Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ერმაკოვი - ბათუმის მერი


10 აგვისტო, კვირა

როგორც ყოველთვის, დღესაც ადრე გავიღვიძე. მოვწესრიგდი და ჩვეული მარშრუტით, ფეხით წავედი მერიის შენობისაკენ. სახლიდან სამსახურში მისასვლელად დაახლოებით ოცი წუთი მჭირდება და ამ გზას დიდი სიამოვნებით ვფარავ. იმიტომ, რომ ფეხით გადაადგილებასთან ერთად, რისი საშუალებაც ხშირად არ მაქვს, მრჩება დამატებითი დრო ფიქრისთვის. საფიქრალი კი ძალიან ბევრი მაქვს. ფეხით გადაადგილებისას გარკვეული დისკომფორტი მექმნება. ყველა გამვლელი გაოცებული მიყურებს, ვა, მერი ფეხით დადისო?! მხოლოდ მეგობრები და ნაცნობები არ გამოხატავენ გაკვირვებას. ყველაზე საოცარი ის არის, რომ მოქალაქეების დიდ ნაწილს ქალაქის მერი მიუწვდომელ ფიგურად წარმოუდგენია. ალბათ, ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპის ბრალია. ყოველივე ეს კი ძალიან არ მსიამოვნებს. მით უფრო, რომ ეს ჩემი ცხოვრების ჩვეულ წესს არ შეესაბამება. მე მიჩვეული ვარ ადამიანებთან თავისუფალ, უბრალო ურთიერთობას, რაც ცხოვრების წესად მექცა და რასაც ვერ შევცვლი. ნათქვამია, ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო. ჰოდა, მეც ასე ვაგრძელებ ცხოვრებას.

დღეს, დილის 6 საათიდან, შემოვიარე ძველი ბათუმის ყველა ქუჩა. ჩემს პატარა სამუშაო უბის წიგნაკში ჩამოვწერე ყველა ის შენიშვნა, რაც გამოსასწორებელი მგონია. მიუხედავად იმისა, რომ გამსახურდიას, აბაშიძისა და ქუთაისის ქუჩების გავაფართოეთ, მაინც უკმაყოფილების გრძნობა მაქვს. ვთვლი, რომ მაინც ვიწროა ძველ ბათუმში ქუჩების სავალი ნაწილი, რაც არაკომფორტულია ბათუმისათვის და ბევრ სირთულეს ქმნის. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ დაუდევარი, გაუაზრებელი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ზიანის მომტანია ქალაქისათვის. განსაკუთრებით, იმ პირობის გათვალისწინებით, რომ ბათუმელები ძალიან მგრძნობიარენი ვართ. ტროტუარების მოწყობისას მიწისქვეშა კომუნიკაციების არასწორი განლაგება კი აღარ იძლევა ქუჩების მეტად გაფართოების საშუალებას. მომავალი სამუშაოებისას ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

8 საათზე დავამთავრე ქალაქში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერება. ჩემს „შავ ბლოკნოტში“ მოვინიშნე ყველა შენიშვნა, რაც ორშაბათს უნდა განვიხილო შესაბამისი სამსახურების უფროსებთან. გული მაინც არ მითმენს და ტელეფონით ვაძლევ მითითებებს თანამშრომლებს. ალბათ ბრაზდებიან, ეს კაცი ამ კვირა დღესაც არ გვაძლევს მოსვენებასო. მაგრამ, რა ვქნა, სხვა გზა არ არის. პრობლემა ბევრია, დრო კი - ცოტა...

10 საათზე, შორენასთან და ქეთევანთან ერთად, როგორც წესი, წავედით ეკლესიაში. 12 წელია, რაც ფერიის წმინდა სამების ტაძრის მრევლი ვართ მთელი ოჯახი. ეს ის ადგილია ჩემთვის, სადაც ყველაფერს ვივიწყებ და მშვიდად ვგრძნობ თავს. სადაც, ყველანი თანასწორები ვართ უფლის წინაშე, დიდიც და პატარაც, ჩინიანიც და უჩინოც. ძალიან ბევრი მილოცვა მივიღე ტაძარში ჩემი მეგობრებისაგან და მამა თეოდორესაგან. ვიცი, რომ ეს გულწრფელი სურვილია წარმატებებისა, რომელიც არა მხოლოდ მე, არამედ მთელ ქალაქს ეკუთვნის. წირვის შემდგომ ვეზიარე და თავს ბედნიერად ვგრძნობ.

გამახსენდა ის დაუვიწყარი დღე, როდესაც გერმანიაში მყოფმა ჩვენმა პატრიარქმა, ილია მეორემ, სატელეფონო ზარით მომილოცა არჩევნებში გამარჯვება და დამლოცა. იმ დროს აჭარის რადიოში ვიყავი ჩაწერაზე. როდესაც პატრიარქის ხმა გავიგონე, უნებლიეთ, ჯერ ერთი მუხლით, მერე კი ორივეთი ჩავიმუხლე. რადიოს ხელმძღვანელი გაოცებული თვალებით შემომყურებდა და ვერ გაეგო, რა ხდებოდა. როდესაც ვუთხარი, თუ ვის ვესაუბრებოდი, უკვე ის აღმოჩნდა გაოგნებულ მდგომარეობაში.

ის დღე არასოდეს დამავიწყდება, სანამ ცოცხალი ვიქნები, და მჯერა, რომ მისი უწმინდესობის ლოცვა შემეწევა და გაგვაძლიერებს მეც და ჩემს საყვარელ ქალაქსაც.

4 საათზე ისევ სამსახურში დავბრუნდი და შევადგინე დღის განრიგი ორშაბათისათვის, სადაც ყველა ის საკითხი მოვნიშნე, რაზეც უნდა მქონოდა საუბარი სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებთან.

7 საათზე გამოვედი სამსახურიდან და მეგობრებთან ერთად წავედი ზღვისპირა პარკში გასასეირნებლად. არჩევნების შემდგომ ეს პირველი დღე იყო, როდესაც თავს უფლება მივეცი, მეგობრებთან ერთად დამესვენა, რისი საშუალებაც ყოველთვის არ მაქვს.

11 აგვისტო, ორშაბათი

ჩვეული წესის შესაბამისად, ისევ დილის 7 საათზე ვიწყებ ქალაქის შემოვლას. დავათვალიერე მშენებარე ობიექტები, მიმდინარე სამუშაოები. რამდენიმე სამშენებლო ობიექტზე სამუშაოები შეჩერებულია. აუცილებლად მივცემ დავალებას, რომ მომდევნო კვირას, ან ამ კვირის ბოლოს მაინც, შევხვდე მშენებლებს და მოვიკითხო სამშენებლო პროცესების მიმდინარეობა. დავათვალიერე 6 მაისის პარკის (ყოფილი პიონერთა პარკის) მიმდებარე ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს განიერი ტროტუარების მოპირკეთება ფილებით. დავრწმუნდი, რომ სამუშაოები ხარისხიანადაა ჩატარებული.

ალბათ, ქალაქის საკრებულოს წინაშე დავსვამ საკითხს 6 მაისის პარკისათვის სახელის შეცვლის თაობაზე. ვერ ვხვდები, რატომ დაერქვა პარკს 6 მაისის სახელწოდება. ვისგან განთავისუფლების აღსანიშნავად? იმ პარკს, რომელშიც მთელი ბავშვობა გავატარე, ბათუმელები დღესაც პიონერთა პარკს ვეძახით. მოსაფიქრებელია.

8 საათზე დავბრუნდი სახლში. მოვწესრიგდი და ისევ ჩვეული მარშრუტით, ფეხით, მივედი მერიაში. სამუშაო დღეს 9 საათზე ვიწყებ. მუშა თათბირზე შევხვდი ჩემს მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს. გავიარეთ მიმდინარე საკითხები და არსებული პრობლემები.

თათბირის დასრულების შემდგომ მოვიწვიე პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი და გავეცანი ეგვიპტელი სტუმრების ვიზიტის პროგრამას. ხვალისათვის იგეგმება ქალაქ შარმ-ელ შეიხთან ბათუმის დამეგობრების ცერემონიალი. შევთანხმდით, რომ პროტოკოლით განსაზღვრულ ღონისძიებებზე პირადად შევხვდებოდი სინას გუბერნატორს, რომელიც ხელმძღვანელობდა დელეგაციას.

მთელი დღის განმავლობაში ვხვდები სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებს. კეთილმოწყობის სამსახურს ვთხოვე, ბათუმის წყალთან ერთად განიხილონ ურეხში ახალაშენებული სკოლისათვის გამართული წყალმომარაგების სისტემის მოწყობის საკითხი. დრო, დრო არ ითმენს! სასკოლო არდადეგები მთავრდება, პრობლემები კი რჩება. გადავწყვიტე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ არჩილ ხაბაძეს, რამდენიმე გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების ნებართვა ვთხოვო. დავურეკე და შევთანხმდით. ძალიან მიხარია, რომ ერთმანეთს ვუგებთ და ერთიანი მიდგომა გვაქვს საქმისადმი. მსიამოვნებს, რომ ახალგაზრდა და ენერგიული კაცი სულ მზადაა თანამშრომლობისათვის და დახმარებისათვის.

მთელი დღე გრძელდება შეხვედრები. პარალელურად გაუჩერებლად რეკავს მობილური. რეკავენ რიგითი მოქალაქეები. ყველას თავისი პრობლემის გადაწყვეტა სურს, ზოგს პირადისა, ზოგს - საზოგადოებრივის. ყველა ითხოვს წამოჭრილი პრობლემის პირველ რიგში მოგვარებას. ყველა ზარს ვერ ვპასუხობ მოუცლელობის გამო. საღამოთი, როდესაც უფრო სიხალვათე იქნება, ყველას უნდა დავურეკო, ვისაც კი ვერ ვუპასუხე. არ მინდა, რომელიმე მათგანს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ჩემში, მერად არჩევის შემდეგ, რაღაც შეიცვალა და მე მიუწვდომელი გავხდი.

გარკვეული პერიოდულობით შემოდის ჩემი თანაშემწე ლელა, რომელიც მაცნობს მიმდინარე წერილებს, რომელიც მე უნდა განვიხილო. ძალიან მეხმარება გადატვირთული დღის მანძილზე. მსაყვედურობს, საჭმელი ჭამეთო, ცოტა მოისვენეთო. ერთი სიტყვით, ზრუნავს, მაგრამ ვინ უსმენს?!

საღამოს 9 საათზე შეხვედრა მაქვს სინაისა და შარმ-ელ შეიხის გუბერნატორთან. საქმიანი ვახშამია. ძალიან მინდა, კარგი შთაბეჭდილება დარჩეს ბათუმზე და ბათუმელებზე. პირველადაა საქართველოში და სწორედ ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა იმას, როგორი იქნება ვიზიტი.

ვახშმის შემდგომ ისევ სამსახურში ვბრუნდები და სამშაბათის სამუშაო გეგმას ვადგენ. კიდევ რამდენიმე შეხვედრა მაქვს დაგეგმილი.

12 აგვისტო, სამშაბათი

დღესაც, ჩვეულებრივ, დილის 7 საათზე დავიწყე ქალაქის შემოვლა. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და, თანაც, დროულად. დღეს ძალიან გადატვირთული დღე მაქვს. ხელმოწერა ბათუმისა და შარმ-ელ შეიხის დამეგობრებასთან დაკავშირებით შედგება 11 საათზე, რასაც ხანგრძლივი შეხვედრა მოჰყვება დელეგაციასთან. დღის 3 საათზე კი უნდა შევხვდე ისრაელის დელეგაციას ჩვენი დამეგობრებული ქალაქ აშდოდიდან. მათ ანაკლიაში, დასასვენებლად, ბავშვები ჰყავთ ჩამოყვანილი და დღეს ბათუმს სტუმრობენ.

შედგა ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია შარმ-ელ შეიხის გუბერნატორთან და დღეიდან ბათუმს 24 დამეგობრებული ქალაქი ჰყავს. მჯერა და მწამს, რომ ეს ურთიერთობა, რომელიც სამომავლოდ განვითარდება, მოგებიანი და სასარგებლო იქნება ორივე ქალაქისათვის და ბევრ სიკეთეს მოგვიტანს.

ხანგრძლივი საუბარი შეეხო თითქმის ყველა სფეროს, მათ შორის ტურიზმსაც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. შარმ-ელ შეიხის გამოცდილება ამ მიმართულებით ძალიან ბევრს შეგვძენს. საუბარი გვქონდა კულტურულ ღონისძიებებზე, პირდაპირი ჩარტერული ავიარეისების დანიშვნაზე ბათუმსა და შარმ-ელ შეიხს შორის. ვესაუბრე ბიზნესმენებსაც სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით.

3 საათზე შევხვდი აშდოდიდან ჩამოსულ ბავშვებს. ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა. ვესაუბრე მრავალსაუკუნოვან ქართულ-ებრაულ მეგობრობაზე. ბავშვები ქართველი ებრაელების შთამომავლები არიან, ამიტომ ჩვენ შესახებ ყველაფერი აინტერესებთ.

დარჩენილი დრო მოვანდომე ისევ შარმ-ელ შეიხის დელეგაციასთან ურთიერთობას და შეხვედრებს.

13 აგვისტო, ოთხშაბათი

გუშინ ძალიან რთული დღე მქონდა. გადატვირთული საქმიანი შეხვედრებით. თითქმის ყოველდღე გამთენიისას, 3-4 საათზე მივდივარ სახლში, რაზეც, მართალია, ოჯახის წევრები მსაყვედურობენ, მაგრამ მაინც გაგებით ეკიდებიან. ხვდებიან, რომ ყოველივე აუცილებლობითაა გამოწვეული და თანამიგრძნობენ.

დღეს ქალაქის შემოვლა ვერ მოვახერხე და ეს ფუნქცია მოადგილეებს გადავაბარე. 9 საათზე მივედი მერიაში. სამუშაო თათბირი მქონდა მოადგილეებთან. 12 საათზე შევხვდი თურქი ბიზნესმენების ორ ჯგუფს, რომელთაც ვესაუბრე ქალაქის განვითარების პერსპექტივებზე და მათგან მოვისმინე წინადადებები შესაძლო ბიზნესპროექტების შესახებ. ვთვლი, რომ ყველა საკითხს, რომელიც სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებთანაა დაკავშირებული, კარგი ანალიზი და საქმიანი მიდგომა სჭირდება.

რამდენიმე შეხვედრა მქონდა უცხოელ არქიტექტორებთან ურბანული განვითარების გეგმასთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ ქალაქის ურბანული განვითარების გეგმის არსებობა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ბათუმისათვის. ეს იქნება ქალაქის განვითარების ხანგრძლივ ვადიანი გეგმა, რომელიც თავიდან აგვაშორებს ბათუმის ქაოტურ განაშენიანებას.

6 საათზე ბათუმის აეროპორტიდან უნდა გავაცილოთ სტუმრად მყოფი სინას გუბერნატორი.

8 საათზე ისევ სამუშაო შეხვედრა მაქვს დანიშნული მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან. განსახილველია საკითხები გარე განათებასთან, ენერგოკომპანიის მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ მომდევნო კვირამდე ვიმუშავებთ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე. საკრებულოს სხდომისათვის მოსამზადებელია მერიის ახალი დებულებისა და სტრუქტურის საკითხები. ადმინისტრაციას დავავალე ამ საკითხების დროული აღსრულების უზრუნველყოფა.

ბათუმის აეროპორტიდან გავაცილე სინას გუბერნატორი და შარმ-ელ შეიხის დელეგაცია. ძალიან თბილი განშორება გვქონდა. გუბერნატორმა და დელეგაციის წევრებმა უდიდესი მადლიერების გრძნობა გამოხატეს გულთბილი და საქმიანი დახვედრისათვის. აქვე გადაწყდა, რომ ოქტომბერში ბათუმის მერი, თანმხლებ პირებთან ერთად, საქმიანი ვიზიტით ეწვევა შარმ-ელ შეიხს.

ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა კარგად წარიმართა და მე შევძელი, ჩემს მეგობრებთან ერთად, ღირსეულად წარმომედგინა ჩემი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი. იმედი მაქვს, ეს ურთიერთობა სასიკეთოდ გამოადგება ჩვენს რეგიონს და ქალაქ ბათუმს. მოადგილეებს და შესაბამის სამსახურებს ვთხოვე, საპასუხო ვიზიტისთვის საქმიანი წინადადებები მოამზადონ ჩვენი პარტნიორებისათვის.

14 აგვისტო, ხუთშაბათი

დილით ადრე გავიღვიძე და ჩემს ერთ-ერთ მოადგილესთან, რომელიც ინფრასტრუქტურას კურირებს, უკვე ახლად დანიშნულ სამსახურის უფროსთან ერთად, შემოვიარე ქალაქი და დავათვალიერე მიმდინარე სამუშაოები. 9 საათზე ერთადვე შევაჯამეთ შედეგები და დავსახეთ სამუშაო გეგმა.

12 საათზე ტარდება კომისიის სხდომა, რომელიც 1-2 სექტემბერს ჩასატარებელ „ბათუმობის“ ღონისძიებას ეხება.

კომისიაზე გამოვთქვი მოსაზრება, რომ „ბათუმობა“ წელს უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება უფრო შინაარსიანად და არა გადამეტებულად პომპეზურად. მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ჩვენი ბათუმელების განწყობის ამაღლებას და არა პომპეზურ ბანკეტებს, რომლებიც წინა წლებში იმართებოდა. ეს უნდა იყოს თბილი და ქალაქური დღესასწაული, რომელიც ყველას ესიამოვნება. ძალიან მიხარია, რომ ჩემმა მოსაზრებებმა მხარდაჭერა ჰპოვა.

გადავწყვიტეთ, ყველა ღონისძიებას თავი მოვუყაროთ მემედ აბაშიძის გამზირზე, სადაც საამისოდ ყველა პირობა არსებობს.

5 საათზე კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან ერთად დავათვალიერე ნინოშვილის ქუჩის მიმდინარე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

დავრწმუნდი, რომ სამუშაოები გეგმიურად და ხარისხიანად მიმდინარეობს. ამის შემდგომ მოვინახულეთ მეორე ცენტრალური სანიაღვრე არხი, ე.წ. „ჟილინის არხი“, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს და რომლის საპროექტო-სატენდერო სამუშაოებიც დავამთავრეთ. გვყავს გამარჯვებული კომპანიაც, რომელმაც არხი უნდა აღადგინოს. იქედან გამომდინარე, რომ წინა კომპანიამ ვერ შეძლო სამუშაოების შესრულება, კეთილმოწყობის სამსახურს ვთხოვე, პარასკევისათვის მოიწვიოს ახალი კომპანიის წარმომადგენლები, რათა გავეცნო მათ გეგმას.

10 საათზე მერის მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად შევიკრიბეთ მუშა შეხვედრაზე და ცალკეული სამსახურების მიხედვით გავიარეთ ბიუჯეტში მიმდინარე ცვლილებების საკითხები. შეხვედრა ღამის 2 საათზე დავასრულეთ. დავგეგმეთ, რომ მომდევნო კვირის სამშაბათამდე კიდევ ერთხელ შევჯერდებით და საბოლოოდ შევთანხმდებით ყველა ცვლილებაზე. სახლში ღამის 3 საათზე მივედი. მანქანიდან რომ გადმოვედი და მძღოლს დავემშვიდობე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ისიც იმავე რიტმით მუშაობს ყოველდღე, როგორც მე. შევჩერდი და ღიმილით ვკითხე: „ხომ არ დაიღალე, დავით?“ ღიმილითვე მიპასუხა, არაო. მე კი ნამდვილად ვხვდები, რომ დაიღალა, მაგრამ ხათრით ამას არ აღიარებს. კარგი ბიჭია დათო.

15 აგვისტო, პარასკევი

დღე ისევ შემოვლით დავიწყე, მაგრამ სამსახურში მანქანით მივედი. ფეხით გავლა დღეს ვეღარ მოვასწარი იმიტომ, რომ რთული და დატვირთული სამუშაო მელის. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელებს ყოველდღე ვიღებ, როდესაც ამის საშუალება მაქვს, კვირაში მაინც ერთი დღე, პარასკევი, მაქვს გამოყოფილი. დღეს ეს შეხვედრა 10 საათზე დაიწყება და არ დასრულდება მანამ, სანამ არ შევხვდები ყველა მოქალაქეს, ვინც ამ დღეს არის მიღებაზე ჩაწერილი. ამ შეხვედრას ყველა ჩემი მოადგილე და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებიან. ძალიან რთული და შრომატევადი შეხვედრაა.

როგორც დაგეგმილი იყო, მიღება 10 საათზე დავიწყეთ და 6 საათისათვის დავამთავრეთ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ძირითადად, პირადი პრობლემები ჭარბობს. ყველაზე რთული კი საბინაო საკითხია. მჯერა, რომ ის პროგრამა, რომლის განხორციელებასაც ახლა ვიწყებთ და რომელიც ხელმისაწვდომ საბინაო ფონდს შეეხება, გაამართლებს და ამ ეტაპზე ნაწილობრივ ხელს შეუწყობს საბინაო პრობლემების გადაწყვეტას. ეს საპილოტე პროგრამაა და გათვლილია გაგრძელებაზე. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

8 საათზე ჩემს მრჩევლებთან ერთად შევხვდი გერმანიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს, რომლებთან ერთადაც ვმუშაობთ ქალაქის დარჩენილი უბნების საკანალიზაციო წყლისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციაზე. სექტემბერში უკვე გვეყოლება გამარჯვებული კომპანიები და უკვე ოქტომბერში შეგვეძლება სამუშაოების დაწყება. თავს ბედნიერად ვთვლი, რომ ამ პროცესში ვმონაწილეობ და შევძლებ ამ უბნების მოსახლეობას შევუსრულო სარჩევნოდ მიცემული დაპირება.

ძალიან დავიღალე. დათოს ვთხოვე, მივეყვანე პიონერთა პარკთან. გადმოვედი მანქანიდან, დავემშვიდობე და პარკის გავლით, ფეხით გავუყევი გზას სახლისაკენ. აქვე ვცხოვრობ. სადარბაზოში რომ შევედი, უკვე ღამის ორი საათი იყო. ძალიან დავიღალე.

16 აგვისტო, შაბათი

ადრე გავიღვიძე. 10 საათზე ჩემი ქალიშვილი, სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, პირველად მიემგზავრება საზღვარგარეთ, გერმანიაში. მისთვის ეს დამოუკიდებლად მგზავრობის პირველი მცდელობაა და გამოცდაც. მივიყვანე აეროპორტში და დავემშვიდობე. 2 საათზე დავესწარი სერგო ბრეუსის სახელობის საერთაშორისო შეჯიბრს წყალბურთში, რომელიც მისი შვილის, კარგი და ღირსეული ბათუმელის, შალვა ბრეუსის პატრონაჟით ტარდება. ყველაზე სასიამოვნო კი ის იყო, რომ ფინალში გამარჯვებული ჩვენი ბათუმელი ბიჭები არიან. ოდესის გუნდს აჯობეს და ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს.

ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო ბიჭების დაჯილდოება და, რაც ყველაზე მთავარია, მათი ანთებული და გახარებული თვალების ხილვა. მით უფრო ამაყი ვიყავი, როდესაც ბათუმელმა პატარა ბიჭებმა დამარცხებულ მეგობრებს ღირსეული პატივი მიაგეს და სითბო გამოხატეს. მეამაყება, რომ ბიჭები ბათუმელების ღირსეული სპორტული ტრადიციების ღირსეული გამგრძელებლები არიან.

4 საათზე მივედი მერიაში და მოვინიშნე ის საკითხები, რაზეც ორშაბათისათვის უნდა ვიმსჯელოთ სამუშაო თათბირზე.

ხვალისათვის უნდა მოვემზადო. დღეს სამონადირეო სეზონი დაიწყო - ჩემი ჰობი ხომ ნადირობაა! მაგრამ დღეს ვერ მოვახერხე ბიჭებთან ერთად სანადიროდ წასვლა. კვირისთვის დამპატიჟეს. მეც დავთანხმდი. მინდა, ვიყო მათთან ერთად და მივულოცო ნადირობის დაწყება. ისე, ნახევარი ბათუმი იქნება ხვალ სანადიროდ გასული. სწორედ ამიტომ მინდა, მათ შევუერთდე და გავიზიარო მათი მხიარული განწყობა.

XS
SM
MD
LG