სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 23:00

ბლოგები / გიორგი მაისურაძე

დეკადანსი

x
ტექსტის ზომა - +
ტერმინ „დეკადანსს“ (ფრანგ. décadence), რომელიც „დაღმასვლად“, „დაცემად“ ითარგმნება, მრავალი მნიშვნელობა აქვს, რომელთაგანაც ყველაზე ხშირად ორი გვხვდება: პირველი მნიშვნელობა ამ სიტყვაში ჩადო ფრანგმა განმანათლებელმა შარლ მონტესკიემ, რომელიც რომის იმპერიის დაცემის მთავარ მიზეზად მიიჩნევდა გვიანრომაული საზოგადოების მორალურ გახრწნას, სოციალურ გულგრილობასა და მაღალი კულტურის გაქრობას. მდიდარი რომაელები ცხოვრების ერთადერთ საზრისს ხორციელ განცხრომასა და ფუფუნებაში ხედავდნენ. ხელოვნება მათთვის იყო სიმდიდრის აქსესუარი, (რომელსაც წვეულებების ფონი უნდა შეექმნა) და არა ყოფითი რეალობიდან გასვლის საშუალება, რამაც კულტურის გავულგარულება და სამომხმარებლო საშუალებად ქცევა გამოიწვია. ქონების უაზრო ფლანგვამ იმპერია შინაგანად მოშალა და უმძაფრეს სოციალურ კატასტროფებამდე მიიყვანა. ამ თვალსაზრისით, დეკადანსი მდიდარი უმცირესობის სოციალურ გულგრილობასა და უმრავლესობის ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე, მხოლოდ საკუთარი განცხრომისა და სიამოვნებისათვის ფულის ფლანგვას გულისხმობს.

მეორე მნიშვნელობა ესთეტიკური შინაარსისაა და ის უპირველეს ყოვლისა ფრანგ პოეტებს – თეოფილ გოტიეს, შარლ ბოდლერსა და პოლ ვერლენს უკავშირდება. დეკადენტობას ისინი ცხოვრების ბოჰემურ სტილს, თრობას, ზმანებას, თვითგანადგურებისაკენ მიმართულ „აღვირახსნილობას“ უწოდებდნენ, რაც ბიურგერული მორალისა და მეშჩანური ღირებულებების წინააღმდეგ შემოქმედებით ამბოხად აღიქმებოდა. ამგვარი დეკადენტობა გულისხმობს არა სიმდიდრესა და ფუფუნებას, არამედ ერთგვარ ტკივილიან ვნებას, რომელიც უჯანყდება გაბატონებულ საზოგადოებრივ მორალსა და მის ყოფით ფასეულობებს. დეკადენტი ხელოვანებისათვის სამყარო იმდენად ყალბი, თვალთმაქცი და უხამსია, რომ მას ყველანაირად უნდა ემიჯნებოდე, თუნდაც თვითგანადგურების ფასად.

ამგვარი პოზიცია მეტნაკლებად ყოველთვის იყო შემოქმედებითი სფეროსა და ხელოვანის სოციალური ან უფრო ასოციალური მდგომარეობის განმსაზღვრელი პრინციპი. შემოქმედი ადამიანი „სხვანაირია“, ანუ ის თავისი ცხოვრების სტილით განსხვავდება სხვა პროფესიის ადამიანებისაგან, „მისი ტვინი სხვაგვარადაა მოწყობილი“. მისთვის უცხოა, და აუტანელიც კი, ყოფითი სიხარულები და ბიურგერული უმრავლესობის პერსპექტივიდან, დეკადენტი ხელოვანი ვერსად ჰპოვებს შვებას და ცხოვრობს უბედური ცხოვრებით, რომელიც არცთუ იშვიათად, ტრაგიკულად მთავრდება. ბიურგერული თვალსაზრისით, ზოგადად ხელოვნება, ლიტერატურა, ფილოსოფია უკვე დეკადენტობაა, რომელიც არანაირ მატერიალურ თუ ყოფით სარგებელს არ იძლევა, ხოლო შემოქმედი ადამიანი უსაქმური და ასოციალური პარაზიტია, როგორიც, მაგალითად, სწორედ ამ მუხლით გასამართლებული პოეტი იოსებ ბროდსკი ან ჰაშიშის მოყვარული და სიფილისით დაავადებული შარლ ბოდლერი. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დეკადენტობა საკმაოდ ადვილად იქცა ყალბ და შინაარსისგან დაცლილ მიმბაძველობად, ხელოვანად თვითინსცენირების ზედაპირულ ფორმად, როდესაც შემოქმედებითი პრეტენზიების მქონე ადამიანებმა საკმარისად მიიჩნიეს გარეგნული ნიშნები, – ალკოჰოლი, ნარკოტიკები თუ ექსცენტრული ჩაცმულობა – რათა საკუთარი თავი ხელოვანად წარმოეჩინათ. ამან, საბოლოო ჯამში, ესთეტიკური დეკადანსის სრული ინფლაცია და გავულგარულებაც კი გამოიწვია.

XX საუკუნის 30-იან წლებში ესთეტიკურ დეკადანსს თითქმის ერთდროულად გამოუცხადეს ომი ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა: ნაცისტებისათვის ეს იყო სიმახინჯისა და გადაგვარების (Entartung) სინონიმი, საბჭოთა იდეოლოგებისათვის კი დეკადანსს, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს გამოვლინებადაც ფორმალიზმი მიიჩნეოდა, „ბურჟუაზიული გადმონაშთისა“ და „პარაზიტობის“ კვალიფიკაცია ენიჭებოდა. მის საპირისპიროდ სოციალისტური რეალიზმი, როგორც ჭეშმარიტი ხელოვნება, უნდა ყოფილიყო ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომი, საბჭოთა ადამიანებად მათი აღზრდის, ანუ ინდოქტრინაციის საშუალება. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ნაციზმისა და სოცრეალიზმისთვის კულტურის ნებისმიერი გამოვლინება, რომელიც არ გვასწავლის, გმირულ და მებრძოლ სულს არ გვიღვივებს და ოფიციალური იდეოლოგიის სამსახურში არ დგას, დეკადანსი და გადაგვარებულობაა, რომელსაც არსებობის უფლება არ უნდა ჰქონდეს. თუკი ესთეტიკური დეკადანსისათვის ხელოვნება თავისუფალია და ის არც დირექტივებს და არც სამომხმარებლო საზოგადოებისათვის სასარგებლო პრინციპებს არ ექვემდებარება, ტოტალიტარულმა რეჟიმებმა შემოქმედებას სწორედ ამგვარი თავისუფლება წაართვეს და საკუთარი იდეოლოგიის ინსტრუმენტად აქციეს.

ესთეტიკური დეკადანსის განდევნით კი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სოციალური იერარქიის სათავეები ისევ პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა დეკადანსმა დაიკავა. ბრეჟნევის ხანის საბჭოთა კავშირი მონტესკიეს მიერ რომაულ დეკადანსად წოდებული საზოგადოებრივი დაღმასვლისა და დაცემის კლასიკურ მაგალითად იქცა, როდესაც (განსაკუთრებით ავღანეთში ინტერვენციის დროს) საბჭოთა სამხედრო მრეწველობა საიდუმლოდ ვაჭრობდა მუჯაჰედინებთან იარაღითა და ოპიუმით. კორუფციამ და მომხვეჭელობამ, საბოლოო ჯამში, სრულ სოციალურ და ეკონომიკურ კატასტროფამდე მიიყვანა პირველი სოციალისტური სახელმწიფო და მას სიცოცხლე მოუსწრაფა.

პოსტსაბჭოთა საზოგადოებებმა საბჭოთა სისტემისგან სოციალური გულგრილობა მემკვიდრეობით მიიღეს და ახალ საბაზრო პირობებში კორუმპირებული საბჭოთა მოხელეების დეკადენტობა ლეგალურ და, ფაქტობრივად, ერთადერთ საზოგადოებრივ იდეალად იქცა. 90-იან წლებში, მოსახლეობის უკიდურესი გაღატაკების ფონზე საქართველოში საეჭვო გზებით გამდიდრებულთა კასტასთან ერთად, ახალი ქართული ბურჟუაზიის იდეოლოგიური სიმბოლოებიც გამოჩნდა სხვადასხვა სახის „ელიტ-კლუბებისა“ და „ბიზნეს-ცენტრების“ სახით, სადაც შეკრებილი თუ მოხვედრილი ქართული საზოგადოების „ნაღები“ ძირითადად ტელეკამერის წინ იდგა და იმ დროს დეფიციტურ საჭმელს მიიერთმევდა, საკუთარი ტანსაცმლის მარკებსა და საზღვარგარეთ მოგზაურობაზე საუბრობდა.

90-იანი წლების ქართული ბიურგერული დეკადანსი იმდენად კარიკატურულ სახეს ატარებდა, რომ მას თავად მისი მონაწილენიც დასცინოდნენ. მახსენდება ერთი გალა-ღონისძიება, როდესაც ფილარმონიის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე გასატარებლად ქართული ტელე- და კინოვარსკვლავები ლიმუზინით მოჰყავდათ. ერთადერთი ლიმუზინი ფილარმონიას წრეს არტყამდა და კინო „ამირანთან“ ჩერდებოდა, სადაც ფილარმონიის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე მას „გასატარებელი“ ვარსკვლავები ელოდნენ.

ასეთი დეკადენტური თამაშები შევარდნაძის ეპოქას ჩაბარდა. ნამდვილი და საყოველთაო დეკადანსი კი საქართველოში სააკაშვილის მმართველობისას დადგა და ის საზოგადოების სტრუქტურის განმსაზღვრელ ფორმად იქცა. თანამედროვე ქართული დეკადანსი ორ ინსტიტუტზე დგას: პრეზიდენტისა და პატრიარქისა. სხვა დანარჩენი სახელმწიფო თუ კერძო, ან საზოგადოებრივი ინსტიტუტები ამ ორის დაპატარავებული ასლებია. პრეზიდენტის აღმშენებლობით-მომპირკეთებლური საქმიანობა, უფუნქციო და მხოლოდ დეკორაციული დანიშნულების ნაგებობები, რომლებზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხები იხარჯება, უკვე მოჩვენებითი კეთილდღეობის შექმნასაც კი აღარ ემსახურება, და თანდათან სულ უფრო ემსგავსება ერთი ადამიანის ბავშვობისდროინდელი თამაშებისა თუ აუსრულებელი სურვილების განხორციელებას. მფლანგველური და დეკადენტურია პარლამენტის ქუთაისში გადატანა თუ გავითვალისწინებთ, რომ პარლამენტის ახალ, მრავალმილიონლარიან შენობას დაემატება თბილისსა და ქუთაისს შორის დეპუტატებისა და მათი აპარატის მოძრაობის, ქუთაისში მათი უზრუნველყოფის ხარჯები.

ამ დეკადენტურ შეჯიბრში პრეზიდენტის მთავარი კონკურენტი არის არა ოპოზიცია, არამედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც, განსხვავებით სააკაშვილის „პროფანული“, მიწიერი მიზნებით სახელმწიფო ხაზინის ფლანგვისგან, დეკადენტობა ღვთაებრივ ხარისხში აიყვანა. თუ საქართველოს მოსახლეობის თუნდაც ერთი, თანაც არც ისე მცირე ნაწილისათვის სააკაშვილის შადრევნები, მოპირკეთებული ფასადები, შემინული შენობები, ძვირადღირებული, მაგრამ უფუნქციო ნაგებობები გამაღიზიანებელი და დასაცინია, აბსოლუტური უმრავლესობისათვის თავისთავად ცხადია და არანაირ პროტესტს არ იწვევს სამღვდელოების მომხვეჭელობა და დაუოკებელი ლტოლვა სიმდიდრისა და ფუფუნებისაკენ; იშვიათი გამონაკლისების გარდა, პრობლემურად სულაც არ აღიქმება არც ქართული საკრალური არქიტექტურისათვის სრულიად უცხო მოოქროვილი გუმბათები, არც 50-კილოგრამიანი ოქროს ხატი, არც ძვირადღირებული საეკლესიო სამკაული და არც პატრიარქის სრულიად დეკადენტური მოგზაურობები თავისი მრავალრიცხოვანი ამალით ევროპის უძვირეს სასტუმროებში. პირიქით, მიმდინარე წლის მაისში პატრიარქის გამგზავრებას პარიზში, 200-ზე მეტ თანმხლებ პირთან ერთად, მათს ცხოვრებას მსოფლიოს ერთ-ერთი უძვირესი ქალაქის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, მათ ბანკეტებს ძვირსა და ფეშენებელურ რესტორნებში საქველმოქმედო აქციის სტატუსიც კი ენიჭება, რაც თავისი არსით ისეთივე ცინიზმია, როგორიც თავის დროზე საფრანგეთის დედოფლის – მარია-ანტუანეტასადმი მიწერილი სიტყვები, რომ თუ ხალხს პური არა აქვს, მაშინ თავი ნამცხვრებით უნდა გამოიკვებოს. თანამედროვე ქართული დეკადანსის სახე სწორედ ისაა, რომ ხალხი, რომელიც პურისა და ელემენტარული მოთხოვნილების პროდუქტების ნაკლებობას განიცდის, საკომპენსაციოდ პრეზიდენტის, პატრიარქისა და სხვა „დამსახურებული ადამიანების“ დეკადენტურ განცხრომას უცქერს და თუ ის ცოდვილ მიწაზე გაჭირვებულია, სამღვდელოება, შემოწირულობების სანაცვლოდ, ცხონებას საიქიოში ჰპირდება.

როდესაც კარლ მარქსმა რელიგია ოპიუმს შეადარა, ეს შედარება არ ყოფილა მარქსისათვის ჩვეული ენამოსწრებულობა, არამედ ამ მეტაფორით მან რელიგიის სოციალური არსის კრიტიკული გააზრება სცადა. მარქსი წერდა: „რელიგია გადუხჭირებულთა კვნესაა, უგულო სამყაროს საგულეა, ისევე, როგორც არასულიერების სული. იგი ხალხის ოპიუმია. რელიგიის, როგორც ხალხის მოჩვენებითი ბედნიერების მოცილება ნიშნავს მისთვის ნამდვილი ბედნიერების მოთხოვნას. მოთხოვნა იმისა, რომ ხალხმა უარი თქვას საკუთარი მდგომარეობის შესახებ ილუზიებზე, არის თავად ისეთ მდგომარეობაზე უარის თქმის მოთხოვნა, რომელიც საკუთარი თავის მოტყუების საჭიროებას გვიქმნის. ამდენად რელიგიის კრიტიკა თავის ჩანასახშივე არის კრიტიკა იმ უდაბურებისა, რომლის სიწმინდის შარავანდედიც რელიგიაა.“

თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ, ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობის მასობრივი გარელიგიურება არაა სოციალურ-ეკონომიკური სასოწარკვეთილების შედეგი. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, პირველი „ქრისტიანები“, რომლებმაც საქართველოში ეკლესიების მშენებლობისა და გულუხვი შეწირულობების ტრადიცია დაამკვიდრეს, სწორედ მდიდარი ან ახლადგამდიდრებული ქართველები იყვნენ, რომლებსაც, გარდა საეჭვო გზებით დაგროვილი ქონების ხარჯვის პრობლემისა, გულის სიღრმეში, შესაძლოა, საკუთარი გამდიდრების არასისუფთავეც აწუხებდათ. ეკლესიისათვის ქონების განაწილება კი, რაღა თქმა უნდა, ყველა შავი საქმის გათეთრების იდეალური საშუალებაა. ამასთანავე, მათი სახელები ოქროს ასოებით არის უკვდავყოფილი ეკლესიების კედლებზე და, ჰორაციუსისა და პუშკინის მსგავსად, მათაც შეუძლიათ თქვან: „ძეგლი დავიდგი, პირამიდებზე უფრო მაღალი...“

საქართველოში სოციალური მგრძნობელობისა და კრიტიკის არარსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც მგონია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ბაძავს და აიდეალებს მათთვის სანიმუშო პოლიტიკური ლიდერებისა და „მოძღვარი“ სამღვდელოების დეკადენტობას. მდიდარი და პრივილეგიებიანი უმცირესობის ფუფუნება მათში პროტესტს კი არ იწვევს, არამედ მხოლოდ დეკადენტობის მადას აღვივებს. ცხოვრების იდეალები, რომლის ნიმუშებსაც იძლევიან პოლიტიკოსები, ეკლესია თუ ნეოლიბერალური წარმატებულობის კულტი, თავისი არსით, ანტისოციალური და კულტურის მიმართ მტრულიცაა. ძვირადღირებული ფსევდოკულტურა, რომლის ერთადერთი კრიტერიუმიც საბუღალტრო ანგარიშია (ანუ, რამდენი ფული დაიხარჯა პრეზიდენტის ახირებებსა თუ პატრიარქის მუსიკალურ გასტროლებზე?), სწორედ იმ კულტურის განადგურებისკენაა მიმართული, რომელიც საკუთარი შემოქმედებითი თავისუფლების მისაღწევად აუჯანყდა ბიურგერულსა და მომხვეჭელურ ყალბ ღირებულებებსა და „მორალს“ და დეკადენტურ გაუმაძღრობას თვითნგრევისაკენ მიმართული დეკადანსი დაუპირისპირა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: ანონიმი
02.07.2012 22:56
რა დროს დეკადანსია კაცო! რომანოვების დროს,მაშინ როცა საქართველოში ქართველები ქართულ ენას მალულად და იატაკვეშეთში სწავლობდნენ ქუთაისში ცისფერყანწელების ნაირი ბანდა გეიზარდა და ეხლა საბჭოთა ზარბაზნით დემოკრატიზებულ საქართველოში ნახეთ რა პოეზია ყვავის და იფურჩქნება! შურს მთელ მზისქვეშეთს...

ავტორი: GERMANE
28.06.2012 11:35
ამს ის რომ ჰქონოდა ის იქნებოდაო, ისე გამოგდის ბატონო:
ავტორი: thelestgeorgian
21.06.2012 22:26

ის რაც ქრისტეს ხვედრი იყო, ვერც უსათნოესი ებრაელი ერი და ვერც უმოწყალესი რომის იმპერია ვერ შეცვლიდა.
ის რაც მოხდა - უნდა აღსრულებულიყო:
ქრისტე ვიღაცას უნდა გეყიდა, ვიღაცას დაეჭირა და ვიღაცას ჯვარზე გაეკრა - ეს იყო მამაღმერთის ნება და იესო ერთხელ კი შეეხვეწა მამას - ეგებ სხვა გზა არსებობდესო, მაგრამ, საბოლოოდ მიიღო მსხვერპლის როლი - უდიდესი სიამაყით და გაუტეხელი სულით.

ებრაელების სატანიზირების თეორიები მერე მიაწერეს სახარებას ("ახალ აღთქმას") ძალაუფლებისმოყვარე "ქრისტიანებმა".

ტვინის რეცხვა ყველაფრით შეიძლება - სახარებით, სცინტოლოგიით, ნაც-მოძრაობით, დემოკრატიით, რასიზმით, სნიკერსის რეკლამით და საკუთარი ოცნებებითაც.
მთავარი ისაა, რომ ის რაც უფალმა გიბოძა - საკუთარი გონება და ლოგიკა - არავის არეცხინო, არც საკუტარ თავს.
ამისთვის კი მთავარია წაკუთხულის ან მოსმენილის (გინდაც რეკლამის) გააზრება.

ავტორი: ანონიმი
28.06.2012 00:38
ოპიუმი რელიგიაც შეიძლება იყოს და დემოკრატიაზე და ლიბერალიზმ თავისუფლებაზე საუბარიც. ისე მიგაძინებენ მაგ ჭიკჭიკით რომ როცა თავში გთხლიშავენ ბომბს ვერც გაიგებ! სტალინიზმს უნდა ვებრძოლთ და სამოთხე უნდა ავაშენოთო და მერე გაირკვა რომ სტალინიზმი აფხაზეთში და შიდა ქართლში მცხოვრები მშვიდობიანი ქართველობა ყოფილა და სამოთხე მამარდაშვილისთვის ცნობილი ჭეშმარიტება! ხოდა ხართ მაგ სამოთხეში და კიდევ რა გნებავთ? დესტალინიზაციაც მოხდა და პროვინციული ფაშიზმიც საფლავში ჩადეს. მთლა დრეზდენივით და ლაიპციგივით ვერ დაბომბეს თბილისი მაგრამ ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი დაწვეს და გორის უნივერსიტეტი დაბომბეს. რამხელა მიღწევებია! დიდი მომავლის საწინდარი. გაიხარეთ.

ავტორი: ანონიმი
26.06.2012 20:24
ღირს კი კამათი იმათთან ვინც გადაღებილ მილიცონერ შევარდნაძეს და კანონიერი ქურდის წარსულით ამაყ პროფესორს დემოკრატებად და მათ საქმიანობას კაცობრიობის გაბედნიერებად თვლის? იყვნენ თავისთვის. სხვამ იქნებ მოახერხოს სხვა გზაზე გავლა. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს თავისი და სხვისი კისრის მოტეხვის გარეშე რა...

ავტორი: ანონიმი
24.06.2012 13:41
ეს "საბა" (მგონი ორბელიანის სახელობისაა თანაც) როგორ პრემიებსაც არიგებს, იმიტომაცაა კარგად ჩვენი საქმე.
ერთმა კაი კაცმა თქვა, კაცობრიობა გადარჩება, თუ სირცხვილის გრძნობა ექნებაო. შეცდა ეს ადამიანი. სირცხვილის გრძნობაზე საუბარი უსირცხვილოებთან წყლის ნაყვაა. სირცხვილ-დალტონიკები არიან და რა უნდა ქნა?

ავტორი: ანონომი1 საიდან გვწერთ: თბილისი
23.06.2012 21:01
იცის ღმერთმა და თქვენც ვისაც არ გეზარებოდათ ჩემი კომენტარების კითხვა როგორ ვიცავ სარწმუნოებას და ეკლესიას ასევე დამიცავს მხოლოდ ორი სამღვდელო პირი გაბრიელ ბერი და ილია მეორე

ჩემი თავგამოდება საკუთარ ურწმუნო ან ბევრი მკრეხელური თუ მართალი რამის დამნახავ მოფიქრალ ნაწილთან ბრძოლაა უფრო რასაც ეხლა დავწერ მე თვითონ შევესწარი და არაფერს არ ვამატებ

დიდუბის მეტროდან ქვევით კიბეებზე ჩავდივარ. კიბეების თავში მოხუცი წლებისა და მარილებისაგან დაპატარავებული თვალცრემლიანი მოხუცი ქალი დგას ხელგაწვდენილი არც არაფერს ამბობს მხოლოდ გულისგამგმირავი საცოდაობაა აღბეჭდილი სახეზე

არ ვიცი რა ალბათობით დაემთხვა კიბის ქვედა საფეხურთან მღვდლის ფორმიანი და კლასიკური თაღლითის სახიანი ტიპი დგას შესაწირი ყულაბით ხელში.

დაეხმარეთ ტაძარს ყალბი პათოსით იგლეჯს იოგებს

მღვდლისფორმიანის სახის და გამომეტყველების აღწერას დანტე სჭირდება ან ბაზაკი ან დოსტოევსკი

გარნაძაფერთაღლი

გავჩერდი

ხალხი ჩერდება ყველა ასაკის ჩაყრიან ფულს მღვდლისფორმიანი ამთხვევინებს ჯვარზე და მიდიან ამაყი ვალმოხდილი სათნოება ნაჭამი სახით

დიდ ხანს ვიდექი.

არავის არავის არ მიუცია ფული მოხუცისთვის ნეტა ვინ გამოუშვა გარეთ.

ფულს აძლევდნენ აფერისტებს ან მართლა მღვდელს რომ ცეხი დიახ ც ე ხ ი ააშენოს სადაც ნათლობას პარაკლისს ჯვრისწერას თავისი ნიხრი ექნება

და არავის აწუხებდა მოხუცი რომელსაც ფეხები სტკივა და შია.

დიაგნოზი ჩვენს ერს თქვენ დაუსვით.

ავტორი: ანონიმი
23.06.2012 00:43
ეეჰ რა ამაოდ გაისარჯნენ ქართული ენის გასავრცელებლად? თავიდანვე ინგლისური გაევრცელებინათ რა. რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის გადაცემების მოსმენის შემდეგ ამერიკელები მეცოდება ამდენ ფულს რომ ხარჯავენ ამდენი უაზრო ლაპარაკისთვის. საქართველო უნდა იყოს ქვეყანა სადაც ერთმანეთს ინგლისურად ლანძღავენ და აგინებენ და მაშინ იქნება დემოკრატია!

ავტორი: thelastgeorgian
22.06.2012 19:40
ავტორი: ანონიმი
22.06.2012 10:47
კაი :*
უკვე გასაგებია რაშიცაა საქმე :)
ბოდიშს გიხდი ჩემი წინა კომენტარისთვის.

ავტორი: ანონიმი
22.06.2012 10:47
ავტორი: thelestgeorgian
21.06.2012 22:26

ეეჰ, ძმისშვილო, ძმისშვილო, მე შენთვის ვზრუნავ, ვცდილობ სწორი მიმართულება მოგცე, შენ კი...რაღაცებისთვის ყური მოგიკრავს და ისეთი აპლომბით მიტევ ამ დროულ კაცს/უკვე 21 წლის ვარ!/, თითქოს უკანასკნელის თუ არა, უკანასკნელისწინა ინსტანციის ჭეშმარიტებას მაინც ფლობდე.

მაშ, რომაელებს ქრისტე ებრაელებმა დაასჯევინეს?!

დალოცვილო, სადაც შენ „ცოდნასა და განათლებას„ იძენ ცალი ყურით, ის აღარ მოგასმენინეს, რომ ებრაელებს კი არ ჰყავდათ რომაელები დაპყრობილი, არამედ პირიქით იყო?!

ისე, აზრად არ მოგსვლიათ „მედგარ და შეუდრეკელ ქრისტიანებს„, „ობიექტური„ და „მართალი„ სახარების მიხედვით, სამი დღის წინ წინ მთელი იერუსალიმი თითქოს მუსიკით, ყვავილებით, „ოსანას„ ძახილით რომ „ხვდებოდა„ იესოს, მერე იგივე ხალხი ისეთივე ერთსულოვნებითა და ენთუზიაზმით რატომ „მოითხოვდა„ მის სიკვდილს?!/თანაც, თურმე თვითწყევლას ეწეოდნენ, ჩვენზე და ჩვენს შთამომავლებზე იყოს მაგის სისხლიო!/

რაც შეეხება „საწყალ„, ხელდაუბანელ პილატეს, საცოდავს თურმე ხელებიც კი რომ დააბანინეს, სინამდვილეში, სისხლისმსმელი დესპოტი იყო, რომლისთვისაც ყოველი იუდეველის, მათ შორის, იესოს მოკვდინება უდიდეს ნეტარებას წარმოადგენდა/ჭეშმარიტებას რამდენად ღაღადებს სახარება, ამაზე ისიც კარგად მეტყველებს, ჩვილების ჟლეტა მოაწყო იროდმაო, როცა იესოს დაბადების დროისთვის უკვე ოთხი წლის მკვდარი გახლდათ!/

იმას კი მართალს ჩივი, რომაელებისთვის იესო არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდაო. სისხლისმსმელები და დაუფიქრებლები რომ იყვნენ, თორემ თვალის ჩინივით უნდა გაფრთხილებოდნენ: კაცი ქადაგებდა, კეისარს კეისრისა მიეცითო, მტრებს არ ებრძოლოთ, გიყვარდეთ, მათთვის ილოცეთო... მარჯვენაში რომ გაგარტყამენ, მარცხენა მიუშვირეთო... მონობა კარგიაო... რაც უფრო გლხაკები იქნებით ამ ქვეყანას, მით უფრო ცხონდებით იმ ქვეყანასო... ბოლოს კი მოვიდნენ აზრზე და მეორე ხელში ჯვარი დაიჭირეს, აქედან გამომდინარე ყველა მშვიდობიანი და სპეტაკი შედეგით...

იესოს ქადაგება საფრთხეს წარმოადგენდა ებრაული რელიგიური სტერეოტიპებისთვისო.

კაი ერთი... იცი, რამდენი იესოს ანალოგიური მქადაგებელი იყო იუდეაში მანამდეც და მას შემდეგაც?! და არც მანამდე და არც მას შემდეგ „შეუქმნიათ საფრთხე იუდაური რელიგიური სტერეოტიპებისთვის„/ კაცი – იესო – საკუთარი პირით ამბობდა, წერილის, კანონის – თორის „ შესაცვლელად არ მოვსულვარო,!../

ჩემო „ლოგიკურად მოაზროვნევ„, მაშ, რახან იესო რომაელების წინააღმდეგ მეომარი პარტიზანი არ იყო, ამიტომ როგორც მონა, ისე დასაჯეს?!

კარგი, პარტიზანიც რომ ყოფილიყო და მაინც რომ ჯვარზე გააკრავდნენ, მაშინ რად ჩაითვლებოდა, არამონურ სასჯელად?! საერთოდ, გაგიგია, მონა რა არის?!

კარგია, „მთავარი აზრის„ ქონის პრეტენზიაც რომ გაქვს. მაინც რომელია ეგ დალოცვილი? ის ხომ არა, ახალი მაგალითის მომცემი ახალი ქრისტეა საჭიროო?!

რა კარგად გაგიგია და შეგითვისებია გაკვეთილები, შე ბედნიერო, შენა!

მაშ, ახალი ქრისტე, ახალი რელიგი, არა?!..
მაინც როგორ, სეზონურად თუ 5–10 წელიწადში ერთხელაც საკმარისი იქნება?!

ისე, რაღა შორს მიდიხარ, პირდაპირ საკუთარი თავი ხომ არ გამოგეცხადებინა ახალ ქრიტსედ?! მე შენ გეტყვი, მრევლი არ გამოგიჩნდებოდა, თუნდაც, აგერ, ამ ჩვენი ნეტარი „კოლფილდის„ თამადობით!..

„დაცვას მიხედე, ხვედელიძე, დაცვას!„, ესე იგი, ლოგიკას, ანალიზის უნარს, წიგნებს მიხედე, ძმისშვილო, და საერთოდ, იაზროვნე, იაზროვნე!..

ავტორი: thelestgeorgian
21.06.2012 22:26
ავტორი: ანონიმი
21.06.2012 10:39
მეღადავები ძია? :)
მგონი რასაც მე მწერდი, შენს თავზე უნდა დაგეწერა, რადგან რამდენიმე ძალიან სერიოზული შინაარსობრივი და არსობრივი შეცდომა დაუშვი:
ა) აქ მნიშვნელოვანი ისაა, ჩაქუჩს ლურსმანზე რომელი ეროვნების წარმომადგენელი ურტყამდა??? რომაელებს ქრისტე დაასჯევინეს (!) ებრაელებმა. თან, ბოლოს, ბარაბას არჩევით პილატეს თავის არიდების უკანაკნელი საშუალება მოუსპეს და კაცს ხელებიც კი დააბანინეს. ებრაელებს ამდენი რო არ ეწვალათ და ეაქტიურად რომაელები ქრისტეს ყურადღებასაც კი არ მიაქცევდნენ, რადგან მათთვის ქრისტე არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, პირიქით (!), გაიხსენე მისი სიტყვები: "მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა!" (ამ სიტყვებისთვის ზედმეტი ორაზროვნობის მიცემა არ გვინდა ეხა; მითუმეტეს, რომ ეს ერთ–ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც ებრაელებმა ქრისტე შეიძულეს: ისინი ელოდებოდნენ განმათავისუფლებელს ხმლით ხელში, მესიამ კი ასეთი სიტყვები თქვა!). სამაგიეროდ, მისი ქადაგება საფრთხეს წარმოადგენდა ებრაული რელიგიური სტერეოტიპებისთვის.
ბ) ქრისტე რომაელების წინააღმდეგ მებრძოლი მეომარი და პარტიზანი არ ყოფილა, ამიტომ, თუ ლოგიკური აზროვნების უნარი გვაქვს, უნდა მივხვდეთ: ქრისტე დასაჯეს, როგორს მონა.

ასერომ, ჩემო ძია, თუ ჩემზე მეტს კითხულობ და უყურებ (რადგან "სპარტაკი" არ მაქვს მე ნანახი), მეგობრული რჩევა იქნება, ლოგიკური აზროვნება და ანალიზის უნარიც ჩემზე მეტად ავარჯიშო: ჩემს ნაწერზე გაკეთებულმა კომენტარმაც დაადასტურა, რომ მთავარი აზრის გამოტანის პრობლემა გაქვს და მუდამ დეტალებს მისდევ. :)

ავტორი: ანონიმი
21.06.2012 10:39
ავტორი: thelastgeorgian
20.06.2012 16:33

... ებრაელებმა ქრისტე დასაჯეს, რადგან ის თვითონ წავიდა მათი ფუნდამენტური რელიგიური წარმოდგენების წინააღმდეგ და წარმატებითაც მიდიოდა. სრულყოფილება და ამაღლება იყო მიზეზი, რის გამოც ის არამარტო დასაჯეს, არამედ დაამცირეს: ჯვარზე გაკვრით სჯიდნენ მხოლოდ მონებს და არა თავისუფალ ადამიანს.

რომ არ კითხულობ, გასაგებია, ბიძიკო, მაგრამ კინოსაც არ უყურებ?! ნუთუ არსად გინახავს, რომ ქრისტე ებრაელებმა კი არა, რომაელებმა გააკრეს ჯვარზე?!/ებრაელებში არც არსებობდა სიკვდილით დასჯის ეს ფორმა/.

აწი მაინც, ისიც იცოდე, ბიძიკო, რომ რომაელები ჯვარზე გაკვრით არა მარტო მონებს სჯიდნენ/როგორც ჩანს, „სპარტაკი„ ნანახი გაქვს! კარგია!/, არამედ დაპყრობილი თუ დასაპყრობი ქვეყნების მათ წინააღმდეგ მებრძოლ მეომრებსა და, თუ შეიძლება ასე ითქვას, პარტიზანებს...

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
20.06.2012 22:57
და კიდევ, რაც ყველაზე მეტად გვაკლია ჩვენც და სასულიერო პირებსაც არის საკუთარი სიმდაბლის განცდა და უბრალოება. როდესაც ადამიანი გრძნობს საკუთარ ცოდვებს და მათზე გულწრფელი სინანული აქვს, ის არ შეიძლება შემწყნარებელი არ იყოს სხვისი ცოდვების მიმართ, არ შეიძლება არ თანაუგრძნობდეს სხვა ცოდვილ ადამიანს, მით უმეტეს მასზე მეტად ცოდვილს. მე რასაც ვხედავ არის ის, რომ "მორწმუნე" ადამიანები როგორც კი გადაწყვეტენ, რომ ისინი მორწმუნეები არიან, მაშინვე რაღაც მიუწვდომელი სიმაღლიდან იწყებენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობას. ეს იგრძნობა ქადაგებებშიც, რაც ძალიან აშორებს მრევლს მღვდელთან და მით უმეტეს ღმერთთან.

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
20.06.2012 22:11
რამოდენიმე შეკითხვა მაქვს: თქვენ გიჭირთ სახარებასთან ერთად თანამედროვეობაში ცხოვრება? თუ გიჭირთ, კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს? და ბოლოს, თქვენ გრძნობთ მეორე ქრისტეს საჭიროებას, მაგრამ დაეშვება კი ეს ღმერთისგან? თუ არ დაეშვა, ე. ი. არ არის გამოსავალი? გეთანხმებით რომქრისტე იყო ყველაზე დიდი მეამბოხე და რეფორმატორი და ამიტომ მე ვფიქრობ, სახარებაში არის ისეთი მესიჯები ჩადებული რითაც შეიძლება თანამედროვე ცხოვრებაში ამ დიდი წიგნით ცხოვრება. იმაშიც, რომ ხშირად სასულიერო პირები არასწორად გვაწვდიან ქრისტეს, მეტიც, მას უფრო ხშირად ჩვენს დამსჯელად წარმოგვიდგენენ და ავიწყდებათ, რომ ღმერთი პირველ რიგში სიყვარულია და მას თანაბრად უყვარს ცოდვილიც და უცოდველიც. მე ვფიქრობ ეს პირველ რიგში იმის ბრალია, რომ მათ სათანადო განათლება არა აქვთ, რის გამოც მრევლის დამორჩილებას ხშირად შიშის და პანიკის დათესვით ცდილობენ. მაგრამ იმედი მაქვს, რომ თანდათან ასეთი მღვდლები დაკარგავენ მრევლს და დადგება განათლებული სასულიერო პირების საჭიროება.

ავტორი: thelastgeorgian
20.06.2012 16:33
ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
19.06.2012 21:26
რაც შეეხება ქრისტეს მიუწვდომლობას, ეს მხოლოდ ჩემი და თქვენი კომპლექსების შედეგია; რაც თავის მხრივ საზოგადოებისა და ყველა დროის სასულიერო პირების "დამსახურებაა". ისინი ცდილობენ დაგვაინტერესონ და გვარწმუნებინონ, ამიტომ მუდამ დაუჯერებელ სასწაულებს იხმობენ არგუმენტად; რეალობაში შედეგი მიიღეს საპირისპირო: ქრისტე მართლაც მიუწვდომელი გახდა; თან იმდენად, რომ მასზე ფიქრსაც გავურბივართ.
მისი სრულყოფილება არ იყო დასჯის მთავარი მიზეზი. ებრაელებმა ქრისტე დასაჯეს, რადგან ის თვითონ წავიდა მათი ფუნდამენტური რელიგიური წარმოდგენების წინააღმდეგ და წარმატებითაც მიდიოდა. სრულყოფილება და ამაღლება იყო მიზეზი, რის გამოც ის არამარტო დასაჯეს, არამედ დაამცირეს: ჯვარზე გაკვრით სჯიდნენ მხოლოდ მონებს და არა თავისუფალ ადამიანს.

ავტორი: ანონიმი
20.06.2012 16:32
ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
19.06.2012 21:26
დაცინვა არ მიხსენებია, უბრალოდ ვთქვი გეცინებათ მეთქი; ადამიანის ნათქვამზე შეიძლება გაგეცინოს ან გაგეღიმოს, მაგრამ არ დასცინოდე; ამათ შორის დიდი განსხვავებაა: მეორე გამორიცხავს პატივისცემას, პირველი არა. :))
თქვენი პატივისცემა რო არ მეგრძნო, ამხელა პასუხებსაც არ მოგწერდით, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი სათქმელი მაინც ვერ გამოვთქვი გასაგებად, მგონი. :)
ძირითადად სწორედ მაგის თქმა მინდოდა, რომ, ვინც დღეს ღმერთს ეძებს და თან ცხოვრება სურს, მისთვის ის ქრისტე აღარ არის საკმარისი: სახარება იწერებოდა 2000 წლის წინ ყველა დროისთვის, მაგრამ იმ დროს მცხოვრებ ადამიანებზე მორგებით; სხვანაირად ქადაგება შეუძლებელიც იქნებოდა. ამ დროის განმავლობაში იმდენი შეიცვალა, რომ ადამიანს, რომელსაც სურს სახარების მიხედვით იცხოვროს (!) და ამასთანავე ძლიერი რეფორმატორული გონებით (ძველი გაგების ახალთან დასაკავშირებლად) არ გამოირჩევა, რჩება რამდენიმე გზა: ა) გახდეს განდეგილი (მაგრამ ყველა განდეგილი ვერ გახდება და არც უნდა გახდეს); ბ) დაიცვას სახარების წესები და თანამედროვე საზოგადოებისადმი აღიჭურვოს ზიზღით ან სიძულვილით (რადგან თანამედროვეობა მისთვის მხოლოდ ცდუნებასა და არასწორ ცოდნასთან იქნება დაკავშირებული, ხოლო სიძულვილი ცდუნებისა და მაცდუნებლის უკუგდების გზაა და მეტი არაფერი); გ) ჩავარდეს რომელიმე არ ყველა იმ ცოდვაში, რომელთა გამოც სასულიერო პირებს ვაკრიტიკებთ; დ) აგდებულად ან უყურადღებოდ მოეკიდოს სახარებას და დაიწყოს ლიბერალიზმის, როგორც რელიგიის (!), ქადაგება.
არის ნაცნობი სიტუაცია? :)
არსი ყველაფერ იმის, რაც აქამდე დავწერე, გამოიხატება თანამედროვეთათვის გასაგებ სულ რამდენიმე სიტყვაში: საჭიროა რელიგიის დიდი რეფორმატორი!
მარტინ ლუთერზე ცოტა უფრო მაღალი დონისა; მაგალითად, ისეთი, როგორიც იყო ქრისტე! :)
ქრისტე სწორედ რეფორმატორი იყო და არა ახალი სარწმუნოების იდეის ავტორი; სახარება დაიწერა ძველი აღთქმის (ანუ მოციქულთა მანამდელი რელიგიის) განახლებისთვის, რეფორმირებისთვის და არა მის უარსაყოფად.
აგერ ქრისტეს სიტყვებიც: "მე მოვედი არა იმისთვის, რომ გავანადგურო; არამედ, რათა სრულვყო!"

ავტორი: ანონიმი
20.06.2012 01:33
საქართველოს ერთი საპატიო პენსიონერი გაუთავებლად რომ იძახის მეა კულპა სააკაშვილი პოლიტიკოსი მე გავზარდე და ცუდად გავზარდეო იმაზე რატომ არ იღებთ ხმას? საბჭოთა ზარბაზნით თბილისის დემოკრატიზატორებს და კალაშნიკოვებით თბილისში მოტანტალე საბჭოთა ინტელიგენციას მადლობა რომ გადაუხადა იმიტომ? მართალია მერე შეიძლება კიდევ ვიღაცას უთხრას მადლობა და ვაი!!!სულ ვაი და ვაი!!!

ავტორი: ანონიმი
19.06.2012 22:28
"მე არ ვწერ იმ ადამიანებისთვის, ვინც დარვინიზმის, ფროიდიზმის ან ლიბერალიზმის სახით უკვე იპოვეს თავიანთი ღმერთი და სხვა ღმერთის დანახვის საჭიროებას ვერ ხედავენ. "
ლასტჯეორჯიანს: - მაგ რიგში ბარე 3-4 კაცი დგას. ერთად დავიბრიდოთ. უჩემოდ არ გაბედოთ!

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
19.06.2012 21:26
ამ შემთხვევაში ნაკლებად აქვს მნიშვნელობა კათოლიციზმსაც და შუასაუკუნეებსაც. მთავარია ის, რომ ქრისტე ხშირად არ სჭირდებად, რადგან მისი სრულყოფილების ფონზე ძალიან რთულია საკუთარი თავის დანახვა, ამიტომ ალბად ქრისტე მეორედ რომ მოვიდეს , მას ისევ ჯვარზე გააკრავენ, თანაც გააკრავენ ღმერთის სახელით. რასაც თქვენ შუასაუკუნეებზე ბრძანებთ, იგივე ხდება დღესაც და ის მღვდლები, რომლებიც ასე არ მოგვწონს სწორედ ჩვენს დაკვეთას ასრულებენ, ჩვენზე არიან მორგებულები, თუმცა საბედნიეროდ არსებობენ გამონაკლისებიც. ძალიან ადვილია გაიღო შესაწირავი და ჩათვალო, რომ ცოდვები გამოსყიდული გაქვს, თანაც ამ შესაწირავს გაცილებით მარტივად გაიღებენ ხოლმე უცხოსთვის, ვიდრე შინაური გაჭირვებული ადამიანისთვის. ძმებ კარამაზოვებში ერთი ადამიანი ამბობს, რომ თურმე გაცილებით მარტივია გიყვარდეს მთელი კაცობრიობა, ვიდრე კონკრეტული ადამიანი. მე თქვენ ბევრ რამეში გეთანხმებით, უბრალოდ ახალი ქრისტეს საჭიროებას ვერ ვხედავ. ვინც ღმერთის ძიებაშია , მისთვის ის ქრისტეც საკმარისია. ვინც არა, მისთვის ახალი ქრისტე ვერაფერს შეცვლის. P.S. აზრად არ მქონია თქვენი დაცინვა. :)))))))))) პირიქით, გწერთ დიდი პატივისცემით.

ავტორი: the last georgian
19.06.2012 18:02
ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
18.06.2012 00:41
წავიკითხე "ლეგენდა დიდ ინკვიზიტორზე" და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი დიმიტრი უზნაძის თეორიის სიმართლეში: აწმყო და მომავალია ის დროები, რომლებიც საზოგადოების განწყობას მართავენ და ამით ანადგურებენ სწორ ისტორიულ მეხსიერებას; საზოგადოებრივი ადამიანი წარსულს ხედავს ისეთს, როგორიც ახლა სურს რომ იყოს და თან მტკიცედაა დარწმუნებული თავის სიმართლეში.
შუა საუკუნეებში მწვალებლებისა და ჯადოქრების დასჯას მოითხოვდა მთლიანად ხალხი, ქრისტიანული საზოგადოება კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად. ხალხი უმეტესად თვითონ ავლენდა მწვალებლებს (ჯადოქრებს) და მოითხოვდა მათ სასტიკად დასჯას, ანდა ლინჩის წესით გასამართლების უფლებას. ამ უფლებას კათოლიკური ეკლესია იღებდა თავის თავზე, აძლევდა ამ მოვლენას გარკვეულ სამართლებრივ შეფასებას და ბრალდებულს გადასცემდა საერო აღმასრულებლებს, რომლებიც "ჯადოქრების" კოცონზე დაწვითა და სხვა სასტიკი მეთოდებით საჯარო დასჯისას ასრულებდნენ ხალხის მოთხოვნას! ხდებოდა ისეც, რომ სასულიერო პირები ახერხებდნენ სამართლებრივი უპირატესობის გამოყენებას და მათი უკეთური მიზნებისთვის ისჯებოდა "უბრალო" ადამიანი, მაგრამ საჯარო დასჯის უმრავლეს შემთხვევებში სრულდებოდა ხალხის დაკვეთა!
ლიბერალიზმმა (სახალხო რელიგიამ!) კათოლიკურ ეკლესიას არ აკმარა მისი ისედაც დიდი როლი ამ ცოდვაში და საყოველთაო პროპაგანდის მეშვეობით მოახერხა ჯერ ხალხის "წილი" ცოდვის ეკლესიაზე გადატანა, ხოლო შემდეგ ამ ცოდვის გამრავლება ისტორიის გაყალბებით (ნუ აღელდებით, ეს ყოველი პროპაგანდისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა; რაიმე წინასწარი ბოროტი განზრახვა არ არის საჭირო:). ამის გამოა, რომ დღეს ჩვენს წარმოდგენებში შუა საუკუნეების მდაბიო და საერო ადამიანი მიამიტ, კეთილ, სუსტ და დაჩაგრულ სახეს იღებს, ხოლო კათოლიკე ღვთისმსახური ფარისეველი, მდიდარი, მათრახიანი და რქებიანი დამსჯელისას, რომელიც იძულებით აკეთებინებს მდაბიოს იმას, რაც ამ უკანასკნელს არ სურს.
ახლა ვსვამ კითხვას:
რა არის ჩვენი მთავარი არგუმენტი, რითაც ეკლესიის ქმედებებს ვაკრიტიკებთ?
რა არის იმის მიზეზი, რომ კათოლიკური ეკლესია თავის გამართლებას ვერ ბედავს, თუნდაც ისე მცირედად, როგორც ეს მე გავაკეთე?
პასუხი ისევ და ისევ ქრისტეს პიროვნებასა და მისი ცხოვრების მაგალითშია! :)
მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე ჩვენთვის მეტად უცხო გახდა და დღითიდღე უფრო უცხოვდება, მისი არსებობა მნიშვნელობას მაინც არ კარგავს, რადგან ამ ადამიანმა მსოფლიო შეცვალა სამუდამოდ.

ავტორი: thelastgeorgian
19.06.2012 16:27
ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
18.06.2012 00:41
თქვენ ან გინდათ თქვათ, რომ ქრისტემდე ყველა ადამიანს ღმერთის ძიებაში მუხლები ქონდა გადატყავებული და ამიტომ მოახერხა ქრისტემ რეალობის შეცვლა;
ან გინდათ თქვათ, რომ ქრისტემ ვერაფერი შეცვალა უკეთესობისკენ, რადგან მანადმეც და შემდეგაც მრავლად იყვნენ ადამიანები, რომლებიც ღმერთს ვერ ხედავდნენ.
მე თუ ძალიან ვცდები, თქვენ ამ ორივე შემთხვევაში უზომოდ ცდებით და იმიტომ გეცინებათ, რომ ვერ წარმოგიდგენიათ თანამედროვეობაში ქრისტე. ამით კიდევ უფრო ამტკიცებთ, რასაც ვამბობ: თანამედროვე ადამიანისთვის ქრისტე და ბიბლია ძალიან გაუცხოებულია; მისთვის ქრისტე უბრალოდ ვეღარ არის მაგალითი, ამიტომ საჭიროა ახალი მაგალითი.
ქრისტიანობა იმიტომ იყო ყველაზე დიდი და ძლიერი რელიგია, რომ ის იდგა ყველაზე ძლიერ მაგალითზე და არა იმიტომ, რომ სხვა რელიგიებზე უკეთესი დევიზები და საოცარი სასწაულები ქონდა.
P.S. მე არ ვწერ იმ ადამიანებისთვის, ვინც დარვინიზმის, ფროიდიზმის ან ლიბერალიზმის სახით უკვე იპოვეს თავიანთი ღმერთი და სხვა ღმერთის დანახვის საჭიროებას ვერ ხედავენ.
და ეგ ბლოგი არ მაქვს წაკითხული სამწუხაროდ :)) თუ ვნახე საიტზე, წავიკითხავ :)

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
18.06.2012 00:41
ავტორი: thelastgeorgian
12.06.2012 19:29
საჭიროა კაცი, რომელიც სრული თავისუფლებითა და უშიშარობით სრულად გამოავლენს ღმერთს თავის თავში. კაცი, რომელიც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებითა და ცოდნით, თუნდაც თავგანწირვის ფასად, დაისახავს ერთ მტკიცე და შეუვალ მიზანს: დაანახოს ადამიანს ჭეშმარიტი და რეალური ღმერთი, რომელიც თვითონ უკვე იხილა ... და განახორციელებს ამ მიზანს.
საჭიროა მეორე ქრისტე, მეგობრებო.
გეტყობათ ოცი წლის რომ ხართ და ეს ძალიან კარგია, რომ გეტყობათ. :)))))))))) უბრალოდ ძალიან ცდებით თუ ფიქრობთ, რომ ვისაც ღმერთის დანახვა არ უნდა მეორე ქრისტეს მოსვლა მისთვის რაიმეს შეცვლის. სხვათა შორის ამ თემას ეხებოდა გ. მაისურაძის ბლოგი "ლეგენდა დიდ ინკვიზიტორზე" .

ავტორი: მელანქოლიკოსი
16.06.2012 21:26
ილია ჭავჭავაძის მაგივრად პუბლიცისტად და საზოგადო მოღვაწედ სახელებს რომ არ დავასახელებ ისინი რომ გეყოლება აი ეგაა დეკადანსი! თანაც როგორი! ნობელის პრემიებით დაჯილდოებული საბჭოთა დემოკრატია რომანოვებს მოანატრებს ნორმალურ კაცს. მათ დროს ქართველებს კეთილშობილ-კეთილაღზრდილი ხალხი ყავდათ. ეხლა კი აღარ გავაგრძელებ...

ავტორი: thelastgeorgian
15.06.2012 19:07
ავტორი: ანონიმი
13.06.2012 14:55
მე ჯერ მხოლოდ 20 წლის ვარ და სახარებას უფრო წინ ვაყენებ, ვიდრე ლიბერალიზმს, ამიტომ მთელი კაცობრიობის ცოდვებს მე ნუ ამკიდებ კისერზე :))

ავტორი: thelastgeorgian
15.06.2012 18:32
ავტორი: ანონიმი
13.06.2012 22:42
გმადლობთ დაფასებისთვის! :)

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: იქიდან
14.06.2012 11:29

მგონი ვხვდები რისი თქმა გინდა და იმაში გეთანხმები, რომ ქრისტეს მსგავსი ბევრი იყო. მაგრამ მიაქციე ყურადღება: მხოლოდ მსგავსი! თანამედროვე გადმოსახედიდან ხშირად ვერ აღვიქვავთ იმ დროისთვის რა დიდი მოვლენა იყო ქრისტე და რამდენად აღემატებოდა სხვებს. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ თავისუფალ და თავგანწირულ სულზე, მე ვსაუბრობ ძალაზე, უნარსა და ცოდნაზე, რომელიც თანამედროვეობის (და არამხოლოდ შუასაუკუნეების:) შესაფერისი და მასზე აღმატებული იქნება.

ავტორი: salome საიდან გვწერთ: moderators an redaqcias
14.06.2012 17:11
"მას მერე"-ს "მას შემდეგ" ჯობია IMO.

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: იქიდან
14.06.2012 11:29
ჭიროაავტორი: thelastgeorgian-ს..ჭკვიანური აზრია მაგრამ არამხოლოდ მეორე, მეორასეც საჭიროა..რა საჭიროა ისევ ეს შუასაუკუნეობრივი შეზღუდვები

ავტორი: ანონიმი
13.06.2012 22:42
ავტორი: thelastgeorgian
12.06.2012 19:29
ეს ადამიანი ენთუზიაზმზე წერს და ამ ბლოგში კი ჰონორარს იხდიან...

მადლობა კომენტატორს!

ავტორი: ანონიმი
13.06.2012 14:55
ზოგს გონია რომ საზოგადოებას ეშველება თუ კი ეკლესიებში სახარების კითხვას შეწყვეტენ და მღვდლები სათავეში ჩაუდგებიან სექსუალურ უმცირესობათა მანიფესტაციებს და გეი პარადებს. 1970-ანი წლებში ექსპერიმენტალურ ტერიტორიად ქცეულ საქართველოში ცხოვრებას ამაოდ არ ჩაუვლია. წამოჩიტულმა ინტელექტუალებმა ჯერ თბილისი ანგრიეს საბჭოთა ზარბაზნით მერე იკოტრიალეს მათთვის მადლობის გადამხდელი სუპერმეგარეზიდენტის წინაშე და განაგრძობენ კაცობრიობის გაბედნიერებას. ღმერთმა გიშველოთ თორე სხვა იმედი არ ჩანს. ასე იყო სულ და ასე იქნება...ღმერთი არ გაწირავს კაცს ამათგან განაწირსა.

ავტორი: thelastgeorgian
12.06.2012 19:29
რელიგიას (და შესაბამისად საზოგადოებასაც) მანამ არ ეშველება, სამან ის თავის ზედმეტ საზოგადოებრივ ფუნქციებსა და ზედმეტ მორალიზმს თავისივე გააზრებული ნებით არ დათმობს. ღმერთი არსებობს და ის არსებობს უპირველეს ყოვლისა ინდივიდისთვის, ხოლო საზოგადოებისთვის არსებობს იმდენად, რამდენადაც საზოგადოება ინდივიდთა ერთობაა და ინდივიდის სული ვლინდება ან ითრგუნება საზოგადოებაში. მორალი თავისი არსით საზოგადოებრივი ფენომენია, ღმერთი პერსპექტივაში კი ამორალურისთვისაც ზუსტად იგივეა, რაც მორალურისთვის.
რელიგია ღმერთის შექმნილი რეალობისგან ძალზედ შორსაა და თანამედროვე საზოგადოება აღარ პატიობს მას ამ სიშორეს. რელიგიას ჭირდება გადარჩენა (ანუ საზოგადოებასაც:), მაგრამ ვინ იზამს ამას?! ვინ იცის რა არის ღმერთი, რომ რელიგია კვლავ დაუახლოვოს მას?! ისინი, ვინც დღეს ღვთაებრივ მოძღვრებას ქადაგებენ თვითონ არ იციან რა არის ღმერთი და ვის რა უნდა დაანახონ?! დარწმუნებული ვარ, როგოც "ჩვეულებრივი" ადამიანების, ისე სულიერ მამათა უმრავლესობას ცნება "ღმერთის" ხსენებისას თეთრწვერიანი მოხუცი წარმოუდგებათ თავში. ეს სრული კატასტროფაა, მეგობრებო,სრული შეუთავსებლობა თანამედროვეობაში დაგროვილ ცოდნასთან.
ჩვენ წარმოდგენებში მუდამ ვამახინჯებთ ღმერთს უცოდინრობითა და ადამიანური ეგოცენტრიზმით. ღმერთი ისეთი არ არის, როგორიც ჩვენ გვგონია და გვწამს, ამიტომ მარქსი და თუნდაც ფროიდი მართებულად იქცეოდნენ, როცა ამ წარმოდგენებს ებრძოდნენ; უბრალოდ ისინი ცდებოდნენ, როცა ღმერთის არარსებობას ობიექტური თვალსაზრისითაც ამართლებდნენ. მე თუ მკითხავთ, თავიანთი ცოდნით (და არა გრძნობებით!) ისინი უფრო ახლოს იდგნენ ღმერთთან, ვიდრე თანამედროვე მორწმუნენი.
რადგან ღმერთი არსებობს, ის არსებობს ადამიანშიც, ამიტომ თუ არ ვიპოვით ჩვენს ღმერთს, ვერ ვიპოვით ჩვენს თავს; საკუთარი თავის დაკარგვა კი ყოველგვარი დეკადანსის აუცილებელი წინაპირობაა. ასე დაბნეული ინდივიდებისგან შემდგარ საზოგადოებას ვერ იხსნის ვერანაირი ლიბერალიზმი და ვერანაირი სამართლიანი კონსტიტუცია.
ნეტავ, ვინმეს მაინც თუ გაგიელვათ თავში, სად არის ხსნა და გამოსავალი ამ მდგომარეობიდან:
საჭიროა კაცი, რომელიც სრული თავისუფლებითა და უშიშარობით სრულად გამოავლენს ღმერთს თავის თავში. კაცი, რომელიც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებითა და ცოდნით, თუნდაც თავგანწირვის ფასად, დაისახავს ერთ მტკიცე და შეუვალ მიზანს: დაანახოს ადამიანს ჭეშმარიტი და რეალური ღმერთი, რომელიც თვითონ უკვე იხილა ... და განახორციელებს ამ მიზანს.
საჭიროა მეორე ქრისტე, მეგობრებო.

ავტორი: ანონიმი
08.06.2012 14:52
გამარჯვებული პროვინციული ანტიფაშიზმის ბრწყინვალე ეპოქაში რა დროს დეკადანსზე საუბარია.

ავტორი: La belle femme
08.06.2012 11:38
გიორგი, ყოველთვის მომწონს ხოლმე თქვენი ნაწერი - საოცარი ერუდიცია, არაჩვეულებრივი ანალიზი, ხედვები, კი, ბატონო.. მაგრამ.. მაგრამ ასეთ განათლებულ ადამიანს როგორ მოგდით, რომ რელიგიას, ეკლესიას და საპატრიარქოს ერთმანეთში ურევთ? თან ყოველთვის.. პატრიარქი ფარისეველია, გეთანხმებით. მეტსაც გეტყვით, ისიც თქვენნაირი ათეისტია.. მაგრამ რა შუაშია რელიგია? "დეკადენსი" იცით და ქრიასტიანულ რჯულის კანონში რა წერია არ იცით? განა არ იცით რომ ზუსტად სიყალბეს, სიცრუეს, ფუფუნებას და ზოგადად ფარისევლობას ებრძოდა ქრისტე? ზუსტად მაგ ღირებულებების ხალხმა რომ გააკრა ჯვარზე არ იცით? რომის ისტორია იცით და წმინდა მამები რომ ზომიერებას და თავშეკავებულობას გვასწავლიან, არ იცით? რათქმაუნდა იცით.. ამიტომ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ პატრიარქის ფარისევლობას და საპატრიარქოს ქრისტეანობისგან სრულიად დაშორებას კი არ აკრიტიკებთ, არამედ თქვენივე ნახსენები მარქსივით, უბრალოდ "ღმერთს ებრძვით"(თავად მისი სიტყვებია).. ძალიან სამწუხაროა..

ავტორი: აბდალას გარდა ამას აბა ვინ დაწერდა
07.06.2012 19:13
დეკადანსი ბუნებრივი დაცემაა და საბჭოთა ზარბაზნით დედაქალაქის ნგრევით დემოკრატიზაციის შედეგად დადამბლავებას რა ქვია? სვეტიცხოვლის, ოშკის და ნიკორწმინდის მშენებელთა შთამომავლებს რომ ჩვეულებრივი ტუალეტის აგება აღარ შეუძლიათ ეს რაა? შეგახსენებთ რომ ლიუდოვიკო XIV-ს დროს ვერსალში არ ქონიათ ტუალეტი და შატილში "ველურ" ხევსურებს ქონდათ! მერე მოხდა დემოკრატიზაცია და შატილი დაიცალა!

ავტორი: ანონიმი
07.06.2012 13:50
მაისურაძის ყველა სტატია ერთი თარგით იწერება, - ჯერ მოყავს ხოლმე ლექსიკონის ამონარიდები, რომელსაც მერე რაღაცას მიაბავს და აქ იწყება და მთავრდება ინტელექტუალიზმი.

ავტორი: ანონიმი1 საიდან გვწერთ: თბილისი
07.06.2012 06:45
დეკადენსი დაცემას ნიშნავს

ეხლა ძაან გადაპრანჭულებმა ვაიმე რა ქალია ან კაცია დავეციო ამის მაგიერ ვაიმე რა ფემინაა ან რა სექსუალურია დ ა ვ დ ე კ ა დ ე ნ ს ი ო რომ წაუწრიპინონ იქნება დონე?

ამია მაგიე

ავტორი: ანონიმი
06.06.2012 15:08
ეეჰ,ვაიმარის რესპუბლიკას რომ ყოლოდა ჩუბაისის ინკუბატორში გამოჩეკილი სამიოდე მილიარდერი ხომ სულ გაიმარჯვებდა დეგენერატული ხელოვნება და რა კაი რამე იქნებოდა....

ავტორი: მიმი საიდან გვწერთ: ღამიდან
06.06.2012 04:51
გიორგი,

პროფანულ და საკრალური ინსტიტუტების მაგალითზე სავსებით სამართლიანად აღწერთ ქართული საზოგადოების ამჟამინდელ დეკანდეტურ მდგომარეობას, მე ჩემის მხრივ დავამატებდი, რომ 1. დეკადენსი დასავლურ საზოგადებაშიც საკმაოდ ფეხმოკიდებულია და ამდენად, შეიძლება გლობალურ მოვლენად ჩაითვალოს.
2. ქართული საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ, მედია სივრცესა თუ ანალიტიკურ დისკუსში ერთიან ჰომოგენად აღიქმება (ამ საზოგადოებრივი ჰომოგენიის საპირისპიროდ ხშირად გამოიყენება უმრავლესბა- უმცირესობის დიხოტომიები, რაც ჩემი აზრიც საკამათოა, მაგრამ ამაზე სხვა დროს..) არ არის ერთგვაროვანი და ჰომოგენური პოზიტიური გაგებით, მეტიც ის მეტად მრავალხმიანი და პლურალისტურია. მისი ნაწილია ერთნამეთისგან განსხვაბეულად მოაზროვნე მოქალაქეები და დაჯგუფებები, რისი ემპირული დადასტურებაცაა, მაგ. თქვენ, ზალიკო, გოგი, ირაკლი, ცხელი შოკოლადი, ლაბორატორია 1918, ქართგველი სოციალ- დემოკრატები, ტრადიციონალისტები, ჰომოსექსუალები, ქართული ოცნება თუ ნაცმოძრაობა. თქვენი მოყვანილი მაგალითიდან მართლაც ჩანს დეკადენტური ციკლი ზედაპირზე, მაგრამ საზოგადოებრი დიკურსის გა- "მრავალხმიანება" ვფიქრობ დაწყვებულია, ამიტომ შემიძლიან ვივარაუდო, რომ მენტალური გარდაქმნა და მოდენიზაცია ქართულ საზოგადოებაში უკვე დაწყებულია, მოქალაქეთა რაღაც ნაწილი გაიმეჯნა ბიორგერულ, კონზუმერულ ცხოვრების წეს, და თავისი ინდივიდუელი გზა აირჩია, ამიტომ დეკადენცი აუცილელად შეცვლის სიახლეებისა და გამოცოცხლების, ახალი წესებისა და ინსტიტურების შემქმნის ციკლიტ,
ჩვენი თაობის (ბედნიერი თუ უბედური) ხვედრი ისაა, რომ ჩვენ ვართ უშუალო სუბიექტები და ობიექტებიც გარდაქმნისა და ცვლილებებისა, ე.გ.ჩვენ მეტად ვიზრებით ცოდნით, კომპეტენციებით, ტექნოლოგიებით, გლობალური მოთხოვნებისა და შესაბანისად, ამავდროულად ასევე ჩვენ, ჩვენი მშობლების თაობისაგან განსხვავებით, გვიწევს სიახელეების შემოტანის, დანერგნის პროცესის წარმათვა და გაძღოლა.

P.ს ბოდიში ვიხდი ორთოგრაფიული შეცდომების გამო

ავტორი: ინტრიგანი
06.06.2012 02:03
სიტყვა დეკადანსი დაცემას კი ნიშნავს მაგრამ ზოგის აზრით ფეხზე წამოდგომასაც შეიძლება ნიშნავდეს თუ ძალიან მოვინდომებთო ამბობს ავტორი.
"ტერმინ „დეკადანსს“ (ფრანგ. décadence), რომელიც „დაღმასვლად“, „დაცემად“ ითარგმნება, მრავალი მნიშვნელობა აქვს..."

ავტორი: apatrio საიდან გვწერთ: stuttgart
06.06.2012 01:32
ბატონო გიორგ, დიდი მადლობა სტატიისთვის! სრულ რეალობას აღწერთ საქართველოს დღევანდელობისა.

ავტორი: თეა საიდან გვწერთ: ქუთაისი
06.06.2012 00:08
დათოც მართალია და "ტუტუციც", სინოდი რას აკეთებს? ნუთუ არ იცის რაც ხდება? მრევლი რომ არ ითხოვს, ეს ერთი უბედურებაა, გამოდის რომ ხალხი მექანიკურად მორწმუნეა, ხოლო მეორე დიდი უბედურება თავად სინოდი რომ ვერაფერს ხედავს. სადამდე გაგრძელდება ასე? განა ქართული ეკლესია ამის ღირსია, ჩვენი წინაპრები ამის ღირსები არიან? ის მაინც აღარ ახსოვთ, რომ აქლემი ნემსის ყუნწში ვერ გაძვრება?

ავტორი: ანონიმი
05.06.2012 21:14
"საქმე ეხება ფლანგვას,"
თქვენი ზოველი ჰონორარი არის ფლანგვა იმ ორგანიზაციების მიერ, ვინც ამ ჰონორარს იხდის.

ავტორი: ანონიმი
05.06.2012 21:11
რაღაცა საშინელებაა ჩემს თავს, ამ ბიჭის დაწერილი არაფერი არ მომწონს. :((((((

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
05.06.2012 20:45
დათოს ვუპასუხებ თელავიდან

ჩემო კეთილო ადამიანო, განა ეგრე არ უნდა იყოს? ზუსტადაც გაყიდდა მანქანას და უპოვრებზე გაანაწილებდა თანხას ნამდვილად ქრისტიანი მამაო, მაგრამ რგორც ვვარაუდობ და როგორც აქამდე დავწერე- ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ეგეთებსვერსად გამოლევ, თუმცა სამწუხაროდ დღეს მაგათი ბუმია ჩვენს ეკლესიაში- რაშიც ჩვენ სინოდს მიუძღვის ბრალი ჩემი ღრმა რწმენით- აკონტროლე რა ვინ რას სჩადის

მაგრამ კონტროლს მრევლი არ ითხოვს, მრევლმა არ იცის რა არის ნამდვილი სიკეთე და მამების "აჭენებენ"

ავტორი: dato საიდან გვწერთ: telavi
05.06.2012 19:15
tutuc, ჯერ ერთი ადამიანურად სუსტ მამაოს, ხიბლში რო ვარდება ეგრე უცებ და ცდუნებას უწვება სიხარულით რა უნდა ეკლესიაში, მეორე კიდე, ხო კაი აჩუქეს შავი ჯიპი, მერე ადგეს ეგ დალოცვილიშვილი, ღმერთი ახსენოს, ჯიპი გაყიდოს და იმ ფულით ბედნებს დაეხმაროს არ შეიძლება?

ავტორი: მოყვასი
05.06.2012 17:17
ამ კაცს მგონი მისი ქვეყნის დედაქალაქი დაანგრიეს თავზე საბჭოთა ზარბაზნით, დემოკრატიის დროშების ფრიალით და გადაწვეს ამ დედაქალაქის ცენტრი სადაც დღისით მზისით ჟლეტდნენ უიარაღო და უდანაშაულო ადამიანებს . დანარჩენზე თავს არ შეგაწყენთ.თანამედროვეობა სწორედ ამის ნაყოფია. ეს კი რაღაც დეკადანსზე ლაპარაკობს. ასეთი ლაპარაკია დეკადანსი. იქნებ მონახოთ ისეთი ვინმე ვისთვისაც თბილისის ნგრევას გონება არ დაუზიანებია. დეკადანსი კი არა ეროვნული კატასტროფაა!

ავტორი: vazari საიდან გვწერთ: italia
05.06.2012 10:56
რაცა ვართ,ისეთი მთავრობა, პატრიარქი და ცივილიზაცია გვაქვს. ზოგს მოსწონს.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
05.06.2012 09:53
მოდი ესე ვთქვათ, ეკლესიის შეურაცხყოფაში არაა აქ საქმე, საქმე იმაშია რომ მრევლი რომელიც ეკლესიაში დადის თითქმის აზრზე არაა იქ რას აკეთებს

ჩვენი მრევლის უხარისხობაზე და დაბალ განათლებაზე თვითონ უწმინდესმა გააკეთა საკმაოდ დროული და საჭირო კომენტარები აღდგომის ქადაგებისას (გადახედეთ ბატონო თუ არ გჯერათ ჩემი)

ამიტომაც არის ამდენი კრიტიკა ეკლესიისადმი, ამის საფუძველი ჩემი ღრმა რწმენით ის უვიცი მრევლია რომელიც მამაოებს აძლევს საშუალებას რომ მათზე "იბატონონ" და ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი, და ვხედავ ყოველი წირვისას და ლოცვისას

საქმე იმაშია რომ ადამიანი უბრალო, სუსტი არსებაა- რომ ნახა იმ მამაომ რო აგერ ბანკირი მრევლი ყავს და ჯიპს ჩუქნის, გაეხარა კაცო, ვის არ ახარებს პრიალა შავი ჯიპი, ყველა იოანე ოქროპირი კი არ არის

ხოდა აღარ მოეწონა მერე "ბედნი როდსტვენნიკი" მშიერი მრევლის ცრემლები- მიდი და გაამტყუნე ეხლა წმინდა ადამიანური გადმოსახედიდან. ნუ გვავიწყდება რომ ისინიც ჩვეულებრივი ცდუნებადი ადამიანები არიან

საქმე იმაშია რომ თბილისელი მადლი-ბარათის ფანები ვერ ხვდებიან: არ არის საჭირო მამოს ჯიპის გასღები უტენო ჯიბეში- ეგრე არ ცხონდება სული არა

ეკლესიის მოქმედი ნაწილი სწორედაც რომ მრევლია, და მრევლი ქმნის სამღვდელოებას იმდენადვე რამდენადაც სამღვდელოება ქმნის მრევლს

და როცა ერთი მათგანი ჩავარდება - მეორე ჩაყვება

ხარი ხართანო

ავტორი: მე საიდან გვწერთ: ჭიანჭველეთიდან
04.06.2012 21:13
http://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=vlWS9CsUiKg#t=83s პატრიარქს და იმ 200 კაცს ივანიშვილი აფინანსებს და არა თქვენ, ბატონო გიორგი. ისე თქვენ რომ გაგაიდეალოთ და მოგბაძოთ (როგორც თავად აღნიშნეთ) გვეშველება რამე?

ავტორი: ანონიმი
04.06.2012 18:28
პრემიები მაგ თემებში ეწერებათ :)

ავტორი: მიშა
04.06.2012 20:29
"მფლანგველური და დეკადენტურია პარლამენტის ქუთაისში გადატანა თუ გავითვალისწინებთ, რომ პარლამენტის ახალ, მრავალმილიონლარიან შენობას დაემატება თბილისსა და ქუთაისს შორის დეპუტატებისა და მათი აპარატის მოძრაობის, ქუთაისში მათი უზრუნველყოფის ხარჯები."

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
04.06.2012 19:34
http://shokoladi.ge/content/dekadansi
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=eOgpii3JwIQ

ავტორი: ანონიმი
04.06.2012 18:28
მოკლედ რელიგიის და პიდარასტების თემას ვერ ცდებიან ეს უნიჭოები. ამათზეა უსაქმური კაცის და მახათის ამბავი ...
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ყველაზე პოპულარული