კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 21:14

პრესა / საქართველო

ქართული პრესის მიმოხილვა. 18 მაისი, 2012

x
ტექსტის ზომა - +
გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი თემა დღეს ნატოს ჩიკაგოს სამიტი და მისი მოსალოდნელი შედეგებია. გაზეთის თანახმად, საქართველო ნატოს ჩიკაგოს სამიტისგან მინიმუმ ასპირანტი ქვეყნის სტატუსის დადასტურებას და მაქსიმუმ ალიანსში გასაწევრიანებელი კონკრეტული მექანიზმის მიღებას ელოდება. ექსპერტ ალექსანდრე რონდელის თანახმად, თუ ჩიკაგოს სამიტზე  საქართველოს სხვებთან ერთად გამოყოფენ ასპირანტ ქვეყნად, ნატოსკენ ერთი ნაბიჯით წავიწევთ წინ. მისივე აზრით, თვითონ ნატოში მიღება საქართველოსთვის ძალიან შორი პერსპექტივაა და დემოკრატიზაციის თვალსაზრისითაც დიდი მოთმინება და სტანდარტების დახვეწა გვჭირდება.

დღესვე გაზეთი ”რეზონანსი” თავის ფურცლებზე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ საწვავის გაიაფების უფლებას მენავთობეებს ხელისუფლება არ აძლევს. გაზეთთან საუბარში სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ  საქართველოში საწვავის მაღალი ფასი არჩევნების წინა პერიოდს უკავშირდება. ანუ ნავთობიმპორტიორები ხელისუფლების წნეხის ქვეშ არიან, რათა ყოველი გაყიდული ერთი ლიტრი საწვავიდან გარკვეული თანხა ხელისუფლების წინასაარჩევნო ქისაში ჩარიცხონ. ”ფაქტია, რომ ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი საქართველოში საწვავზე ხელოვნურად წარმოქმნილ მაღალ ფასს არ აპროტესტებს”, - ამბობს ექსპერტი ზვიად კანდელაკი, რომლის შეფასებითაც, ხელისუფლების დუმილი სწორედ იმას ნიშნავს, რომ საწვავის მაღალი ფასიდან წილი მასაც ერგება.

„ქართული დასი“ დავით გარეჯის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვს, -წაიკითხავთ გაზეთ ”ახალ თაობაში”. გაზეთის მიხედვით, ხელისუფლებაზე განაწყენებული ბაღათურია აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნების მომხრეა და იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი თავის მესაზღვრეებს საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანს. ამავე სტატიის თანახმად, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასი“ და რელიგიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალური ლავრის მოლოცვას აპირებენ.

რა გახდა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირების, უფლებადამცველებისა და LGBT ჯგუფის წევრების აქციაზე ფიზიკური შეხლა-შემოხლის მიზეზი,  გაზეთ „ვერსიიდან“ შეიტყობთ. აქვე აღვნიშნავთ, რომ თემას დღეს, ფაქტობრივად, ყველა გაზეთი აშუქებს. ”ვერსიის” სტატია კი ერთგვარად აჯამებს იმ მოსაზრებებს, რომლებიც აქციის შესახებ გამოითქვა. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა, მაგალითად, „ვერსიას“ უთხრა, რომ  სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა აქცია დემოკრატიული ქვეყნისათვის დასაშვები თვითგამოხატვის ფორმაა და, შესაბამისად, ან უნდა ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, ან არ ვიყოთ. ”არ შეიძლება ვსაუბრობდეთ დემოკრატიაზე და ის მხოლოდ ჩვენთვის გვინდოდეს”, ამბობს დავით დარჩიაშვილი. ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის თემაზე გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკაში” კი წაიკითხავთ: ”თუ ნატოში შესვლის საფასურად ჩვენი გოგო-ბიჭები, უწინარესად, ცხადია, ბიჭები, რომლებმაც უნდა გადაარჩინონ და გაამრავლონ შემცირებისაკენ კატასტროფულად დაქანებული ქართული გენოფონდი, ნატოებად და კატოებად უნდა იქცნენ, მაშინ ჯაყოს ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, ”კ ჩორტუ კაპრატივიო” რომ იძახდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით -”კ ჩორტუ ნატო”.

საქართველოს რკინიგზის საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს რჩება - სტატიას ამის შესახებ გაზეთი ”24 საათი” აქვეყნებს. გაზეთის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას რკინიგზის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გააქვს, კომპანიის აქციათა მაქსიმუმ  49%-ის გაყიდვას აპირებს და სახელმწიფო ბიუჯეტში, შემოსავლის სახით, მილიარდი დოლარის მიღებას ვარაუდობს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
24.05.2012 00:54
ქიმიური შეხლა შემოხლაა საჭირო. ვიდრე ტრადიციული სექსის მოყვარულებს დუსტს არ დააყრით და კიბოს არ შეყრით მანამდე ვერ იხარებს დემოკრატია საქართველოში.

ყველაზე პოპულარული