Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნუ მოჭრი ნაძვის ხეს!


“ნუ მოჭრი ნაძვის ხეს“ - ამ სახელწოდების კამპანია წამოიწყო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ახალი წლის დადგომამდე ორი კვირით ადრე. კამპანია მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას და ყველას შეახსენებს, რომ თუ საახალწლოდ ხელოვნურის ნაცვლად ბუნებრივი ნაძვის ხის შეძენა სურთ, მხოლოდ სანერგეებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში გაზრდილი ან კანონიერად იმპორტირებული ნაძვის ხეები შეიძინონ და არ დააზიანონ ტყის საფარი ნაძვის ხეების რეალიზაციის მიზნით. უკანონო ჭრის შემთხვევაში სამართალდამრღვევებს 200-დან 600 ლარამდე ჯარიმის გადახდა ემუქრებათ.

რამდენიმე დღეც და, თბილისის ქუჩებში მოახლოებული ახალი წლისათვის გასაყიდად გამოტანილი ბუნებრივი ნაძვის ხეები გამოჩნდება. კერძო სანერგეების მაღაზიების ვიტრინებში უკვე გამოფინეს ქოთანში ჩარგული, წამოზრდილი ნაძვები. იმის გათვალსწინებით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალი წლის მთავარ მოსართავზე უარს არ ამბობს, გარემოს დაცვის სამინისტრომ წამოიწყო კამპანია, რომლითაც ყველას შეახსენებს, არ მოჭრან ნაძვის ხეები უკანონოდ.

ელგუჯა ხოკრიშვილი
ელგუჯა ხოკრიშვილი

საგანგებო ბრიფინგი ამ საკითხზე გარემოს დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმაც გამართა და განაცხადა, რომ, გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, სამართალდამრღვევს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც მოუწევს, ხოლო თუ ზიანის ოდენობამ 1000 ლარს მიაღწია და გადააჭარბა, დამნაშავე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა.

„ნუ მოვჭრით ნაძვის ხეს“ - ჩვენი კამპანიის მიზანი სწორედ ესაა. მოსახლეობას შეუძლია ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს სანერგეში გაზრდილი ნაძვის ხე და არ დააზიანოს ბუნება. ჩვენც გაქვს ასეთი სანერგე მეურნეობა, რომელიც შესთავაზებს მოსახლეობას ცოცხალ, ბუნებრივ ნაძვის ხეებს, და ასევე შემოგვიერთდნენ კერძო სანერგეებიც, რომლებიც ასევე გაყიდიან სხვადასხვა ფასისა და ზომის ნაძვის ხეებს“, - განუცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა რადიო თავისუფლებას. აქვე გეტყვით, რომ ნაძვის უკანონო მოჭრასა და გაყიდვაზე კონტროლი2010 წლის 23 დეკემბრიდან გამკაცრდა, როდესაც ძალაში შევიდა ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ჯარიმის ოდენობაც გაიზარდა.

კანონით, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება ჯარიმდება 200-დან 400 ლარამდე. თუ ხედაცულ ტერიტორიებზე იჭრება, ჯარიმის თანხა იზრდება 400-დან 500 ლარამდე, ხოლო თუ კანონი ირღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ან იჭრება საქართველოს „წითელ ნუსხაში» შეტანილი რომელიმე სახეობა, კანონდამრღვევი 500-დან 600 ლარამდე დაჯარიმდება.

ჩვენ უკვე გვაქვს ცოცხალი ნაძვები, ქოთნებით გამოტანილი გასაყიდად. ბევრნაირი სახეობისა და ზომისაა და ფასებიც ამის მიხედვით მერყეობს. ფასი 30 ლარიდან იწყება...
ლევან ხუბულური

ელგუჯა ხოკრიშვილი ასევე განმარტავს, რომ ნაძვის ხეების რეალიზება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, რასაც, ცხადია, სათანადო დოკუმენტაცია უნდა ახლდეს. გარემოს დაცვის მინისტრი ასევე ამბობს, რომ ხეების უკანონოდ ჭრას მასშტაბური ხასიათი აღარ აქვს, თუმცა ცალკეული ფაქტები მაინც არის და ეს კამპანიაც ასეთი ფაქტების წინააღმდეგაა მიმართული:

„არალეგალური მოჭრის ფაქტები დღესაც არის, თუმცა ეს არ შეეხება მხოლოდ ნაძვის ხეს, ეს ზოგადად ტყეში ხის მოჭრის ფაქტებს უკავშირდება, რაზეც მუდმივი მონიტორინგი ხორციელდება და კანონდამრღვევი შესაბამისად ჯარიმდება“.

ლევან ხუბულური ერთ-ერთი სანერგე მეურნეობის, „საქართველოს ნერგების“, დირექტორია. ეს სანერგე ჯერ სულ სამი წლისაა და ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა ჯიშის ხეები გამოყავთ. აქვთ ნაძვებიც, რომელთა ფასიც, ასე თუ ისე, ხელმისაწვდომია:

„ჩვენ უკვე გვაქვს ცოცხალი ნაძვები, ქოთნებით გამოტანილი გასაყიდად. ბევრნაირი სახეობისა და ზომისაა და ფასებიც ამის მიხედვით მერყეობს. ფასი 30 ლარიდან იწყება“.

ლევან ხუბულური იმასაც გვეუბნება, რომ ნაძვი წელიწადში მხოლოდ 10-12 სანტიმეტრით იზრდება. მისივე თქმით, ყველაზე ლამაზი ჯიში საქართველოში კავკასიური სოჭია, რომელიც რაჭაში იზრდება და რომლის თესლიც წლებია ევროპაში იყიდება, სადაც სანერგეებში ამავე ჯიშის ნაძვებს ზრდიან.

ამ მონიტორინგის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტენდენცია ამ მხრივ დღეს უკეთესია. ორი-სამი წლის წინ, კონკრეტულად ნაძვის ხეების მოჭრის თვალსაზრისით, კატასტროფული ვითარება იყო - კერძოდ, ნადგურდებოდა კავკასიური სოჭი, რომელიც ენდემური სახეობაა...
ნანა ჯანაშია

ტყის რესურსების კონტროლი და ტყის ჭრაზე დაკვირვება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) საქმიანობისერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნანა ჯანაშია ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ისინი ბოლო ორი წელია მონიტორინგს ახორციელებენ საქართველოს შვიდ რეგიონში - კახეთში, ქვემო ქართლში, რაჭაში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში:

„ამ მონიტორინგის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტენდენცია ამ მხრივ დღეს უკეთესია. ორი-სამი წლის წინ, კონკრეტულად ნაძვის ხეების მოჭრის თვალსაზრისით, კატასტროფული ვითარება იყო - კერძოდ, ნადგურდებოდა კავკასიური სოჭი, რომელიც ენდემური სახეობაა და მახსოვს, განსაკუთრებით დეკემბრის დღეებში, უკანონოდ მოჭრილი ახალგაზრდა ხეებით დატვირთული მატარებელი ბორჯომის სადგურში ჩამოდგებოდა ხოლმე და იქვე ყიდდნენ ამ ნაძვის ხეებს. დაახლოებით ორი წლის წინ სახელმწიფო შეეცადა გაემკაცრებინა კანონი და ზედამხედველობა ამ პროცესზე, დაწესდა სასჯელიც და დღეს, ალბათ, ამიტომაც გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს“.

ნანა ჯანაშია იმასაც ამბობს, რომ იმ რეგიონებში, სადაც ნაძვის ხეებს წლების განმავლობაში ჭრიდნენ, მოსახლეობაში მაინც არის განწყობა, რომ მოთხოვნა წელსაც იქნება. შესაბამისად, ხეების უკანონოდ მოჭრის რისკიც არსებობს. ამ ფონზე კი, ყველა საინფორმაციო კამპანია, რომელიც ნაძვის ხეების მოჭრის აკრძალვას უკავშირდება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი, რასაც CENN გარემოსა დაცვის სამინისტროს ურჩევს, არის ის, რომ რაჭაში მოპოვებული სოჭის თესლი, რომლითაც დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის სანერგე მეურნეობები მარაგდება, საქართველომაც ეფექტურად გამოიყენოს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG