Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფლაცია საქართველოში: აპრილის მონაცემები


საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი მაღალი არ არის, თუმცა, 2010 წელთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი საშუალოდ 17 პროცენტით არის გაზრდილი - ეს მაშინ, როცა არც პენსიები და არც საშუალო ხელფასი ამ წლებში ზრდის მაჩვენებლით არ ხასიათდებოდა. ამას მოწმობს სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გუშინ გაავრცელა.

ამ ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, -0,6 პროცენტი, ხოლო, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე), 3,2 პროცენტი შეადგინა.

აპრილში ინფლაციის მაჩვენებლის ნორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0,7 პროცენტით. აღნიშნული კლება უმეტესწილად განპირობებული იყო ფასების შემცირებით შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-6,0 პროცენტი) და ბოსტნეული და ბაღჩეული (-2,2 პროცენტი); ეს მონაცემები კი, როგორც პროდუქციის სახეობები მოწმობს, ძირითადად სეზონურ ფაქტორთან - გაზაფხულის დადგომასთან - იყო დაკავშირებული;
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები შემცირდა 1,9 პროცენტით; ჯგუფში ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (-7,2 პროცენტი); აღნიშნული მაჩვენებელი, შესაძლოა, ლარის კურსის სტაბილიზაციის ფაქტორს უკავშირდებოდეს;

ფასების 1,6-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფზე. ეს უკანასკნელი ცვლილება ნაწილობრივ საგადასახადო გარემოთიც შეიძლება აიხსნას.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ალკოჰოლური სასმელები; თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 14,7 პროცენტით -ფასების ზრდა ძირითადად დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე (22,6 პროცენტი). ამის მიზეზის შესახებ ჩვენ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

ჯანმრთელობის დაცვა: წლის მანძილზე ფასები გაიზარდა 7,5 პროცენტით. ფასები ძირითადად მომატებულია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (10,2 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10,3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 1,9 პროცენტით.აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (14,9 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (7,8 პროცენტი). ფასების შემცირება დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-9,3 პროცენტი); ფასები 6,1 პროცენტით შემცირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც -0,75 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები ძირითადად შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-15,7 პროცენტი). ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,4 პროცენტი).

ეს მონაცემებიც ცხადყოფს, რომ ძირითადად ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება, რაც ზოგ შემთხვევაში ლარის კურსთან არის კავშირში, ზოგჯერ აქციზთან ან სხვა გადასახადთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან, რომლის შედეგებსაც ყოველთვის დეტალურად უნდა ხოლმე გათვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG