Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამას თქვენ ამბობდით, ბატონო პუტინ?


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არცთუ ისე დიდი ხნის წინ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ისეთი გულმხურვალე ქომაგი იყო, რომ ყირიმის გამო რუსეთ-უკრაინის შესაძლო კონფლიქტის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვაც კი აღიზიანებდა. 2014 წლის 18 მარტს კი რუსეთის პრეზიდენტმა პირადად გასცა ბრძანება ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნების, ანუ როგორც პუტინმა უწოდა, „ისტორიული სამართლიანობის აღდგენის“, შესახებ.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ARD-ს, ჟურნალისტს, რომელმაც რუსეთის ლიდერთან საუბარში პირველად ახსენა ყირიმი და სევასტოპოლი, როგორც კრემლის შემდგომი სამიზნე. ამ შეკითხვამ შვიდი წლის წინ ძალიან გააღიზიანა ვლადიმირ პუტინი, რომელმაც ჟურნალისტს შეკითხვის ფორმულირებაც კი დაუწუნა:

ჟურნალისტი: საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბატონმა კუშნერმა ცოტა ხნის წინ შეშფოთება გამოხატა: შემდეგი კონფლიქტი შეიძლება მოხდეს უკრაინაში, კერძოდ, ყირიმსა და სევასტოპოლში, სადაც რუსეთის შავის ზღვის სამხედრო ფლოტის ბაზა მდებარეობსო. წარმოადგენს თუ არა რუსეთისათვის ასეთ მიზანს ყირიმი და სევასტოპოლი?

ყირიმი არავითარ სადავო ტერიტორიას არ წარმომადგენს. იქ არ ყოფილა არავითარი ეთნიკური კონფლიქტი, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს კონფლიქტისაგან განსხვავებით. და რუსეთმა დიდი ხნის წინ ცნო დღევანდელი უკრაინის საზღვარი...
ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი: თქვენ ახსენეთ შემდეგი მიზანი. ჩვენ არც ამ [საქართველოს] შემთხვევაში გვქონია რაიმე მიზანი. ამიტომ არაკორექტულად მიმაჩნია საუბარია რაიმე შემდეგ მიზანზე. ეს - ერთი...

ჟურნალისტი: თქვენ ამას გამორიცხავთ?

ვლადიმირ პუტინი: თუ მომცემთ პასუხის უფლებას, მაშინ თქვენ კმაყოფილი დარჩებით. ანუ ყირიმი არავითარ სადავო ტერიტორიას არ წარმომადგენს. იქ არ ყოფილა არავითარი ეთნიკური კონფლიქტი, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს კონფლიქტისაგან განსხვავებით. და რუსეთმა დიდი ხნის წინ ცნო დღევანდელი უკრაინის საზღვარი. არსებითად, ჩვენ მთლიანად დავასრულეთ მოლაპარაკებები საზღვრის თაობაზე. დარჩა მხოლოდ დემარკაცია, რაც ტექნიკური საკითხია. მიმაჩნია, რომ რუსეთის რაღაც მსგავსი მიზნის შესახებ დასმულ შეკითხვას პროვოკაციული ელფერი დაჰკრავს“.

პატივცემულო რუსეთის მოქალაქეებო, ძვირფასო ყირიმელებო, სევასტოპოლელებო! მძიმე, ხანგრძლივი, დამღლელი ცურვის შემდეგ ყირიმი და სევასტოპოლი ბრუნდებიან მშობლიურ ნავსადგურში...
ვლადიმირ პუტინი

ვიმეორებთ, ეს ინტერვიუ გერმანელ ჟურნალისტთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში ჩაიწერა. თუმცა გავიდა 6 წელი და, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, რუსმა სამხედროებმა დაიკავეს ყირიმის ნახევარკუნძული, განაიარაღეს, კონფისკაცია გაუკეთეს და რუსეთის კონტროლს დაუქვემდებარეს უკრაინული სამხედრო ბაზები. ანექსიის შემდეგ კი მოსკოვის მომხრე ყირიმისა და სევასტოპოლის ხელისუფლებებმა უკრაინისა და საერთაშორისო კანონების დარღვევით ჩაატარეს რეფერენდუმი, რომლის საფუძველზეც ყირიმი და სევასტოპოლი რუსეთის შემადგენლობაში „ნებაყოფლობით შევიდა“.

„დღეს დაგვიდგა ძალიან სასიხარულო, ნათელი, საზეიმო დღე! პატივცემულო რუსეთის მოქალაქეებო, ძვირფასო ყირიმელებო, სევასტოპოლელებო! მძიმე, ხანგრძლივი, დამღლელი ცურვის შემდეგ ყირიმი და სევასტოპოლი ბრუნდებიან მშობლიურ ნავსადგურში, მშობლიურ ნაპირებზე, მუდმივი მიწერის პორტში - რუსეთში“, - ეს სიტყვები ვლადიმირ პუტინმა ერთი წლის წინ, 2014 წლის 18 მარტს, შეკრებილთა აღტაცებული შეძახილების ფონზე წარმოთქვა.

მიერთების ხელშეკრულებაზე ხელს რომ აწერდა, ვლადიმირ პუტინს აღარ გახსენებია 6 წლის წინ გერმანულ ტელევიზიასთან გაკეთებული განცხადება. უფრო მეტიც, ყირიმის ანექსიის წლისთავზე, 2015 წლის 18 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა ყირიმის რეგიონი იერუსალიმსაც კი შეადარა როგორც ადგილი, რომელიც, პუტინის სიტყვებით, რუსეთის სულიერებისა და სახელმწიფოებრიობის სათავეებს მიეკუთვნება.

„საუბარია არა, უბრალოდ, ტერიტორიაზე, რომელიც საკმარისად გვაქვს. საუბარია ისტორიულ სათავეებზე, ჩვენი სულიერებისა და სახელმწიფოებრიობის სათავეებზე, საუბარია იმაზე, რაც გვაქცევს ერთიან ხალხად და ერთიან, შეკრულ ერად“, განაცხადა პუტინმა. მან თანამემამულეები შეაქო "გასაოცარი პატრიოტიზმისათვის" ყირიმისა და სევასტოპოლის მკვიდრთა მხარდაჭერისას და გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთი დაძლევს სიძნელეებს, რომლებსაც მას უცხოეთიდან უქმნიან. ყირიმის ანექსია, როგორც ცნობილია, ითვლება საერთაშორისო სამართლის დარღვევად, რის გამოც რუსეთს მკაცრად აკრიტიკებენ უცხოეთში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG