Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგები და მისი შესაძლო გამოძახილი


23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 53%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის გასვლას ევროკავშირიდან. რეფერენდუმს სავალდებულო ხასიათი არ ჰქონია, ანუ თეორიულად შესაძლებელია, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება არ დაემორჩილოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას, მაგრამ ბრიტანეთის რეალობაში ამის ალბათობა მცირეა. პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა, განაცხადა, რომ ოქტომბრამდე გადადგება თანამდებობიდან და დასძინა, რომ „ბრიტანელი ხალხის ნება უნდა აღსრულდეს“. თავის მხრივ, ევროკავშირის ლიდერებმაც მოითხოვეს, რომ გასვლის პროცედურა რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს. ერთი სიტყვით, თუ ვითარება მკვეთრად არ შეიცვალა, დაახლოებით ორ წელიწადში ევროკავშირს ერთი წევრი გამოაკლდება.

23 ივნისის რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების პარალელურად, ევროსკეპტიკოსმა პარტიებმა კავშირის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში ანალოგიური რეფერენდუმების ჩატარება მოითხოვეს. მაგალითად, ჰოლანდიელმა ხეერტ ვილდერსმა, ლიდერმა პარტიისა „თავისუფლებისთვის“, განაცხადა, რომ თუ 2017 წლის მარტში მას ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრად აირჩევენ, იგი ასევე დანიშნავს რეფერენდუმს. ბოლო გამოკითხვებით, ვილდერსის პარტია არჩევნებში ხმების 20%-მდე მიიღებს, მაგრამ რაკი პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ჰოლანდიაში რეფერენდუმის გამართვის საკითხი სათუოა.

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგს სიხარულით შეხვდა და განაცხადა, რომ მსგავსი რეფერენდუმები საფრანგეთმაც და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც უნდა გამართონ. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის აპრილ-მაისში გაიმართება, და ლე პენს, ექსპერტთა ვარაუდით, დიდი შანსი აქვს, სულ ცოტა, პირველი ტური მაინც მოიგოს. ცალკე საკითხია, თუ როგორ შეცვლის ფრანგი ამომრჩევლის განწყობას „ბრექსიტი“ და როგორ აისახება ის ლე პენის რეიტინგზე.

ბრიტანეთის რეფერენდუმს სიხარულით შეხვდა ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიაც“, რომლის კანდიდატმა ნორბერტ ჰოფერმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლამის დაამარცხა მწვანეთა პარტიის კანდიდატი. ავსტრიის ერთ-ერთ ბულვარულ გაზეთთან ინტერვიუში ჰოფერმა განაცხადა, რომ „თუ ცენტრალიზაციის კურსი გაგრძელდა... ჩვენ ავსტრიელებს ვკითხავთ, სურთ თუ არა [ევროკავშირში] დარჩენა.“

ამის მსგავსი რეაქციები ჰქონდათ დანიის „სახალხო პარტიას“, საბერძნეთის „ოქროს აისს“, გერმანიის „ალტერნატივას გერმანიისთვის“ და სხვა ევროსკეპტიკოს ულტრამემარჯვენე პარტიებს. ფინეთის ნაციონალისტურის პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმაც თქვა, შესაძლოა, ფინეთმაც მიბაძოს ბრიტანეთის მაგალითს, „თუ ხალხი მოისურვებსო.“

„ბრექსიტს“ მხარი დაუჭირა იტალიის პოლიტიკური ისტებლიშმენტის წინააღმდეგ მებრძოლმა „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“, რომელიც ამ ქვეყანაში პოპულარობით, როგორც გამოკითხვები გვიჩვენებს, მეორე პოლიტიკური ძალაა. რაც შეეხება მკვეთრად მემარცხენე ძალებს, ესპანეთის ახალშექმნილი პარტიის, „პოდემოსის“ ლიდერმა პაბლო იგლესიასმა თავის „ტვიტერის“ გვერდზე, ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების დღეს, დაწერა: „ეს არის სამწუხარო მომენტი ევროპისთვის. ჩვენ უნდა შევცვალოთ კურსი. არავის ენდომებოდა სამართლიანი და სოლიდარული ევროპის დატოვება. ჩვენ უნდა შევცვალოთ ევროპა.“

ბრიტანეთის რეფერენდუმი ასევე დიდ გავლენას მოახდენს ევროკავშირში შვედეთისა და უნგრეთის დარჩენა-არდარჩენაზე. შვედეთი, ისტორიულად,ბრიტანეთის პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირში დიდწილად იზიარებდა ხოლმე ლონდონის პოლიტიკას. უნგრეთი, თავის მხრივ, უკმაყოფილოა ევროპაში იმიგრანტების მოზღვავებით და პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დიდი ხანია, ევროკავშირის ლიდერთა კრიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ობიექტია.

ერთი სიტყვით, „ბრექსიტი“, როგორც ჩანს, არის ბოლო 15 წლის მანძილზე ევროპაში მომხდარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა. როგორც დავინახეთ, ევროკავშირის მხარდამჭერ ცენტრისტულ პარტიებს თუ არ ჩავთვლით, ახალშექმნილი და ტრადიციული მემარჯვენე და მემარცხენე პარტიები, სხვადასხვა არგუმენტით, მის დაშლას ან გარდაქმნას მოითხოვენ.

მემარჯვენე ევროსკეპტიკოსი პარტიები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის არსებობა არა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის შეცდომაა, არამედ კულტურული კატასტროფაც. ულტრამემარჯვენე ევროსკეპტიკოსები ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ცდილობენ, საზოგადოება დააჯერონ, რომ ევროკავშირი წაშლის ეროვნულ განსხვავებებსა და ტრადიციებს, გაანადგურებს ეროვნულ კულტურებს.

კულტურის „წართმევაზე“ აქცენტი გაცილებით უფრო გაძლიერდა ლტოლვილთა კრიზისის ფონზე. ულტრამემარჯვენეთა დღის წესრიგში ახლა დგას არა მხოლოდ ეროვნული კულტურების დაცვა, არამედ − რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს − „ევროპელობის“ დაცვაც ლტოლვილებისგან. ამ პარტიებისთვის და მათი მხარდამჭერებისთვის იმიგრაცია იქცა ერთდროულად ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უბედურებად.

ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია ივარაუდო, რა ბედი ეწევა ევროკავშირს, მაგრამ იმაზე მაინც შეგვიძლია ვისაუბროთ, რა სახის კონფლიქტები შეიძლება გააღვივოს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლამ, როგორც „ძველ კონტინენტზე“, ისე მთელს მსოფლიოში.

პირველი სერიოზული პრობლემა, რომელიც თავს იჩენს, შემდეგია: როგორ მოახერხებს ევროკავშირი გარდაიქმნას ისე, რომ თავიდან აიცილოს ბევრი ეკონომიკური და სოციალური პრობლემა, რომლებსაც, ძირითადად, ულტრამემარჯვენე პარტიები იყენებენ კავშირის დაშლის მხარდამჭერ არგუმენტებად. ასეთი საკითხები შეიძლება პირობითად დავყოთ ორ სისტემურ პრობლემად. ესენია: სახელმწიფოებს შორის რესურსების განაწილება და ეფექტიანი და დემოკრატიული მმართველობა.

სახელმწიფოებს შორის რესურსების განაწილების პრობლემა განსაკუთრებით მკვეთრად გამოჩნდა საბერძნეთის კრიზისის დროს. იმ ქვეყნების დიდი ნაწილი, რომლებიც ევროკავშირიდან უფრო მეტ ფინანსურ რესურსს იღებენ, ვიდრე მასში დებენ, ტრადიციულად მოითხოვს, რომ ეს დისბალანსი კიდევ უფრო მკაფიო გახდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი აზრით, მდიდარმა ქვეყნებმა უფრო მეტად უნდა დააფინანსონ ღარიბი ქვეყნები. ლონდონის ფისკალური კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, დიდი ბრიტანეთი სწორედ იმ ქვეყნების რიცხვს ეკუთვნოდა, ვისაც უფრო მეტი შეაქვს ევროკავშირში, ვიდრე იქიდან გამოაქვს. ამავე რიგის ქვეყნებს მიეკუთვნებიან: დანია, შვედეთი, ნიდერლანდი, ავსტრია, ფინეთი, გერმანია, ირლანდია და კვიპროსი. ევროკავშირისგან ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტ დახმარებას იღებენ: ლუქსემბურგი, უნგრეთი, ლიტვა და საბერძნეთი. კავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ, ერთი მხრივ, გაძლიერდებიან მდიდარი ქვეყნების, განსაკუთრებით შვედეთისა და ჰოლანდიის ევროსკეპტიკოსები, ხოლო მეორე მხრივ, ღარიბი ქვეყნები მოითხოვენ, რომ სახსრების განაწილება კიდევ უფრო მეტად მოხდეს მათ სასარგებლოდ. ორივე მხარეს, ცხადია, თავისი არგუმენტები აქვს: მდიდარი ქვეყნები ჩივიან, რომ მეტისმეტად ბევრს ხარჯავენ, შედარებით ღარიბები კი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკურ ერთობაში მონაწილეობის საფასურად (რაც იმასაც გულისხმობს, რომ ღარიბი ქვეყნები მდიდარი ქვეყნების კორპორაციების გასაღებისა და იაფი მუშახელის ბაზარსაც წარმოადგენენ), მდიდარმა ქვეყნებმა მათ განვითარებზე მეტი რესურსი უნდა დახარჯონ.

ევროკავშირის ბიუჯეტში შეტანილი განსხვავებული თანხების პარალელურად, წინა პლანზე გამოვიდა ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული კიდევ ერთი ეკონომიკური ხასიათის დაყოფა (განსაკუთრებით, საბერძნეთის კრიზისის შემდეგ). ეს არის დაყოფა მევალე და მოვალე ქვეყნებს შორის. წამყვან მევალე ქვეყნებს მიეკუთვნებიან: გერმანია, ჰოლანდია, ბელგია და დანია. მოვალე ქვეყნებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არიან: ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ირლანდია და პორტუგალია. მევალე ქვეყნების ეკონომიკა, როგორც წესი, შედარებით ძლიერია და ეკონომიკურ კრიზისებსაც უფრო ადვილად უმკლავდება, მაშინ, როდესაც მოვალე ქვეყნებს გაცილებით მეტად უჭირთ გლობალურ ბაზარზე უსაფრთხოდ ნავიგაცია. ევროკავშირში წარმოქმნილი კრიზისი ორივე კატეგორიის ქვეყნების მემარჯვენე პოპულისტებს აძლევს ხელს: ერთნი გაჰყვირიან, რომ მოვალე ქვეყნებს არჩენენ, მეორენი კი მევალეთა წინააღმდეგ განაწყობენ მოსახლეობას.

ევროკავშირის მეორე ტრადიციული ეკონომიკური პრობლემაა მმართველობის არაეფექტიანობა. ეფექტიან მმართველობაში იგულისხმება გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე (მათ შორის, ბიუროკრატიული წინაღობების ნაკლებობა) და პოლიტიკური ინსტიტუტების არასაკმარისი ცენტრალიზაცია. ამის შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობენ ეკონომისტები და პოლიტიკის ექსპერტები, მაგრამ ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ ეს არგუმენტი უფრო აქტუალური გახდა. 25 ივნისს წარმოშობით უნგრელმა ამერიკელმა მილიარდერმა და ქველმოქმედმა ჯორჯ სოროსმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მოსაზრება, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის სწორედ „ნამდვილი საბანკო კავშირი, შეზღუდული ფისკალური კავშირი და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების გაცილებით უფრო ძლიერი მექანიზმები.“ უფრო შორს წავიდა წამყვანი პოლონელი ლიბერალი ინტელექტუალი სლავომირ სიერაკოვსკი, რომელმაც განაცხადა, რომ დროა, ევროკავშირის ინსტიტუტებს მიეცეთ უფლება, აწარმოონ ჭეშმარიტად ერთიანი პოლიტიკა თავდაცვის, ენერგეტიკისა და ფისკალურ სფეროებში.

ასეთი მოწოდებები მეტი ცენტრალიზაციისკენ, სამწუხაროდ, დაგვიანებულია და ამის მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ დიდი ბრიტანეთი თითქმის უკვე გამოსულია ევროკავშირიდან. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ევროკავშირის გარდაქმნა მეტისმეტად გააჭიანურეს წამყვანმა პარტიებმა (და, განსაკუთრებით, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებში მოქმედმა „პრაგმატიკოსმა“ ცენტრისტებმა), და ახლა, როცა ეს საკითხი ულტრამემარჯვენეებმა და ნაციონალისტებმა „დაისაკუთრეს“, ძნელი იქნება მოსახლეობაში ინტერნაციონალისტური სენტიმენტების ხელახლა გაძლიერება. ამ თვალსაზრისით სიტუაცია, ალბათ, ყველაზე მეტად არის შესული ჩიხში.

მეტი ცენტრალიზაციისა და ეფექტიანი მმართველობის საჭიროება ყველაზე მეტად გამოჩნდა ლტოლვილთა კრიზისის დროს. ამ კრიზისიდან იდეალური გამოსავალი ჯერაც არ არსებობს, მაგრამ მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაშიც სწორედ ეფექტიანი და ცენტრალიზებული მმართველობის არარსებობაში უნდა ვეძებოთ.

ლტოლვილთა კრიზისი, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ყველაზე ძლიერი ქვეყნების, განსაკუთრებით გერმანიის, მსხვილ ბიზნესკორპორაციებს; მეორე მხრივ, ის კიდევ უფრო ამწვავებს ეკონომიკურად შედარებით სუსტ ქვეყნებში უმუშევრობის პრობლემის აღქმას; ასევე, ომსა და ტერორს გამოქცეული სირიელი დევნილებისთვის თავშესაფრის არმიცემა, ერთი მხრივ, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე უარის თქმა იქნებოდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ქაოსური და დაუგეგმავი პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები (განსაკუთრებით გერმანია) ამ კრიზისის მოგვარებისას მიმართავდნენ, კიდევ უფრო ამწვავებდა სიტუაციას. მთელი ამ დროის მანძილზე ანალიტიკოსები საუბრობდნენ განსახლების სხვადასხვა სქემაზე, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნებოდა ლტოლვილთა კრიზისით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ტვირთვის შემსუბუქება, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნების არათანმიმდევრულმა და შეუთანხმებელმა პოლიტიკამ პრობლემა არსებითად გადაუჭრელი დატოვა.

თუ ზემოთქმულს შევაჯამებთ, გამოვა, რომ ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად ეკონომიკური და სოციალური ხასიათის გამოსავლის პოვნა. ევროკავშირის მესვეურებს ეს, სავარაუდოდ, თავადაც კარგად მოეხსენებათ. მაშინ გამოდის, რომ ახლა ისინი ევროპული იდეის გადარჩენას უფრო შეეცდებიან, ვიდრე არსებული მდგომარეობიდან რაიმე სახის გრძელვადიანი გამოსავლის მოფიქრებას. ისეთ არამდგრად საერთაშორისო გარემოში კი, როგორშიც ნეოიმპერიალისტური რუსეთისა და აშშ-ის არასტაბილური შიდა პოლიტიკის გამო აღმოვჩნდით, მოკლევადიანი გამოსავალი დამშვიდების საშუალებას ვერ მოგვცემს. ახლა იმის იმედადღა შეიძლება ვიყოთ, რომ ევროპული კულტურის გასაოცარი უნარი, მუდმივი თვითგანახლების გზით გაიუმჯობესოს თავი, ისევ მოიტანს სასურველ შედეგს.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG