Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო საქართველოში, საქართველო ნატოში და გასული კვირა ამ მოვლენების გარშემო


ნატოს გენერალური მდივანი და საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნაზე
ნატოს გენერალური მდივანი და საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნაზე

გასულ სამუშაო კვირაში, 27 აგვისტოს, თბილისში ვიზიტად მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გახსნეს. ცენტრი, როგორც ნატოსთან თანამშრომლობის „არსებითი პაკეტის“ ნაწილი, საქართველოს, ნატოსა და მისი პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცების მომზადებას უზრუნველყოფს. ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას იენს სტოლტენბერგმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ცენტრი გააძლიერებს როგორც საქართველოს ნატოსთან თავსებადობას, ისე მის თავდაცვისუნარიანობას:

“ეს ცენტრი დაეხმარება საქართველოს გააგრძელოს თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზება და გაძლიერება, რათა გაუმკლავდეს 21-ე საუკუნის გამოწვევებს. მაგრამ ეს ცენტრი მხოლოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ მოემსახურება -ის ზუსტად ასეთივე მნიშვნელოვანი იქნება ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისთვისაც და განავითარებს საქართველოსა და სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთქმედებას“.

იენს სტოლტენბერგის თანახმად, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის საშუალებით ნატო უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი და უფრო მეტად შესამჩნევი გახდება საქართველოში.

ეს სასწავლო ცენტრი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ცენტრის ფუნქციონირება დაგვეხმარება ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებაში...
ირაკლი ღარიბაშვილი

თავის მხრივ, ცენტრის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ცენტრი რეგიონალური მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს:

“ეს სასწავლო ცენტრი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ცენტრის ფუნქციონირება დაგვეხმარება ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებაში. ცენტრის დაარსებას აქვს კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა - ეს არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლება. შეიარაღებული ძალების თავსებადობის უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი და ცენტრი ამ ეტაპის წარმატებით დაძლევაში დაგვეხმარება. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ თანამშრომლობის ეს ახალი ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას“.

ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი იყო ის, რომ ცენტრის მიზნები და ამოცანები არც ერთი მეზობლის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული. თუმცა მეზობელი, რომელიც, ამ განმარტებების მიუხედავად, განსაკუთრებით გააღიზიანა ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის გახსნამ, ცენტრის საზეიმოდ გახსნის ფაქტს მკვეთრად უარყოფითი რეაქციით შეხვდა - საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი შეახსენა და „სერიოზული დესტაბილიზაციის“ საფრთხეზე ალაპარაკდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, 27 აგვისტოს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ცენტრის გახსნა არის ალიანსის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელება, რაც გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებას ისახავს მიზნად:

მარია ზახაროვა
მარია ზახაროვა

“ვფიქრობ, თქვენ ყველას შესანიშნავად გახსოვთ 2008 წლის მოვლენები და საქართველოს აგრესია სამხრეთ ოსეთის მისამართით. არავის ეეჭვება, რომ 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის გამოცხადებამ თბილისის იმდროინდელ ხელმძღვანელობას გაუჩინა ილუზია, რომ ყველაფრის ნება დართეს და უბიძგა დანაშაულისკენ, რომ სამხედრო ძალით დაეპყრო სამხრეთ ოსეთი“.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ, ვინც საქართველოს აქტიურად ექაჩება ნატოში, თავიანთი პასუხისმგებლობა უნდა გაიაზრონ „2008 წლის სამწუხარო გამოცდილების მხედველობაში მიღებით“.

2008 წლის სამწუხარო გამოცდილებასა და მისი მხედველობაში მიღების აუცილებლობაზე მიუთითა რუსეთს, თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც იმ განცხადებით, რომელიც გასულ კვირაში, კერძოდ, 24 აგვისტოს, გამოაქვეყნა. რუსეთის პროვოკაციული ქმედებებიდან ამჯერად საქართველოს საგარეო უწყებამ ყურადღება რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რკინიგზის აღდგენის სამუშაოებზე შეაჩერა. განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში ინტერვენციამდე, რუსეთმა ასევე უკანონოდ დაიწყო აფხაზეთის რეგიონში რკინიგზის მონაკვეთის აღდგენა და საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ჯარები შეიყვანა, რაც შემდგომში „ეფექტურად გამოიყენა საჯარისო ნაწილებისა და ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის სამხედრო ქმედებების დროს“. თავის მხრივ, სპეციალურ განცხადებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საქართველოში მცოცავი ანექსიის ახალი ეტაპის დაწყების კლასიკურ მცდელობად შეაფასა რუსეთის სარკინიგზო ჯარების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ენგურის ხიდამდე, რკინიგზის აღდგენა. საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა:

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

“ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, კიდევ ერთი ჩვენება და კიდევ ერთი მაგალითია იმ პოლიტიკის, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ჩვენს მიწაზე ყოველგვარი ავტორიზაციის გარეშე და საერთაშორისო ნორმების დარღვევით. მაგრამ ეს არახალია, შეჩვეული ვართ. ვიცით, გასაგებია. ალბათ, კიდევ უფრო მეტს გააკეთებენ... მთავარია, საქართველოს ხელისუფლება იყოს სრულ მზადყოფნაში იმისათვის, რომ ხელოვნურად გავლებულ ბარიერებს აქეთ არ მოხდეს ამის არანაირად გადმოსვლა“.

გასულ კვირაში კიდევ ერთი გარემოების გამო გახდა აქტუალური რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის და ამ მიმართულებით საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფისა და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის იგნორირების საკითხი: 26 აგვისტოს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებიდან 7 წელი შესრულდა.

კიდევ ერთი თარიღი, რომელიც, წინასგან განსხვავებით, საქართველოში ზეიმის საგნად იქცა, საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავი იყო. 24 აგვისტოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა საზეიმო მიღება გამართა, სადაც თქვა:

“დღეს ჩვენს წინაშე დგას ამოცანა - შევქმნათ და გავაძლიეროთ თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო, სამართლებრივი სახელმწიფო. და ამ ამოცანის განხორციელების გზაზე უმნიშვნელოვანესი ისევ ის არის, რომ მთელი საზოგადოება გავერთიანდეთ ღირებულებების ირგვლივ, იმ ღირებულებების ირგვლივ, რაც ახლა ყველაზე უფრო მოხდენილად, ლაკონიურად ჩაწერილი არის ჩვენს უმთავრეს სამართლებრივ დოკუმენტში - კონსტიტუციაში“.

დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის არაფერი, ფაქტობრივად, არაფერი ამ ადამიანებს არ გააჩნიათ - არც საცხოვრებელი, არც სამსახური, არც სოციალურ-ეკონომიკური პირობები, არც სათანადო განათლება აქვთ, რომ დასაქმდნენ. ნახევარზე მეტი უსახლკაროა...
ირინა ობოლაძე

გასულ სამუშაო კვირაში კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვისა და მთავარი ღირებულებების გარშემო გაერთიანებისკენ მოწოდებით მიმართა საქართველოს მთავრობას სახალხო დამცველმაც. კერძოდ, სახალხო დამცველმა მთავრობას მოუწოდა იზრუნოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირთა მომავალზე, რომელთაც სახელმწიფო დაწესებულებები სრულწლოვანების გამო უკვე დატოვეს, თუმცა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო პირობები და შესაძლებლობები არ აქვთ. როგორც სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინა ობოლაძემ გვითხრა, წელს სახალხო დამცველს დახმარებისთვის ოთხმა ასეთმა ადამიანმა მიმართა:

“დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის არაფერი, ფაქტობრივად, არაფერი ამ ადამიანებს არ გააჩნიათ - არც საცხოვრებელი, არც სამსახური, არც სოციალურ-ეკონომიკური პირობები, არც სათანადო განათლება აქვთ, რომ დასაქმდნენ. ნახევარზე მეტი უსახლკაროა. ფაქტობრივად, ადამიანის ვერც ერთი ფუნდამენტური უფლებით ისინი ვერ სარგებლობენ და, სამწუხაროდ, მათ დამოუკიდებელ ცხოვრებას არც სახელმწიფო უწყობს ხელს“.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას შეიმუშაოს ზრუნვის გარეშე დარჩენილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო სტრატეგია და, შესაბამისად, ამ მიმართულებით დაარეგულიროს კანონმდებლობა, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო დაწესებულებებიდან გამოსულ შშმ პირებს შეექმნებათ ღირსეული ცხოვრების პირობები, უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით, პროფესიული უნარებითა და ფინანსური რესურსებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG