Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო სემპლი


ჯო სემპლი
ჯო სემპლი

12 სექტემბერს ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში, 75 წლის ასაკში, ცნობილი ამერიკელი პიანისტი, ბენდლიდერი და კომპოზიტორი ჯო სემპლი აღესრულა - არტისტი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო მელოდისტად ითვლება პოპულარული მუსიკის ისტორიაში.

ჯო სემპლი 1939 წლის 1 თებერვალს დაიბადა. როგორც თავად იხსენებდა, დაკვრა, ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, ოჯახურ ორღანზე დაიწყო. გოსპელი, ბლუზი და ევროპული კლასიკური მუსიკა - ეს ის ჟანრები გახლდათ, რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინეს ყმაწვილის მუსიკალური გემოვნებისა თუ საშემსრულებლო ხელწერის ჩამოყალიბებაზე და, რაც მთავარია, მყარად გადააწყვეტინეს ხელოვნების ამ ფორმის მსახურება. ჯაზური სამყაროს კარი მან 50-იანებში შეაღო, როცა დიდ სცენაზე ჰარდბოპი მეფობდა - მუსიკალური მიმდინარეობა, წინა პლანზე ბლუზური ჰარმონია, გოსპელისათვის დამახასიათებელი მელოდიკა და რიტმული სტრუქტურა რომ იყო წამოწეული, ხოლო წამყვანი როლი საყვირს ეკავა. ამ ყოველივეს კლასიკური მაგალითი არტ ბლეიკის ბენდი „Jazz Messengers“-ი გახლდათ, სადაც უბადლო ტექნიკის მქონე მესაყვირე კლიფორდ ბრაუნი ჯადოქრობდა. ჰოდა, ჯო სემპლიც გაერია ბოპერთა მარაქაში, საკუთარი ბენდი შექმნა, რომელსაც სახელიც არტ ბლეიკის ჯგუფის მსგავსი - „Jazz Crusaders“ - შეურჩია, პარტნიორებად კი სკოლის მეგობრები: ტრომბონზე - უეინ ჰენდერსონი, ტენორ-საქსოფონზე - უილტონ ფელდერი, დრამზე - სტიქს ჰუპერი მოიპატიჟა. ჯო სემპლის პროექტის უნიკალურობა - გნებავთ, უჩვეულობა - იმაში მდგომარეობდა, რომ უსაყვირო კვარტეტი გახლდათ, წამყვანი სასულე ხაზის გატარება ტრომბონისა და ტენორ-საქსოფონის დიალოგით ხდებოდა, ხოლო თავად პიანისტი ამ გაბაასებას სვინგური აკორდული თუ მოდალური იმპროვიზაციებით ამდიდრებდა. ამგვარი ფორმატი „Jazz Crusaders“-ის სავიზიტო ბარათად იქცა.

70-იან წლებში ჯო სემპლის ნამოქმედარის სტილისტიკა კარდინალურად შეიცვალა. არტისტი პოპ-ჯაზისკენ გადაიხარა, ბგერა დაატკბო და ბოპს საერთოდ ზურგი აქცია. ბენდის სახელწოდებიდან „Jazz“ გააქრო და „ჯვაროსნების“ ტიტულითღა განაგრძო მოღვაწეობა. ახალი პროდუქტი გოსპელის, ბლუზის, ფანკის, ევროპული კლასიკისა და ლათინოამერიკული მუსიკის დაშაქრულ სინთეზს წარმოადგენდა, ამ ფორმულით ჩაწერილი ალბომები კი ყოველ წელს ამერიკული მუსიკალური ჟურნალის -„ბილბორდის“ - საპატიო ასეულში ხვდებოდა.

გარდა ბენდის ფორმატისა, ჯო სემპლი კოლეგების პროექტებშიც მონაწილეობდა. სხვადასხვა წლებში მისი იმპროვიზაციული აზროვნებითა თუ საფორტეპიანო ტექნიკით მაილს დევისი, ჯორჯ ბენსონი, ბი ბი კინგი, ერიკ კლაპტონი, მარვინ გეი, ჯონი მიტჩელი და მრავალი სხვა ინტერესდებოდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ჯო სემპლის სოლო ნამუშევრებიც, რომელთა შორის ისეთ ალბომებს გამოვარჩევდი, როგორიცაა: “Carmel”, “The Hunter”, “Invitation” და „The Song Lives On.“

დასასრულ, ისიც უნდა ვთქვა, რომ ჯაზური მუსიკის მრავალი მსმენელი ჯო სემპლს ჰარდბოპიდან კომერციული მუსიკის გარემოში გადაბარგებას უსაყვედურებდა. თვლიდნენ, რომ ჰარდბოპის განვითარებისათვის გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო. მიუხედავად ამისა, კრიტიკოსები მას ჩინებულ მელოდისტად და პოპულარული მუსიკის ჟანრში მოღვაწე ერთ-ერთ წამყვან კომპოზიტორად აღიარებდნენ. ამის დასტურად კი, ჯო სემპლის მიერ ათეულობით ჰიტად ქცეულ ინსტრუმენტულ თუ ვოკალურ თხზულებებს ასახელებდნენ. ერთ-ერთ ასეთ ნაწარმოებს სიუჟეტის ბოლოს შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG