ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 11:17

პრესა / საქართველო

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 6 ივნისი

x
ტექსტის ზომა - +
6 ივნისს  გამოსული ქართული გაზეთების  ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტი მოექცა. პრესა ძირითადად აჯამებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიერ გამოთქმულ მთავარ გზავნილებს - მათ შორის, მომავალი არჩევნების დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩატარების შესახებ. გაზეთი „24 საათი” ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის შესახებ სტატიას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის იმ გამონათქვამით ამთავრებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისათვის ”როიტერის” მიერ დასმულ შეკითხვას მოჰყვა - შეკითხვას იმის შესახებ, აპირებს თუ არა პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას. ”მომავალ პოლიტიკურ ვითარებაში მნიშვნელოვანია ვილაპარაკოთ იმაზე, რას გააკეთებენ პოლიტიკური ინსტიტუტები და არა კონკრეტული ადამიანები”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. თავის მხრივ კი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ მდგრადი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია ძალაუფლების გადაცემა და ინსტიტუციური გაძლიერება”, -წაიკითხავთ გაზეთ ”24 საათში.”

”თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს პასუხისმგებლობის აღება უნდა, ნატოში შესვლას აჯობებს ჩვენს შორის თავდაცვითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდეს”, - უთხრა, თავის მხრივ, გაზეთ ”ვერსიას” ტრადიციონალისტთა ლიდერმა აკაკი ასათიანმა. აი, ეს იქნებოდა მართლა საქმე,- აღნიშნავს აკაკი ასათიანი და გაზეთთან საუბარში მაგალითად მოჰყავს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ხელშეკრულება, რომელიც, მისი თქმით, იმას გულისხმობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში დაიცავს ისრაელს.

”აბსოლუტურად ყველგან მძიმეწონიანი კანდიდატები გვეყოლება”- გაზეთ ”რეზონანსში” გამოქვეყნებული ეს სტატია კი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში  ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ერთ-ერთი პირველი მცდელობაა. გაზეთის თანახმად, ქუთაისში მაჟორიტარად „ქართული ოცნება“ გუბაზ სანიკიძეს დაასახელებს, სამტრედიაში - კახი კალაძეს, ტყიბულში - ელისო ჩაფიძეს, ბაღდადში - არჩილ კბილაშვილს, ოზურგეთსა და ლანჩხუთში - დავით ბერძენიშვილს, ბათუმში -მურმან დუმბაძეს და ასე შემდეგ. ”რეზონანსის” თანახმად,  ”როგორც ”ოცნების” პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, 73 საარჩევნო ოლქიდან კოალიცია ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატთა უმეტესობის ვინაობა გადაწყვეტილია, მაგრამ მათი დასახელება ეტაპობრივად მოხდება.” 

”ოპოზიციას სააკაშვილზე კომპრომატებს მისივე გარემოცვა აწვდის”, -განუცხადა გაზეთ ” ახალ თაობას” ქართული აკადემიის წევრმა ნუკრი ქანთარიამ. მას ამის დასტურად მოჰყავს მიხეილ სააკაშვილის იტალიაში ჩასვლა და  ეგრეთ წოდებული შოპინგი, რომლის შესახებაც, ნუკრი ქანთარიას თანახმად, საზოგადოებისთვის, სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილის უწყებიდან გახდა ცნობილი. შესაბამისად, ნუკრი ქანთარია ფიქრობს, რომ საინტერესო პროცესების განვითარებაა მოსალოდნელი, რადგან, მათ ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ხელისუფლებაში შინაგანი რყევებია დაწყებული.

რა ბედი ელის საქართველოს პარლამენტის 760 თანამშრომელს? ამ შეკითხვას გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა” სვამს. სტატია კი შეეხება საქართველოს პარლამენტში დასაქმებულ ადამიანებს, დეპუტატების გამოკლებით. გაზეთის თანახმად, ამ ადამიანებმა არჩევანი უნდა გააკეთონ - ან სამსახური დაკარგონ, ან წავიდნენ ქუთაისში. დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის აზრით, ამ ადამიანებს სტუდენტებივით შეამხანაგება და ბინის დაქირავება მოუწევთ. ცალკე საკითხად გამოყოფს ის  ასევე საკუთარი თავისა და თბილისში დარჩენილი ოჯახის რჩენას. ”რეგიონალიზმი და დეცენტრალიზაცია გამართული და დაწყობილი გამიგია და არა ისეთი, რომელიც ადამიანის მსხვერპლს მოითხოვს”, - მიიჩნევს დეპუტატი, რომლის მოსაზრებებსაც გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა” გვაცნობს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)

ყველაზე პოპულარული