Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციაზე „შემოულაწუნე“ ჟურნალისტს სცემეს


ირაკლი გედენიძე
ირაკლი გედენიძე

ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ, ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა და ერთი პირიც დააკავა. 4 მარტს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს, ირაკლი გედენიძეს, სამი ოპოზიციური პარტიისმიერ ორგანიზებულ აქციაზე „შემოულაწუნე“ აქციის მონაწილემ კამერა დაუმტვრია და სცემა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიესალმება საქმის აღძვრას და იმედოვნებს, რომ საქმეს ბოლომდე გამოიძიებენ.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე ტვინის შერყევით ახლა სახლში იმყოფება. ირაკლი იხსენებს, რომ პარტია "რეფორმატორების", "თავისუფალი საქართველოსა" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე „ვარდების მოედანზე“ იღებდა ფართო რაკურსით ავტომანქანებს, რომლებიდანაც პარტიული დროშები იყო გადმოფენილი. ამ დროს ავტომანქანიდან აქციის ერთი მონაწილე გადმოვიდა დაგადაღებული კადრების წაშლა მოსთხოვა, რაზეც ირაკლისგან უარი მიიღო. ის უხსნიდა, რომ საჯარო სივრცეში იღებდა, რისი უფლებაც ჰქონდა. ამ პასუხის მიღების შემდეგ აქციის მონაწილემ მისთვის კამერის წართმევა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.

„ვუთხარი, რომ კადრებს არ წავშლიდი, რაზეც საპასუხოდ გინება დამიწყო. რატომ მაგინებ-მეთქი და გაგინებ კი არა, უარესს გიზამო და მომიტრიალდა და დამიწყო კამერის წართმევა. აპარატი ჩავიხუტე და მან დამარტყა. ამასობაში უკნიდან მომეპარა ვიღაც, რომლის სახეც იმწუთას არ დამინახავს, დამიჭირა და, ფაქტობრივად, აცემინა ჩემი თავი“.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ ხულიგნობის მუხლით, მოგვიანებით კი ჟურნალისტურ საქმიანობაში ძალადობით ხელის შეშლის მუხლით აღძრა საქმე და ერთი პირი დააკავა.

პარტიის წევრის დაკავების გამო „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, პარტიიდან გაირიცხა დაკავებულის მამა.

"პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი ბეგიაშვილის გარიცხვის შესახებ. ჩვენ მას ავუხსენით, რომ რის წინააღმდეგაც პარტია იბრძვის 10 წელია და რასაც ჩვენ თვითონ ვგმობთ, იმას ვერ გავამართლებთ",- ამბობს კახა კუკავა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოც. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გმობს ჟურნალისტის მიმართ ჩადენილ დანაშაულს და კიდევ ერთხელ შეახსენებს აქციის ორგანიზატორ პოლიტიკურ პარტიებს, რომ დაუშვებელია არათუ ფიზიკური ან სიტყვიერი ანგარიშსწორება, არამედ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაც კი“.

თუ ადეკვატური გამოძიება მოხდება და ამ ქვეყანაში ოდესმე გაიგებენ და დაიჯერებენ, რომ მედიისთვის ხელის შეშლა მართლაც ისჯება კანონით, ეს ხელს შეუწყობს მედიის უკეთ მუშაობას...
გიორგი მგელაძე

ქარტიის საბჭოს წარმომადგენლის, სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტის გიორგი მგელაძის სიტყვებით, სამართალდამცავებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც საქმე ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით აღძრეს, თუმცა, მისი თქმით, მხოლოდ ერთი პირის პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს, რადგან გავრცელებულ ვიდეოკადრებში სხვა პირის პასუხისმგებლობაც იკვეთება. გიორგი მგელაძის სიტყვებით, წინა ხელისუფლების დროს ერიდებოდნენ ამ მუხლით გამოძიების წარმოებას. ამასთან, მას ჟურნალისტური გამოძიებაც აქვს გაკეთებული გორის ტელევიზია „თრიალეთისთვის“ და მუშაობის პროცესში შეიტყო, რომ 15 საქმე იყო აღძრული ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით და არც ერთი არ იყო ბოლომდე გამოძიებული. გიორგი მგელაძის სიტყვებით, ძალიან მნიშვნელოვანია პრეცედენტის შექმნა, რომ დაისაჯოს კონკრეტული პირი, ვინც ჟურნალისტს საქმიანობაში უშლის ხელს, განსაკუთრებით კი - ძალადობით:

„თუ ადეკვატური გამოძიება მოხდება და ამ ქვეყანაში ოდესმე გაიგებენ და დაიჯერებენ, რომ მედიისთვის ხელის შეშლა მართლაც ისჯება კანონით, ეს ხელს შეუწყობს მედიის უკეთ მუშაობას, მედიის უკეთ მუშაობა კი ნიშნავს საზოგადოების უკეთ ინფორმირებას“.

ირაკლი გედენიძისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს საქართველოს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა მიიღონ შესაბამისი ზომები, ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ადეკვატური სანქციების გატარების მიზნით.

ამასთან, მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა ორგანიზებული აქციის დროს მიიღონ ყველა შესაძლო კანონისმიერი ღონისძიება მსგავსი ქმედებების პრევენციისა და, ზოგადად, ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად“.

ყოველი ასეთი ფაქტი, როდესაც ჟურნალისტი ასრულებს პროფესიულ მოვალეობას და მას არ ეძლევა ამის შესაძლებლობა და, მეტიც, ადგილი აქვს ფიზიკურ ძალადობას, თავისთავად ცხადია, უნდა ადეკვატურად იყოს რეაგირებული და ადეკვატურად გამოძიებული...
მაია მეცხვარიშვილი

ტელეკომპანია „მაესტრომ“ სოლიდარობა გამოხატა ირაკლი გედენიძის მიმართ. ტელეკომპანიის განცხადების თანახმად, „მომხდარი არის ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ჩარევა, რომლის მსხვერპლიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. ამიტომ ტელეკომპანია "მაესტრო" არ დაუთმობს ეთერს აქციის ორგანიზატორ პოლიტიკურ ძალებს და უარს ამბობს გააშუქოს მათი აქტივობა, ვიდრე: 1. აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური ძალების ლიდერები საჯაროდ არ აიღებენ პასუხისმგებლობას მომხდარ ინციდენტზე, არ მოიხდიან ბოდიშს დაფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეს არ აუნაზღაურებენ მატერიალურ ზარალს.

ინტერნეტგამოცემა“ ნეტგაზეთის“ რედაქტორის მაია მეცხვარიშვილის სიტყვებით, საქმე გვაქვს განსხვავებულ ვითარებასთან. ადრე უფრო ხშირად ხელისუფლებასთან დაკავშირებულ აქციებზე ეშლებოდათ ხელი ჟურნალისტებს საქმიანობაში, ამჯერად კი ფაქტი ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოხდა და ეს ტოვებს იმედს, რომ, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, მომხდარს უფრო ობიექტურად გამოიძიებენ:

„ყოველი ასეთი ფაქტი, როდესაც ჟურნალისტი ასრულებს პროფესიულ მოვალეობას და მას არ ეძლევა ამის შესაძლებლობა და, მეტიც, ადგილი აქვს ფიზიკურ ძალადობას, თავისთავად ცხადია, უნდა ადეკვატურად იყოს რეაგირებული და ადეკვატურად გამოძიებული, რაც გულისხმობს იმ მუხლის გამოყენებას, რაც სისხლის სამართლის კოდექსშია“.

ჟურნალისტზე თავდასხმა და მისთვის აპარატურის დაზიანება დაუშვებლად მიაჩნიათ პარლამენტის დეპუტატებს. როგორც უმრავლესობა, ასევეოპიზიცია აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა ფაქტი უსწრაფესად და ობიექტურად უნდა გამოიძიონ და, დანაშაულის დადგენის შემთხვევაში, ყველა პირი უნდა მიეცეს პასუხისგებაში.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG