ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 19:27

კულტურა / მსოფლიო

ჩანაწერები კანის კინოფესტივალიდან (1)

ტექსტის ზომა - +
სურათის გადაღება მინდოდა დღიურებისთვის საგანგებოდ 65-ე კინოფესტივალიდან - სურათისა, რომელიც განსხვავებულად გამოხატავს აქაურობას, ისეთს, როგორიც არის კანის კინოფესტივალი 2012 წლის მაისში. მაგრამ გადავხედე სურათებს და აღმოჩნდა, რომ ახალი ფოტოები არაფრით განსხვავდება იმათგან, რომლებიც გადავიღე კანში 7 წლის წინ, როცა პირველად მოვხვდი მსოფლიოს ნომერ ერთ კინოფორუმზე... მე მაგრად შევიცვალე - სიგარეტს დავანებე თავი, გავსუქდი. დავბერდი, ბოლოს და ბოლოს. აქ კი არაფერი იცვლება! ფესტივალის პრეზიდენტი ჟიულ ჟაკობი, რომელსაც ახალხანს 82 წელი შეუსრულდა, 70-იანი წლებიდან განსაზღვრავს კანის ფორუმის პოლიტიკას, თითქოს ყველაფერს აკეთებს, კანმა თავისი სახე რომ შეინარჩუნოს... ყველაფერი ძველებურად რჩება - წითელი ხალიჩა, ხალხით გადაჭედილი კრუაზეტის სანაპირო (რიგს, უფრო სწორად, ადგილს ფესტივალის სასახლის წინ “ცოცხალი კინოვერსკვლავის” ახლოდან დანახვის მიზნით, რამდენიმე დღით ადრე იკავებენ) და, რაც მთავრია, ყველაზე ძლიერი საკონკურსო პროგრამა, რომელშიც ჩართული ყველაზე ცუდი ფილმი, ძალიან ხშირად უკეთესია, ვიდრე ბერლინალეზე, ან ვენეციის კინოფესტივალზე ნაჩვენები კარგი ფილმი.

ძალიან სწრაფად გავიდა ეს 7 წელი! ფაქტობრივად, ჩემი ცხოვრება კანის კინოფესტივალის მოლოდინში გავიდა. და არა მარტო იმიტომ, რომ აქაურობა სახლს ჰგავს, საოცრად მყუდრო გარემოა. არც მხოლოდ იმიტომ, რომ ლაჟვარდოვანი სანაპირო ყველაზე ლამაზი ადგილია ჩემთვის ამ პლანეტაზე... მთავარი ისაა, რომ კანის კინოფესტივალის კონცეფციაა პირადად ჩემთვის გასაგები და ახლობელი. თავის დროზე ფრანსუა ტრიუფომ, რომელმაც ჯერ “ბურჟუაზიული” უწოდა კანის კინოფორუმს, შემდეგ კი, როცა მისმა ფილმმა “400 დარტყმა” გაიმარჯვა, აქაურობა სიცოცხლის ბოლომდე შეიყვარა და ერთ-ერთი ფესტივალის დასრულების შემდეგ განაცხადა: “სამწუხაროდ, მალე მოვა თაობა, რომელსაც არ ექნება ნანახი ‘მზის ამოსვლა’“... ტრიუფომ, მისთვის ჩვეული მრავალმნიშვნელოვნებით, აქ ფრიდრიხ მურნაუს ამავე სახელწოდების ფილმი იგულისხმა, გადაღებული მუნჯი კინოს ეპოქაში. მაგრამ ამავე დროს ისიც თქვა, რომ მურნაუს შედევრი, საერთოდ, კინოს შედევრები სიცოცხლის, ბუნების ყველაზე ლამაზ, ყველაზე განუმეორებელ სახეებს შეგვიძლია შევადაროთ. ფრანსუა ტრიუფო დარწმუნებული იყო, რომ კანის კინოფორუმი ამ სახეებს ინახავდა და იმ რეჟისორებს უჭერდა მხარს, რომლებიც ამ სახეების გამდიდრებას ახერხებდნენ.

მას მერე დიდი დრო გავიდა. კანის წლევანდელ კინოფრუმზე უკვე ტრიუფოს მოსწავლის, კლოდ მილერის ხსოვნას უძღვნიან დახურვის ცერემონიალს, რომელიც ახლახან გარდაცვლილი ამ რეჟისორის ბოლო ფილმის პრემიერით დასრულდება.

დიდი დრო გავიდა, მაგრამ კონცეფცია უცვლელი დარჩა - მაღალხარიასხიანი საავტორო კინოს უპირატესობა, თამამი ექსპერიმენტები, კინოს ენის დახვეწა, კულტურათა დიალოგი. ბერლინის ფესტივალისგან განსხვავებით ნაკლები პოლიტიკა და პოლიტკორექტულობის საზღვრებისგან მაქსიმალური განთავისუფლება... მოკლედ რომ ვთქვათ, ფესტივალი, რომელსაც აქვს პრეტენზია დაამკვიდროს მოდა მსოფლიო კინოში.

22 საკონკურსო ფილმი იქნება წელს ნაჩვენები. ფესტივალის დირექციის ინფორმაციით საკონკურსო პროგრამის დამტკიცებამდე შემრჩევმა კომისიამ ნახა 1 500 ფილმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. “წარმოგიდგენიათ, ჩვენ უარი ვუთხარით 1478 ფილმის ავტორს!” - ამბობს ჟიულ ჟაკობი და ამით თითქოს ხაზს უსვამს, რომ მაყურებელს წელს 22 ძალიან კარგი ფილმის ნახვა ელის.

თუმცა უბრალო მაყურებელს - არა! კანის კინოფერსტივალზე ბილეთებს არ ყიდიან. კინოსეანსები მხოლოდ პროფესიონალებისთვის იმართება. სწორედ ეს ანიჭებს კანის კინოფორუმს მსუბუქად ელიტარულ ხასიათს, რის შესახებაც არაერთხელ უქილიკიათ... ქილიკობენ, დასცინიან, აკრიტიკებენ, ტრიუფოსი არ იყოს, ხან “ბურჟუაზიულად” ნათქლავენ, ხანაც “საუკეთესო კინოფორუმად”... და მაინც ჩამოდიან სწორედ კანში.

აგერ ჰოლივუდი წყენას ვერ მალავდა - ბოლო დროს კანის ფესტივალის კონკურსში ამერიკული სურათები ნაკლებად იყო ხოლმე წარმოდგენილი. მაგრამ ოფიციალური პროტეტსტი არ გამოუხატავთ. და წელს “დასაჩუქრდნენ”. კონკურსში რამდენიმე ამერიკული სურათია.

აგერ მემარცხენე კინემატოგრაფისტებიც ვერ მალავდნენ ხოლმე წყენას - კანის კინოფორუმის ჟიურის თავმჯდომარედ, ძირითადად, კინომსახიობებს და ჰოლივუდის ვარსკვლავებს ამტკიცებდნენ. მაგრამ კანის ფესტივალის კონკურსში მონაწილეობაზე ვერც ისინი ამბობდნენ უარს. წელს “დასაჩუქრდნენ” - ჟიურის თავმჯდომარე ერთ-ერთი ყველაზე რადიკალი-რეჟისორი, იტალიელი ნანი მორეტი გახდა.

კადრი ულრიხ ზაიდლის ფილმიდან "სამოთხე: სიყვარული"კადრი ულრიხ ზაიდლის ფილმიდან "სამოთხე: სიყვარული"
x
კადრი ულრიხ ზაიდლის ფილმიდან "სამოთხე: სიყვარული"
კადრი ულრიხ ზაიდლის ფილმიდან "სამოთხე: სიყვარული"
ძალიან საინტერესოა, რას მიანიჭებს უპირატესობას მორეტი. ამ ორი დღის მანძილზე ნაჩვენებ საკონკურსო ფილმებს შორის პირადად მე ყველაზე უფრო მომეწონა ავსტრიელი რეჟისორის, ულრიხ ზაიდლის “სამოთხე: სიყვარული”, შუახნის ევროპელ ქალებზე, რომლებიც ე.წ. “სექს-ტურიზმს” ანიჭებენ უპირატესობას - აფრიკაში მიემგაზვრებიან სექსუალური თავგადასავლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზაიდლს აქაც, ისევე როგორც წინა ფილმში “ექსპორტ-იმპორტი”, პრობლემები აქვს დრამატურგიაში - ვერ ახერხებს ხასიათის და თემის განვითარებას, ძალიან რადიკალური, როგორც ამბობენ ხოლმე “სტრონგ კინოა”! უნდა ველოდეთ, რომ გააღიზიანებს ფემინისტებს! (სხვათა შორის, ფრანგულმა ფემინისტურმა ორგანიზაციამ, ფრიად ორიგინალური სახელით “ძვალი”, ფესტივალის გახსნამდე გამოხატა პროტესტი იმის გამო, რომ კონკურსში ქალის გადაღებული არც ერთი ფილმი არაა.) მაგრამ, რაც მთავარია, შეიძლება გააღიზიანოს ნანი მორეტი, რომელიც, როგორც კანში შევიტყვე, დიდი ხანია ღიად აკრიტიკებს ავსტრიული ფილმის ავტორს სწორხაზოვნებისა და უხამსობის გამო.

კანში არ ცნობენ პოლიტკორექტულ სწორხაზოვნებას, მაგრამ ყველანაირად მფარველობენ ფრანგულ კინოს, რაც ფესტივალის მეორე დღესვე გამოჩნდა იმ აჟიოტაჟში, რომელიც შეიქმნა ფრანგი რეჟისორის, ჟაკ ოდიარის ფილმის, “ჟანგი და ძვალის” პრემიერის გამო. ოდიარის სოციალურ მელოდრამას ხანგრძლივი ოვაციები მოუწყევს. თუმცა ცოტა საწყენი მგონია სოციალური თემით სპეკულაცია... როცა რეჟისორი ამტკიცებს - ადამიანი დღეს მზადაა დათანხმდეს სიცოცხლისთვის საშიშ საქმეს, რათა როგორმე გამოკვებოს თავისი შვილი, და ამავე დროს ცდილობს, ეს ფილმი კომერციულად მომგებიანი იყოს, ცოტა საეჭვოდ მეჩვენება მისი გულწრფელობა... ის, რომ მართლაც აღელვებს თავისი ფილმების გმირთა ბედი.

ნანი მორეტი კი ისევ თანმიმდევრულია. ფესტივალის გახსნის წინ მორეტიმ განაცხადა, რომ არ აპირებს გაჩერებას ძვირფას სასტუმრო “კარლტონში” (აქ კინოვარსკვლავებთან ერთად მდიდარი არაბი შეიხები და მსოფლიოს სახელგანთქმული ოლიგარქები ჩერდებიან). რაღაც პატარა სასტუმროს მიანიჭა უპირეტესობა.

ჩვენც პატარა სახლში ვიქირავეთ ოთახი - რამდენიმე ქართველმა კინოკრიტიკოსმა. ყველაზე იაფი ბინა ვიშოვეთ და კმაყოფილები ვართ.

პირობები არ ვარგა, მაგრამ იმის შეგრძნება, რომ “მიწიერ სამოთხეში” ვარ, სულ მუდამ მაქვს... ახლა უნდა შევეცადო გავწელო ეს დრო.. მერე კი, როცა ფესტივალი დასრულდება, ველოდო კანის 66-ე კინოფესტივალს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: mariami საიდან გვწერთ: israeli
25.05.2012 09:10
მათი ნაყოფით იცნობთ მათ..,,ეკლიდან,, მარწყვს არ კრეფენ...

ავტორი: ზურაბ საიდან გვწერთ: თბილისიდან
21.05.2012 18:45
მართალია ჯეიმს ჰოლმსი,თუმცა ბატონი გოგი არ დაგაძალებთ,რომ არ იყოთ ჯეიმს ჰოლმსი...წერეთ ვინ დაგიშალათ? ხომ ხვდებით,რომ ძალიან საჭირონი ხართ კრიტიკოსები...თუ რა თქმა უნდა კარგად წერთ.

ავტორი: მარინა ჩანტლაძე საიდან გვწერთ: თბილისიდან
19.05.2012 12:06
ბატონო ჯეიმს ჰოლმს! ჯერ ერთი ჰოლმსობის არაფერი გეტყობათ. კაცი რომ თავის სახელს დამალავს, ჰოლმსის წესიერ სახელს ამოეფარება და ღირსეულ ადამიანს ტალახს მოცხებს ის კაცი კაცია?ერთი მითხარით თქვენ რა გაგიკეთებიათ ცხოვრებაში შურის, ბოღმის და ტალახის სროლის გარდა! თქვენნაერმა ადამიანებმა დაღუპეს საქართველო 37 წლიდან დაწყებული დღემდე.გოგი გვახარიამ თავისი სახელი დიდი ხანია დაიმკვიდრა საქართველოში და არა მხოლოდ. მის გადაცემებს და გამოჩენას მოუთმენლად ელიან ეკრანზე და ცხოვრებაში.ზრდის ახალ თაობას. თქვენგან განსხვავებით ჩემი ნამდვილი სახელით და გვარით მოგმართავთ თქვენ და თქვენნაერებს. არ მოგწონთ გოგი და თქვენი დონის შესაფერის გადაცემებს უყურეთ. ახლა არ ჩამოვთვლი. ჩვენ გაგვატარეთ თუ შეიძლება.

ავტორი: Gio McCluskey
19.05.2012 07:59
Isn't it funny how day by they nothing changes but when you look back everything is different...

ავტორი: საჯიშე ვაჟკაცი საიდან გვწერთ: MAMA აფრიკიდან
19.05.2012 02:52
ზაიდლის ფიმლიდის კადრზე გერმანელები ალბათ ასე იტყოდნენ:

Sie wurde ordentlich gebumst!


ავტორი: გვანცა საიდან გვწერთ: სახლიდან
18.05.2012 23:06
ისე მიყვარს თქვენ რომ კინოზე საუბრობთ/ წერთ. იმის გარდა , რომ ძალიან კარგად გესმით-ძალიან გიყვათ და ეს სიყვარული თქვენს ყველა გადაცემასა თუ ჩანაწერში იგრძნობა. ისეთი მშობლიურია თქვენი ხმა-ბავშობაში (ჩემი ბავშვობა იყო მაშინ) ფსიქოს უყურებდნენ ხოლმე დედაჩემი და ჩემი და. ისე ელოდებოდნენ. მე დიდად არაფეი მესმოდა , მაგრამ მაინც მაინტერესებდა და სიამოვნებით ვუსმენდი გადაცემასაც და თქვენსავე გახმოვანებულ ფილმებს. ხშირად არ მაყურებინებდნენ-”პატარებისთვის არ შეიძლებაო” ან ”ძალიან გვიანია, დავი ლოგინშიო” მეუბნებოდნენ. დედაჩემი გემრიელად, რომ მოკლათადებოდა ჩვენს დანჯღრეულ ტელევიზორთან და რომ ეგონა-მე მეძინა, ვიპარებოდი და კარის ღრიჭოდან ვუყურებდი სანამ არ შემამჩნევდა და არ წამათრევდა ლოგინში. :)) ერთადერთხელ მახსოვს - ჰარპერ ლის ”ნუ მოკლავ ჯაფარას” ახალი წაკითხული მქონდა და აღბრთოვანებული ვიყავი. ზედიზედ რამდენჯერმე წავიკითხე და ამ დროს თქვენს გადაცემაშიც მოხვდა ეს ფილმი. დედამ ”მოწყალება მოიღო” და მთელი ოჯახი მივუჯექით საყურებლად. მაგრამ როგორც მაშინ ხდებოდა, ყველაზე საინტერესო მომენტში-შუქი ჩაქრა... გავგიჟდი - ერთი საათი ვბღაოდი. იმის მერე ის ფილმი არც მინახავს. ბევრჯერ დავაპირე, მაგრამ რაღაცნაირად ვტოვებ იმ დროის მოგონებად.... ალბათ როდესმე ვუყურებ. "ფსიქომ" შემაყვარა კინო. :))

ავტორი: James Holmes საიდან გვწერთ: კანი, საფრანგეთი.
18.05.2012 22:56
გასაკვირია რით ვერ დაიღალა ეს დაბერებული და გასუქებული, საქართველოს საამაყო ლიბერალი გოგი გვახარია კანის კინოფესტივალზე პადრუგებთან ერთად სიარულით.

ვფიქრობ უკეთესი იქნება თუ დაფინანსდება ასევე სხვა შედარებით ახალგაზრდა ქართველი კინოკრიტიკოსები. მათ მიეცემათ განვითარების საშუალება, ხოლო საზოგადოება წაიკითხავს სხვადასხვა ქართველი კინომცოდნის კრიტიკას. გოგი ხომ ვერ იქნება სულ.

რაც შეეხება ავსტრიელი კინორეჟისორის ულრიხ ზაიდლის ტრილოგიის პირველი ფილმს « სამოთხე : სიყვარული » რომელიც, დღეს 18 მაისს 16 საათზე წარადგინა რეჟისორმა, ჩემი აზრით ჯერჯერობით, ერთ - ერთი საუკეთესო სრულ მეტრაჟიანი ფილმია. ცინიკური რეალობა, კენიელი მეძავი, სექსუალური, დიდ პენისიანი ჭაბუკებისა და ევროპელი ფუმფულა, თეთრ « ბებერ » ქალებს შორის.


ხვალამდე გოგი !

ავტორი: ანონიმი
18.05.2012 19:41
კაია, გაისეირნოს, ცოტა ხანი მაინც შეეშვება მართლადიდებლობას! :))))))

ავტორი: Limonnaia საიდან გვწერთ: Tbilisi
18.05.2012 17:52
გრადაციას განიცდის კინო ?

ავტორი: Lia საიდან გვწერთ: Istanbul
18.05.2012 17:47
გადამდები სიყვარულითაა დაწერილი:)

ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
18.05.2012 16:07
ფოტოზე სიბერის და სიმსუქნის არაფერი გეტყობათ ბატონო გოგი.

ავტორი: ტრეკერი
18.05.2012 15:28
რა კარგია, რომ თავისუფლებისთვის გვახარია რეპორტაჟებს აგზავნის. ქართულ მედიას წესიერად ვერ ენდობა კაცი. ბატონო გოგი კარგი იქნება, თუ კანში ყოფით სიტუაციებსაც აღწერთ ხოლმე. ძალიან საინტერესოა მათთვის, ვისაც არც ტელევიზორში უნახავს და არც ნამყოფია. დიდი მადლობა

ყველაზე პოპულარული