Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი და კრემლი: ურთიერთობა იძაბება?


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ბოლო თვეებში სულ უფრო არაპროგნოზირებად ხასიათს ავლენს საჯარო სფეროში. მასა და მოსკოვში მყოფ ოფიციალურ პირებს შორის კავშირები დაიძაბა.

მან თავის ძალებს უბრძანა ცეცხლი გაუხსნან რუსეთის ოფიცრებს, რომლებიც მის სამეფოში უნებართვოდ იმოქმედებენ; აშშ-ის მთავრობას ბრალი დასდო 2013 წლის ბოსტონის მარათონის ტერაქტში მონაწილეობაში და დალოცა ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნისა და არასწრულწლოვანი გოგოს ქორწინება, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, ორცოლიანობის შემთხვევაც იყო.

ეს ყველაფერი ჩეჩნეთის კრემლის მიერ მხარდაჭერილი ლიდერის, რამზან კადიროვის მიერ ბოლო ხანებში გადადგმული ნაბიჯებია. ბევრი ამბობს, რომ მისი მოქმედება სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება - იმ გარემოების გათვალისწინებითაც კი, რომ მას მანამდეც ექსცენტრულ და ხშირად საშიშ საჯარო პირად იცნობდნენ.

კადიროვის ამ ნაბიჯების ფონია მასა და რუსეთის რამდენიმე მაღალჩინოსანს შორის ურთიერთობის დაძაბვა მას შემდეგ, რაც 27 თებერვალს კრემლთან ახლოს მოკლეს ცნობილი რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი.

კადიროვმა ღიად დაიცვა საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, „სამარცხვინო“ უწოდა. ამასთან, იმ ფონზეც კი, როცა კრემლმა კადიროვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო მიანიჭა, ის და მისი გარემოცვა ბოლო თვეებში დაუმორჩილებლობას ავლენენ მოსკოვის ინსტრუქციების მიმართ - იქნება ეს უსაფრთხოებასა თუ პოლიგამიასთან დაკავშირებული საკითხები.

მიმდინარე კვირაში კადიროვმა გააკრიტიკა ფეისბუკის მფლობელობაში არსებული აპლიკაცია „ვოთსაფის“ მომხმარებლები, კერძოდ, ქალები, რომლებსაც მან ბრალი დასდო შეტყობინებებით ჩეჩენი პოლიციელისა და 17 წლის გოგონას ქორწინების გაკრიტიკებაში. პოლიციელს, ნაჟუდ გუჩიგოვს, გავრცელებული ცნობებით, უკვე ჰყავს ერთი ცოლი.

კადიროვმა 18 მაისს ადგილობრივი ტელევიზიით გადაცემულ სიტყვაში მიმართა ქალების ქმრებს - უთხრა, თქვენი ცოლები ასეთ რაღაცებს არ დაწერდნენ, ისინი სახლებში რომ გყავდეთ და გარეთ არ უშვებდეთო.

„ისინი მთელ ღამეებს „ვოთსაპში“ ატარებენ. ამუშავეთ - იმუშაონ ეზოებში, სათბურებშიო“, - დატუქსა კადიროვმა იმ ქალების ქმრები, რომლებმაც, როგორც თვითონ აცხადებს, ადგილობრივი წესები და ოჯახის ღირსება შელახეს.

პუტინმა კადიროვს, ფაქტობრივად, უფლება მისცა ჩეჩნეთი ისე მართოს, როგორც მოესურვება, ამ, ძირითადად, მუსლიმურ რეგიონში სტაბილურობის დამყარების სანაცვლოდ. მოსკოვს ბოლო ორ ათწლეულში ამ რეგიონში ორი სასტიკი ომი ჰქონდა სეპარატისტებსა და ისლამისტ ექსტრემისტებთან.

რამზან კადიროვი - თავადაც ყოფილი მეამბოხე, რომელიც შემდეგ კრემლის ერთგულ პირად იქცა - რეგიონის პრეზიდენტი 2007 წელს გახდა, 30 წლის ასაკში. ჩეჩნეთიდან მან დიდწილად განდევნა ისლამისტური ამბოხება, რომელმაც მეზობელ რეგიონებში - ჩრდილოკავკასიაში - გადაინაცვლა.

კრიტიკოსები კადიროვს დიდი ხანია ბრალს სდებენ სისასტიკესა და ადგილობრივი, ბრძოლაში გამოწრთობილი და გამკაცრებული ძალების გამოყენებაში მოსახლეობის ადამიანის უფლებების დარღვევის მიზნით. ვრცელდება ცნობები, რომ ეს ძალები ჩეჩნეთში, რუსეთის სხვა რეგიონებში და საზღვარგარეთაც თავიანთ ოპონენტებს უმოწყალოდ ხოცავენ.

პარალელურად, თავად კადიროვი თავს წარმოაჩენს ისლამური რწმენისა და ჩეჩნური კულტურული ტრადიციების დიდ დამცველად მაშინაც კი, როცა ეს ტრადიციები რუსეთის ფედერალურ კანონებთან მოდის წინააღმდეგობაში, როგორც ეს ზემოხსენებული ქორწინების შემთხვევაში იყო.

გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ თანახმად, 17 წლის სკოლის მოსწავლე გოგონა თავიდან წინააღმდეგი იყო მასზე ბევრად უფროს გუჩიგოვს გაჰყოლოდა ცოლად. ამ შემთხვევამ რუსეთში ბიძგი მისცა დისკუსიას პოლიგამიის შესახებ, რომელსაც რუსეთის კანონები კრძალავს, მაგრამ ისლამური კანონი დასაშვებად მიიჩნევს.

კითხვები გააჩინა გოგონას ასაკმაც - რუსეთში ქორწინებაში შესვლის ასაკად 18 წელია განსაზღვრული. თუმცა ბევრი იმასაც აღნიშნავდა, რომ ქვეყნის საოჯახო კოდექსი რეგიონებს, ჩეჩნეთის ჩათვლით, უფრო დაბალი ზღვრის შემოღების უფლებას აძლევს.

ამ სკანდალურ ქორწინებაში შესრულებული როლის გარდა, კადიროვი ბოლო ხანებში რუსეთის სამართალდამცავებსაც დაემუქრა - კერძოდ, ადგილობრივ ძალებს განუცხადა, რომ მათ ლიკვიდაციის მიზნით ცეცხლი უნდა გაუხსნან უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც ჩეჩნეთში მის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად ახორციელებენ ოპერაციებს.

21 აპრილს, გროზნოში გამართულ შეხვედრაზე, ადგილობრივი ტელევიზიით გადაცემულ სიუჟეტში ის ამბობს: „ოფიციალურად ვაცხადებ, თუ ნებისმიერი [სამართალდამცავი ოფიცერი], მოსკოვიდან იქნება ის თუ სტავროპოლოდან, თქვენს ტერიტორიაზე გამოჩნდება ისე, რომ თქვენ ამის შესახებ არაფერი გეცოდინებათ, ლიკვიდაციის მიზნით გახსენით ცეცხლი. მათ ჩვენი პოზიცია უნდა გაითვალისწინონო“.

კადიროვის განცხადებას ბიძგი მისცა გროზნოში ჩეჩენი კაცის მკვლელობამ. ჯამბულატ დადაევი მეზობელი სტავროპოლის რეგიონის პოლიციამ მოკლა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფთან ერთობლივად განხორციელებული ოპერაციისას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კადიროვის განცხადებას „მიუღებელი“ უწოდა და კადიროვმაც შემდეგ ის უკან წაიღო - განაცხადა, ემოციებზე დაყრდნობით ვთქვი ესო.

კადიროვი ინტერნეტში ხშირად ჩნდება - ის „ინსტაგრამის“ აქტიური მომხმარებელია და მისი მიმდევრების რიცხვი ახლახან მილიონს გადასცდა.

მას შემდეგ, რაც ბოსტონში სასამართლომ გასულ კვირაში სიკვდილი მიუსაჯა 21 წლის ჯოხარ ცარნაევს, რომლის მამაც ჩეჩენია, კადიროვმა განაცხადა, არ მჯერა, რომ ბოსტონის ტერაქტის მოწყობა ცარნაევს ისე შეეძლო, რომ „ამის შესახებ არაფერი სცოდნოდა აშშ-ის საიდუმლო სამსახურსო“.

ანალიტიკოსების აზრით, ის, თუ როგორ იქცევა კადიროვი ნემცოვის მკვლელობის შემდეგ, აჩვენებს მნიშვნელოვან ცვლილებას მოსკოვის მიმართ მის საჯარო პოზიციებში.

„ის სულ უფრო და უფრო შორს მიდის, რადგან თვლის, რომ შეუძლია უფრო და უფრო შორს წავიდესო“, უთხრა რადიო „ეხო მოსკვის“ კრემლის შიდა საქმეების შესახებ ინფორმირებულმა ექსპერტმა, კვლევითი ცენტრის დირექტორმა სტანისლავ ბელკოვსკიმ.

თავად „ეხო მოსკვის“ მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი კი ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ კადიროვსა და მოსკოვში გავლენიან სამართალდამცველებს შორის კონფლიქტი დიდი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ ზედაპირზე ის ნემცოვის მკვლელობამ გამოიტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG