Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გართობას მოკლებული კახელი ახალგაზრდები დახმარებას ითხოვენ


სიღნაღი
სიღნაღი

კახეთის უმეტეს რაიონებში - განსაკუთრებით კი სოფლებში - ახალგაზრდებისთვის არანაირი გასართობი საშუალება არ არსებობს - არ ფუნქციონირებს კინო-თეატრები, დასასვენებელი სკვერები, ასევე არ ეწყობა ღონისძიებები. ლაგოდეხელი ახალგაზრდებიმედიის საშუალებით ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართავენ თხოვნით, რომ მათი პრობლემები ბიუჯეტის დაგეგმვის დროს მაინც გაითვალისწინონ. ლაგოდეხის მსგავსად, კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მხოლოდ სპორტული მოედნებია მოწყობილი და მათი უმეტესობაც მწყობრიდან არის გამოსული:

„არაფერი არ არსებობს - არც საბავშვო თეატრი, არც ამდაგვარი რამ, აქტივობაში რომ იყოს ჩართული“.

„ერთი აუზი კეთდებოდა, გეგმაში იყო ჩასმული და რატომღაც გადაიფიქრეს“.

„მარტო ლაგოდეხის არა, საქართველოს პრობლემაა. ერთადერთი დიდი ქალაქებია მაგ მხრივ განებივრებული“.

„ერთადერთი ეს პარკი გვაქვს , აქ რაც არის, და ამით ვსარგებლობთ მხოლოდ“.

„მე მინდა, რომ გაკეთდეს თეატრი, თეატრი არა გვაქვს. მინდა, რომ თეატრში იაროს ხალხმა, სხვა არაფერი“.

კახეთში ახალგაზრდებს გართობის მხრივ პრობლემები მას შემდეგ აქვთ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და სოფლებსა და ქალაქებში არსებული კინო-კლუბები და დასასვენებელი სკვერები მწყობრიდან გამოვიდა.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში ირწმუნებიან, რომ ახალგაზრდების მოთხოვნათა კვლევა და პრიორიტეტების განსაზღვრა ახლა დაიწყეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ივანე ხაჩიძე გვეუბნება, რომ კვლევის შედეგად გამოვლინდება ყველა ის პრობლემა, რომელთაც ეს სამსახურიშეძლებისდაგვარადმოაგვარებს:

„შემოთავაზება თვითონ წამოვიდეს ახალგაზრდებისგან, რა სჭირდებათ, და შეძლებისდაგვარად, ჩვენ რაც შეგვეძლება, რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ და გავაკეთებთ“.

საკუთარი მოკვლევა დაასრულატურიზმის განვითარების ცენტრმა ლაგოდეხში.სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი ზურაბაშვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიე.წ. Wi-Fi ინტერნეტთანთავისუფალი წვდომის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ცენტრს უსადენო ინტერნეტის დანერგვაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ის ლაგოდეხის ცენტრალურ სკვერში განთავსდება:

„როგორც თბილისშია, tbilisi love-ით იჭერენ ქუჩებში ინტერნეტს, აქაც რომ იყოს კონკრეტულ ადგილებშიც, მე მგონი, კარგი იქნება. მაგალითად, თელავში როგორც არის“.

სკვერი, უფასო ,,Wi-Fi” და ვიდეოკონტროლი უკვე აქვთ ჩუმლაყელ ახალგაზრდებს. 25 წლის ადგილობრივმა უჩა ქემაშვილმა გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის დაუხმარებლად შეძლო და თანასოფლელებს საკუთარი ფულით სახლის წინ „უჩას სკვერი“ მოუწყო.ახლა მის გაფართოებაზე ფიქრობს:

„ჩემი სოფელი ძალიან მიყვარს. ახალგაზრდობა რომ ვერაფრით ვერ ერთობოდა, გადავწყვიტე მომეწყო „უჩას სკვერი“ . ვმუშაობდი სახელმწიფოს დაცვის სპეციალურ სამსახურში და იქიდან ხელფასის ნაწილს ამ სკვერს ვახმარდი. ამჟამად ვარ უმუშევარი“.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ „უჩას სკვერის“ გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. გამგებელ გია გერგიძის განცხადებით, მოტივირებულ ახალგაზრდას ადგილობრივი თვითმმართველობა მისი ინიციატივის განხორციელებაში დაეხმარება.

„სკვერის სახეს მივცემთ აუცილებლად,გავალამაზებთ.. ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით“.

პრობლემები, რომლებზეც ჩვენ სიუჟეტში ვსაუბრობით, რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ერთნაირად აწუხებთ. ზოგ რაიონში კონკრეტული სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა ახალგაზრდები ამბობენ, რომ ვიდრე მათი პრობლემებით ცენტრალური ხელისუფლება კომპლექსურად არ დაინტერესდება, საკითხი საფუძვლიანად ვერ გადაიჭრება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG