Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონი ვინტერი


ჯონი ვინტერი მურსიის (ესპანეთი) ჯაზ-ფესტივალზე, 2008 წლის ივლისში.
ჯონი ვინტერი მურსიის (ესპანეთი) ჯაზ-ფესტივალზე, 2008 წლის ივლისში.

ალბათ ძალიან სასიამოვნოა, როცა მეგობართა სიაში ჯონ ლენონი გყავს, რომელმაც შენ პატივსაცემად სიმღერა დაწერა. ეს განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა ცოცხალი ხარ. სამწუხაროდ, მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული გიტარისტი, ტეხასელი ჯონი ვინტერი, რომელსაც ლენონმა მიუძღვნა თავისი სიმღერა Rock' N' Roll People, რამდენიმე დღის წინ, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯონ დოუსონ ვინტერ მესამე 1944 წლის 23 თებერვალს დაიბადა მისისიპიში, მაგრამ აღიზარდა ბომონტში (ტეხასის შტატი). მასაც და მის უმცროს ძმასაც, ედგარსაც, რომელიც ჯონივით ალბინოსი იყო და ჯონივით მსოფლიო დონის მუსიკოსი გახდა, მშობლებმა ბავშვობიდანვე მუსიკალური გარემო შეუქმნეს. ჯონიმ გიტარაზე დაკვრის არაჩვეულებრივი უნარი გამოავლინა და მრავალი იმდროინდელი ახალგაზრდა ამერიკელი და ბრიტანელი მუსიკოსის მსგავსად, ბლუზით დაავადდა.

60-იანი წლების მიწურულს, როცა ბლუზით გაჯერებული როკი ძალიან პოპულარული გახდა მსოფლიოში, ვინტერი ჩავიდა ბლუზის ჩრდილოეთ დედაქალაქში, ჩიკაგოში, სადაც დაუმეგობრდა გიტარისტ მაიკლ ბლუმფილდს. მაიკლმა ის თავის კონცერტზე ერთ სიმღერაზე გამოიყვანა. შედეგად ხმის ჩამწერმა ფირმებმა მის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს ომი გამოუცხადეს. გაიმარჯვა „კოლამბიამ“, რომელმაც იმ დროისთვის არნახული „ბე“ - 600 ათასი დოლარი გადაიხადა.

მას შემდეგ 45-წლიანი კარიერის განმავლობაში ვინტერს გამოშვებული აქვს, სულ ცოტა, 25 ოფიციალური ალბომი, ხოლო მეკობრულად გამოცემული ჩანაწერების ზუსტი რაოდენობა არავინ იცის. ალბომების რიცხვი მეტი იქნებოდა, რომ არა 70-იანი წლების პირველ ნახევარში უმძიმესი დამოკიდებულება ჰეროინზე. მართალია, ჯონი გამოჯანმრთელდა, მაგრამ 90-იანებმა მაინც ანტიდეპრესანტების, მეტადონისა და ალკოჰოლის ფონზე ჩაიარეს.

ამ ყველაფრის და ასაკის მიუხედავად, მუსიკოსი წელიწადში 200 კონცერტის ჩატარებას ახერხებდა. მისი „საფირმო“ გარეგნობა - გრძელი თეთრი თმა, კოვბოის ქუდი და სვირინგებით აჭრელებული გამხდარი ხელები ყველასათვის ადვილად საცნობს ხდიდა.

ჯონი ვინტერი და კოკა ცქიტიშვილი დანიაში
ჯონი ვინტერი და კოკა ცქიტიშვილი დანიაში

ქართველი მუსიკოსებიდან ვინტერს ყველაზე ახლოს კოკა ცქიტიშვილის ბლუზ-როკ ჯგუფი Koka & T. Blues Mob მიუახლოვდა. ეს მოხდა ამ რამდენიმე წლის წინათ დანიაში. ისინი ერთად გამოვიდნენ ფესტივალზე. კონცერტის შემდეგ კი ქართველები ორი საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ თავიანთ ამერიკელ გურუს.

ამას გარდა საქართველოში გვყავს ნამდვილი „ვინტეროლოგი“. ეს გახლავთ ცნობილი მელომანი ზურაბ კაკაბაძე, რომელსაც ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა ვინტერის ვინილის დისკების სრული კოლექცია, როცა ეს ნამდვილ გმირობად ითვლებოდა. სწორედ ამიტომაც მივანდეთ მას დღევანდელი გადაცემის მუსიკალური თანხლების შერჩევა.

ვინტერი გარდაიცვალა შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, სასტუმროს ნომერში. ის ევროპულ საკონცერტო ტურნეში იმყოფებოდა.

2 სექტემბერს გასაყიდად გამოდის მისი უკანასკნელ დისკი Step Back, რომელშიც ვინტერთან ერთად მონაწილეობენ ერიკ კლაპტონი, მარკ ნოფლერი, „ზი ზი ტოპის“ ბილ გიბონსი, „აეროსმითის“ ჯო პერი და დოქტორ ჯონი.

ცოტა სარკასტულად ჟღერს, მაგრამ ფაქტია - ვერაფერი გაუკეთებდა ისეთ წარმატებულ რეკლამას ამ დისკს, როგორც ვინტერის სიკვდილი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG