სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 23:21

კულტურა / მსოფლიო

ჩანაწერები კანის კინოფესტივალიდან (2)

ტექსტის ზომა - +
რა ბედნიერებაა კარგ ფილმზე წერა!

კარგი ფილმის ნახვა ხომ ბედნიერებაა, მაგრამ მასზე წერა კიდევ უკეთესი: იგრძელებ სიამოვნებას, ისევ აღადგენ კინოკადრებს და თუ აგაღელვა, ხვდები, რომ მარტო შენ არ გაღელვებს რაღაცები.

კრისტიან მუნჯიუმ გადაიღო შედევრი! მერე რა, რომ კანში მისი ფილმი “გორაკებს მიღმა” ჯერჯერობით ერთადერთია, რომლის დასრულების შემდეგ დაუსტვინეს. მერე რა, რომ სტივენ ფრირზისგან განსხვავებით (რომელმაც 2007 წელს გარისკა და “ოქროს პალმით” აღნიშნა იმხანად ყველასთვის უცნობი რუმინელი ახალგაზრდა რეჟისორის ფილმი “4 თვე, 3 კვირა და 2 დღე”) ნანი მორეტი სინეფილი არ არის და საეჭვოა, ააღელვოს აღმოსავლეთ რუმინეთის, მართლმადიდებლურ მონასტერში მომხდარმა ტრაგედიამ. ნანი მორეტი კი არა, აგერ დებიუსის სახელობის უზარმაზარ დარბაზში, სადაც გაიმართა მუნჯიუს ახალი სურათის პრემიერა, კაცი არ აღმოჩნდა, ოვაციები რომ გაემართა, ჩემი აზრით, 21-ე საუკუნის რეჟისორისთვის. ახლა იმის იმედი მაქვს, რომ დარბაზში
კადრი კრისტიან მუნჯიუს ფილმიდან "გორაკებს მიღმა"კადრი კრისტიან მუნჯიუს ფილმიდან "გორაკებს მიღმა"
x
კადრი კრისტიან მუნჯიუს ფილმიდან "გორაკებს მიღმა"
კადრი კრისტიან მუნჯიუს ფილმიდან "გორაკებს მიღმა"
ისხდნენ კრიტკოსები, რომელთაც, ჩვენი არ იყოს, ტაშის თავი არ ჰქონდათ ფილმის დასრულების შემდეგ. რუსები მაინც. მათთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, ხომ ძალიან კარგადაა ნაცნობი ის ყველაფერი, რის შესახებაც გვიამბობს “გორაკებს მიღმა”.

რამდენ ცოდვას აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესია, იცოდით? მე არა! 464 ცოდვაა დათვლილი. ოთხას სამოცდა ოთხი!

სწორედ ამდენ ცოდვას დაუთვლიან მონაზვნები ალინას, ობოლთა სახლში გაზრდილ ახალგაზრდა ქალს, რომელიც გერმანიიდან ბრუნდება რუმინეთში, რათა თან წაიყვანოს ბავშვობის მეგობარი, ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ვოიჩიტა, აქაურ მონასტერში რომ აღიკვეცა მონაზვნად მას შემდეგ, რაც ალინა გერმანიაში გაემგზავრა.

მაგრამ მონასტრის “მამა” (ამ როლს, სხვათა შორის, თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებული, ვალერიუ ანდრიუცა ასრულებს) ვოიჩიტას გამგზავრების ნებას არ აძლევს. ერთადერთი, რასაც დათანხმდება, ალინას მონატერში დატოვებაა. თუმცა ძალიან მალე ინანებს ამ გადაწყვეტილებას - ალინას მოსვლასთან ერთად დედათა მონასტერში ტრაგედია გათამაშდება - უფრო სწორად, მკვლელობა.

ამ 464 ცოდვაზე, იმაზე, რომ ქალებს მენსტრუაციული ციკლის პერიოდში ეკლესიის მამები და დედები “ბინძურს” უწოდებენ, იმაზე, რომ მონაზვნებს სჯერათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ლოცვით შესაძლებელია “ეშმაკის განდევნა” და სულით ავადმყოფის მორჩენა, კანის კინოფესტივალის დარბაზში ვიღაცეებს გაეცინათ. მერე კი გაღიზიანდნენ  თავად მუნჯიუზე, რომელიც სულაც არ თვლის ამას სასაცილოდ. მის ახალ ფილმში, ისევე როგორც “4 თვეში”, ხანგრძლივი კადრების მიღმა (გენიალური ოპერატორის, ოლეგ მუტუს მიერ გადაღებულ კადრებში) იმდენი დაძაბულობაა, რომ ელოდები, როგორ იფეთქებს რაღაც შიგნიდან ორსაათნახევრიან ფილმში - იფეთქებს პროტესტი, თუ გნებავთ, ზიზღი. დიახ იმ ძალადობის მიმართ ზიზღი, რომელსაც ვხედავთ ეკრანზე, დანაშაულის მიმართ ზიზღი, დანაშაულისა, რომელსაც აქ “ღმერთის სახელს” არქმევენ.

რატომაა მუნჯიუს ფილმი შედევრი?

პირველ რიგში იმიტომ, რომ ფილმის ბოლომდე არ იცი, როგორ განვითარდება მოქმედება. რაღაც მომენტში ელოდები, რომ გათამაშდება “ვიღაცამ გადაუფრინა გუგულის ბუდეს” - ალინა მოაწყობს ბუნტს და მას სხვა მონაზვნებიც აჰყვებიან... მაგრამ ასეთი რამ არ ხდება. მერე ელოდები იმას, რაც უთუოდ მოეწონებოდა ზოგიერთ დასავლელ მაყურებელს - კორუფციის მხილებას მონასტერში, ეკლესიის “მამის” მხრიდან სექსუალურ ძალადობას...

არა, არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. ამ მონასტერში არ ცხოვრობს ბოროტი და ფარისეველი ხალხი. არც “ჯიპები” ჰყავთ ჩვენი მღვდლებივით. დენიც კი არა აქვთ გაყვანილი და სანთლებს ხმარობენ მარტო. მაგრამ ამ მონასტერში ცხოვრობს - დავესესხები გიორგი კიკონიშვილს, “ლიბერალის” ბლოგერს - უმეცარი ხალხი და სწორედ უმეცრება გადააქცევს ამ ხალხს მკვლელებად. უნებლიე, მაგრამ მაინც მკვლელებად.

რადიკალური პოზიციაა, რომელიც კიდევ ერთხელ მიმტკიცებს პირადად მე, რომ კრისტიან მუნჯიუ არა მარტო კარგი რეჟისორია, დიდი ხელოვანი, რომელსაც შეუძლია ორსაათიანი ფილმი სულ რამდენიმე კადრისგან ააწყოს და წინასწარ იმდენი იმუშაოს მსახიობებთან, რომ ყველანაირი სიყალბე აიცილოს თავიდან (თანაც ფილმში, რომელიც საშუალო ხედებზეა გადაღებული და მაყურებელს ყოველი გრძელი კადრის “დათვალიერების”, თუ “თვალთვალის” საშუალებას აძლევს)... არა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არაა მთავარი: კრისტიან მინჯიუ პირველ რიგში მოაზროვნეა, ანალიტიკოსი. და - რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - ჰუმანისტი. ცოტაა დღეს ხელოვანი, რომელსაც შეუძლია მოვლენა გამიჯნოს ადამიანისგან, საქციელი გამიჯნოს ადამიანისგან და გვიამბოს მოვლენაზე, როგორც ბოროტებაზე ისე, რომ არც ერთი ადამიანი არ დაადანაშაულოს. მათ შორის ისინი, ვინც ამ ბოროტებას სჩადის.

მნიშვნელოანია, რომ ამას ახერხებს რეჟისორი ყოფილი კომუნისტური ბლოკიდან. ამას ახერხებს ადამიანი, რომელიც ტოტალიტარულ სისტემაში გაიზარდა და კარგად ხედავს, როგორ ჩაენაცვლა ერთი ტოტალიტარული სისტემა მეორეს. “ობოლი ხალხი” ეძებს ახალ “მამაოს”, რომელიც 464 კანონით ცდილობს ამ ხალხის დამონებას. და მათაც სიამოვნებთ ეს. სიამოვნებთ მონობა, რადგან აქამდე არავინ ასწავლა, რა არის თავისუფლება. რამდენად ბედნიერია ადამიანი, რომელმაც ერთხელ მაინც შეიგრძნო თავისუფლების გემო. რამდენად ახლოსაა იგი ჭეშმარიტებასთან და თუ გნებავთ, ღმერთთან!

მე როგორც მივხდი, ეს თქვენი და ჩემი ჭეშმარიტება, მით უმეტეს, ეს თქვენი და ჩემი ღმერთი კანში, დებიუსის სახელობის დარბაზში თავმოყრილ პუბლიკას მაინც და მაინც არ აღელვებს. პატარა იმედი რჩება, რომ კანში რუმინელ რეჟისორს იმას მაინც დაუფასებენ, რომ თანამედროვე კინოში არავინ ასახავს ასე საინტერესოდ ქალების სოლიდარობის თემას, როგორც მუნჯიუ.

და თუ ამასაც არ დაუფასებენ, იმის იმედიღა დაგვრჩება, რომ 21-ე საუკუნის რეჟისორის ახალ ფილმს მალე ნახავენ საქართველოში.

პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ, ეს სურათი იმათ რომ ნახონ, ვისაც ქრისტეს სიყვარული 464 ცდუნებასთან გამკლავება ჰგონია.

ოთხასსამოცდაოთხთან!


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
29.05.2012 18:02
რუმინეთის მონასტრების რეალურ ცხოვრებას ნუ გააიგივებთ მხატვრულ ფილმთან. იქაც არის დენი და მამაობსაც და დედაოებსაც შეიძლება ყავდეთ ჯიპებიც-ან არ ყავდეთ. საინტერესო ფილმი ჩანს და აუცილებლად ვუყურებ. თუმცა როგორც ასევე რუმინელი ფილოსოფოსი მირჩეა ელიადე ამბობს: A religious phenomenon will only be recognized as such if it is grasped at its own level, that is to say, if it is studied as something religious. To try to grasp the essence of such phenomenon by means of physiology, psychology, sociology, economics, linguistics, art or any other study is false; it misses the one unique and irreducible element in it — the element of the sacred.

ავტორი: დიტო
23.05.2012 23:58
ყველაფერი კარგი და ბატონო გოგი მორეტის რაღას ეჩით ? :D

ავტორი: გეიორგიუს საიდან გვწერთ: Paris
22.05.2012 03:08
ვახ, რა არატოლერანტული ბრძანდებით ბატონო გოგი ამ მრუდად (თუ ირიბად) მორწმუნეთა მიმართ. აი, უფრო მეტად “შაუბრალებელი“, ვიდრე ჩემი ალჟირელი საყვარელი , რომელიც ცდუნებას ვერ უძლებს, სექსის დროს, ან სახეში არ გამარტყას ან კიდევ შემაფურთხოს... თანაც ვგძნობ ეშინია, არ მიპასუხოს ამ ქართველმა ახმახმაო... და მაინც განაგძობს, ეს ოხერი,- იცის ძალას არ გამოვიყენებ მის წინააღმდეგ, რადგან ბოლოს და ბოლოს ეს ყველაფერი ხომ ორმხრივი კონსენსუსის ფარგლებში ხდება . con s'on suce.

ავტორი: kea
21.05.2012 18:12
დიდი კინომანი არა ვარ, მაგრამ, თუ ვუყურებ, ქემაინც კარგს ფილმს მინდა, ვუყურო. თქვენგან რეკომენდებული რეჟისორების ნამუშევრებით ხშირად მისიამოვნია, გამორჩეულად გემადლიერებით ერიკ რომერის გამო :) ამ კინოთიც დაგვაინტერესეთ...

ავტორი: CinemaFanatico საიდან გვწერთ: სამსახურიდან :)
21.05.2012 12:45
მეც დამითვალეს ცოდვები, ცემი მგონი მეტი იყო 464-ზე, :( ძლიან დავინტერესდი ამ ფილმით. იმედია მალე ვნახავთ, ვიღაცისთვის მაინც ეყოს ეს ფილმი თავისუფლებისთვის ბრძლის საწყისი.

ჩემთვის უკვე იყო ეგეთი ფილმები და მე ეხლა უფრო ახლოს ვარ იმასთან რასაც ღმერთი ქვია და რაც ძლიან ძალიან განსხვავდება იმისგან დღეს რომ ხელკეტებით და წივილ კივილით - სიძლვილით - ამკვიდრებენ.
და რითიც გვაშინებენ... 464 :)

ავტორი: kinoman
20.05.2012 22:04
დამატებითი დეტალი მანჯიუს ფილმზე, რაც ბლოგის ტექსტში არ წერია:
ფილმის გმირებს ლესბოსელური მეგობრობა აკავშირებთ ერთმანეთთან. დანარჩენი თვითონ მაყურებელმა განსაჯოს, როდესაც ფილმი გამოვა ეკრანებზე. კრიტიკამ ფილმს იმედის გაცრუება უწოდა.
პასუხი

ავტორი: გოგი გვახარია
20.05.2012 22:06
რომელმა კრიტიკამ? ბიბისი, როიტერი, გაზეტა რუ-ც კი ფილმს შედევრს უწოდებს. ლესბოსური ურთიერთობა არის თუ არა, ეს ფილმში არ ჩანს... რადგან ამაზე არაა ეს ფილმი.

ავტორი: ანონიმი
20.05.2012 21:30
ამ 464 ცოდვაზე, იმაზე, რომ ქალებს მენსტრუაციული ციკლის პერიოდში ეკლესიის მამები და დედები “ბინძურს” უწოდებენ,

ზოგჯერ პირიდან მეტი და უარესი ნაგავი გამოდის ვიდრე ორგანიზმის სხვა ხვრელებიდან და ეს ამის ერთ-ერთი თვალში საცემი მაგალითია...

ავტორი: ანონიმი
20.05.2012 21:22
"ამ მონასტერში არ ცხოვრობს ბოროტი და ფარისეველი ხალხი. არც “ჯიპები” ჰყავთ ჩვენი მღვდლებივით. დენიც კი არა აქვთ გაყვანილი და სანთლებს ხმარობენ მარტო" - ამაშია საქმე: მე ძალიან არასერიოზულად მეჩვენება "ჯიპებიანი მღვდლების" ეკლესიის ყველაზე დიდ ნაკლოვანებად წარმოჩენა. ასეთი "ჯიპიანი მღვდლები" არიან ყველგან, ყველა პროფესიაში და ყველა საქმიანობაში. საქმე პრინციპებშია, და არა ერთი, ორი, ან თუნდაც ათასობით მღვდლის გაუმაძღრობაში თუ ბოროტებაში

ავტორი: GERMANE
20.05.2012 18:35
ბატონო გოგი, ძალიან მინდა, რომ თქვენს მიერ ნაქებ ფილმს წარმატება ჰქონდეს. მაგრამ, ყველაზე უფრო ვისურვებდი, რომ ეს ფილმი გაიგონ (არ მინახავს, მაგრამ თქვენი მინიშნებებით ალბათ საკმაოდ რეალურთან ახლოსა მაქვს წარმოდგენილი ამ ფილმის აზრი).
რას ვგულისხმობ ამ "გაგებაში"?
ადამიანმა, რომელტანაც უდიდესი სიახლოვე და ალბათ ე.წ. სულიერი კავშირიც მაქვს ვერ გაიგო ჩემი ასეთი აღშფოთება პატრიარქის ქალის "მორჩილების" ქადაგების გამო.
ადამიანმა, რომელიც საქართველოს ძალიან კარგად იცნობს, იცის მისი ყოველდღიურობა და მენტალურ-სოციალური პრობლემები, არ ჩათვალ მნიშვნელოვნად - უფრო სწორად ვერ გაიგო პატრიაქრქის სიტყვების მნიშვნელობა.
- ამას დღეს სერიოზულად ვინ აღიქვამს?
- ამ მოხუც და ბუნჩულა კაცს, რომელსაც საუბარიც კი უჭირს, ამ ქადაგებას "დემენვიურ გადახრად" ჩაუთვლიანო.
- იმაზე როგორ სეიძლება საქართველოსი სერიოზულად იკამათოთ, თუ ვინ არის ოახის "უფროსიო", ან საერთოდ,
- ვერავინ დამაჯერებს, რომ ერთი გაუნათლებელი ქართველიც კი ფიქრობდეს - ოჯახი იყოს იერარქიული-ვერტიკალური სტრუქტურა, რომლის თავშიც პიროვნება (გინდა კაცი, გინდაც ქალი იყოს) უნდა იდგესო - ეს ხომ აშკარააო, რომ გარკვეულ სფეროებში ამის სიტყვასა და გამოცდილებას მეტი ძალა აქვსო და გარკვეულ საკიტხებში სხვისასო - არა მგონიაო რომ საქრთველოს მოქალაქე ამას სადავოდ მიიჩნევდესო.

და რომ ვეკიტხები - შენც ხომ იცი რა ავტორიტეტი და რეალური ძალა აქვს მეთქი ეკლესიას, ასე მპასუხობს:
ეს უბრალოდ ადათიაო, ცერემონიააო, ისტორიული ჭიპიაო, რომელსაც ატარებო, რომლისგანაც იკვებებოდიო ასე 200 წლის წინ, მაგრამ ახლა არავიტარი აქტიური ფუნქცია არ გააჩნიაო. ეს ყველაფერი ქართული თეატრალიზმიაო.

ბატონო გოგი, მე იმის თქმა მინდა, რომ ვერ გაიგებენ ამ პრობლემის რეალობას. ამას იმ კარგ რეჟისორს ე.წ. "ტიკად" ჩაუთვლიან.
დღევანდელი დასავლური საზოგადოება ვერ გრძნობს და ათავისებს იმას, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას უფრო და უფრო ირანულ მოლების რეიმის ხასიათი და ფუნქცია ეძლევა. ეძლევა არა რევოლუციით (როგორც ეს ირანსი იყო) არამედ თვითგაცნობიერებაზე, ცოდნაზე და განათლებაზე, ფიქრზე და გააზრებაზე ნებაყოფლობით უარის თქმით.
დიახ, თავად ადამიანები ამბობენ უარს თავისი თავით იფიქრონ და ამიტომაც მამაოების ახსნებს უსმენენ - არამარტო რელიგიურ ცერემონიების სესახებ (რაც ადრე, კომუნისტების დროს ნორმალური იყო), არამედ ყველა სფეროში - თვით სამეცნიერო და ტექნიკურ სფეროებშიც კი მღვდლის ახსნა პრიორიტეტულია.
მე ერთი ახალი კოლეგა მყავს, 26 წლის რუმინელი ახალგაზრდა, განათლებული, რამდენიმე ენის მცოდნე კაცი, რომელიც ყოველი ჭამის წინ მამაო ჩვენოს ამბობს და პრჯვარს იწერს ამ ჩვენს მულტიკულტურულ ჯგუფში. როცა მაგალიტად დღის ასე 10 საათზე ყავაზე შევიკრიბებით და ეს ბიჭი ლოცვას ჩაათავებს, ამის მერე ჩვენს მუსულმან კოლეგის ხელიდან მოწოდებულ ფინჯანსაც არ ირებს - მაგიდაზე უნდა დადოს და ეს მერე იღებს. ამ პიროვნებისათვის არ არსებობს ფილოსოფიური დისკუსიის საგანი, არ არსებობს ცხოვრებაზე და ცხოვრების აზრზე დისკუსიის საბაბი- მისთვის ყველაფერი ზალიან ადვილად იხსნება.

ბატონო გოგი, სწორედ რომ პოსტსაბჭოური ეპოქის სახელმწიფოს მოქალაქეთა რელიგიით გონებრივი თვითკასტრაციაა ის, რაც ალბათ თანამედროვე დასავლელი მოქალაქე შედარებიტ კარგად გაიგებს.

თუკი რუმინელმა რეჟისორმა კარგად წარმოაჩინა ამ თვისთკასტრაციის, ტავისუფლებაზე ცნობიერად უარის თქმის პრობლემატიკა და თუკი ის დაუკავსირა ანუ შეადარა დასავლეთში არსებულ მსგავს თვითკასტარაციას თანამედროვე მედიებისა თუ კომპიუტერული თამაშების მიმართ - მაშინ დაინახავენ ამ ანალოგიას და გაგვიგებენ, გაუგებენ ამ რუმინელ რეჟისორს, გაგვიგებენ ჩვენც და გამიგებენ მეც. მაშინ დაინახავენ ანალოგიას დასავლეთის ბულვარულ მასმედიებს, გასართობი შოუების აღვირახსნილ მოხმარებასა და ქრისტიანული რელიგიის ასევე გაბულვარებასა და აღვირახსნის, უკრიტიკო მოხმარებას შორის.
არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა ფარავს და აკნინებს ადამიანის კრიტიკულ აზროვნებას.

ავტორი: ელენე საიდან გვწერთ: თბილისი
20.05.2012 17:29
ერთი სული მაქვს როდის ვნახავ ამ ფილმს, თუმცა მანამდე მაინტერსებს რა ბედ ეწევა ფესტივალზე და უპირველეს ყოვლისა მაინტერესებს თქვენ თუ მაინც დაუკარით ტაში;–).

ავტორი: ზურაბ საიდან გვწერთ: თბილისიდან
20.05.2012 13:18
თქვენც ერთგვარ წრეზე ტრიალებთ...არ მოგბეზრდათ სასულიერო პირებიზე ქილიკი...რატომ გამორიცხავთ,რომ არსებობენ ისეთი სასულიერო პირები,ვისაც ზუსტად ესმით,რომ ჭეშმარიტება ანთავისუფლებს...ისე კი ჩემშიც ბევრი რამ იწვევს პროტესტს,მაგალითად პარიზის იუბილე ...

ავტორი: masho საიდან გვწერთ: tbilisidan
20.05.2012 12:15
გოგის ჩანაწერების კითხვა ერთი ბედნიერებაა, ძალიან დავინტერესდი ამ ფილმით::) <3

ავტორი: კკკ
20.05.2012 12:06
აი, გოგი, ეგრე თუ მიალანძღავ ბნელობას, მოგვწონს! მადლობა!
შტერი მამაოების ვიდეოების ფრიალი და გამუდმებული წივილი არ მოგვწონს. თავად პრობლემას აკნინებს.
განსაკუთრებით ისეთი წყალწყალა ტექტსებით აქ "მეზობლობაში" სერიული წარმოებისა რომაა, გამოდის, რომ არსად სინათლე, არსად სხივი!
ან ძაან კეთილი უნდა იყო, ან მართლა ბევრი რამე გაგეგებოდეს, რომ ასე პირდაპირ წერას აზრი ჰქონდეს. პუბლიცისტიკისათვისაც ძალიან მდარეა და საბოლოოდ არაჰუმანურია.
ველოდები ფილმის გამოჩენას.

ავტორი: მე საიდან გვწერთ: სახლიდან
20.05.2012 04:20
გოგი, მეტი წერეთ ფილმებზე.

ავტორი: ქეთი საიდან გვწერთ: იქიდან
20.05.2012 02:38
რა სიჩუმეა...:))

ყველაზე პოპულარული