სამშაბათი, 18 ივნისი, 2013 თბილისის დრო 11:17

ბლოგები / გიორგი მაისურაძე

მართლმადიდებლობა, როგორც ქართველი ლიბერალების უკანასკნელი თავშესაფარი

x
ტექსტის ზომა - +
XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოაზროვნე, იტალიის კომპარტიის თანადამაარსებელი ანტონიო გრამში მიიჩნევდა, რომ ყველა სოციალურ ჯგუფს საკუთარი ინტელექტუალები ჰყავს. დღევანდელ საქართველოში კი შეიძლება ითქვას, რომ ყველა სოციალურ ჯგუფს თავისი საკუთარი „მოძღვარი“ ჰყავს, რომელსაც ზოგისათვის აქსესუარის დანიშნულება აქვს, ზოგსაც იმუნიტეტად და ხელშეუხებლობის გარანტად სჭირდება, რომ ვინმემ მასზე ცუდი რამ არ იფიქროს, არ გარიყოს, მარგინალად არ აგრძნობინოს თავი. ზოგსაც მოძღვრის ყოლა, მისდამი უსიტყვო მორჩილება და ეკლესიაში სიარული „სულიერების“ ილუზიას უქმნის, რადგანაც სულიერება რიტუალების შესრულებასა და ეკლესიის დანახვაზე პირჯვრის წერასთანაა გაიგივებული.

საქართველოს მართლმადიებელ ეკლესიას, რომელიც დღეს საქართველოში ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციაა, რიტუალებისა და „სასწაულების“ გარდა სხვა არანაირი „სულიერების“ შეთავაზება არ შეუძლია ადამიანისთვის და თავადაა ყოველგვარი სულიერებისა და სულიერი კულტურის მთავარი მოძულე, რომელიც ყველგან და ყველაფერში, სადაც მისი ლოცვა-კურთხევის ბეჭედი არაა დასმული, ეშმაკეულებს ხედავს. უფრო მეტიც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იმდენად დაშორდა ყოველგვარ სულიერებას, იმდენად მოწყდა თავად მართლმადიდებლურ თეოლოგიურ საწყისებს, რომ მასზე, როგორც სულიერების გამომხატველ ინსტიტუციაზე, სერიოზული საუბარიც კი ძნელია. რელიგურობისა და „სულიერების“ ერთადერთი ნიშანი, რომლითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მორწმუნეების დარწმუნებას ცდილობს, სრულიად მატერიალური ფორმებია, როგორიცაა მოტირალი ხატები ან სამღვდელო პირთა საფლავებიდან ამომავალი მადლი, რომელიც უბრალო ზეთს სასწაულმოქმედ წამლად აქცევს. ან იქნებ სულიერების გამოხატულება იყოს ეკლესიისათვის შემოწირულობების მოთხოვნა, რომელსაც არა მხოლოდ ცალკეული „მოძღვრები“, არამედ საეკლესიო სარეკლამო რგოლებიც ქადაგებენ, რასაც „სულიერების“ მსახურები ცოდვების მიტევებისა და სამოთხეში მოხვედრის გარანტად წარმოაჩენენ?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იმდენად დაშორდა ყოველგვარ სულიერებას, იმდენად მოწყდა თავად მართლმადიდებლურ თეოლოგიურ საწყისებს, რომ მასზე, როგორც სულიერების გამომხატველ ინსტიტუციაზე, სერიოზული საუბარიც კი ძნელია.

საქართველოში მასობრივი მორწმუნეობა სწორედ სულიერების დეფიციტისა და განათლებისა და კულტურის კატასტროფული ვარდნის შედეგია, როდესაც ადამიანები თავიანთ ბუნებრივ ლტოლვას არამატერიალური საგნებისადმი, სულიერების მარტივი სუროგატებით ამოვსებას ცდილობენ, რასაც ეკლესია უხვად სთავაზობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ისინი საკუთარ პროდუქტზე მაქსიმალურად დამოკიდებული გახადოს. ეს ფენომენი ყველაზე მეტად ნარკომანიას ჰგავს, როდესაც ადამიანი ნარკოტიკული ნივთიერების გამაბრუებელი ზემოქმედების ქვეშ დროებით მაინც ახერხებს მის წინაშე არსებული პრობლემებისგან გაქცევას, მაგრამ ამავე დროს თანდათანობით მისი სულიერი „სიმშვიდე“ მთლიანად ნარკოტიკების მოხმარებასა და მათი დოზის ზრდაზე ხდება დამოკიდებული.

მაგრამ ეკლესიის უმაღლეს ავტორიტეტად ქცევა, უპირველეს ყოვლისა, მაინც პოლიტიკური ფაქტორებითაა განპირობებული: რამდენადაც იდეოკრატიული, ანუ ტოტალური იდეოლოგიით მართული საბჭოთა სისტემის დანგრევის შემდეგ საქართველოში ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერანაირი საკუთარი ალტერნატიული ღირებულებების შექმნა ვერ შეძლო, გარდა რელიგიურ ხარისხში აყვანილი ნაციონალიზმისა, და ამიტომაც საკუთარ იდეოლოგიურ საყრდენად ეკლესიის გამოყენება სცადა. 90-იანი წლების დამდეგიდან მოყოლებული, ჟურნალისტების თანხლებით პოლიტიკოსების ეკლესიაში სიარული მათი „პიარ-კამპანიის“ აუცილებელი ნაწილია. 1995 წლიდან პრეზიდენტის ეკლესიაში ინაუგურაციებით კი საქართველოში სიმბოლურად შუა საუკუნეების მონარქისტული იდეოლოგიის სუროგატი დამკვიდრდა. ამგვარი გარეგნული საკრალიზაციით ხელისუფლება საკუთარი ავტორიტეტის გამყარებას ცდილობს, რაც, თუნდაც ფორმალურ დონეზე, შუა საუკუნეებისაკენ გადადგმული ნაბიჯია. ეს კი თავად ეკლესიას უმაღლეს სალეგიტიმაციო ფუნქციას უბრუნებს და მას ქმედითუნარიან პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაქმნის.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბოლო ოცწლეულის მანძილზე არა მხოლოდ უმაღლეს ავტორიტეტად, არამედ ყველაზე პრივილეგირებულ უმსხვილეს ფეოდალადაც იქცა, რომელიც შეიძლება იმაზე მეტ ქონებას ფლობს, ვიდრე მას შუა საუკუნეებში ჰქონდა. მისი მაღალი ავტორიტეტი კი არა ეკლესიის დამსახურებებისა და „განსაკუთრებული როლის“ შედეგია, არამედ გარდა საგანმანათლებლო-კულტურული კრიზისისა, ძირითადად ორ საფუძველს ემყარება. ესენია: 1. პოლიტიკისა და პოლიტიკური იდეების დაბალი ავტორიტეტი და მათდამი ადამიანების უნდობლობა და 2. ეკლესიის განსაკუთრებული, ფაქტობრივად, შეუზღუდავი პრივილეგირებულობა, რომელიც მას სახელმწიფოსა და მმართველი პოლიტიკური ძალებისგან აქვს მიღებული, რაც 2002 წლის საკონსტიტუციაო შეთანხმებით („კონკორდატი“) ოფიციალურად გაფორმდა. ეკლესია თავისუფალია გადასახადებისგან, არ მოწმდება მისი კომერციული საქმიანობა, ყოველწლიურად იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს, რომ არაფერი ვთქვათ ბიუჯეტით გაუთვალისწინებელ ძვირფას საჩუქრებზე – მიწებზე, შენობებზე, ავტომანქანებზე და ა.შ.

ასეთი რეალობა უკლებლივ ყველა პოლიტიკურ ძალასა და არაერთ ცალკეულ საზოგადოებრივ ჯგუფს ეკლესიის მიმართ დამოკიდებულებაში სრული ოპორტუნიზმისაკენ უბიძგებს

ასეთ ფონზე ეკლესიისა და სახელმწიფოს (ხელისუფლების) მოჩვენებითი დაპირისპირება ფარსია, რომელსაც ორივე მხარე თავის სასარგებლოდ იყენებს: მმართველი პოლიტიკური ძალა (ნაციონალური მოძრაობა) ეკლესიისა და მის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების ფონზე საკუთარ თავს ყველაზე პროგრესულ და ლიბერალურ ძალად მოგვაჩვენებს და გვავიწყებს იმ ფაქტს, რომ ეკლესიის ასეთი უმასშტაბო გაძლიერება სწორედ ნაცმოძრაობის მმართველობის ქვეშ და მისივე ძალისხმევით განხორციელდა. ეკლესია, თავის მხრივ, ხელისუფლებასთან ზოგჯერ კრიჭაში დგომით, რასაც უმალვე ახალ-ახალი ძვირფასი საჩუქრები მოჰყვება ხოლმე ხელისუფლების მხრიდან, სააკაშვილის მმართველობით უკმაყოფილო ადამიანებს მისი უკეთესი ალტერნატივისა და ხალხის კეთილდღეობაზე მზრუნველი კეთილი მამის ილუზიას უქმნის.

ასეთი რეალობა უკლებლივ ყველა პოლიტიკურ ძალასა და არაერთ ცალკეულ საზოგადოებრივ ჯგუფს ეკლესიის მიმართ დამოკიდებულებაში სრული ოპორტუნიზმისაკენ უბიძგებს, რამდენადაც დღევანდელ საქართველოში აღარ არსებობს „ხსნა“ – პოლიტიკური თუ კომერციული წარმატება – ეკლესიის ლოცვა-კურთხევის გარეშე. ამისათვის ისინიც კი, ვინც საკუთარ თავს ლიბერალებად ან მემარცხენეებად მიიჩნევენ, თვალს ხუჭავენს ეკლესიის რეალურ პოლიტიკურ სახეზე და უნდათ, რომ საეკლესიო პირთა ექსტრემისტული თუ შოვინისტური გამონათქვამები ან ეკლესია-მონასტრების მიერ მოსახლეობის შევიწროება და მომხვეჭელური ქმედება კერძო შემთხვევებად წარმოაჩინონ. ეკლესიის უკეთ გაცნობისა და მასთან დიალოგისაკენ მოწოდებით კი, „ლიბერალები“, უპირველეს ყოვლისა, კრიტიკულად განწყობილ აბსოლუტურ უმცირესობას ემიჯნებიან. ამგვარი რიტორიკა არა გულუბრყვილო თვითმოტყუება, არამედ საკუთარი ოპორტუნიზმის ზომიერებითა და კეთილგონიერებით შენიღბვის ერთობ უღიმღამო მცდელობაა.

არანაირი განსაკუთრებული თეორიული ცოდნა და ანალიტიკური უნარები არაა იმისათვის საჭირო, რომ ეკლესიიდან მომავალი აგრესია, შეუწყნარებლობა, შუა საუკუნეების დროინდელი სექსიზმი და ქალთმოძულეობა, ადამიანების ფსიქოლოგიური მანიპულაცია და წამქეზებლობა დავაფიქსიროთ და მას კერძო შემთხვევების კვალიფიკაცია არ მივცეთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული თუ სარწმუნოებრივი შუღლის გაღვივება უმეტეს შემთხვევაში მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ორგანოს – წმინდა სინოდის წევრებისგან – ეპისკოპოსებისა და მიტროპოლიტებისგან მოდის, აბსურდული უნდა იყოს იმისი მტკიცება, რომ ეს გამონაკლისებია. საქმე ეხება არა ცალკეულ, კერძო შემთხვევებს, არამედ თავად საპატრიარქოსა და სინოდის გეგმაზომიერ პოლიტიკას. სამაგალითოდ კმარა რუსთავის მიტროპოლიტ ათანასე ჩახვაშვილის აგრესიული შოვინიზმით გამსჭვალული ქადაგების მოსმენაც, რომლისთვისაც მას ნებისმიერ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში სასამართლოს წინაშე პასუხისგება მოუწევდა. მაგრამ საქართველოში ეკლესია ის ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელიც კანონზე მაღლა დგას და კანონმდებლობა მასზე მხოლოდ მის სასარგებლოდ ვრცელდება.

ეკლესიის თემა, ჩემი აზრით, საქართველოში ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდიცაა ამა თუ იმ პოლიტიკური თუ სოციალური იდეის სინაღდისა და დამაჯერებლობის შესამოწმებლად.

ამავე დროს, ეკლესიის თემა, ჩემი აზრით, საქართველოში ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდიცაა ამა თუ იმ პოლიტიკური თუ სოციალური იდეის სინაღდისა და დამაჯერებლობის შესამოწმებლად. „ლიბერალებისა“ თუ „მემარცხენეების“ მზარდი ლოიალურობა ეკლესიის მიმართ, სინამდვილის შელამაზება, აღმსარებლობითი ჟანრის თვითკრიტიკა და სრულიად აბსურდული მოწოდებები დიალოგისაკენ იმ ორგანიზაციასთან, რომელიც არათუ გამორიცხავს განსხვავებულ აზრებსა და პოზიციებს, არამედ მათ გამო საშინელი სამსჯავროთი და შეჩვენებით იმუქრება, საქართველოში ლიბერალური იდეების სიხისტესა და საფუძველმორყეულობაზე მეტყველებს, რომლებიც ადვილად „ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“.

საქართველოში ლიბერალური იდეების სისუსტე იმითაცაა განპირობებული, რომ ამ იდეებით გატაცებულებმა ალტერნატიული ღირებულებების შემოტანა და დამკვიდრება ვერ შეძლეს, ვერ შეძლეს ფეოდალური ცნობიერებისგან თავისუფალი გარემოს შექმნა, ალბათ იმ მიზეზითაც, რომ თავად „ლიბერალებისათვის“ არ ყოფილა ეს ღირებულებები არც გააზრებულ-გაცნობიერებული და, საბოლოო ჯამში, არც ღირებული. გარიყვისა და უმცირესობაში ყოფნის საფრთხის თავიდან ასაცილებლად კი მართლმადიდებლობა იდეალური და უკანასკნელი თავშესაფარია ქართველი „ლიბერალებისათვის“, რომელიც, როგორც ერთ დროს გზასაცდენილ, მაგრამ მერე დაბრძენებულ და გონს მოგებულ შვილებს, ისევ გულში ჩაიხუტებს და მათთვის კუთვნილ „მადლსაც“ უწილადებს.

Tags: გიორგი მაისურაძე, ეკლესია, რელიგია, მართლმადიდებლობა, ნაციონალური მოძრაობა, ლიბერალიზმი, ლიბერალები, გრამში, სინოდი, კონკორდატი, ფეოდალიზმი, ათანასე ჩახვაშვილი



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
 წინა    
ავტორი: ძმა საიდან გვწერთ: ძმისგან
09.05.2012 23:15
ავტორი: GERMANE
09.05.2012 17:53
გერმანე, შენ კიდევ რა! კოხი კოხია! და ეგაა საერთოდ მეცნიერება. საბუნებისმეტყველო განსაკუთრებით. განსხვავებას რომ ვერა ხვდები ის ანონიმი რას წერს, - რა გჭირს კაცო?! რა იცი ყველაფროს ერთად მოხარშვა? ერთადერთი გეპატიება იმიტომ, რომ ბოღმა არ ხარ! :))))))

ავტორი: GERMANE
09.05.2012 17:53
ავტორი: ანონიმი
09.05.2012 12:44

ჩემო მართლაც ძვირფასო ანონიმ - მთქმელს გამგონეც უნდა შემგნებიც - არა მარტო შემგინებელი.

ჰოდა ასე იქნებოდა შენს მიერ ზემოთმოყვანილი მაგალითის სწორი გაგების ამბავი ერთ სხვა მაგალითზე.

ყველა ვიცნობთ რობერტ კოხს - უდიდეს ექიმს, ბიოლოგს, ბაქტერიოლოგს და ქველმოქმედ პიროვნებას.
ამ ადამიანმა დაამარცხა ტუბერკულოზის ეპიდემია და ევროპის ოჯახებს, ოჯახის წევრებს და ყველას ერთმანეთის შიშის გრძნობა გაუქარწყლა - შიში ტუბერკულიოზით დაავადებისა.

მსოფლიოში არსებობენ ათეულობით ინსტიტუტები, რომლებიც მის სახელს ატარებენ, უამრავი სხვა რევერანსები უკეთა და უკეთებს ამ პიროვნებას მსოფლიო.

მიუხედავად ამისა, გაეცანით რობერტ კოხის მოღვაწეობას აფრიკაში და მის "ბრძოლას" ე.წ. "ძილის ავადმყოფობის" წინააღმდეგ.
ამ "ჰუმანისტ" ადამიანს ერთი წამითაც კი ხელი არ შეტოკებია, როცა ის ექსპერიმენტებს ატარებდა ცოცხალ "ზანგებზე". ექსპერიმენტებს, რომელთა სისასტიკე გვზარავს იმის შემდეგაც კი, რაც ჰიტლერის ექიმების საქმეები გახდა ცნობილი.
რობერტ კოხის აფრიკაში მოღვაწეობა-ქმედება იყო ანტიჰუმანური კიარა - ეს იყო მაშინდელი კანონებითაც კი ევროპაში სისხლის სამართლის კანონებით დასასჯელი. ადამიანებს წლების მანძილზე არსენით წამლავდნენ და აკვირდებოდნენ - რა დოზა კლავს, რა დოზა იწვევს სრულ "გახევებას", რა დოზა იწვევს წყლულებს, რა დოზით გადაეცემა სიმპტომები თაობიდან თაობას და იმუშავებს თუარა მომავალი ბავშვი გარკვეულ იმუნიტეტს არსენიკუმის წინააღმდეგ, თუკი მისი მშობელი დიდ დოზებს იღებდა.

ეს ყველაფერი შუა საუკუნეებში კიარ ხდებოდა, არამედ მაშინ ყველაფერი ფირზე და ტელევიზიით დოკუმენტირდებოდა.

ახლა, ამას ისე თუ გამიგებთ, რომ კოხის საფლავი ამოვთხაროთ და ყველა ინსტიტუტს და მის სახელად წოდებულ ჩხირსაც სახელი გადავარქვათო - ეს თქვენი ინტერპრეტეციის საქმეა.

ავტორი: ანონიმი
09.05.2012 12:44
წმინდანებად შერაცხული მეფეები თუ გმირები არანაკლები სისხლისმსმელები იყვნენ, ვიდრე ტირანებად და მოღალატეებად ცნობილი ანტიგმირები.

ესაა ამ ვაჟბატონის ერთ-ერთი წინა გქმოსვლიდან. რადიო თავისუფლების ქართული რედაქცია ამის პირით ქართველებს უმტკიცებდა რომ "გალობანი სინანულისანის" ავტორი და შუა საუკუნეებში,მიტერანამდე 800 წლით ადრე სიკვდილით დასჯის გამაუქმებელი თამარი და ოსვენციმის გუშაგი თუ ლენინის დავალებით შხამების ლაბორატორიის შემქმნელი მაირანოვსკი ერთი და იგივე ხალხია. ამას წერდა მოხსენებაში შევარდნაძისტი ვიყავი და არა მცხვენიაო. იყავით ბიძია ბაბუებო და ბებიებო რაც გნებავთ,ლიბერალი ვარ ოღონდ ლიბერალიზმის კლასიკოსებისთვისაც ტყუილი ცუდია. თუ შეიძლება ნუ ხარჯავთ მოძმე ამერიკელების ფულებს ქართველების გასადურაკებლად.

ავტორი: ქეთევანი
09.05.2012 11:51
ძალიან საცოდაობაა ასეთი წერილების წერა. საერთოდ ამ ავტორის სტილი გამუდმებით თითის ქნევა და სხვის თავებზე კაკუნია. რა უნდა, შეგვეშვას რა! თუ რამის შნო აქვს, რამე ერთი ისეთი სიტყვა თქვას, რომ იქიდან რაიმეს "გაზრდა" შესაძლებელი იყოს. თუ არ შეუძლია, საკუთარ ბოღმებს მიხედოს ცალკე. საჯაროდ ამდენი ბოღმაობა, ერთი და იგივეზე, მავნებელია საზოგადოებისათვის. ეს არაა კრიტიკოსობა. ბნელ სტატიებს წერს. საქართველოში ბევრია ისეთი, ვისაც უხარია ბნელობების გაგება და არიან ასე მჭიდროთ ავტორთან ერთად. რატომ ერთი წუთით მაინც არ დაფიქრდებიან, - იქნება პრობლემა თავად არიან? საშუალო განათლების, საეჭვო გემოვნების, დრეკადი პრინციპების, სუსტი, მაგრამ რეზისტენტული არსებები.

ავტორი: Shalva საიდან გვწერთ: safrangeti
09.05.2012 01:55
ძალიან სუსტი წერილია
ბევრი ლანძღვა ცოტა არგუმენტები

ერთადერთი რისი გაკეთებაც ხალხს შეუძლია ეს არის ყალბის ნამდვილისგან გარჩვა - ამიტომაც არა აქვთ ნდომა პლიტიკკური პარტიების უდიდეს ნაწილს - მთავრობასა დამის მაქებარ ინწილიგენციას - და ეგრედ წოდებულ ლიბერალებსაც

და ის ფაქტი რომ ყოველ კვირა როდესაც მაქანაით თბილისის ქუჩებს ჩაუყვებით ჩვენ ვხეედავთ ხალს ტაძრების ეზოებში რომლებიც ვერ ეტევიან შენობებში.


ავტორი: ანონიმი
08.05.2012 21:39
სად ნახეთ ნეტა ქართველი ლიბერალი? ბეიკერი რომ პროშტნიდა ჯაბას ის ზარ-ზეიმით ექვთიმე თაყაიშვილზე მიასაფლავეს და მისი ტოლი სადაა? თუ ოდნავ შევცვლით ნაღდი დემოკრატი ირაკლი წერეთელი უმცროსის მოსწრებულ გამოთქმას ქართველი ლიბერალი ბურთივით მრგვალი მთაწმინდაზეა და იქიდან ჩამოსვლას ჯერ არ აპირებს. ბოლო ქართველი ლიბერალის მიწიერი თავშესაფარი უკვე დიდი ხანია რაც მთაწმინდაა.

ავტორი: tini nogaideli-michel
08.05.2012 19:35
ვარ გათხოვილ კათოლიკეზე. ჩემი მეუღლის ძმა მღვდელი, და ქველმოქმედი, ბიბლიის მცოდნე და ჩემი მეუღლე ურწმუნო :D ეს იმისთვის დავწერე, რომ გამოვთქვა ჩემი გაოცება როცა მათ ვუსმენ - აქაც არიან ექსტრემისტები, მაგრამ არა მასიურად. ქრსიტიანული მოძღვრების, სათნოების განხილვა, ტოლერანტობა, გამოგიტყდებით და გამოცებული დავრჩი. ჩვენს ეკლესიაში ლამის ქვებით მწვდნენ, როცა ჩემი ჯვრისწერის გაუქმებისთვის ინფორმაციის მოსაპოვებლად მივედი. მკითხეს - ქორწინდებითო ? მეთქი არა ეკლესიურად. ჟვარს არ იწერთო ? აღშფოთდა მდივანი გოგონა. არა თქო. თქვენი მეუღლე ქრისტიანიაო ? კი მეთქი, კათოლიკეაო. ეს ფრაზა ვთქვი საპატრიარქოში. ამ გოგონამ ისე შემხედა, თავი უკანასკნელი ცოდვილი მეგონა - ძალიან ცდებითო. მერე მწერდნენ ფეისბუქზე ახლობელი მორწმუნეები, ვეცოდებოდი რომ ასე ურჯულოზე ვთხოვდებოდი. ნუთუ ასე რთულია ბიბლიას გადახედონ, ქრისტეს ცხოვრებას და მისგან აიღონ მაგალითი ? დაუფიქრდნენ, რომ იესოს არ უქადაგია ქვების ხლა და არც კათოლიციზმი და არც მართლმადიდბლობა, რომ სრულიად საწინააღმდეგოს ქადაგებენ ქართველი მღვდლები ? მოყვასის სიყვარული, არ განსჯა, ქვის არ დაშენა ... რომელი ერთი მაგალითი მოვიყვანო, რომ ღმერთი არსში თავად არის სიყვარული ? ჯეკ !!!!

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველო
08.05.2012 16:21
არალიბერალო, მე მგონი სტატიაში საუბარია არა იმაზე, თუ რითი სუნთქავს ქრისტიანი, არამედ იმაზე, თუ რითი სუნთქავს ქართული მართმადიდებელი ეკლესია ... თან ძალიან რეალისტურად და ობიექტურად

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
08.05.2012 16:09


ავტორი: არალიბერალი საიდან გვწერთ: ლიბერიიდან
08.05.2012 13:53
სტატიის ავტორს წარმოდგენა არა აქვს რითი სუნთქავს ქრისტიანი,
თქვენი აზრი გვითხარით, რითი?













ავტორი: არალიბერალი საიდან გვწერთ: ლიბერიიდან
08.05.2012 13:53
სტატიის ავტორს წარმოდგენა არა აქვს რითი სუნთქავს ქრისტიანი,

ავტორი: GERMANE
08.05.2012 10:53
ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
07.05.2012 19:40 "

"საქართველოში ეკლესია ის ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელიც კანონზე მაღლა დგას და კანონმდებლობა მასზე მხოლოდ მის სასარგებლოდ ვრცელდება."

პოლიცია? პროკურატურა? კუდი? სოდი? მკვლელი პოლიციელები? ზონდერბრიგადები? ფსევდომედია? ნანუკა ჟორჟოლიან-თიკა სალაყაიას "ძლევამოსილი ცოლების კლუბი"... პრეზიდენტის აპარატი, პრეზიდენტის დაცვა?..

ასე როგორ დაგაბრმავათ ათეიზმმა, რომ უკანონობის ერთადერთ ბუდედ ქართული ეკლესია მიგაჩნიათ?
"""

მაშ ასე, სოლომონ - ახლა ვნახოთ ვინაა დაბრმავებული:
შენი ჩამონათვლელი - სუკი-მუკი-კუდი და ა.შ. არ დგანან იმ დაწერილ თუ დაუწერელ კანონებზე მაღლა - ეს ორგანიზაციები მანამდე დგანან კანონებზე მაღლა, ვიდრე ამას სააკაშვილი დაუშვებს. სააკაშვილი შენი კუდისაც და შსს-საც ისე გაგიმწესებს ციხეში, თვალი არ აუხამხამდება. რაო, მინისტრები არ აცემინა და არ ჩააჯინა?

ახლა მოდით ვნახოთ, ვინ უფრო მაღლა დგას საქართველოში - ქართული მართლმადიდებლური ეკლესია თუ სააკაშვილი? ვის ვისი გადაყირავება შეუძლია.

სოლომონ, მართლა სიბრმავე ხომ არ შეგეყარა, ამაზე რომ მაკამათებ?
საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ერთადერთს შეუძლია სააკაშვილი ეკლესიურად დასწყველოს, ეშმაკის მოციქული დაუძახოს და მიადგებით მიშას მერე ქრისტეს სახელით და ჯვარზე აცმას არ აკმარებთ.
რომელი სუკის თუ კუდის თუ ვიღაც ჯანდაბის თანამშრომელი ან შეფი წავა საქართველოში პატრიარქის წინააღმდეგ? ამაზე კამათი ღირს?

ეჰ, სოლომონ, სწორედ ამიტომაა რომ თქვენნერები სავსებით იმსახურებენ სააკაშვილს. ზუსტად ზედგამოჭრილია თქვენზე. მე ის უმცირესობა მებრალება, სააკაშვილს რომ არ იმსახურებს და არც თქვენ უაღმატესებულობას.

სოლომონ, გამოფხიზლდი კაცო, გამოფხიზლდი.
საქართველოს უბედურება ერთი-ორი დეგენერატი დიქტატორი კიარაა - საქართველოს უბედურება ის სიცრუეა, რომელიც სკოლაში გვასწავლეს, დიქტატორები გვწვრთნიან და ეკლესიით ჩაგვჩიჩინებენ (ერთადერთი, მართალი, შეუცდომელი, ღვთისეული, ამისა და იმის წილხვრდომი, ამა ენითა ალაპარაკდება, ენა-მამული-სარწმუნოება, კაცი ოჯახის თავი და უფალი - მასავით უცდომელი და დამორჩილებისუნარიანი და ა.შ).
საქართველოს უბედურება ისაა, რაც ქალბატონმა შორენამ ასე კარგად აღწერა - თბილ ჩაიზე ბიბლიოთეკაში მოსაუბრე მონაზონი ან საქორწილო სუფრაზე შეზარხოშებული მღვდელი ისე გელაპარაკება, რომ 22-ე საუკუნის ჰუმანისტი გეგონება. ეკლესიიდან და ქადაგებიდან კი მონობაზე მოგიწოდებს. აი ეს ორმაგი მორალია, რომ გვღუპავს. საუკუნეების მანძილზე ეკლესია ფეოდალებს წილში უჯდა ქართველი ბავშვების მონად გაყიდვაში, საუკუნეების მანძილზე ეკლესიამ თავად-აზნაურსაც კი აუკრძალა სახარები კითხვა - ეს მისი პრიორიტეტი იყო (მეთვრამეტე საუკუნემდე საკუთარი "ქართული" ენა ჰქონდა, რომლის გადაგდებასაც ბევრი ცნობილი თავი გადაჰყვა!), ეკლესიამ ის მოახერხა, რომ მუსულმანი ქართველი ქართველად არ იწოდება, ის მოახერხა, რომ საქართველოს არცერთ ეპოქაში მშვიდობიანი ალიანსი არ დაემყარებინა მუსულმანურ სამყაროსთან, ეკლესიას ერჩივნა მთელი ერი გაწყვეტილიყო და ამით თავისი ადგილ-მამულები გადაერჩინა.
სოლომონ, იკითხე საქართველოს საჯარო რეესტრში თუ ვინაა ყველაზე დიდი მიწათმფლობელი საქართველოში - ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. კანონი, რომელიც სააკაშვილისათვისაც კი არ არსებობს (მიწის კანონი) - ეკლესიისათვის რეალობაა. ახლა კი ეკლესია "ქველმოქმედებრივად" მოუწოდებს ხალხს - საეკლესიო მიწების დამუშავების უფლებას მოგცემთო - საინტერესოა რა იჯარა-ხარკის ფასად!

სოლომონ, ჩვენი უბედურება მორალური უსახურებაა და ეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ინსტიტუციიდან მოდის და არაა არც ჯაბა იოსელიანისა თუ მიხეილ სააკაშვილის შემოტანილი საქართველოში.
აკეთე რაც გინდა, სულერთია - მთავარია მედიების თანხლებით ეკლესიაში ილოცო, ეკლესიას ფული და აღზევება დაჰპირდე და ნურასოდეს დაუპირისპირდები - მაშინ ყველა ცოდვა მოგვეტევება და ყველა სისიხლი გამართლდება. პატრიარქის კურთხევით დასმულს პატრიარქის წყევლის გარეშე საქართველოში ტახტიდან ვერავინ ჩამოაგდებს - ესაა რეალობა და ამიტომაც ეკლესია ყველა დაწერილ თუ დაუწერელ კანონზე მაღლა დგას.

ბევრი იტყვის - ასეც უნდა იყოსო - ამას ალბათ შენც, ჩემო სოლომონ, ასე ფიქრობ და ამიტომაცაა საქართველო ამ სიტუაციაში.

ავტორი: atanase
08.05.2012 03:05
რაო ეშმაკის მონებო, დაგლახვრათ ეკლესიის მაღალმა რეიტინგმა?!

ავტორი: თიკა
08.05.2012 00:20
ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
07.05.2012 19:40
"დაღონებული სოლომონი" :)))))))))))))))

ავტორი: ანონიმი
07.05.2012 22:34
ეკლესიისა და სახელმწიფოს (ხელისუფლების) მოჩვენებითი დაპირისპირება ფარსია, რომელსაც ორივე მხარე თავის სასარგებლოდ იყენებს.

სწორია! ეკლესიაც საზიზღარია და სახელმწიფოც! ისინი უნდა დაერივნონ ერთმანეთს და დალეწონ ყველაფერი რაც გადაურჩა თემურ ლენგს,აღა მაჰმად ხანს და კიტოვანს!!! მერე ნანგრევებზე უნდა აირჩიონ სექსუალური და არასექსუალური უმცირესობებისგან შემდგარი პარლამენტი. და პრეზიდენტად არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ფადიშახი მასეთივე ცოლების (ან ქმრების) ჰარემით! მაშინ ყველაფერი ოკ იქნება. ოღონდ დღეს უკვე გასარკვევი გახდა თუ რომელია ტრადიციული სექსუალური ორიენტაცია და სექსუალურ-ეთნიკური უმცირესობა და ამის გადასაწყვეტად უნდა შეიქმნას ბრძენთა საბჭო თქვენი თავმჯდომარეობით.

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
07.05.2012 20:35
საპატრიარქოში და დღევანდელ ჩვენს ეკლესიაში ყველაფერი რომ წესრიგში არ არის ეს არ ახალია. ამას უკვე თვითონ მღვდლები აღიარებენ და ამის დანახვა არ არის რთული, მაგრამ იქნებ ვინმემ ამიხსნას, რატომ არა აქვს შორენა შავერდაშვილს უფლება , რომ იყოს მართლმადიდებელი? ლიბერალიზმი ხომ გულისხმობს აღმსარებლობის თავისუფლებასაც. მეტი დამაჯერებლობისთვის ამონარიდი ვიკიპედიიდან:
ვრცელი გაგებით თანამედროვე ლიბერალიზმის ქვაკუთხედი ინდივიდუალური უფლებებია. ის მიელტვის საზოგადოებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია თითოეული ადამიანის აზროვნების თავისუფლება, ძალაუფლების შეზღუდვა, გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე ბ ი თ მთავრობის და რ ე ლ ი გ ი ი ს, კანონის უზენაესობა, უფასო საზოგადოებრივი განათლება, იდეათა თავისუფალი გაცვლა.
ვინ დააწესა, რომ ლიბერალს არ აქვს უფლება რაიმე აღმსარებლობის იყოს. სწორედ ამ სწორხაზოვნების გამო არ ვაკრიტიკებთ ხოლმე ფანატიკოს მრევლს? რა მოხდა , იგრძნო ამ ადამიანმა ღმერთი ერთ-ერთ მონასტერში, რა არის ამაში ასეთი საშინელი ვერაფრით ვხვდები. იმხელა ამბავი ატყდა , რომ ალბად ნანობს კიდეც თავის საჯარო აღსარებას და მართალიც არის თუ ნანობს, რადგან ხშირად გულწრფელობა ძალიან არაერთგვაროვნად აღიქმება ხოლმე და ის ქარცეცხლი, რომელიც მას დაატეხეს თავს აუცილებლად გაუნელებდა იმ ისედაც რთულად მოსახელთებელ ამაღლებულ განწყობას. როგორც ჩანს კუდიანებზე ლიბერალებიც ნადირობენ.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
07.05.2012 19:40
ბატონო გიორგი,

შეიძლება უფრო ვრცლად გამოგეხმაუროთ, მაგრამ ჯერ ერთი მარტივი კითხვა მაქვს როდესაც ეს წინადადება დაწერეთ შეცდომა დაუშვით, თუ მართლა ასე ფიქრობთ - საქართველოში მაცხოვრებელი ქართველი?

"საქართველოში ეკლესია ის ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელიც კანონზე მაღლა დგას და კანონმდებლობა მასზე მხოლოდ მის სასარგებლოდ ვრცელდება."

პოლიცია? პროკურატურა? კუდი? სოდი? მკვლელი პოლიციელები? ზონდერბრიგადები? ფსევდომედია? ნანუკა ჟორჟოლიან-თიკა სალაყაიას "ძლევამოსილი ცოლების კლუბი"... პრეზიდენტის აპარატი, პრეზიდენტის დაცვა?..

ასე როგორ დაგაბრმავათ ათეიზმმა, რომ უკანონობის ერთადერთ ბუდედ ქართული ეკლესია მიგაჩნიათ?

დიდ პატივს გცემთ თქვენი ჭკუისა და საინტერესო სტატიების გამო, მაგრამ ამ ფრაზამ ძალიან დამაღონა - ჭეშმარიტებისგან იმდენად შორს დგას, რომ კიდევ უფრო ანგაჟირებული ადამიანის შტაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე თავად გახლავართ, ბატონო ჩემო...

ავტორი: ანონიმი
07.05.2012 19:33
ვინ არის შორენა და სად შეიძლება მისი სტატიის წაკითხვა ამ თემაზე.. თუ შეიძლება დაწერეთ...

რაც შეეხება გიორგი ალიბეგაშვილის და სალომეს ასათიანის სტატიებს სამწუხაროდ ვეთანხმები, და ვფიქრობ ეს თემა საჯარო დისკუსიის საგანი უნდა იქცეს...სტატიის ავტორებსა და მის მომწონებლებს კი უეჭველია ჩვენი მორწმუნე და სათნო თანამოქალაქეები ანათემას გადაგვცემენ. ერთ-ერთმა უკვე გვიწოდა გველები..

ავტორი: ადამიანი საიდან გვწერთ: ლაზიკის TrumpTowerდან
07.05.2012 19:17
ყველაფერი კარგადაა საქართველოში, უბრალოდ 'ინტელექტუალები' არიან უსაქმოდ და არარსებულ ფობიებს / გამოგონილ პრობლემებს ეჭიდებიან.

ელენ-ელენ
07.05.2012 17:15
ჯიპზე პირველად მღვდელი მახსენდება. რა გახდა ეს "გადაადგილების მარტივი საშუალება" :D ღმერთმა შეარგოთ. ერთი კიარა, სულ ათ-ათი ჰქონდეს ყველას. ამით რამე გვაკლდება?

giorgi საიდან გვწერთ: momavali samezoblodan
07.05.2012 14:41
მართალი ხარ ყველაფერში.

ავტორი: ელენ-ელენ
07.05.2012 17:15
მძიმე თემაა, ზუსტად ვიცი, რომ დღეს და ამ ვითარებაში ავტორს ასეთი წერილისთვის ანათემას გადასცემენ. რატომ ვიცი? მაგალითების მოყვანა შემიძლია: ერთ-ერთ გაზეთის ჟურნალისტს ერთ-ერთ რეგიონში იქაურმა მთავარეპისკოპოსმა ლამის კვერთხი ჩაარტყა თავში, აქაოდა, რატომ დაწერე ჩვენს საეპისკოპოსოზე არაკეთილგანწყობილი სტატიაო. არადა, თუ მახსოვრობა არ მღალატობს, იმ სტატიაში მხოლოდ ის ეწერა, რომ ეპისკოპოსის პრეს-სპიკერი შინაგან საქმეთა რეგიონული სამსახურის ყოფილი პრეს-სპიკერი იყო. კიდევ ისიც მახსოვს, როგორ აიღეს ჯვარი პროვინციული ქალაქის ცენტრში ისევ და ისევ მთავარეპისკოპოსის კურთხევით; ისიც მახსოვს, რა მდგომარეობაში მყოფმა აჩუქა ერთმა მთავარეპისკოპოსმა ხატი პრეზიდენტს... მოკლედ, ავტორს ანათემა გარანტირებული აქვს... არადა, სიმართლეს წერს, რადგან უბრალოდ, გინდა, რომ ეკლესია მაინც იყოს შეურყვნელი, მართალი, წაუბილწველი და ასე არაა. რადგან ეკლესიის მამები მეორედ მოსვლაზე ქადაგებენ, განკითხვის დღეზე, გვმოძვრავენ არ ავიღოთ ID ბარათები, გვეუბნებიან, რომ დაგვვშიფრავენ ხელისგულზე, თავად კი იაპონური ჯიპებით დაბრძანდებიან, რომლებიც სწორედაც კოდებითა და შრიფტებით მოძრაობენ და ავტომატიზებულები არიან. მოკლედ, არ მომწონს რაც ხდება და ვამბობ. სრულად ვიზიარებ წერილის ავტორის აზრს და მხედველობას და ისიც ვიცი, თუ დროზე არ ვუმკურნალეთ ამ დაავადებას, საშიშ ფორმას მიიღებს უდავოდ...

ავტორი: ანონიმი
07.05.2012 15:27
"სულიერება" რომ უნდა "შემოგვთავაზონ" ჰაჰაჰა! მიდი ახლა და ელაპარაკე!

ავტორი: ელ-გუჯა საიდან გვწერთ: აღაიანი
07.05.2012 14:55
ავტორ ეტყობა რომ იმ ანტი-ეკლესიურ ფრთას ეკუთვნის რომელიც გართულია რეალობის დამახინჯებით და მოწოდებულია საგრანტო პროგრამების წინაშე კეკლუცით,
სახეზეა ამ კეკლუცი "მოაზროვნეების" ამბოხი და იმის დამტკიცება წინარესიტორიული გველისთვის რომ ჯერ კიდევ სუნთქავენ და მზად არიან შეასრულონ ნებისმიერი დავალება

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: momavali samezoblodan
07.05.2012 14:41
გიორგის სტატია კიდევ ერთი გადამღერებაა ე.წ. ქართული "ლიბერალიზმის". თუმცა მისი გულდაწყვეტა იმედისმომცემად მახარებს. როგორც ეტყობა ზოგიერთმა "ლიბერალისტმა" პირჯვრის წერა დაიწყო და შეიძლება ეკლესიის აქტიური მრევლიც კი შეიქნა. არაა ეს ცუდი ბატონებო, -კაცი ადრე თუ გვიან მიდის ჭეშმარიტებამდის.
არaდა გიორგის და მისი მეგობრების წერილებს რომ ვკითხულობ სულ ერთი და იგივე ხლეწერას ვცნობ, ანუ მთავარ სურვილს - წარმოაჩინონ სასურველი რეალობად. მაგალითისთვის ეს ყოველივე რეალობაა კათოლიციზმის შემთხვევაში, თუმცა ავტორმა და მისმა მეგობრებმა უნდა აღიარონ და გაითავისონ,- მართმადიდებლობა სრულიად სხვა სამყაროა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მათ შორის გამოკვეთილად სრულყოფილი ორგანიზმია. ასე რომ მთელი სამყაროს შეჩვენება იმის გამო რომ ხალხს სწამს( ხალხს და არა ბრბოს)მათ შორის უბრალოს, ბრალიანს, ნასწავლასც და განსწავლულსაც, მიმაჩნია რომ დიდი არასრულფასოვნების კომპლექსის გამოვლინებაა, რადგან როგორც წესი ე.წ. "ლიბერალიზმი" ისეთივე "მახათია" როგორც ბევრი სხვა მონათესავე იდეოლოგიური წარმონაქმნები.
ფაქტისთვის ბ-ნ გიორგი: მითხარით რომელმა "ლიბერალმა" დადო ერთი კენჭი საქართველოს აღშენებლობისთვის, რომელიa მსხვილი გადამხდელი ბიუჯეტში, ან რომელი ქმნის სახელმწიფო დოვლათს, ამუშავებს მიწას ან ანაშენიანებს გაუდაბურებულს?- აი, "მართმადიდებელი ფეოდალები" კი თუ არ ჩავთვლით საბიუჯეტო თავისუფლებას( რომლის კომპენსაციას სხვა "ჯვრის გადამწერელები", რომელიც ჩვენი საზოგადოების 80% შეადგენს, შესანიშნავად ახერხებენ) ვფიქრობ რომ უმოწყალოდ ამარცხებენ ჩვენს "ლიბერალებს" ამ "უთანასწორო" ბროძოლაში. მეტიც ბ-ნ გიორგი, მართმადიდებლობა კი არაა ნარკოტიკი და ადამიანის შინაგანი რწმენა, ეს გამობრძმედილი, დროში გამოცდილი და ზეჰუმანური რელიგია კი არაა მავნე დამოკიდებულების გამჩენი არამედ "მახათი"(რომლის სინონიმებს სხვა დროისთვის მოგახსენებთ), სწორედ ამ მახათმა იცის შეჩვევა და თუ "შეჯექი" მერე ძნელია გადაგდება. ასე რომ პრობლემა "მემახათეებშია" რომელსაც დღეს ჩვენში "ლიბერალიზმი" ჰქვია.
თქვენ კი უნდა სწერო ბევრი და უნდა იხარშოთ საკუთარ ნააზრევში, რადგან ერთხელაც აუცილებლად მიხვდებით რომ მთავარი სიყვარულია, ერთგულებაა დაკაპიწებული შრომაა საქმე და რწმენაა, რომელიც თქვენც, მეც და ყველა ქართველს ერთად შეგვკვრავს, დიდი ფასი აქვს თითოეულ ქართველს და მით უმეტეს განათლებულს. Gიორგი: ჩვენ ერთნი ვართ, ერთნი!!!!

ავტორი: მერაბი საიდან გვწერთ: დრეზდენი
07.05.2012 14:12
ჩემო კარგო გიორგი, ხომ გსმენია, "რაც ერი, ის ბერიო". ეკლესია საზოგადოების ნაწილია და არა ოლიმპოზე მცხოვრები, ამიტომაც იგივე პრობლემებია მის შიგნით, რაც თავად საზოგადოების შიგნით. მაგრამ აი, ეს რაც ბრძანე ეკლესიაზე, შენს აგრესიას გამოხატავს მხოლოდ და ძალიან არადამაჯერებელს ხდის მთელ წერილს:

"(ეკლესია) თავადაა ყოველგვარი სულიერებისა და სულიერი კულტურის მთავარი მოძულე".

ავტორი: ანონიმი
07.05.2012 13:46
ბრავო! ძალიან მომეწონა. გამოსაფხიზლებელი სილა რომელიც ასე გვესაჭიროება.

ავტორი: ანონიმი
07.05.2012 13:36
მარაზმია!

ავტორი: ანონიმი
07.05.2012 11:59
"მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროპაგანდად ვაქციოთ და გავთელოთ და სხვა ადამიანთა იმედების მსხრევაში თუნდაც პეშვი წილი შევიტანოთ"

ეს რომ ესმოდეთ, ასე ხომ არ მოიქცეოდნენ? ვერცა ხვდებიან რომ რასაც აკრიტიკებენ, ზუსტად ის არიან თავად. მღდვლები რომ იყვნენ, ზუსტად იგივენაირად მოიქცეოდნენ.
რითი დათრგუნავ სხვას, რა მნიშვნელობა აქვს?

ავტორი: nd საიდან გვწერთ: tbilisi
07.05.2012 11:52
სტატია მომეწონა, ყველაფერი ზომიერად იყო მოცემული. სუბიექტურადაც და ობიექტურადაც სრულიად ვეთანხმები ავტორს. მართალია არ არის სწორი სტერეოტიპებით ხელმძღვანელობა და განზოგადება, თუმცა ის რაც ბოლო პერიოდში ხდება საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიებში, რბილად რომ ვთქვათ, გამოსასწორებელია და დაუშვებელია. ყველა ნაბიჯზე ფულს მოითხოვენ, უიმედობას თესავენ და საერთოდ ხელს უწყობენ ადამიანებს, რომ საერთოდ აღარ გაიხედოს ეკლესიისკენ.
ერთი სიტყვით, ყველას მოეთხოვება პასუხი სადაც ჯერ არს და ნუ დაივეწყებენ ამას.
პ.ს. საოცარი ფაქტია და პირველად თავისუფალი არჩევნის მნიშვნელობა და ქრისტიანული სიყვარული ჩემმა ჰიპი პედაგოგმა დამანახა...

ავტორი: ქალური ლოგიკა საიდან გვწერთ: თბილისი
07.05.2012 11:28
ავტორს – იქნებ "თავად მართლმადიდებლურ თეოლოგიურ საწყისებ"–ზე შემოგვთავაზოთ თქვენი აზრი, მისაღებია თუ არა ისინი თქვენთვის? მადლობ.

ავტორი: გველი საიდან გვწერთ: სამოთხიდან
07.05.2012 11:25
”გარიყვისა და უმცირესობაში ყოფნის საფრთხის თავიდან ასაცილებლად კი მართლმადიდებლობა იდეალური და უკანასკნელი თავშესაფარია ქართველი „ლიბერალებისათვის“, რომელიც, როგორც ერთ დროს გზასაცდენილ, მაგრამ მერე დაბრძენებულ და გონს მოგებულ შვილებს, ისევ გულში ჩაიხუტებს და მათთვის კუთვნილ „მადლსაც“ უწილადებს.” - ჰო, ”გამოსწორება” და ”ოქროს შუალედზე დადგომა” მაგარი მოდური და დაფასებულია ეხლა.

ავტორი: ქალური ლოგიკა საიდან გვწერთ: იმედი
07.05.2012 11:23
ქალთმოძულეობა, სალომე ასათიანის –
ეს ის არ არის, რაც მე მგონია? ფემინიზმი და პროჩეე – იქნებ ვინმემ ამიხსნას რატომ გადის იმედზე გადაცემა ,,ქალური ლოგიკა" ??? ესეც ქართული (მართმადიდებლური) ლიბერალიზმის ასახვაა? S.O.S.

ავტორი: GERMANE
07.05.2012 11:06
გიორგი, ერთი პატარა ამბავი უნდა გითხრა აქვე.
1996 წელს, როცა საქართველოში დავქორწინდით მე და ჩემი მეუღლე - ეკლესიურად, ჩვენი მღვდელი კარგად შეზარხოშებული და 2 საათის დაგვიანებით მოვიდა (აღსარებაზე ვიყავიო მომაკვდავთანო!).
მეუღლე მართმადიდებლურად უნდა მონათლულიყო - ასეა წესი ქორწინებისა. მღვდელმა ცერემონია რომ დაიწყო და პირველად მივიდა "მორჩილების" ადგილზე, მკითხა - მაგან ქართული არ იცოდეს, თუარა ჩაგვეშლება ყველაფერი, მე თვითონ მაჟრიალებს ტანში ამას რო ვკითხულობო.
მე ვუთხარი - იცის მეთქი.
მაშინო მითხრა, "ყოველი შემთხვევისათვის და საფრთხილოდო" ისე ვიბურტყუნებო, რომ ვერაფერს გაიგებსო.
არა მგონია იმ კაცს იმ ზარხოშში სხვაგვარად შეძლებოდა, მაგრამ, მაინც, ყოველგვარი ინსტიტუციური ჩარჩოების მიუხედავად აშკარად მითხრა თავისი პიროვნული აზრი.
მერე, საქორწილო სუფრაზეც ბევრი ეკლესიის მსახური იყო - იქაც ანეგდოტივით ყვებოდა ამ ამბავს და ყველა იცინოდა.
ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ ეკლესიის სტრუქტურაა ასე ლიბერალი, არამედ იმას, რომ მღვდელსა თუ საეკლესიო პირს აქვს ოფიციალურად ორმაგი მორალისა და აზრის უფლება.
იმას რასაც ყველას გასდაგონად ამბობს - ასე უნდა ითქვას. იმას, რასაც ერთ ჭიქა ღვინოზე გეტყვის - რადიკალურად სხვაა.
ამის გამო რომ ახლა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღვაზევოთ, იქნება უბრალოდ არაქრისტიანული და არაადამიანური.
21-ე საუკუნეში ინსტუტუცია და ადამიანის თავისუფალი აზროვნება ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს - სხვა კრიტიკა მართლმადიდებლურ ქართულ ეკლესიასთან მე არა მაქვს.

ავტორი: GERMANE
07.05.2012 11:03
გიორგი, ყველაზე უფრო ისაა გასაკვირი, რომ ამ 21-ე საუკუნეში შენი თქმისა არ იყოს ეკლესიაა ერთადერთი ფეოდალი.
ქვეყანაში, სადაც მიწის კანონი ფაქტობრივად არ არსებობს და ადამიანებს მაქსიმალურად 800 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი სახლის გარშემო (თუკია!) უკანონდებათ, დანარჩენი კი სახელმწიფოს თვალდახუჭვით და იჯარითა აქვთ - მხოლოდ ეკლესიასა აქვს ათასობით ჰექტარი ტყე, სახნავ-სათესი დაკანონებული და აქირავებს იჯარით, დიდი ფეოდალივით.

რაც შეეხება შორენას წერილს - მე აქ მართლა სხვა აზრი მაქვს.
შორენას წერილი მარტივად ასე იშიფრება:
ვინმეს თუ აკრიტიკებ - უნდა იცნობდე!
სწორია
რატომ არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია კარგი და იქ "უფალი იგრძნობა"?
იმიტომ რომ იქ ერთი-ორი (შორენამ ერთი ნახა! ეროვნებით არაქართულ გარემოში იპოვა ერთი მონაზონი, რომელსაც ჰუმანურ-ლიბერალური აზრები აქვს) კარგი ადამიანია.
ამ შემთხვევაში არ ვიცი თუკი შორენა ამ თეზისს სერიოზულად ამბობს - არა მგონია. კანიბალურ საზოგადოებაშიც კი იპოვით ერთს ვეგეტარიანელს.
ეს შორენას არ ესწავლება და არა მგონია არ გეითვალისწინებინოს.
მე მაინც უფრო ის მგონია, რომ შორენამ მართმადიდებლური ინსტიტუციის შიგნით პირად და საეკლესიო ხედვებში ჭრილი დაგვანახა.

პატრიარქის ბოლო "ქადაგება" არ ტოვებს არავითარი ინტერპრეტაციის საშუალებას - ქალი მორჩილია მამაკაცისა და ოჯახის თავი და უფალი კაცია, ამიტომაც ფეხები უნდა დააბანოს ცოლმა - დაემორჩილოს. ამის დაუნახავობას მე ქალბატონ შორენას ვერ დავაბრალებ.
ასე რომ - პასუხი რაღაცით საჭირო იყო ეკლესიაზე. თუკი შორენა აგრესიულ-განმკითხავ წერილს დაწერდა - იტყოდნენ, ის მაინც წაწყმედილიაო. ამიტომაც შორენამ ეკლესიას თავისივე იარაღით შეუტია - მორჩილებითა და განუკითხავობით. საქართველოს უკიდურეს საზღვრამდე მოუწია წასვლა, რომ ერთი ნორმალურად მოაზროვნე ეკლესიის მსახური ენახა - გიორგი ბატონო, ამაზე მეტად რა უნდა დაეწერა? სამებასა და ქაშუეთში კიარ იპოვა ის "22-ე საუკუნის საქართველოს მოქალაქე" - არა ბატონო, უცხო ტომის ხალხის გვერდით, უწიგნურ- და წერა-კითხვის უცოდინარ ხალხთან, რომელთა გვერდით ცხოვრებასაც ქადაგებებით ვერ მოახერხებ. ამ სხვა ენაზე მოლაპარაკე და სხვა კულტურის ხალხმა თუარ დაინახა, რომ მის წინ ადამიანია, რომელიც უცხოს პატივს სცემს - მაშინ სეიძლება ერთ მშვენიერ მთვარიან ღამეს სულ ამოგბუგონ იმ შენს ლამაზ ბიბლიოთეკაში. ამ გარემოში, იმ გარემოში, რომელშიც შორენას მიერ ნაპოვნი 22-ე საუკუნის მოქალაქეა - არ შეიძლება იყო ჰუმანოფობი, უცხო-ფობი, კაცთმოძულე, განმკითხავი და ა.ს. იქ ლოიალი და ტოლერანტი უნდა იყო.
თუკი ქალბატონი შორენა ჩვენ, მკითხველებს სტატიების სერიალს მოგვაწვდის თემაზე "მღვდელ-მონაზონნი - 22-ე საუკუნის ჭეშმარიტი მოქალაქენი" - მაშინ დავეთანხმებოდი თქვენს აზრს იმაზე, რომ ლიბერალიზმაც თავშესაფარი მართლმადიდებლური ეკლესიის ინსტუტუციაში (და არა პირად რწმენაში!!!) იპოვა.
ბატონო გიორგი, ესაა ჩემი მართლაც შეულამაზებელი წამოსული აზრი ამ თემაზე. ყველა სხვა მტკიცება ზედმეტად ზედაპირული მგონია.

საინტერესოა, თუ გამოეხმაურა თავად შორენა მასზე გამოხმაურებას.

ავტორი: ანონიმი
07.05.2012 08:05
კარგი სტატიაა

ავტორი: მაგდა საიდან გვწერთ: მაგდებურგიდან
07.05.2012 03:32
სტატია, როგორც ყოველთვის, კარგია.
მე არც თუ კომპეტენტური ვარ საეკლესიო საკითხებში და ვისურვებდი, რომ ვინმემ (თვითონ ავტორმაც) გააანალიზოს, რას წარმოადგენს ჩვენი ეკლესია –– რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკ. განშტოებას, თუ მართლაც ქართულ დამოუკიდებელ ეკლესიას; ანუ ნიკონიანელები ვართ თუ "სტაროვერები". რუის–ურბნისის შემდეგ ცვლილებები თითქოს არ ყოფილა, სანამ რუსებმა ავტოკეფალია არ გააუქმეს და ეგზარხოსი არ დასვეს თბილისში. სინოდიც არ იყო. ახლა ეკლესია რუსულ–ნიკონიანურ თარგზეა გაწყობილი თავისი სინოდიანად და რუსეთიდან გასაყიდად ჩამოზიდული ხატებიანად. მხოლოდ კათალიკოსის წოდებაღა შეგვრჩა ხელში (უწმინდესი და უნეტარესი) და სიზარმაცის გამო მხოლოდ "უწმინდესს" ვიყენებთ. იქნებ დროა, გავარკვიოთ ქართული ეკლესიის ნამდვილი რაობა და ისიც, რა უნდა ეშველოს წარმართ– მართლმადიდებლებს.

ავტორი: Kudiani საიდან გვწერთ: NY
07.05.2012 02:43
მართალია კონკრეტული სინამდვილე ჩემი თვალით არ მინახავს საქართველოში,მაგრამ ეკლესიის იდეულ-სულიერი სიმწირე დიდი ხანია მაღელვებს და ის ფაქტი რომ ძალიან გაპოლიტიკურდა ქართული ეკლესია და დაავიწყდა მისი ძირეული ფუნქცია ("დაკარგული ცხვრის პოვნა და მწყემსვა") ცოტა მაღშფოთებს. მადლობა სტატიისთვის.

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
07.05.2012 02:38
ჩვენი ზრდის გარკვეულ ეტაპზე თუ ჩვენი მსოფლმხედველობითი ფასეულობები იცვლება, შეიძლება გამოვთქვათ აზრი,მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროპაგანდად ვაქციოთ და გავთელოთ და სხვა ადამიანთა იმედების მსხრევაში თუნდაც პეშვი წილი შევიტანოთ.ეს უბრალოდ უკვე არა ეთიკურია და ძალაუნებურად სხვის თავისუფლებებსაც კი ვეხებით.ანუ სალომესთან იგივე თემა უკვე განვიხილეთ და საკმარისია და სხვებსაც ვთხოვ,რომ თავი შევიკავოთ.რაც შეეხება მამა ათანასეს არ დაგვავიწყდეს,რომ ისიც ჩვენნაირი უბრალო ადამიანია,რომელსაც ეყო ''გამბედაობა''და ''სინდისიერება'',რათა გამხდარიყო ხიდი და შუამავალი ჩვენსა და უფალს შორის.
პ.ს.იშვიათად ვწერ ამდენს და გთხოვთ მაპატიოთ

ავტორი: ზომიერი ვოლტერიანელი
07.05.2012 01:56
ხოდა მიბაძეთ დეისტს, ქრისტიანების ჯინაზე მაჰმადიანების და ბუდისტების მაქებარ მასონ ვოლტერს! გასრისეთ ის საზიზღარი ვინც ბოლშევიკებმაც ვერ გასრისეს! დაანგრიეთ და გაძარცვეთ სვეტიცხოველი როგორც ცოტა შექანებულმა ვოლტერიანელებმა ანგრიეს და ძარცვეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და სენ დენის პირველი გოთური ეკლესია. თქვენთვისაა აგი პირდაპირ სახელმძღვანელო. გაკრიჭეთ ილია, და დადგით ზურაბ წერეთლის გაკეთებული ქალღმერთი გონების ქანდაკება. შექანებულ ვოლტერიანებელებს სამწუხაროდ არ ყავდათ ბატონი ზურაბი მაგრამ თქვენ ხომ გყავთ!!! მოკლედ გაბედეთ ის რაც გაბედა ეკატერინე მეორის აპოლონის დად გამომცხადებელმა ვოლტერმა. ფეხებს დაგიკოცნი თუ კონსტანტინეპოლს აიღებ და აია სოფიას ეკლესიაში ოლიმპიურ თამაშებს მოაწყობო უთხრა მან კატერინა ზევსოვნას. შორთლი, მიბაძეთ! გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის და საქმე ლაილაის გარეშე კეთდება. მერე არ დაგავიწყდეთ ვოლტერის საყვარელი მაჰმადიანების მსგავსად დღეში ხუთჯერ ლოცვა და წინადაცვეთა. როგორც აღარ მახსოვს ევროპის რომელი ქვეყნის ორდენოსანმა პუტინმა ბრძანა სხვა რამისა იკითხეთ თორე მაგის სპეციალისტები ჰყავთ!

ავტორი: ანონიმი
07.05.2012 00:24
ეგრეც ვიცოდი, კუ, ფეხი და ა.შ.

ავტორი: მავანი საიდან გვწერთ: ბორა-ბორა-დან
07.05.2012 00:14
კარგი სტილითაა დაწერილი, ბევრი ქართული სიტყვებია იზმებს ჩანაცვლებული. რამდენჯერმე ზემოთაც კი ავიხედე, წერილის ავტორის ვინაობა ხომ არ შემეშალა თქო. უჩვეულოა გიორგი მაისურაძისთვის ეს სტილი, ზოგადად მძიმე ენით წერს ხოლმე. შინაარსით კი ფაქტიურად ყოველთვის ვეთანხმები.
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
 წინა    

ყველაზე პოპულარული