გდანსკი, პოზნანი, ვარშავა და ვროცლავი - უმასპინძლებს ევროპის უძლიერესი გუნდების შეხვედრას. ვარშავაში პირველი 8 შეხვედრა გაიმართება, კიევი კი 1 ივლისს ფინალურ შეხვედრას უმასპინძლებს.
 
9 - ეს არის იმ გოლების რაოდენობა, რომლებიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებში გაიტანა ამ ასპარეზობის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, მიშელ პლატინიმ, რომელიც ამჟამად უეფას პრეზიდენტია.

16 - ამ ციფრით აღინიშნება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მონაწილე გუნდების რაოდენობა, რომლებმაც უკრაინისა და პოლონეთის საგზური 53 გუნდს შორის ასპარეზობაში  მოიპოვეს.

31- ესაა იმ უკრაინელთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებსაც არ სჯერათ, რომ ევროპის ჩემპიონატი გააუმჯობესებს ქვეყნის იმიჯს.

65 - ეს არის ადგილი ფიფას რეიტინგში, რომელიც წილად ხვდა პოლონეთის საფეხბურთო ნაკრებს. ასეთი სუსტი საფეხბურთო ნაკრების მქონე ქვეყანა დღემდე არასოდეს ყოფილა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელი. რაც შეეხება უკრაინის ეროვნულ ნაკრებს, იგი ფიფას რეიტინგში 50-ე ადგილზეა.

241 - ამ ციფრით აღინიშნება უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს მიერ საპატიმროში გატარებული დღეების რაოდენობა იმ დროისათვის, როდესაც 8 ივნისს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი მატჩი გაიმართება.

300 - ეს არის რაოდენობა წელზემოთ შიშველი აქტივისტი ქალებისა, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების დაწყებას პოლონეთსა და უკრაინაში, რათა კიდევ ერთხელ მიაპყრონ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება  უკრაინაში არსებულ პროსტიტუციის მზარდ ინდუსტრიას.

800   დოლარი ეღირება აპარტამენტის ერთი ღამით დაქირავება კიევში, სტადიონის ახლო მდებარე სასტუმროებში. 

1960 - ეს არის თარიღი, როდესაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი დაფუძნდა. ამ ტურნირის იდეის ავტორი იყო ფრანგი ანდი დელონე, რომელიც ვერ მოესწრო ამ თარიღს, რადგან ჩემპიონატამდე 5 წლით ადრე გარდაიცვალა.

1 მილიონი - ეს არის რაოდენობა იმ ტურისტებისა, რომლებსაც  ევროპის ჩემპიონატის მსვლელობის დროს უკრაინაში ელოდებიან.

150 მილიონი - ამდენი ტელემაყურებელი ეყოლება ევროპის 2012 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნას, რომელიც ვარშავის ეროვნულ სტადიონზე 20 წუთიანი სანახაობით დაიწყება და პოლონეთ-საბერძნეთის ეროვნული გუნდების შეხვედრით დასრულდება.

დაბოლოს, 13,4 მილიარდი - ეს არის დოლარში გამოხატული იმ თანხების მოცულობა, რაც უკრაინაში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის სამზადისზე დაიხარჯა. „როიტერსის“ თანახმად, ამ თანხიდან 6,6 მილიარდი დოლარი უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა გაიღო.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

ყველაზე პოპულარული