Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი“ ლარის დასახმარებლად


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ლოგო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ლოგო

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მისია საქართველოში იმყოფება. მისიის წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ლარის კურსსა და ეკონომიკაში არსებულ პრობლემურ საკითხებს განიხილავენ. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება „სავალუტო ფონდისგან“ სესხის აღებას არ აპირებს. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განმარტებით, საუბარია სხვა დონორებისგან დამატებითი ფინანსების მოზიდვაზე, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. იმაზე, არის თუ არა პოლიტიკური მდგენელი საქართველოსა და საერთაშორისო „სავალუტო ფონდის“ ურთიერთობებში და უშველის თუ არა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ლარს, ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მისიამ საქართველოში ხელისუფლებასთან ერთად მსჯელობა დაიწყო იმაზე, თუ რა პოლიტიკა უნდა დაიგეგმოს იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ არსებულ შოკებთნ გამკლავება შეძლოს. თუ ეკონომიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას დავეყრდნობით, გასულ კვირაშიხელისუფლება „საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის“ ფინანსური დახმარების თხოვნას აპირებდა:

სავალუტო ფონდიდან არც მითქვამს მე, სხვა ინსტიტუტებიდან სესხის აღებაზეა საუბარი. დეფიციტს ვუთანხმებთ ხოლმე, ბიუჯეტის დეფიციტს, ამაზე გვაქვს ხოლმე საუბარი.
გიორგი კვირიკაშვილი

„ორშაბათს გვექნება „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მისიასთან შეხვედრა და განვიხილავთ ინფრასტრუქტურული ზეგეგმიური პაკეტის მოცულობას, ანუ ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ფულს კაპიტალური დანახარჯების კუთხით, რათა განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის სამინისტროს კუთხით. ეს არის ის პირველადი ზომები, რომელიც ამ შემთხვევაში არის აბსოლუტურად ადეკვატური იმ სიტუაციისა, რაც გვაქვს“.

თუმცა 23 თებერვლის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ფინანსური რესურსების მისაღებად„საერთაშორისო სავალუტო ფონდს“ არ გულისხმობდა:

„სავალუტო ფონდიდან არც მითქვამს მე, სხვა ინსტიტუტებიდან სესხის აღებაზეა საუბარი. დეფიციტს ვუთანხმებთ ხოლმე, ბიუჯეტის დეფიციტს, ამაზე გვაქვს ხოლმე საუბარი“.

საქმეში უფრო მეტი სიცხადის შეტანა სცადაფინანასთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, რომელმაც განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, რამაც, თავის მხრივ, ეკონომიკის გაჯანსაღება უნდა გამოიწვიოს, ხელისუფლება სხვა საერთაშორისო ფონდებს მიმართავს. ჯერჯერობით კონკრეტული თანხის ოდენობა შეთანხმებული არ არის, თუმცა თუ ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრს დავესესხებით, საუბარია, სავარაუდოდ, 500 მილიონი დოლარის მიღებაზე, ფონდები კი, საიდანაც ეს თანხები უნდა მოიზიდოს ხელისუფლებამ, ნოდარ ხადურმა ჩამოთვალა:

„ეს არის კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიბმული თანხები და ეს არ არის თანხები, რომლებიც წავა ბიუჯეტში. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მსოფლიო ბანკისგან, აზიის განვითარების ბანკისგან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან მივიღოთ დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის შესაძლო დაფინანასება“.

გასული წლის ზაფხულის თვეში მთავრობამ სავალუტო ფონდიდან მიიღო ბიუჯეტის მხარდამჭერი და ვალუტის კურსის შესანარჩუნებელი სესხი, 154 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. ამ კრედიტის აღების დროს მთავრობამ აიღო ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების ვალდებულება...
ლევან ალაფიშვილი

საქართველო აღარ მოითხოვს, თუ „საერთაშორისო სავალუტი ფონდმა“ თქვა უარი ფინანსურ დახმარებაზე? - ამ კითხვაზე პასუხად ორგანიზაცია „მომავლის ინიციატივების“ ხელმძღვანელი ლევან ალაფიშვილი აცხადეს, რომ ეკონომიკის მინისტრმა, უბრალოდ, უნდა აღიაროს, რომ მას შეცდომა მოუვიდა, როდესაც თქვა, რომ „საერთაშორისო სავალუტი ფონდს“ მიმართავდა თანხის მისაღებად. ლევან ალაფიშვილის თქმით, შესაძლოა ხელისუფლებას ეს განზრახვა ჰქონდა კიდეც, მაგრამ „საერთაშორისო სავალუტო ფონდი“ არ არის ის ინსტიტუცია, რომელიც სესხს გამოყოფს ან ეხმარება ქვეყნებს ინფრასტრუქტურული ან სხვა სახის პროექტების დასაფინანსებლად. „საერთაშორისო სავალუტი ფონდის“ თანხები ხმარდება მხოლოდ და მხოლოდ ბიუჯეტის მხარდაჭერას და ვალუტის კურსის შენარჩუნებას. ამასთან, ლევან ალაფიშვილის სიტყვებით, მოსალოდნელი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაში გასჭირვებოდა რაიმეთანხისმიღება „სავალუტო ფონდისგან“:

„გასული წლის ზაფხულის თვეში მთავრობამ სავალუტო ფონდიდან მიიღო ბიუჯეტის მხარდამჭერი და ვალუტის კურსის შესანარჩუნებელი სესხი, 154 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. ამ კრედიტის აღების დროს მთავრობამ აიღო ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების ვალდებულება, მათ შორის, ადმინისტრაციული ხარჯების, ანუ საჯარო მოხელეთა ხელფასების, ზომიერი ზრდა და არა გადაჭარბებული. აღნიშნულის საპირისპიროდ, გასულ წელთან შედარებით, წელს ხელფასები საჯარო სექტორში 90-დან 110 მილიონამდე გაიზარდა“.

შესაბამისად, ხელისუფლებას „სავალუტო ფონდთან“ მოლაპარაკების დროს დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ მან დაიწყო და გაატარა მნიშვნელოვანი ცვლილებები. ლევან ალაფიშვილის სიტყვებით, დღეს ხელისუფლებისთვის ორი რამ არის მნიშვნელოვანი: პირველი - ე.წ. სწრაფი ფული, რომელიც ამ ეტაპზე ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილიზებას უზრუნველყოფს, და მეორე - გაწერილი ანტიკრიზისული გეგმა. სხვა ფონდებისგან მიღებული თანხა პრობლემის სწრაფად მოგვარებას ვერ უზრუნველყოფს:

რომც იძლეოდეს ვინმე სესხს ინფრასტრუქტურისთვის, ინფრასტრუქტურა რა შუაშია მანდ, ანუ რა არის ხელოვნურად ხალხის დასაქმება, რომელიც აბსოლუტურად არ არის საჭირო? ეს არის გამოსავალი? ეს არის აბსურდული წამოწყება, ინფრასტრუქტურისთვის სესხის აღება...
პაატა შეშელიძე

„იმისთვის, რომ ბიუჯეტს მიეცეს ამუშავების საშუალება, იგივე ხარჯვა დაიწყოს, კონტრაქტები გაფორმდეს, იგივე ინფრასტრუქტურულ პროექტებში წარიმართოს რაღაც ფული და ეკონომიკაში რომ ფინანსურმა ნაკადებმა დაიწყოს ჯეროვნად ბრუნვა“.

ინფრასტრუქტურაში თანხების გამოყოფა ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ასევე არასწორად მიაჩნია „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტს პაატა შეშელიძეს:

„რომც იძლეოდეს ვინმე სესხს ინფრასტრუქტურისთვის, ინფრასტრუქტურა რა შუაშია მანდ, ანუ რა არის ხელოვნურად ხალხის დასაქმება, რომელიც აბსოლუტურად არ არის საჭირო? ეს არის გამოსავალი? ეს არის აბსურდული წამოწყება, ინფრასტრუქტურისთვის სესხის აღება და იდეების განვითარება, რომ ეს ჩვენ გვიშველის, ეს არის აბსურდული, იმიტომ რომ უკან ხომ უნდა დაბრუნდეს სესხი, არა? სახლში სესხით რომ რემონტი გააკეთო, მერე რა, ფული ხომ უნდა დააბრუნო, რემონტს ხომ არ გაყიდი? ჩემი აზრი ის არის, რომ არასწორი შეფასებაა და არასწორი მიმართულებით არის გამოსავლის ძიება“.

პაატა შეშელიძისგან განსხვავებით, საერთაშორისო ფონდებიდან თანხის სესხება აუცილებელ პირობად მიაჩნია ეკონომიკაში არსებული პრობლემების დასაძლევად „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტს შოთა გულბანს. მისი თქმით, წლების განმავლობაში საქართველოს წინა ხელსუფლება ეკონომიკური გამოწვევების დაბალანსებას საგარეო ვალების მეშვეობით ახერხებდა. ამ თვალსაზრისით გამონაკლისი იყო 2013 წელი, როცა ხელისუფლებამ არ აიღო იმ როდენობით ვალი, რამდენსაც ქვეყნის ეკონომიკა მოითხოვდა. შოთა გულბანის სიტყვებით, დღეს ხელისუფლება სწორად იქცევა, როცა მიმართავს ფონდებს, რათა მოიგოს დრო საკითხის გრძელვადიანი გადაწყვეტისათვის:

„მოკლევადიან პერიოდში უნდა მივიღოთ ისეთი ეფექტი, რომ საზოგადოება, რომელიც არის აღშფოთებული და დაზარალებული... და საზოგადოება არ უნდა დაზარალდეს, მთავრობის პირველი ინტერესი ეს უნდა იყოს. მოსახლეობა, რომელსაც დოლარში აქვს ვალდებულებები და ის დათესილი პანიკა, რომ პროდუქტებზე ფასები იზრდება - აი, ეს სიტუაცია უნდა განიმუხტოს“.

ხელისუფლება ეკონომიკური ვითარების გასაუმჯობესებლად ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასაც გეგმავს. ამასთან, თავიანთ დასკვნებს „საერთაშორისო სავალუტი ფონდის“ მისიის წევრებიც წარმოადგენენ. მისია საქართველოს 5 მარტს დატოვებს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG