ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 13:11

პოლიტიკა / საქართველო

რა აჩვენა ”ქართული ოცნების” აქციამ

მულტიმედია

ტექსტის ზომა - +
შთამბეჭდავი, უჩვეულო, პოზიტიური, კარგად ორგანიზებული - ასე შეფასდა პოლიტოლოგების მიერ ”ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დასაწყისი, 27 მაისს თავისუფლების მოედანზე გამართული მშვიდობიანი აქცია, რომელსაც ათობით ათასი ადამიანი დაესწრო. თავად ბიძინა ივანიშვილმა 28 მაისს ”ქართული ოცნების” ტრადიცულ ბრიფინგზე განაცხადა,  რომ თავისუფლებისკენ ქართველების ორგანიზებულ და შეგნებულ სწრაფვას ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს. ექსპერტების ერთი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთი ხალხმრავალი აქციით არჩევნების ბედი არ წყდება.

”ქართული ოცნების” აქციის შემდეგ ამ ფორმით ამ პოლიტიკური ძალის მიერ  საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყება არაერთმა ქართველმა ექსპერტმა შეაფასა როგორც ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა შესაძლებელია. უჩვეულოდ მიიჩნევდნენ ამ აქციას იმიტომაც, რომ 27 მაისს თავისუფლების მოედანზე შეკრებილი დაახლოებით 100 000-მდე ადამიანი არ გამოსულა ექსტრემალური მოწოდებებით, განსხვავებით  არცთუ შორეულ წარსულში გამართული მიტინგებისაგან. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძისათვის ნიშანდობლივი იყო ხალხის დამოკიდებულება ამ აქციიის მიმართ, კერძოდ, რომ ეს არ იყო პირველი და უკანასკნელი გადამწყვეტი ბრძოლა. მისი სიტყვებით, ”სულსრწრაფობის” ნაკლებობამ, რომელიც საქართველოში აქციებს აქამდე სულ ახლდა, მასში სიახლის განცდა გააჩინა.  ეს აქცია, რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ბევრი რამის ნიშანი იყო ხელისუფლებისთვისაც:

გაცხადებულიცაა მათ მიერ, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის ამოცანისთვის შეკრებული გაერთიანებაა ...
”ხელისუფლებამ, წესით, უნდა დაასკვნას, რა რაოდენობის ხალხი მოგროვდება, თუკი გაჩნდება უკმაყოფილება არჩევნების შედეგების მიმართ და ასევე რამდენად უჭერს მხარს ივანიშვილს ქართული საზოგადოება, კერძოდ კი, თბილისი. თბილისი რომ ხელისუფლებისათვის კომფორტული ქალაქი არ არის, ეს ცხადია და დასტურდება ქუთაისში საპარლამენტო დედაქალაქის გადატანის ნაბიჯით, მაგრამ თბილისი მეტად ანგარიშგასაწევი ძალაა და ამაზე დაფიქრება უფრო მეტად მოუწევს ხელისუფლებას, ვიდრე ამ აქციამდე.”

აქციამ ცხადი გახადა კიდევ ერთი მომენტი: ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ, ვისაც ხალხის მობილიზაცია შეუძლია, ბიძინა ივანიშვილი ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ცენტრალურ ფიგურად აღიქმება. მას ყველა იღებს როგორც ამ ბრძოლის ლიდერს, გვეუბნება რამაზ საყვარელიძე. თუმცა სხვადასხვა პლატფორმაზე მდგარი ადამიანების ერთობა არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ყველა ერთხმად მისცემს ხმას, მაგალითად, რომელიმე კონკრეტულ კანონს:

”არა მგონია, ასეთი ერთობა მივიღოთ. და გაცხადებულიცაა მათ მიერ, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის ამოცანისთვის შეკრებული გაერთიანებაა.”

ერთი, თუნდაც მრავალრიცხოვანი მიტინგი არჩევნების მოგების ინდიკატორად ვერ ჩაითვლება,  - ფიქრობს პოლიტოლოგი ვასილ ჭყოიძე. მისი თქმით, აქციაზე მისული ყველა ადამიანი ”ქართული ოცნების” მხარდამჭერ ძალად არ უნდა მოვიაზროთ - მათ შორის ბევრი შეიძლება ყოფილიყო, უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის გამო მისული. რაც შეეხება 27 მაისს თავისუფლების მოედანზე შეკრებილ პოლიტიკურ გუნდს, ჭყოიძის აზრით, მას განსაკუთრებული პოლიტიკური წონა და იდეები არ გააჩნია:

”სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, მათ დიდი ფული აქვთ და ეს მათ მიმართ მიზიდულობაც ამ დიდი ფულიდან გამომდინარეობს. რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკური მესიჯი ამ მიტინგზე არ ყოფილა და ისედაც პოლიტიკოსების ნაკლებობა შეინიშნებოდა - უფრო პოეტები, ძველი თაობის მწერლები, მსახიობები ჭარბობდნენ, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ეს მოძრაობა ბოლომდე პოლიტიკური არ არის, არამედ ერთი ადამიანის სიმდიდრით მიზიდული ძალაა, რომელიც კოორდინატორის როლს თამაშობს.”

ძლიერი ხელისუფლების პირობებში კი ეს ძალა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ საკმარისი აღმოჩნდეს გამარჯვებისათვის ...

27 მაისის აქციის პოზიტიურ მხარედ პოლიტოლოგ გია ნოდიას ის ფაქტი მიაჩნია, რომ ეს აქცია იყო საარჩევნო კამპანიის დასაწყისი და არა ხელისუფლების შეცვლის მეთოდი:

”ამ აქციამ მართლაც ჩაუნერგა ოპოზიციის მომხრეებს, რომ არჩევნების გზით შეიძლება ხელისუფლება შეიცვალოს. ივანიშვილმა შეძლო კვლავ გაეერთიანებინა ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ძირითადი ბირთვი და მართლაც პოზიტიური მომენტი იყო ის, რომ ამ ხალხის მისვლა აქციაზე არ ნიშნავდა ხელისუფლების დაუყოვნებლივ გადადგომის მოთხოვნას, არამედ მხოლოდ მათი საარჩევნო კამპანიის დასაწყისს.”

გია ნოდიასათვის ამ პროცესის მთავარი ნაკლი არის ის, რომ ოპოზიცია ბოლო წლებში ერთიანდება არა დადებითი  იდეების გარშემო, არამედ ზოგადად ოპოზიციურობის ნიშნით. თავისთავად ეს ეკლექტურობა ნოდიასათვის მოსაწონი არ არის. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ანგარიშგასაწევ ძალად მოგვევლინება ”ქართული ოცნება”  ოქტომბრის არჩევნებზე, ნოდიას აზრით, ამ პოლიტიკური ძალის რესურსი საკმარისი იქნებოდა სუსტი მთავრობის შემთხვევაში:

”ვარდების რევოლუციის დროს ძირითადი განწყობა იყო შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართული და არა რაღაც იდეებისთვის, მაგრამ ის ხელისუფლება ძალიან სუსტი იყო. ძლიერი ხელისუფლების პირობებში კი ეს ძალა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ საკმარისი აღმოჩნდეს გამარჯვებისათვის.”

თუმცა თავად  ”ქართული ოცნების” ლიდერს ბიძინა ივანიშვილს არჩევნების მოგების იმედი აქვს. მან ეს კიდევ ერთხელ განაცხადა 28 მაისის პრესკონფერენციაზე და იქვე აღნიშნა, რომ  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა  ნახევარზე მეტი უკვე შერჩეულია და მათ დასახელებას ”ქათული ოცნება” პირველი ივნისიდან დაიწყებს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
30.05.2012 23:56
აქციამ აჩვენა რომ თბილისის ნანგრევებშიც წარმატებულ და ნახევრადწარმატებულ ქართველებს დარჩათ რაღაცაზე ოცნების უნარი. დანარჩენებსაც რომ გაუჩნდებათ ეს უნარი საქმე ბევრად უკეთესად იქნება.

ავტორი: ანონიმი
29.05.2012 21:49
ყველაფერმა ამან ისიც აჩვენა რომ ქართველს ხალხს კიდევ დიდხანს მოუწევს ლენინის მოწაფეთა მიერ აშენებული კაპიტალიზმის და ლიბერალიზმის ატანა და ამ მშენებლობის სხვადასხვა თაობის პრარაბებთან თანაარსებობა(მშვიდობიანი თანაარსებობა ჯობია!). ხოდა სთხოვოს ქართველმა ხალხმა ბატონ-ქალბატონებს: გინდა ბიძინისტები იყავით და გინდა ტრიძინისტები იბატონეთ და იქალბატონეთ ოღონდ ჩვენც მოგვეცით სუნთქვის საშუალებაო. იყო ერთი დეპუტატი ყუფუნია (სახელი არ მახსოვს,სორი),მგონი აღარაა ცოცხალი, თუ ასეა აცხონოს ღმერთმა. არ ვიცი თუ მიუღია რამე კანონი და არც მაინტერესებს. საუკეთესო მმართველი ისაა ვისი სახელიც არ ახსოვს ხალხს(გამონაკლისებიცაა მაგრამ ეგ საერთოდ მიუწვდომელია ჩვენთვის). იქნებ მალე გაიაროს დემოკრატიზაციად წოდებულმა შავმა ჭირმა და თქვენი სახელებიც დავივიწყოთო.

ავტორი: ილი
29.05.2012 09:08
სულ ცოტა ხანში, ძალიან მალე ფეხის დასადგამი ერთი კვადრატული მეტრი ადგილი რომ აღარ დარჩება ამ ბოლომდე დეგრადირებულ და გახრწნილ რეჟიმს, მერე თქვით 10 000 კაცი იყოო :D



ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
29.05.2012 09:01
მოწყინდათ ქართველებს ნატო-ინტეგრაციის, დემოკრატიისა და რუსული იმპერიის ნგრევა გადაშენების მოლოდინში მშიერი ყოფნა

აღარ ჯერათ მათი ვინც იმპერიის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლისკენ მოგვიწოდებს, თვითონ კი წითელ ხიდზე აზერბაიჯანს თავშესსაფარს ეხვეწება

მოწყინდათ ის რომ არც ახალგაზრდას და მითუმეტეს არც ხნიერ ადამიანს საქართველოში არც მოავლის პერსპექტივა აქვს და არც აწმყო ახარებს, და ეს ყველაფერი უნდა აიტანონ ნატო-ინტეგრაციისა და დემოკრატიის შენების სახელით

ეხლა აქვთ იმედი რომ ქვეყანა თავის თავს მიხედავს, ვიღაც "ნაჭამი და მაძღარი" ჩვენ ლუკმას აღარ მოგვტაცებს პირიდან და რომ ხვალინდელი დღის პურზე და სარჩოზე აღარ მოგვიწევს დარდი

ვნახოთ რა იქნება, ერთი მიტინგით სამყარო არავის შეუცვლია, თუმცა ანგელოზების და კეთილი კაცების არსებობა მე არ მჯერა, მაინც ხვალინდელმა დღემ აჩვენოს თავისი სიკეთეც და ბოროტებაც

ავტორი: ანონიმი
28.05.2012 22:14
ამ და სხვა აქციებმა ისიც აჩვენეს რომ ამ ალბათ პატივსაცემ მოძრაობას გაგანია ლიბერალიზმის თუ სოციალ-ლიბერალიზმის ეპოქაში სურს ცნება ქართული ოცნების მონოპოლიზება.

არა ბატონებო და ქალბატონებო. აქამდე უოცნებიათ შოთასაც,ვაჟასაც და ილიასაც და სხვების ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ ამხელა ქართველები კი ამ მოძრაობაში ჯერ შემიმჩნევია. შეიძლება თვალთ დამაკლდა და ვცდები. თუ ასეა ბოდიში. მაგრამ მეოცნებე ქართველი იქნებ XXIII საუკუნეშიც იყოს. ხოდა ამ ოცნებებში საქართველოსთვის სასიკეთო ოცნებებს გაუმარჯოს.

ავტორი: ანონიმი
28.05.2012 21:42
საბჭოთა ზარბაზნით თბილისის ნგრევის აქციაზე უფრო უკეთესი იყო ნამდვილად და დიდი მადლობა. ახლა დავუცადოთ შევარდნაძისებრთა მადლობებით გაუტუტუცებელ თაობას. მანამდე სტოიკურად. რაც შეგვიძლია კი. რაც არა არა.
ყოფილი,დღევანდელი თუ მომავალი მოძმეების დახმარებით შოთას და ილიას ქვეყნის მორიგი ნგრევაც შეგვიძლია მაგრამ მაგას არ ვგულისხმობ.