Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გამარჯვების დღე“ თურქეთის მმართველი პარტიისათვის


„სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ მხარდამჭერები
„სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ მხარდამჭერები

„გამარჯვების დღე“ - ასე უწოდა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ 1 ნოემბერს, როცა ცნობილი გახდა, რომ, იმავე დღის არჩევნების შედეგად, თურქეთის მმართველ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ ერგო საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა. „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ მოიპოვა ხმების 50 %-მდე, რაც საკმარისია კოალიციური პარტნიორების გარეშე მთავრობის შესაქმნელად.

1 ნოემბერს თურქეთში გაიმართა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში უკვე მეორე საპარლამენტო არჩევნები - გაუარესებული უსაფრთხოების, ეკონომიკური დაღმასვლის, საზოგადოებაში პოლიტიკური, რელიგიური და ეთნიკური ნიშნით განხეთქილებების ზრდის ფონზე. ვადამდელი არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“, 7 ივნისის არჩევნების შედეგად, უმრავლესობა დაკარგა და პარლამენტში შესულმა პარტიებმა ვერ შექმნეს კოალიცია. დაძაბულობას ამწვავებს წელს გაძლიერებული დაპირისპირება მთავრობის ჯარებსა და ქურთი სეპარატისტების აკრძალულ ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ შორის. გასულ თვეში თურქეთი შეძრა ანკარაში მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის მოწყობილმა აფეთქებებმა, რომლებმაც 100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

განცხადებაში, რომლითაც საპარლამენტო არჩევნების შედეგს გამოეხმაურა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სამ წინადადებაში სამჯერ ახსენა ცნება „სტაბილურობა“.

რეჯეპ ტაიპ ერდოანი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი

„გუშინ, 1 ნოემბერს, გამოვლინდა ერის ნება სტაბილურობის სასარგებლოდ. ბოლოდროინდელი პროცესების შემდეგ, ერმა გადაწყვიტა, რომ არ არსებობს სხვა გზა, გარდა სტაბილურობის არჩევისა. მათ მიიღეს გადაწყვეტილება სტაბილურობის სასარგებლოდ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მისმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება, ხმების 50 %-მდე. ეს ნიშნავს, რომ ერდოანის პარტიას ერგო 315 ადგილი 550-ადგილიან პარლამენტში.

ოპონენტები ერდოანს მზარდ ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ, ხოლო დასავლეთი აკრიტიკებს მედიის შეზღუდვის გამო. თურქეთის პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს.

რეჯეპ ტაიპ ერდოანის ოპონენტებს მიეკუთვნება ქურთების მხარდამჭერი პოლიტიკური ორგანიზაცია თურქეთის „სახალხო დემოკრატიული პარტია“, რომელიც არ მალავს არჩევნებით იმედგაცრუებას მიუხედავად იმისა, რომ გადალახა ხმების 10%-ანი ზღვარი პარლამენტში მოსახვედრად. წინა, ივნისის არჩევნებში ამ პარტიას 13%-ანი მხარდაჭერა ჰქონდა. 1 ნოემბერს სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე დიარბაკირში ქურთებმა ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის კონტეინერებს და ქვები დაუშინეს პოლიციელებს არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად. პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ჩვენ არასოდეს გავწირავთ თავისუფლებას უსაფრთხოებისათვის! ავაშენებთ ახალ თურქეთს ორივეს - თავისუფლებისა და უსაფრთხოების - შესანარჩუნებლად. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და გამოხატვის თავისუფლებას, ისევე როგორც მათი რწმენის თავისუფლებას...
აჰმეტ დავუთოღლუ

არჩევნების დღესვე პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ მოუწოდა პარლამენტში მოხვედრილ პარტიებს ერთად იმუშაონ ახალი, ლიბერალური კონსტიტუციის შესაქმნელად.

„ჩვენ არასოდეს გავწირავთ თავისუფლებას უსაფრთხოებისათვის! ავაშენებთ ახალ თურქეთს ორივეს - თავისუფლებისა და უსაფრთხოების - შესანარჩუნებლად. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და გამოხატვის თავისუფლებას, ისევე როგორც მათი რწმენის თავისუფლებას. დღევანდელი შედეგების შემდეგ არ შევწყვეტთ სამშვიდობო პროცესს და ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ“, - განაცხადა დავუთოღლუმ.

ევროკავშირთან თურქეთის ურთიერთობის ექსპერტი, სტამბოლში მოღვაწე პროფესორი ჩენგიზ აქტარი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მძიმე ამოცანების წინაშე დგას:

„როგორ გაართმევენ თავს ქურთების საკითხს, როგორ გაართმევენ თავს ეკონომიკურ პრობლემებს - რადგან თურქეთი პერსპექტივის გარეშეა დარჩენილი. როგორ გაუმკლავდებიან მთელ ამ დამნაშავეობას თურქეთის ბიუროკრატიაში, როგორ გაართმევენ თავს განათლების სისტემას და კვლევას და განვითარებას და ა.შ. და ა.შ.“

ეუთოს სამეთვალყურეო მისიის შეფასებით, თურქეთში 1 ნოემბრის რიგგარეშე არჩევნებმა ჩაიარა მედიის შევიწროების, ძალადობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG