პარასკევი, 18 მაისი, 2012 თბილისის დრო 03:32

პოლიტიკა / საქართველო

ობამა: საქართველოში მოველი სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +



30 იანვარს, თეთრ სახლში გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოსა და მის ხელისუფლებას საკმაოდ ბევრი საქებარი სიტყვა მიუძღვნა დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეული წარმატებისთვის. თუმცა ბარაკ ობამა დარწმუნებულია, რომ რეფორმათა შედეგების მდგრადობა დემოკრატიული არჩევნებისა და ”ხელისუფლების ოფიციალური გადაცემის” პროცესს უკავშირდება. როგორ აღიქვეს აშშ-ის პრეზიდენტის მესიჯები საქართველოში?

”ვფიქრობ, საქართველო საოცრად ამაყი უნდა იყოს იმ წარმატების გამო, რომელსაც მან სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროცესში მიაღწია”, - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ 30 იანვარს, როცა ის, ოვალურ კაბინეტში გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტების წინაშე პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად წარდგა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა წლების შემდეგ მისაბაძ მაგალითად იქცეს

ობამა განსაკუთრებით კმაყოფილია იმით, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს და რომ საქართველო ”დემოკრატიისა და გამჭვირვალობის მოდელს” არა მხოლოდ თავისთვის, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით ქმნის. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა წლების შემდეგ მისაბაძ მაგალითად იქცეს:

„ვფიქრობთ, პროგრესის გაგრძელების შემთხვევაში, რამდენიმე წელიწადში სხვა სახელმწიფოები იტყვიან, თუ საქართველომ შეძლო ასეთი გარდაქმნა, მაშინ ამას ჩვენც შევძლებთო. (საქართველო) პასუხისმგებლობით მოქმედი მოთამაშეა როგორც მსოფლიო სარბიელზე, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.“

ბარაკ ობამამ პირადად მიხეილ სააკაშვილიც შეაქო და თქვა, რომ საქართველომ ”უზარმაზარი ნაბიჯები” სწორედ პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გადადგა. თუმცა წარმატებული რეფორმების შედეგებს შენარჩუნება სჭირდება და ამ კონტექსტში აშშ-ის პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს მომავალი არჩევნების ხარისხზე:

„ასე რომ, მინდა დავაფასო ის სამუშაო, რომელიც უკვე შესრულებულია, მაგრამ ასევე მოველი სამართლიანსა და თავისუფალ არჩევნებს. ხელისუფლების ოფიციალური გადაცემა, რაც იქნება საქართველოში, ვფიქრობ, განამტკიცებს ბევრ იმ რეფორმას, რომელიც უკვე გატარდა.“

თავის მხრივ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საქართველო გადავა ”განსხვავებულ კონსტიტუციურ სისტემაზე, რომელიც უფრო აძლიერებს საპარლამენტო ხელისუფლებას”, და 2013 წელს საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს.

”ეს პროცესი ხელს შეუწყობს ჩემი ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას და ბევრად პლურალისტური და მრავალფეროვანი პოლიტიკური გარემო გვექნება”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 30 იანვარს.

ბარაკ ობამას სიტყვებმა ”ხელისუფლების ოფიციალურ გადაცემასთან” დაკავშირებით, რაც ბევრმა ”ფორმალურ გადაცემად” თარგმნა, საქართველოში განაახლა ინტერესი, თუ რა იგულისხმება ამ სიტყვების მიღმა. გავიხსენოთ, რომ საქართველოში „ხელისუფლების გადაცემის“ მნიშვნელობას ჯერ კიდევ გასული წლის 15 აპრილს გაუსვა ხაზი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბერლინში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გამოსვლისას. ხოლო 19 ოქტომბერს, თბილისში სტუმრობის დროს, მსგავსი სიტყვები სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უილიამ ბერნსმაც წარმოთქვა.

ხელისუფლების ოპონენტების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ვაშინგტონის ლექსიკონში საქართველოსთან მიმართებით შემთხვევით არ დამკვიდრებულა ტერმინი ”ხელისუფლების გადაცემა.”

ხელისუფლების ოპონენტების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ვაშინგტონის ლექსიკონში საქართველოსთან მიმართებით შემთხვევით არ დამკვიდრებულა ტერმინი ”ხელისუფლების გადაცემა”. მათი შთაბეჭდილებით, ვაშინგტონის სიტყვებს მიღმა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დასრულების სურვილი იკითხება. თუმცა ასე სულაც არ ფიქრობს თავად მმართველი პარტია.

კომენტარის გაკეთება ადრეც მოუხდა და ჟურნალისტებს 31 იანვარსაც განუმარტა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა, რომ ხელისუფლების გადაცემა ნიშნავს ხელისუფლების იმ ძალისთვის გადაცემას, რომელიც სამართლიან არჩევნებში გაიმარჯვებს და რომ ეს სულაც არ ნიშნავს აუცილებლად სხვა ძალის მოსვლას ხელისუფლებაში. ამასთან, აკაკი მინაშვილი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები არასდროს არავის მიუთითებს, თუ ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და ვინ არა.

შეერთებული შტატები საქართველოს შიდა საქმეებში რომ არ ჩაერევა, ნათელია ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძისთვისაც, თუმცა ის მაინც უსვამს ხაზს დიპლომატიური ენის მოქნილობას:

”დიპლომატიურ ენაში სიტყვები ისე გამოიყენება, რომ მათი გაგება სხვადასხვანაირად შეიძლებოდეს. რა თქმა უნდა, შეიძლება ამ სიტყვების ისე გაგება, რომ საუბარია პროცესზე და არა გუნდზე, რადგანაც სამართლიანი პროცესის პირობებში გუნდი შესაძლოა იგივე დარჩეს და არის ამაში ლოგიკა. მაგრამ შეიძლება იგულისხმებოდეს ისიც, რომ ხელისუფლების სათავეში ერთი და იგივე გუნდი არ უნდა იყოს დიდხანს, რადგანაც თავისთავად ასეთ მრავალწლიან მმართველობას დიქტატურის სუნი ასდის ხოლმე.”

ბარაკ ობამას სიტყვებმა კმაყოფილი დატოვა ხელისუფლებაში მოსვლის მსურველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა.

ბარაკ ობამას სიტყვებმა კმაყოფილი დატოვა ხელისუფლებაში მოსვლის მსურველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა. გავიხსენოთ, რომ Washington Post–ში და New York Times–ში 30 იანვარს გამოქვეყნდა ვრცელი ღია წერილი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მოუწოდებს ვაშინგტონს „აამოქმედოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება” თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად საქართველოში. წერილში ნათქვამია, რომ აუცილებელია საქართველოს ყველა ნამდვილმა მეგობარმა გამართოს ”ინტენსიური დიალოგი” პრეზიდენტ სააკაშვილთან, რათა ის არ ეცადოს ძალაუფლების შენარჩუნებას ”ნებისმიერი მეთოდით”, რადგანაც ეს ”საბედისწერო გადაწყვეტილება იქნება საქართველოსთვის.“

როგორც საქართველოს ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში და ამჟამად ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში თედო ჯაფარიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ზედმეტი ინტერპრეტაციების გარეშე, მეტად ფასეულია აქცენტი, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ღიად და პირდაპირ დასვა:

”ჩვენ ლაპარაკი გვაქვს ძალიან კონკრეტულ მოვლენაზე და ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის მესიჯი, რომ ხელისუფლების გადაცემა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით უნდა მოხდეს.”

თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდმა მიიღო ის, რასაც მოელოდა, რადგანაც მნიშვნელოვანი იყო იმის დემონსტრირება, რომ მომავალი არჩევნების ხარისხით თავად პრეზიდენტი ობამაა დაინტერესებული.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
03.02.2012 01:07
უკვე დიდი ხანია ცნობილია თუ ვინ ააშენა სამოთხე დედამიწაზე და რა მოუვიდა ამ სამოთხის მომვლელად შექმნილ ადამიანს. მას მერე ვინც პირველი სამოთხე შექმნა ის შექმნის მეორესაც თუ ამისი სურვილი კიდევ ექნება. ხოდა მთავარია ამდენი ღირსეული ქართველის მიერ შექმნილი არასრულყოფილი მაგრამ ლამაზი საქართველოს თუნდაც ერთი ორი ნაფლეთის გადარჩენა და თუნდაც გალობანი სინანულისანის თანახმად ცოდვილი დავით აღმაშენებლის სახელი დაიმახსოვროს ვიღაცამ. კრეტინების ხელში მოხვედრილი უძველესი და ლამაზი ირანის ირგვლივ ჯარების და მუშტების ტრიალია. 2012 წელს კრემლისტანი მთელ კავკასიაში აპირებს ჯარების და კუნთების ათამაშებას. ხოდა ამ ნამგალსა და უროს შორის აღარ მაგრამ გრდემლსა და უროს შორის ან ორი უროს ბათქაბუთქის ობიექტად ქცევის საშიშროების წინაშე მეტი სალაპარაკო აღარ გაქვთ? იქნებ რამე ნამცეცი გადაარჩინოთ თორე კრემლისტანის სტრატეგიული გეგმა- სტალინის მიერ შექმნილ ოხრობად გამოცხადებული საქართველოს დაგლეჯა-და დაქუცმაცება გაგრძელდება თბილისში თქვენი აზრითაც უდემოკრატიულესი ხელისუფლების არჩევის შემდეგაც იმიტომ რომ კრემლისტანს და კრემლინტერნს თავის სტრატეგიულ გეგმაზე უარი არ უთქვიათ.იცოცხლეთ და გაიხარეთ.

ავტორი: abcd
02.02.2012 12:55
რა საინტერესოა და რა გასაკვირი, "რადიო თავისუფლების" ვებგვერდის ინერტულობა აშშ-ში მომხდარი იმ მოვლენების მიმართ, რომელიც საქართველოს ეხება?! ძალიან ბევრი საგულისხმო რამ მოხდა - მარტო "თავისუფალი ვაჭრობის" საკითხი აიღეთ.))

გასაკვირი უკვე აღარ არის, საინტერესო უფროა .

ავტორი: abcd
02.02.2012 12:02
"საქართველო მართლაც შესანიშნავი ქვეყანაა, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით. ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, სადაც ღვინო დაიბადა, საიდანაც სათავეს იღებს მედიცინა, რომელსაც სახელწოდება ჩვენი დედოფლის – მედეას სახელიდან დაერქვა“ – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა"
-----------------------------------
შე დალოცვილო, ადამიანო ! - მერე ეს უნდა გეწყინოს ?!
ერთი სიტყვა აკლია მეორე წინადადებაში, სიტყვა - "ლეგენდით "...
შეიძლება თარგმანშიც გამორჩათ, შეიძლება ნახევრად იუმორით თქვა. კარგი თქვა, ცუდი ხომ არა ?!))))

ავტორი: abcd
01.02.2012 23:14
ვიღაცამ რა იცის, ვიღაცა ვიღაცას რაზე ელაპარაკა ?
იმ ვიღაცებმა, ალბათ საკუთარ ცოლებსაც არ უთხრეს რაზე ისაუბრეს და ამ ვიღაცას რატომ ეტყოდნენ ვითომ?

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
01.02.2012 18:40
თუ შევადარებთ ობამასთან შეხვედრას ბუშთან შეხვედრებს, აშკარაა, რომ ის სითბო, ენთუზიაზმი და სააკაშვილის, როგორც წარმატებული ლიდერისადმი ლამის აღფრთოვანებული დამოკიდებულება წარსულს ჩაბარდა. საინტერესოა, რომ ობამამ მხოლოდ ერთხელ და ისიც შეცდომით ახსენა რუსეთი რაც სააკაშვილის მთავრობის მთავარი თავის ტკივილია. რადგან ყველა - თავადაც ხდება, რომ რუსეთთან დალაპარაკების გარეშე დაკარგული ტერიტორიების კვანძის გახსნის შანსიც კი არ არსებობს, ხოლო რუსეთის ორივე ხელმძღვანელი აცხადებს სააკაშვილს არასოდეს შევხვდებით და დაველაპარეკებითო. მეორე რაც სააკაშვილს აშკარად არ ესიამოვნა იყო ისევ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე და ხელისუფლების გადაცემის აუცილებლობაზე ხაზის გასმა. სააკაშვილი თავის მიღწევებს სულ გერმანიას და ჰოლანდიას ადარებს და არა მგონია ამერიკის მთავრობის წევრები ასე დაჟინებით ურჩევდნენ ამ ქვეყნის მთავრობებს - არჩევნები წესიერად უნდა ჩატარდესო. ობამამ არც იარაღის მოწოდება ახსენა. სააკაშვილმა რომ ახსენა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. მოკლედ, სააკაშვილმა რაც შეიტანა, იგივე გამოიტანა. დღეს კავკასიაში იგი კვლავაც რჩება ამერიკის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირედ, მაგრამ თუ არჩევნებს ისევ გააყალბებს, მაშინ ამერიკა ამ სტატუსში აზერბაიჯანს დააწინაურებს, რომელიც იმას მაინც ახერხებს რომ ამერიკის სარჩენი არ არის. ყველა სხვა დანარჩენი კი - დაკეტილი პოლიტიკური სივრცე, უაზროდ შეზღუდული პოლიტიკური უფლებები, ერთპარტიულობა ყველა დონეზე, კონტროლირებადი მედია და სასამართლო, პოლიციის მიერ ოპოზიციის დევნა - სახეზეა.
ტატას რა უჭირს - გერმანიიდან აქებს მიშას აშენებულ სამოთხეს, მაგრამ რატომღაც არ აქვს სურვილი გერმანული ბიურგერული კეთილდღეობა, თუნდაც დროებით, მიშას აშენებულ რევოლუციურ და რისკით გაკეთილშობილებულ ”სამოთხეზე” გაცვალოს. არადა მიანტერესებს, თუ შეინახავდა ფულს იმ ბანკში, რომელიც მუდამ პროკურატურის დაკვირვების ქვეშაა და როგორ დაცულად იგრძნობდა თავს იმ ქვეყანაში, სადაც მოქალაქის ნებისმიერი სენსიტიური მონაცემი ძალოვანი უწყებებისთვის ხელმისაწვდომია, ხოლო პოლიტიკურად აქტიურ პირთან ნებისმიერი ტიპის კავშირისათვის შეიძლება ფინანსური თუ სხვა შეზღუდვები დაწესდეს. თუ დაიწყებდა ბიზნესს იმ ქვეყანაში, სადაც ათეულ ათასობით ბიზნესმენს შეთითხნილი ბრალდებების გამო შარშანწინ 112 მილიონი ლარი აახიეს საპროცესო გარიგებებით, რაც 50%-ით მეტია ქვეყნის ექსპორტიდან მთავარ შემოსავლის წყაროზე! თუ იცხოვრებდა იმ ქვეყანაში, სადაც ნებისმიერ მიზეზით დაკავება (თუნდაც ადმინისტრაციული) პატიმრობის 99.9%-იან შანსს უკავშირდება, რისთვისაც 2 პოლიციელის ჩვენება საკმარისია, თუნდაც ამას ათობით მოწმის და ვიდეოთვალის მონაეცმები აბათილებდეს!?

ავტორი: abcd
01.02.2012 13:27
"თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდმა მიიღო ის, რასაც მოელოდა,"
===================================
ცდება ჯაფარიძე.. ივანიშვილის გუნდმა ვერაფერიც ვერ მიიღო! მთელი საქართველომ კი მიიღო უზარმაზარი და დამაჯერებელი წინა საარჩევნო რეკლამა, ჩვენი პრეზიდენტის და მისი გუნდისა, ანუ მთლიანად ნაციონალური მოძრაობის.
ეხლა ვეღარავინ გაიმეორებს იმ სიცრუეს, რომელსაც დაბეჯითებით ამტკიცებდა ოპოზიცია, რომ ამერიკა მომხრეა ხელისუფლების ოპოზიციისთვის გადაცემისა. მორჩა ეგ ზღაპარი!
მიღება თეთრ სახლში, უდიდესი და მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო რეკლამაა ნაციონალური მოძრაობისა. ახლა სულ მთლად აგვისტოში ვერ გააკეთებდა ამერიკა ამას! - ძალიან თვალსაჩინო იქნებოდა !
ამაზე უკეთეს რეკლამას,ვერც ვინატრებდით, ასე რომ გაიწიეთ !:))

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
01.02.2012 01:03
ნამდვილად დიდი მოვლენა იყო ობამა-სააკაშვილის შეხევდრა ჩვენი ქვეყნისთვის. უსაფრთხოების გარანტიები, თავისუფალი ვაჭრობა.... მოკლედ დიდი მხარდაჭერა.
ძალიან არაადექვატური რეაქცია ჰქონდა ოპოზიციას, ფართო გაგებით- პარტიებით დაწყებული ტელევიზიებით დამთავრებული. მათ ეს წარმატება სასიხარულოდ ნამდვილად არ მიუღიათ, რაც ძალიან სამწუხაროა.
ერთ სიტყვაზე გამოკიდება და მთავარი აზრის ამით დაჩრდილვა უსუსურობის და პოლიტიკური უმწიფრობის მაჩვენებელია.
ამერიკა რუსეთი არ არის მინისტრების დანიშვნა და პრეზიდენტების არჩევა მიუთითოს სუვერენულ სახელმწიფოს. არც იმას გვეტყვის ამა თუ იმ გუნდს მმართველობის დრო გაუვიდა თუ უგრძელდება.
რაც შეეხება ივანიშვილს, გაზეთებში წერილების გზავნას და ამაში ფულის გადახდას, ურჩევნია რკინის კოშკიდან ხალხში გავიდეს ,თორემ სახლში ჯდომა და მერე იმის ჩივილი , რომ არ აირჩიეს (ამის მთავრობისთვის გადაბრალება) უბრალოდ სასცილოა......)))
ისე ჯაფარიძეს ეცოდინება,ჰკითხოს ბიძინამ, რამდენად დემოკრატიულ ჩარჩოებში ჯდება პოლიტიკის ოჯახურ დონეზე დაყვანა.....)))
ისე როდის იქნება, რომ ქვეყნისთვის სასიხარულო და სასიკეთო საქმეები ოპოზიციას მთავრობასთან ერთად გაუხარდება; საკუთარი საქმის გაკეთებას უცხო სახელმწიფოებთან ჩივილის წერილებით კი არა , მოქმედებით მოახერხებს....მასეთ ოპოზიციას ხალხში გამარჯვების შანსი ნამდვილად ექნება.
დღევანდელ ოპოზიციას კი ამის შანსი არ აქვს, როგორი ინტერპრეტაციითათაც არ უნდა წარმოადგინონ ამერიკის პრეზიდენტის მიმართვა და რა საჩივრის წერილებიც არ უნდა აგზავნონ უცხოურ გაზეთებში.

ყველაზე პოპულარული