Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარილის არასაკმარისი მიღებაც შეიძლება სარისკო იყოს


"ამერიკის ხმის" რუბრიკა „გალილეო“ დღეს ახალ კვლევას გაგაცნობთ, რომელიც ამტკიცებს, რომ მარილის შეზღუდვამაც შესაძლოა ინფარქტის და ინსულტების რისკი გაზარდოს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ჯანმრთელმა ადამიანებმაც კი მარილის მოხმარება უნდა შეზღუდონ და დღეში საშუალოდ მხოლოდ 1,500-დან 2,300 მილიგრამამდე, ან უფრო ნაკლები მარილი მიიღონ. ახალი კვლევით კი დასტურდება, რომ მარილის ზედმეტმა შეზღუდვამაც შესაძლოა ინფარქტის და ინსულტის რისკი გაზარდოს. დღევანდელი „გალილეო“ სწორედ ამ ახალ სამეცნიერო ნაშრომს გაგაცნობთ.

13 აგვისტოს გამოცემაში New England Journal of Medicine გამოქვეყნებულმა ახალმა ინფორმაციამ სამედიცინო საზოგადოებაში სერიოზული დისონანსი შეიტანა. ამ საკითხში ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი საერთაშორისო კვლევა, რომელიც თითქმის 4 წელიწადი გრძელდებოდა და რომელშიც მონაწილეობა 17 ქვეყნის 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ამტკიცებს, რომ მარილის მიღების დღიური ნორმა, რომელიც აქამდე იყო დაწესებული, არასწორი შეიძლება იყოს და რომ ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია ის გააორმაგოს. საუბარია დღიურად 3-დან 6 ათას მილიგრამამდე მარილის მიღების მიზანშეწონილობაზე. ანუ დაახლოებით იმდენზე, რასაც მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ისედაც ღებულობს.

კვლევის მიხედვით, იმ ადამიანებს შორის, ვინც ყოველდღიურად 3 ათას მილიგრამზე ნაკლებ მარილს იღებდა, ინფარქტებით და ინსულტებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 27 პროცენტით მეტი იყო, ვიდრე მათ შორის, ვინც დღეში 3-დან 6 ათასამდე მილიგრამ მარილს იღებდა. თუმცა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასევე იზრდებოდა 6 ათასი მილიგრამის ზევით მარილის მიღების ზრდასთან ერთად.

ექიმი სიუზან ოპარილი, ალაბამას უნივერსიტეტის კარდიოლოგი, რომელიც აღნიშნული კვლევის სარედაქციო წერილის ავტორია, ამბობს, რომ მარილის ნაცვლად, მეტი ყურადღება ჯანდაცვის მესვეურებმა შაქრის შემცველ პროდუქტებზე უნდა გამახვილონ და მათი მიღება დაარეგულირონ. მისი თქმით, ეჭვგარეშეა, რომ მარილის ჭარბი მოხმარება ჯანმრთელობას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს, მაგრამ არც მისი ძლიერ შეზღუდვა იქნებოდა სასარგებლო რჩევა ჯანმრთელი ადამიანისთვის.

ექიმ ოპარილს იაპონიის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ „იაპონია მარილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობით მომხმარებელია, თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობითაც გამოირჩევა“. ექიმი მარილის ზომიერად მიღებას გვირჩევს, ასევე მოგვიწოდებს ნაკლებად ვიაროთ სწრაფი კვების ობიექტებზე, არ ვიყიდოთ გადამუშავებული პროდუქტები და მინიმუმზე დავიყვანოთ არაჯანსაღი სასუსნავები. „ეცადეთ მიირთვათ ბუნებრივი პროდუქტები და თვითონ მოიმზადეთ საკუთარი საკვები“ - ამბობს ის.

კვლევამ მარილის მოხმარების შემცირების ერთ-ერთი მთავარი პროპონენტის -ამერიკის გულის ასოციაციის- დარწმუნება ვერ შეძლო. ასოციაციის პრეზიდენტი ელიოტ ანტმანი, რომელიც ბოსტონის ქალთა საავადმყოფოს კარდიოლოგია, კვლევის მეთოდოლოგიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. კომენტარისგან თავს იკავებს შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია, რომელიც აცხადებს, რომ სამეცნიერო ნაშრომის უფრო დაზუსტებით გაცნობას გეგმავს. მანამდე კი აგრძელებს იმ რეკომენდაციების მხარდაჭერას, რომელიც მარილის საკვებში შემცველობის შემცირების აუცილებლობას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG