Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის პრესა რიგის სამიტის შესახებ


რიგა, 2015 წლის 22 მაისი
რიგა, 2015 წლის 22 მაისი

ამ კვირაში ევროპის პრესაში რამდენიმე წერილი გამოქვეყნდა რიგაში მიმდინარე ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის შესახებ. ჟურნალისტები წერდნენ, სამიტის მთავარი თემა უკრაინა იქნება და ექვსი პარტნიორი ქვეყანა კონკრეტულ შედეგებს ვერ მიიღებსო. იყო კრიტიკული მოსაზრებები, რომ ევროკავშირი ამ ქვეყნებს სირთულეების პირისპირ ბუნდოვანებაში ტოვებს. სხვები კი უფრო დადებითად აფასებდნენ ევროკავშირის ყოყმანს და აღნიშნავდნენ, რომ ბლოკს არ სურს ამ ქვეყნებს დამატებითი პრობლემები შეუქმნას რუსეთთან.

შვედეთში გამომავალი ყოველდღიური „დაგენს ნიჰეტერი“ 20 მაისის ნომერში წერდა, რიგის სამიტმა უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან დახმარების გამოყოფა უნდა მოიტანოსო: „პოლიტიკა და ბიზნესი ერთმანეთზეა დამოკიდებული. ევროკავშირმა რუსეთზე დაკისრებულ სანქციებს მოქმედება უნდა გაუგრძელოს, როცა მათ ვადა გაუვა ივნისში. მაგრამ ასევე ევროკავშირის პასუხისმგებლობაა უკრაინის დახმარება საიმისოდ, რომ ის კვლავ ფეხზე დადგეს და ეკონომიკური განვითარება შეძლოს. ფულის შავ ხვრელში ჩაყრა არავის სურს, მაგრამ თუ უბრალოდ დაველოდებით თავისით როდის დაიწყებს ყველაფერი გამართულად მუშაობას, შესაძლოა უკვე ძალიან დაგვიანდეს. უკრაინა ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ ბევრი თვალსაზრისით ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საბერძნეთი, რომელსაც დახმარების სახით ასობით მილიარდი გამოეყოფა. თუ უკრაინა მუდმივ ფინანსურ ქაოსში ჩარჩება, ეს პუტინს გააბედნიერებს, ევროპას კი საფრთხეს შეუქმნის“.

რუმინეთში გამომავალი ყოველდღიური გამოცემა „რომანია ლიბერა“ 21 მაისის ნომერში წერდა: „ამ ქვეყნების ოპტიმიზმი გაქრა. მათ გაიგეს, რომ თავიანთი ძალა, ინსტინქტები და გამოცდილება უნდა გამოიყენონ საიმისოდ, რომ გადაურჩნენ ახალ ფაზას, რომელშიც თავსატეხი თამაშის ნაწილებად არიან ქცეულნი მდიდარ, მაგრამ ეგოისტ დასავლეთსა და გულუხვ, მაგრამ მბრძანებელ აღმოსავლეთს შორის. დასუსტებისთვის მიმდინარე, მიზანმიმართული ომი, რომლითაც რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინა დნესტრისპირეთის მსგავს ავტონომიურ რეგიონად აქცია ყირიმის დასაცავად, მოლდაველებისა და ქართველებისთვის საკმარისი მტკიცებულებაა, რომ დასავლეთი მათ არასოდეს დაიცავს რუსეთისგან. როგორც უწინ, ისინი ახლაც მარტონი არიან“.

ჩეხეთის ლიბერალური ბიზნესგამოცემა „ჰოსპოდარსკე ნოვინი“ 21 მაისს წერდა, უკრაინა რიგას ხელცარიელს დატოვებს, რადგან ჩეხეთის პარლამენტმა დროულად ვერ მოახდინა კიევის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებაო:

„ფაქტი, რომ პარლამენტში შეთანხმებაზე მუშაობის ბოლო მცდელობა ჩეხეთის კომუნისტურმა პარტიამ დაბლოკა, მოწმობს, რომ ჩეხეთში ეს პარტია ასრულებს ზუსტად იმავე როლს, რომელსაც რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე თამაშობს. ... მინისტრთა კაბინეტს და საგარეო საქმეთა მინისტრ ლუბომირ ზაორალეკს დეკემბრის შემდეგ ჰქონდათ დრო შეთანხმების რატიფიკაციისთვის. ჯერ კიდევ სამშაბათს ზაორალეკი თავის უკრაინელ კოლეგებს არწმუნებდა, რომ მთავრობა დაინტერესებული იყო შეთანხმების რატიფიკაციით. ... სიტყვიერად მინისტრი ზაორალეკი შესაძლოა ჩეხეთის მთავრობაში რუსეთის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი იყოს, მაგრამ ასოცირების შეთანხმებასთან მიმართებით მისი მარცხი აღძრავს კითხვებს, მაინც რამდენად დიდი ძალაუფლება აქვს მას რეალურად“.

რიგის სამიტს გამოეხმაურა ბელგიელი ბლოგერი ერიკ ბონსეც. თავის ბლოგზე, სახელწოდებით „LostinEU“, ის 20 მაისს წერდა, ევროკავშირმა სახიფათო ილუზიები არ უნდა გაავრცელოსო: „‘ზედმეტად გაბერილი’ - ევროპა უკვე ასეთია დღეს. ის ქვეყნები, რომლებიც ბოლოს გაწევრიანდნენ, - ბულგარეთი, რუმინეთი და ხორვატია, - ბოლომდე არ არიან ინტეგრირებულნი. ხორვატია კრიზისითაა მოცული. ბალკანეთშიც კი, რომელიც წევრობის გზაზეა, ბლოკი წინ ვერ მიდის. ... კოსოვოს მასობრივი მიგრაცია ემუქრება, მაკედონიაში პოლიტიკური ქაოსია. ... ერთადერთი რამ, რაც [აღმოსავლეთის პარტნიორობაში ჩართულ ქვეყნებს] აერთიანებს, ის გარემოებაა, რომ ისინი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები არიან და ახლა დასავლეთისკენ მიისწრაფვიან. მაგრამ ჭეშმარიტი პარტნიორობისთვის ეს საკმარისი არ არის. ეს მხოლოდ მოსკოვთან იწვევს ახალ პრობლემებს. ევროკავშირი ზედმეტად სწრაფად და ზედმეტად შორს გაფართოვდა. რიგაში მან ახალი, სახიფათო ილუზიები არ უნდა აღძრას. და სწორედ ესაა დიდი საფრთხე. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქმე ეხება ახალ ბაზრებს და გეოპოლიტიკას“.

ავსტრიაში გამომავალი „პრესე“ 22 მაისის ნომერში წერდა, აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა უღიმღამო ფენომენიაო: „აღმოსავლეთის პარტნიორობა უცნაური მოვლენა იყო - თავიდანვე უღიმღამო. იდეა ის არის, რომ ნელ-ნელა გაიზარდოს ევროკავშირის გავლენის სფერო, თუმცა ყოველგვარი კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშე. მანამ, სანამ ევროკავშირს არ შეუძლია ამ ქვეყნებს კონკრეტული ეკონომიკური პარტნიორობა შესთავაზოს, რაც სრულ წევრობამდე უნდა მივიდეს, მანევრირების სივრცე მინიმალური იქნება. მაგალითად, უკრაინის მთავრობაზე საკმარისი ზეწოლა არ ხორციელდება საიმისოდ, რომ მან საჭირო რეფორმები გაატაროს და ბოლო პერიოდის მოვლენებს დამაჯერებლად გაუმკლავდეს. ბევრი მხარე - განსაკუთრებით რუსეთი - ევროკავშირს ზედმეტად ჩარევაში ადანაშაულებს. სიმართლე ისაა, რომ ევროკავშირი თავად ასუსტებს საკუთარ პოზიციებს, თავისი შეზღუდული გავლენიდან გამომდინარე. ის მოითხოვს, რომ ამ ქვეყნებმა ორიენტაცია შეიცვალონ, მაგრამ მათი გაძღოლისთვის ძალა არ ყოფნის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG