Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი აცხადებს, რომ 20 000 მიგრანტს მიიღებს


ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო გამოდის წინადადებით, მომავალი ორი წლის განმავლობაში კავშირმა მიიღოს 20 000 ლტოლვილი და ისინი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაანაწილოს. თუმცა კომისია ბრიტანეთს, ირლანდიას და დანიას საშუალებას აძლევს არ მიიღონ ლტოლვილები.

როგორც სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, ბრიტანეთმა უკვე ისარგებლა შესაძლებლობით და უარი თქვა პროცესში მონაწილეობაზე.

ხმელთაშუა ზღვის გავლით ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში შეღწევის მცდელობის დროს ათასობით მიგრანტი იღუპება. ევროკავშირი ახლა ცდილობს უფრო სამართლიანი მექანიზმი შემოიღოს მიგრანტების მიღება-განსახლებისთვის, იმ ფონზე, როცა ევროპაში პოზიციებს იმყარებენ იმიგრაციის მოწინააღმდეგე პარტიები.

მიგრანტების მოზღვავების გამო შექმნილი პრობლემების გადაწყვეტის თხოვნით ევროკავშირს მიმართეს იტალიამ და სამხრეთის სხვა ქვეყნებმა. ამ ქვეყნებში შეღწევას ხმელთაშუა ზღვის გავლით ცდილობენ ჩრდილოეთ აფრიკიდან მომავალი მიგრანტები.

ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ტვიტერით დაწერა, „დიდი მიგრაციის საკითხის გადაწყვეტის პროცესში არც ერთი ქვეყანა არ უნდა დარჩეს მარტოო“.

ევროპის კომისიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ფრანს ტიმერმანსი, 13 მაისს ბრიუსელში გამართულ პრესკონფენრეციაზე შემდეგი განცხადებით გამოვიდა:

„თვის ბოლოს [ევროპის] კომისია წარმოადგენს დროებითი განსახლების მექანიზმს, რათა საზღვრებთან მდებარე ქვეყნებს შეუმსუბუქოს არსებული და განსაკუთრებული ზეწოლა. ხალხს, ვისაც დახმარება სჭირდება და ვინც უკვე მოაღწია ჩვენს სანაპირომდე, [ევროკავშირის] სხვა წევრ ქვეყნებში დაასახლებენ. მათ მიღებასა და თავშესაფრის გამოყოფაზე შემდეგ უკვე ეს ქვეყანა იზრუნებს“.

გეგმის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტერეზა მეიმ ის კრიტიკულად შეაფასა - მისი თქმით, ეკონომიკური მიგრანტების უკან არდაბრუნებით ბლოკი კიდევ უფრო მეტ მიგრანტს მიიზიდავს.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წელს ხმელთაშუა ზღვაში 1 800-მდე მიგრანტი დაიღუპა. ზღვის გავლით ევროპაში 51 000-მდე მიგრანტმა შეაღწია - აქედან 30 500 იტალიაში ჩავიდა. მიგრანტები აზიაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ომებს და სიღარიბეს გაექცნენ.

უმეტესობა ევროპაში ჩადის ლიბიის გავლით, რომელიც მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ, უკვე ოთხი წელია, ქაოსმა მოიცვა.

ქვეყნების ზომის, ეკონომიკისა და სხვა მონაცემების გათვალისწინებით შედგენილი კვოტების პირობებში, ყველაზე მეტ მიგრანტს გერმანია მიიღებს, რომელსაც შემდეგ საფრანგეთი და იტალია მოსდევენ - იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი პოზიციას არ შეცვლის.

თავშესაფართან, იმიგრაციასთან, ვიზებსა და საზღვრის გარე კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით ბრიტანეთს, დანიას და ირლანდიას გამონაკლისები ეხება, რომლებიც ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული. კომისია ევროკავშირის მთავრობებს ოფიციალური თხოვნით თვის ბოლოს მიმართავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG