Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამოფობიის ღორული სახე


ჯემალ პაქსაძე
ჯემალ პაქსაძე

10 სექტემბერს ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლებმა მუსლიმური სასწავლებლის მშენებლობა გააპროტესტეს და შენობის კარზე ღორის მოკვეთილი თავი დაამაგრეს, რამაც ადგილობრივი მუსლიმებისა და მესამე სექტორის აღშფოთება გამოიწვია. მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი გამოძიებისა და დამნაშავეების სათანადო დასჯისკენ მოუწოდა. რა რეაქცია მოჰყვა ქობულეთში მუსლიმთა მშენებარე სასწავლებლის წაბილწვასა და მუსლიმების მისამართით გამოთქმულ მუქარას?

10 სექტემბრის ინციდენტის მონაწილეები არ მალავენ ვინაობას, თავს ადგილობრივ მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებენ და ლერმონტოვის ქუჩის 13 ნომერში მუსლიმთა პანსიონის გახსნის ინიციატორებს ანგარიშსწორებით ემუქრებიან.

„შესაძლებელია ღორების ფერმა გავუშვათ ამ სახლში! თუ ისინი არ მოიშლიან თავისას, ჩვენ შევაგროვებთ ფულს და ვიყიდით იმდენ ღორს, რომ მათი ჭყავილი აიღებს მთელ ქუჩას“, თქვა აქციის მონაწილე ქალმა. ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებმა მამაკაცმა კი თქვა, რომ ქუჩაზე ცხოვრობენ ქრისტიანები, ამ სასწავლებელ-პანსიონში დაიწყება მუსლიმანური აღმსარებლობა, რაც მათთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი.

მოვუწოდებ სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასწრაფოდ გამოიძიონ მომხდარი და სათანადოდ აგებინონ პასუხი ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროვოკაციაში. მინდა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს რელიგიურ დაპირისპირებას...
ირაკლი ღარიბაშვილი

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იმ შენობასთან, სადაც მუსლიმთა სასწავლებლის გახსნა იგეგმება, ორიოდე კვირის წინ ჯვარიც აღმართეს, 10 სექტემბერს კი პროტესტის ნიშნად გადაკეტეს ქუჩა, შენობის შესასვლელთან დაკლეს ღორი და მისი თავი კარზე დაკიდეს. მომხდართან დაკავშირებით აღიძრა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის, ანუ მუქარის, ნიშნებით. 11 სექტემბერს ქობულეთში მომხდარ ინციდენტს განცხადებით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც დაგმო რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიური ნიშნით დაპირისპირების მცდელობა:

„მოვუწოდებ სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასწრაფოდ გამოიძიონ მომხდარი და სათანადოდ აგებინონ პასუხი ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროვოკაციაში. მინდა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს რელიგიურ დაპირისპირებას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. საქართველოს მუსლიმი მოსახლეობა კი მინდა დავარწმუნო, რომ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ მათი ინტერესების დასაცავად. ყველა დამნაშვე იქნება დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით“.

დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯას ითხოვს სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე. მისი თქმით, მოხდა სამარცხვინო ფაქტი, რომელიც, დიდი შეურაცხყოფის მიუხედავად, ხელს ვერ შეუშლის მუსლიმების რელიგიური და სულიერი მოთხოვნილებების რეალიზებას. ამავე აზრს იმეორებს რამაზ კაკალაძეც, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“, რომელსაც ერთი წლით აქვს დაქირავებული ქობულეთში, ლერმონტოვის 13 ნომერში მდებარე შენობა:

როდემდე უნდა გრძელდებოდეს ასეთი თავდასხმები ჩვენი ქვეყნის მუსლიმ მოქალაქეებზე? როდემდე უნდა იტანდნენ ქართველი მუსლიმები ამდენ დამცირებასა და შეურაცხყოფას? როდემდე უნდა ვისარგებლოთ ბოროტად მათი მპატიებლობითა და მოთმინებით?...
მალხაზ სონღულაშვილი

„ჩვენ მთავრობის იმედი ყოველთვის გვქონდა, მაგრამ უკვე იმედები გვიცრუვდება. რატომ? ინციდენტი მოხდება თუ არა, დამნაშავე მაშინვე უნდა იქნეს დაკავებული! ეს მარტო ჩვენი შეურაცხყოფა კი არაა, ამით შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს - ქართველს, აზერბაიჯანელს. ყველა მირეკავს და მეუბნება, მუსლიმები შეურაცხყოფილები ვართ და თქვენ გვერდში ვართო“.

ქართველ მუსლიმებს გვერდში უდგას ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, დაგმოს რელიგიური ძალადობა. 11 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში მალხაზ სონღულაშვილი შეკითხვებით მიმართავს საზოგადოებას:

„როდემდე უნდა გრძელდებოდეს ასეთი თავდასხმები ჩვენი ქვეყნის მუსლიმ მოქალაქეებზე? როდემდე უნდა იტანდნენ ქართველი მუსლიმები ამდენ დამცირებასა და შეურაცხყოფას? როდემდე უნდა ვისარგებლოთ ბოროტად მათი მპატიებლობითა და მოთმინებით? ანდა, როგორ ჰგონიათ იმ ღორის დამკვლელ ვაიქრისტიანებს, ვის მხარეზეა ახლა მათი უფალი ქრისტე – იმათი, ვინც ადამიანის ღირსება შეურაცხყო, თუ იმათ მხარეზე, რომელმაც მოთმინებით აიტანა ეს დამამცირებელი საქციელი?“

ქობულეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ქობულეთში მომხდარი ფაქტი მორწმუნე მუსლიმთა რელიგიური გრძნობების უხეში შეურაცხყოფაა და ასეთი ქმედება მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე ნებისმიერი ტრადიციული რელიგიისათვის, თუმცა საპატრიარქოს წარმომადგენელმა დეკანოზმა დავით შარაშენიძემ ასევე განაცხადა:

"რა თქმა უნდა, პროვოკაციას ჩვენ ვხედავთ 10 სექტემბერს ჩადენილ ქმედებაში, მაგრამ ვხედავთ იმაშიც, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ და ხელისუფლებასთანაც შეუთანხმებლად მოხდა ისლამური სკოლა-პანსიონის აშენება, რომლის რელიგიური დანიშნულებაც ეჭვგარეშეა. საქართველოს კანონმდებლობა მუსლიმებს ან სხვა რომელიმე კონფენსიის წარმომადგენლებს შეიძლება აძლევდეს ამის ნებას, მაგრამ მორალურად და, მით უმეტეს, რელიგიურად გამართლება არ აქვს ისეთ ქმედებას, რომელიც ხალხში დიდ შფოთსა და დაპირისპირებას იწვევს".

საპატრიარქოს ამ განცხადების პასუხად, იურისტი ბაია პატარაია ამბობს, რომ რელიგიული სასწავლებლის გახსნას არანაირი ნებართვა არ სჭირდება. სხვა ამბავია, როცა იხსნება დაწესებულება, რომელშიც არასრულწლოვნებმა უნდა იცხოვრონ:

ყველა ზემოთ ნახსენებ ინციდენტში არც ერთი პირი არ მიცემულა პასუხისგებაში. შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მოქალაქეებს ზოგადად არ აქვთ ცოდნა, სამოქალაქო თვითშეგნება, რომ მსგავსი ქცევა საფრთხეს უქმნის არა მარტო ადამიანის უფლებებს, არამედ ზოგადად სახელმწიფო უსაფრთხოებას...
გიორგი მშვენიერაძე

„ჯერჯერობით გაცხადებული აქვთ, რომ იხსნება სკოლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ როცა ისინი გადაწყვეტენ პანსიონის გახსნას, ვერ მიიღებენ სათანადო ნებართვას. თუ არც მიუმართავთ არავისთვის, ეს არ ნიშნავს, რომ მათ უარი ეთქვათ. შეიძლება ჯერ არც მიუმართავთ, რადგანაც არც არაფერი ფუნქციონირებს იმ შენობაში“.

ბაია პატარაიასთან ერთად ქობულეთში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურნენ სხვა ავტორიტეტული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბოლო პერიოდში მუსლიმთა დევნისა და შევიწროების ფაქტებმა სისტემური ხასიათი მიიღო, რაც სახელმწიფოს მხრიდან შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე არაეფექტური და არაადეკვატური რეაგირების შედეგია. განცხადების ერთ-ერთი ავტორი, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე, იხსენებს ისლამოფობიის ნიშნით გაერთიანებულ ინციდენტებს, რომლებსაც ორი წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ნიგვზიანში, წინწყაროში, ჭელასა და სამთაწყაროში.

„ყველა ზემოთ ნახსენებ ინციდენტში არც ერთი პირი არ მიცემულა პასუხისგებაში. შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მოქალაქეებს ზოგადად არ აქვთ ცოდნა, სამოქალაქო თვითშეგნება, რომ მსგავსი ქცევა საფრთხეს უქმნის არა მარტო ადამიანის უფლებებს, არამედ ზოგადად სახელმწიფო უსაფრთხოებას. მეორე მხრივ, პრობლემა გვაქვს ის, რომ მათ თავნებობას განაპირობებს სწორედ დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც სახელმწიფოში ამ ტიპის სამართალდარღვევებთან დაკავშირებით არის გამეფებული“, უთხრა გიორგი მშვენიერაძემ რადიოთ თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG