Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფიცვა გზაზე


გაფიცული მუშები
გაფიცული მუშები

თბილის-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული 150-მდე მუშა მესამე დღეა გაფიცულია. ჩინური კომპანია „სინოჰიდრო კორპორეიშენის“ მიერ დაქირავებული ადამიანები დღიური ანაზღაურების გაზრდას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. გაფიცულები ყოველდღე რუსთავიდან თბილისისკენ მიმავალი ტრასის მეხუთე კილომეტრზე, ჩინური კომპანიის საველე ოფისთან იკრიბებიან მოთხოვნების დაკმაყოფილების მოლოდინში.

20 მაისს გაფიცულები დილიდანვე “სინოჰიდროს” საველე ოფისთან შეიკრიბნენ და გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილეს ლავრენტი ალანიას ელოდებოდნენ.

რადიო თავისუფლება ადგილზე იმ დროს მივიდა, როცა მზეზე გარუჯული მუშები პროფკავშირების წარმომადგენელს საქმის ვითარებას ემოციურად აცნობდნენ. რამდენიმე ადამიანი ერთდროულად ლაპარაკობდა და ყველა ცალ-ცალკე პასუხს ითხოვდა. ერთ-ერთმა გაფიცულმა რადიო თავისუფლებასთან სუბრისას სამუშაო პირობებზე დაიჩივლა:

„ღამეც ვრჩებოდი არმატურების ცეხში. წამიყვანეს, ღამის 10 საათზე მამუშავეს, ოთხი მეტრის სიმაღლიდან გადავვარდი... არც დაზღვევაა, არც სამედიცინო პუნქტი. 4 მეტრიდან გადავვარდი, კინაღამ არმატურას ჩამოვეხიე. გვითხრან ახლა, რომ ეს არის თქვენი 30 ლარი, მაგრამ არაფერს გვეუბნებიან“.

თბილის-რუსთავის ავტომაგისტრალი
თბილის-რუსთავის ავტომაგისტრალი

კიდევ ერთმა მუშამ კი, რომელიც გიორგის სახელით გაგვეცნო, განაცხადა, რომ ჩინური კომპანია, ხელშეკრულებაში ჩადებული პირობების მიუხედავად, ზეგანაკვეთურ სამუშაოს არ ანაზღაურებს. გიორგიმ, ამასთან, დასძინა, რომ მუშები დღიური ანაზღაურების 20 ლარიდან 30 ლარამდე გაზრდასაც მოითხოვენ.

ლავრენტი ალანიამ კი, რომელიც, ამავე დროს, რუსთავის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ყურადღება მუშების ცუდ სამუშაო პირობებზე გაამახვილა:

„სველი წერტილი მას [დამქირავებელ კომპანიას] არ აქვს, შრომის პირობები დარღვეულია... მუშას რომ დილიდან საღამომდე სველი წერტილი არ ექნება!... შრომითი ხელშეკრულებებიც სათავისოდ აქვთ“.

სანამ ალანიას ვესაუბრებოდით, გაფიცულებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გამოჩნდნენ. მათ შორის იყვნენ რუსთავის ყოფილი მერი მამუკა ჩიქოვანი და ქალაქის საკრებულოს წევრი კახა გურგენიძე, ასევე, პარლამენტარები ლევან თარხნიშვილი და ირმა ნადირაშვილი. ეს უკანასკნელი მუშებს მხარდაჭერასა და იურიდიულ დახმარებას დაჰპირდა.

„ჩვენ ჩვენი იურისტები ჩამოგიყვანეთ და სასურველია თქვენთან ერთად იმუშაონ. ჩვენ შეგვიძლია თქვენი საკითხი დავაყენოთ პარლამენტში, თუ ამის სურვილი გექნებათ; თუ ამის სურვილი არ გაქვთ, შეგვიძლია ავდგეთ და უკან წავიდეთ“, გაამხნევა ნადირაშვილმა გაფიცულები.

თუმცა, ვიდრე ნადირაშვილი საუბრობდა, ოდნავ მოშორებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთაველ ლიდერებს ასევე გაფიცულების მხარდასაჭერად მისულ თანაქალაქელ ოპონენტებთან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან, შელაპარაკება მოუვიდათ. სიტუაციის განმუხტვა ერთ-ერთმა გაფიცულმა მუშამ სცადა.

გაფიცული მუშები
გაფიცული მუშები

ჩინური კომპანია გაფიცულებს ჯერჯერობით ვერაფერს ჰპირდება. „სინოჰიდროს“ მენეჯერის მოადგილის გურამ ვახტანგაშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურების გამო კომპანია თავადაც ზარალს განიცდის, ამიტომ მუშებისთვის გასამრჯელოს გაზრდის საკითხი დამოკიდებული იქნება მშენებლობის დამკვეთსა და დამფინანსებელზე:

„საწვავი გაძვირდა, ბიტუმი გაძვირდა, ცემენტი გაძვირდა. ახლა მოლაპარაკებას ვაწარმოებთ როგორც სათავო კომპანიასთან, ისე მუნიციპალური განვითარების ფონდთან. დამკვეთი ის არის. გვპირდებიან დახმარებას. რამდენით დაგვეხმარებიან, რა კოეფიციენტით, არ ვიცით და ამ მუშებსაც, ამ გაფიცულებს, ვერ ვცემთ პასუხს, რითი შეგვიძლია გავუზარდოთ [გასამრჯელო]“.

დღესვე მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაავრცელა განცხადება, რომ გაფიცული მუშების ხელფასის მომატების საკითხი თავად დამქირავებლის გადასაწყვეტია და შრომითი დავაც საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად უნდა დარეგულირდეს. განცხადებაში ვკითხულობთ:

„ჩვენთვის, როგორც პროექტის დამკვეთისთვის, მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხია როგორც დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებები, ასევე პროექტის ხარისხიანად და საკონტრაქტო ვადებში განხორციელება. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ სამშენებლო კომპანია "სინოჰიდრო კორპორეიშენი" შეასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს და ობიექტზე უმოკლეს ვადებში აღადგენს სამუშაო პროცესს".

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG