Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტი ბილეთების რიგში


30 ივნისს განახლდა ბილეთების გაყიდვა უეფას სუპერთასის მატჩისთვის, რომელიც თბილისში 11 აგვისტოს უნდა გაიმართოს. ბილეთების გაყიდვა კვლავ მიმდინარეობდა საიტზე biletebi.ge, რომელმაც ამჯერად მომხმარებელს ელექტრონული რიგის ფუნქცია შესთავაზა. ბილეთის შეძენის მსურველი იღებს რიგის ნომერს და ელის, როდის მისცემს საიტი ოპერაციის დასრულების უფლებას. დღის განმავლობაში სერვისის მუშაობას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში, სადაც მომხმარებლები კვლავ პრობლემების შესახებ საუბრობდნენ.

ონლაინრიგის სისტემა საიტის მფლობელებმა მას შემდეგ დანერგეს, რაც გასულ კვირაში სერვისმა მომხმარებლების განსაკუთრებულ აქტიურობას ვერ გაუძლო, რამაც ბილეთების გაყიდვის პროცესის შეფერხება და დღევანდელი დღისთვის გადმოტანა გამოიწვია. biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორი გიორგი ჩხიკვიშვილი აცხადებს, რომ საიტმა უკვე მიიღო ზომები იმისათვის, რომ ბილეთები შეუფერხებლად გაიყიდოს:

"როგორც იცით, დავაყენეთ ახალი დაცვა, დავაყენეთ რიგითობის სისტემა. ამჟამად ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს ამ სისტემით. უკვე გაყიდულია დაახლოებით 1200-მდე ბილეთი, დაახლოებით 70 000 კაცი დგას რიგში და გაყიდვები მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, პრინციპში. იყო დაახლოებით 10-15 წუთი, როცა დავაპაუზეთ რიგი იმიტომ, რომ ცოტა დიდი ნაკადი შევიდა. იმის შემდეგ გავაგრძელეთ და ყველაფერი მუშაობს“.

თუმცა ინტერნეტში მომხმარებელი კვლავ პრობლემების შესახებ ლაპარაკობს. დღის განმავლობაში შეიქმნა რამდენიმე ფეისბუკგვერდი, რომელიც biletebi.ge-ს ახალ გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა ან აშარჟებდა. ბილეთების შეძენას დღესაც ცდილობდნენ "ბარსელონას" გულშემატკივრები. მიხეილ ზაქარეიშვილი, barcamiania.ge-ს ადმინისტრატორი, დღეს შექმნილი პრობლემების შესახებ ამბ ობს:

"22 ივნისს, როდესაც უნდა დაწყებულიყო ბილეთების გაყიდვა, მაშინაც და დღესაც, ორი მთავარი პრობლემა გამოიკვეთა: ერთია, რა თქმა უნდა, ტექნიკური - მართალია, biletebi.ge-ს ადმინისტრაცია უარყოფს, მაგრამ რეალურად ტექნიკური პრობლემები არსებობს. ადამიანები, რომლებსაც რიგი უწევთ, მათი გარკვეული ნაწილი ვერ ახერხებს ბილეთების შეძენას და ისინი ბრუნდებიან რიგის ბოლოში. ეს ერთი ტექნიკური პრობლემა და მეორე - ესაა ინფორმაციული პრობლემა. მთელი კვირაზე მეტი გავიდა უკვე და დალაგებული ინფორმაცია არც ერთ პასუხისმგებელ მხარეს - არც ფეხბურთის ფედერაციას და არც biletebi.ge-ს - არ გაუვრცელებია. biletebi.ge-მ დღეს, მაგალითად, ერთადერთი კარგი, რაც გააკეთა, დაადასტურა, რომ მათ აქვთ ტექნიკური პრობლემების შესახებ ინფორმაცია და შეისწავლიან".

ზოგადად რაც შეეხება გადაჭრის გზებს, ერთი რამ მინდა დავაფიქსირო, რომ ეს ახლა რაც აირჩიეს, ანუ ონლაინრიგის სისტემა, ამაში განსაკუთრებული ტრაგედია არ არის. რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, - user experience-სთვის ცუდია, მომხმარებელი არ არის ბედნიერი, - მაგრამ მეტ-ნაკლებად მიღებული პრაქტიკაა...
ნოდარ დავითური

ინტერნეტტექნოლოგიების სპეციალისტი ნოდარ დავითური ამბობს, რომ მთავარი პრობლემის პირვანდელი მიზეზია და რომ თავიდანვე სწორი მიდგომის შემთხვევაში სერვისს ასეთი პრობლემა შესაძლოა საერთოდ არ შექმნოდა:

"ზოგადად რაც შეეხება გადაჭრის გზებს, ერთი რამ მინდა დავაფიქსირო, რომ ეს ახლა რაც აირჩიეს, ანუ ონლაინრიგის სისტემა, ამაში განსაკუთრებული ტრაგედია არ არის. რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, - user experience-სთვის ცუდია, მომხმარებელი არ არის ბედნიერი, - მაგრამ მეტ-ნაკლებად მიღებული პრაქტიკაა და დიდი მოთამაშეებიც ხანდახან იყენებენ ასეთ სისტემებს. თუმცა ყველაზე ადეკვატური და სწორი მიდგომა არის, რომ, უბრალოდ, იყოს ინფრასტრუქტურა მზად. "ინფრასქტრუქტურა მზადში" იგულისხმება ან სერვერების დამატება, ან, თუნდაც, დროებით ჰოსტინგის შეცვლა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც დიდი თანხა უნდა ჩადებულიყო სერვერების შეძენაში. დღეს უკვე თავისუფლად შეიძლება ქირაობა ამ სერვერების ე.წ. ან "ქლაუდ ჰოსტინგზე" (cloud hosting), ან სხვადასხვა ტიპის "მენეჯდ ჰოსტინგზე" (managed hosting), როდესაც შესაძლებელი იქნებოდა ამ რამდენიმე დღის მანძილზე, მაქსიმუმ დღე ან ორი დღე გაგრძელებულიყო ასეთი დატვირთვა, იმ კონკრეტული პერიოდისთვის მომხდარიყო სერვერული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი გაძლიერება".

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსპიკერი ოთო გიორგიძე ამბობს, რომ პრობლემების შესახებ ინფორმირებულია უეფა, რომელთანაც ფედერაცია აქტიურად ურთიერთობს:

"შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთის ფედერაციას ყოველდღიური ურთიერთობა აქვს უეფასთან, რადგანაც სუპერთასი არის უეფას ღონისძიება და, შეიძლება ითქვას, ფეხბურთის ფედერაცია არის თანაორგანიზატორი. გასულ კვირას დაფიქსირებული ხარვეზის შემდეგ, უეფამ კვლავ ექსკლუზიურ პარტნიორად biletebi.ge დატოვა და კვლავ კომპანიას მისცა ხარვეზების გამოსწორებისთვის გარკვეული დრო. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში biletebi.ge-ს წარმომადგენლები აქტიურად მუშაობდნენ უეფას წარმომადგენლებთან და ამ პროცესში დღევანდელ დღესთან დაკავშირებით უეფა ინფორმირებულია და ერთობლივი ძალებით ცდილობენ, რომ გამოსწორდეს ხარვეზი".

განახლება 22:20: ბილეთების გაყიდვა საიტზე შეწყდა. biletebi.ge აცხადებს, რომ გაყიდვის შეწყვეტის გადაწყვეტილება ტექნიკური ხარვეზების გამო მიიღეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ ონლაინ ბილეთები აღარ გაიყიდება, თუმცა მათ, ვინც biletebi.ge-ზე უკვე შეიძინა ბილეთი, შენაძენი არ გაუუქმდებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG