Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენდერულ კვოტირებას მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა კომიტეტი


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრთა საკანონმდებლო წინადადებას "საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რომელიც სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღებას გულისხმობს, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით. ქალთა აქტივისტების თქმით, ეს წინადადება უახლოეს მომავალში უკვე საკანონმდებლო ინიციატივად ჩამოყალიბდება.

„ჩვენ მოვითხოვთ სამართლიანობას! ჩვენ მოვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენ მოვითხოვთ რეალურ თანასწორობას. მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქალია, მაშინ, როცა ამომრჩევლის უმრავლესობა ქალია, ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ 38 ქალს 150 პარლამენტარიდან. და ეს არ არის ბევრი“, ამბობს ბაია პატარაია, კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი, ერთ-ერთი მომხსენებელი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში.

24 სექტემბერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საკანონმდებლო წინადადება "საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო რეგისტრაციისათვის სიების წარდგენისას აუცილებელი გენდერული კვოტა უნდა დაიცვან.

ნინო ჯანაშიამ, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წარმომადგენელმა, კომიტეტში შეკრებილ დეპუტატებს, ქალთა აქტივისტებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნო თავიანთი საკანონმდებლო წინადადების მთავარი არსი:

„საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს დაევალოთ დაიცვან 50 %-იანი სქესთა ბალანსი - სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია უბრუნებს პარტიას სიას ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ პარტია ვერ აღმოფხვრის ამ ხარვეზს, მაშინ ის, უბრალოდ, ვერ გაივლის რეგისტრაციას. გარდა ამისა, პარლამენტის და საკრებულოს წევრის მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, უფლებამონაცვლე უნდა იყოს სიაში მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი“.

კომიტეტის სხდომაზე, 24 სექტემბერს, არაერთხელ და არაერთმა ადამიანმა გაამახვილა ყურადღება იმ სტატისტიკურ მონაცემებზე, რომელიც დღეს საქართველოში ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას ეხება. დღეს არსებული მონაცემებით, პარლამენტში ქალები მხოლოდ 12 %-ით არიან წარმოდგენილნი. 59 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის კვლევის მიხედვით, რომელშიც 141 ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველო, საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით, 106-ე ადგილს იკავებს. როგორც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის 53 %-ს ქალები შეადგენენ, მათი წარმომადგენლობა გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციაზე იმაზე გაცილებით დიდი უნდა იყოს, ვიდრე დღეს არის. ანუ, თუკი საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევა და პარტიულ სიებში ყოველი მეორე წარმომადგენელი ქალი იქნება, ამ გათვლით, მომდევნო მოწვევის პარლამენტში 150 პარლამენტარიდან 38 ქალი უნდა იყოს, ნაცვლად, მაგალითად, 18-ისა, როგორც დღევანდელ პარლამენტშია.

ძალიან დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ ეს არის ის, რასაც საქართველოში ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი, თუკი ჩვენ გვინდა, რომ მივაღწიოთ სამართლიანობას პოლიტიკურ პროცესში...
თეა წულუკიანი

გენდერული კვოტირების შემოღების ინიციატორები და ქალთა აქტივისტები მიიჩნევენ, რომ, პარლამენტში ქალთა მონაწილეობის გაზრდით, ქვეყანაში გაიზრდება სოციალურ კეთილდღეობასთნ დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. ამ აზრს იზიარებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც.

კომიტეტის სხდომაზე შეკრებილ ქალთა აქტივისტებსა და დეპუტატებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მოსაზრება სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღების თაობაზე. ის თვლის, რომ, დღეს არსებული მდგომარეობით, პარლამენტის კარი ქალებისთვის დახურულია:

„ძალიან დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ ეს არის ის, რასაც საქართველოში ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი, თუკი ჩვენ გვინდა, რომ მივაღწიოთ სამართლიანობას პოლიტიკურ პროცესში. სამართლიანი პროცესი კი ვერ იქნება საქართველოში, თუკი იქ საქართველოს ქალებს არ ექნებათ თავიანთი ადგილი. 38 ქალი - თუ ეს არის ბევრი, მაშინ ეს ღიად ვთქვათ და ჩვენ, ქალებს, გვეცოდინება, რომ 150-დეპუტატიან პარლამენტში 38 ქალისთვის ადგილი არ არის. დაუჭირეთ მხარი იმას, რომ საქართველოს პარლამენტის კარი გაიღოს საქართველოს ქალებისთვის. დღეს ეს კარი დახურულია“.

გენდერული კვოტა პოლიტიკურ ინსტიტუციებში ქალთა მონაწილეობის გასაძლიერებლად კანონით განსაზღვრული ნორმაა და უმეტეს შემთხვევაში მოიაზრება როგორც დროებითი ზომა, რომელიც გენდერულ თანასწორობას და წარმომადგენლობითი დემოკრატიის გაძლიერებას ემსახურება...

მართალია, საკანონმდებლო წინადადების განხილვის პროცესში ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე არ დაეთანხმა გენდერული კვოტირების შემოღების იდეას, მაგრამ საბოლოო კენჭისყრისას მას მხარი დაუჭირა. მიუხედავად ამისა, ის ფიქრობს, რომ პარლამენტში მოსახვედრად არ უნდა არსებობდეს არანაირი სხვა საფუძველი, გარდა პროფესიონალიზმისა:

„ქალბატონებს არ აქვთ დაკეტილი პარლამენტის კარი. თქვენ არანაირად არ გაქვთ იმის საჭიროება, რომ კვოტებით მოხდეს პარლამენტში ქალებისთვის ადგილის განსაზღვრა. მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ქალისთვის შეურაცხმყოფელიც უნდა იყოს, რომ ის კვოტით მოხვდეს პარლამენტში. ეს თქვენი პოზიცია და უფლებაა გქონდეთ განსხვავებული აზრი. მე კი მომეცით უფლება, რომ დავრჩე ჩემს აზრზე“.

გენდერული კვოტა პოლიტიკურ ინსტიტუციებში ქალთა მონაწილეობის გასაძლიერებლად კანონით განსაზღვრული ნორმაა და უმეტეს შემთხვევაში მოიაზრება როგორც დროებითი ზომა, რომელიც გენდერულ თანასწორობას და წარმომადგენლობითი დემოკრატიის გაძლიერებას ემსახურება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაა, ქალთა უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ სავალდებულო გენდერული კვოტირების შემთხვევაში პროპორციული საარჩევნო სისტემა ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის კუთხით საუკეთესო შედეგს აჩვენებს.

ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სწორედ გენდერული კვოტირების შემოღების შემდეგ შეძლეს სკანდინავიის ქვეყნებმა პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა. ანალოგიურ ზომას მიმართა თავის დროზე რუანდამაც, რომელიც, 64%-ით, დღეს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით ლიდერ ქვეყნებს უდგას სათავეში. ქალთა აქტივისტები ფიქრობენ, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდით ქვეყანა არაერთ ისეთ საკანონმდებლო ცვლილებას მიიღებს, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში ქალთა მდგომარეობას, ჯანდაცვის, განათლების სისტემას და, მეტიც, გააუმჯობესებს როგორც ეკონომიკურ მდგომარეობას, ისე ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამშვიდობო პროცესის დამკვიდრებასა და გამყარებას.

ქალთა უფლება მამაკაცებთან ერთად, თანაბარ პირობებში, სრულფასოვნად ჩაერთონ ქვეყნის პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში, წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას. ეს უფლება აღიარებულია საერთაშორისო და რეგიონალური სამართლის ინსტრუმენტებით, როგორიცაა “ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაცია”, “საერთაშორისო შეთანხმება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ”, “კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ”, “გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია 1325 ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის” და ა.შ.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის ზაფხულში ჟენევაში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის სესიაზე საქართველოს პარლამენტის წევრებმა მიიღეს რეკომენდაცია, რომ სახელმწიფომ იზრუნოს კვოტირების შემოღებაზე, რათა საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი გაიზარდოს.

როგორც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრები ამბობენ, რაკი 24 სექტემბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მათ მიერ წარდგენილ წინადადებას სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღების თაობაზე, მას, სავარაუდოდ, უკვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც წინადადება საკანონმდებლო ინიციატივად გარდაიქმნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG