Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტი ქალი პარტიულ სიაში ნიშნავს გაზრდილ დაფინანსებას


საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად პარლამენტში შევიდა დეპუტატების მანანა კობახიძისა და გუგული მაღრაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს, ბიუჯეტიდან 30%-იან ფინანსურ დანამატს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საარჩევნო სიის ყოველ სამეულში ერთი ქალი კანდიდატი მაინც ეყოლება. რას გულისხმობს ახალი კანონპროექტი და რით აუმჯობესებს ის არსებული კანონით გათვალისწინებულ მდგომარეობას?

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ინიციატორები - დეპუტატი გუგული მაღრაძე და მანანა კობახიძე - აპირებენ შეცვალონ არსებული მოდელი, რომლის თანახმადაც, დაფინანსების მიმღები პარტია საბაზისო დაფინანსებაზე 30%-იან დანამატს იმ შემთხვევაში იღებს, თუკი „პარტიული სიის ყოველ ათეულში ერთიმეორისგან განსხვავებული სქესი, სულ მცირე, 30%-ით არის წარმოდგენილი“. გუგული მაღრაძის თქმით, ეს მოდელი არ მუშაობდა, ვინაიდან პარტიები ქალებს სიაში ათეულის ბოლოს სვამდნენ და ისინი პარლამენტში ვერ ხვდებოდნენ. ცვლილების მიხედვით კი, სიაში ყოველი მესამე უნდა იყოს ქალი, თუმცა გუგული მაღრაძე, წინა წლების პრაქტიკის გათვალისწინებით, არ გამორიცხავს, რომ პარტიებმა ამაზე უარი თქვან, მიუხედავად 30%-იანი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობისა.

„რომ დავთვალეთ, ასე უფრო მეტი ქალის მოხვედრის შესაძლებლობაა პარლამენტში. წელს საპარლამენტო არჩევნებში ბევრი პოლიტიკური ძალა მონაწილეობს და შეიძლება რამდენიმე პოლიტიკური ძალა აღმოჩნდეს, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვით პარტიამ პარლამენტში შეიყვანოს 6-7 ადამიანი და სია თუ ისე ექნება შედგენილი, რომ ბოლოში ეყოლება ქალები, გამოვა, რომ ამ პარტიის წარმომადგენელი ქალი პარლამენტში ვერ მოხვდება. ასე რომ, ეს არის დამატებითი მექანიზმი, რომ უზრუნველვყოთ მეტი ქალის მოხვედრა პარლამენტში“.

„’ნაციონალური მოძრაობა’ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირების რეჟიმშია, თუმცა საკანონმდებლო საქმიანობას თვალს ვადევნებთ“, - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა, რომლის სიტყვებითაც, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება ყველა ინიციატივას, რომელიც პარლამენტს უფრო დემოკრატიულს გახდის და მეტ წარმომადგენლობას უზრუნველყოფს.

რა სახითაც არ უნდა გავიდეს კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას, „ახალი მემარჯვენეებისთვის“ ეს იქნება მისაღები...
მანანა ნაჭყებია

თინა ბოკუჩავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეწინააღმდეგებოდა სავალდებულო კვოტირების შემოღებას, - ამგვარი ორი ინიციატივა არსებობდა პარლამენტში, რომელმაც მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, - თვითონ კვოტირების, როგორც დროებითი ნორმის, შემოღების მომხრეა, მაგრამ ხელისუფლებამ და მმართველმა გუნდმა, თინა ბოკუჩავას თქმით, ამ მიმართულებით უმოქმედობა ამჯობინა:

„ქალები ძალიან მცირე რაოდენობით ვართ წარმოდგენილი პოლიტიკაში და მათ შორის პარლამენტში და ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ და, ზოგადად, ხელისუფლებამ ამ მიმართულებითაც, - სოციალურ-ეკონომიკურ დაპირებებზე აღარ ვსაუბრობ და რომ არ ვისაუბრო, ზოგადად, საარჩევნო სისტემის შეცვლის დაპირებაზე, - რომ შემოიღებდნენ სავალდებულო გენდერულ კვოტებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად, ასევე არ შეასრულა“.

„ახალი მემარჯვენეები“ სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღების მომხრეები არიან, ამბობს პარტიის თავმჯდომარე მანანა ნაჭყებია. ამასთან, არსებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან მიმართებით ახალ მემარჯვენეებს შენიშვნა ჰქონდათ, რომელიც კანონპროექტში არ აისახა. შენიშვნის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ პარტიას, პროპორციულის გარდა, მაჟორიტარულ საარჩევნო სიაშიც ყოველი მესამე ქალი უნდა ჰყოლოდა, ამბობს მანანა ნაჭყებია,

„რა სახითაც არ უნდა გავიდეს კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას, „ახალი მემარჯვენეებისთვის“ ეს იქნება მისაღები. შესაძლოა, კანონპროექტის ავტორებმა მონახეს შედარებით რბილი ფორმა, ვინაიდან პარლამენტში არ არის მზაობა მხარი დაუჭირონ კვოტირების თაობაზე ინიციატივას“.

ლევან ცუცქირიძე
ლევან ცუცქირიძე

ლევან ცუცქირიძე, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“, ფიქრობს, რომ, წინა წლებთან შედარებით, დღეს განსხვავებული პოლიტიკური რეალობაა და დამატებითი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა პარტიებისთვის შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს:

„იმ პირობებში, როცა ქვეყანაში არის ფრაგმენტირებული პოლიტიკური ლანდშაფტი და ბევრი პოლიტიკური პარტია პაექრობს საარჩევნო ველზე და მათ შორის არ არის ბევრი მდიდარი პოლიტიკური პარტია, ფინანსური ფაქტორი შეიძლება იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივატორი პოლიტიკური პარტიებისთვის ამ ინიციატივის მხარდასაჭერად. გამომდინარე იქიდან, რომ ინიციატივა ნებაყოფლობით ნორმებს აწესებს, შესაძლოა მას გასვლის მეტი შანსი ჰქონდეს“.

ლევან ცუცქირიძის თქმით, ეს ინიციატივა არსებულის გაუმჯობესებული ვარიანტია, რის გამოც შეიძლება მას მეტი მომხრე აღმოაჩნდეს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები აპირებენ კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილონ. „ქალთა პარტიის“ თავმჯდომარის გუგული მაღრაძის თქმით, სავარაუდოდ, პარლამენტი მომავალი კვირის ბოლოსთვის დაასრულებს კანონპროექტის განხილვასაც და კენჭისყრასაც.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG