Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონდარღვევები რეგიონალურ მუნიციპალიტეტებში


არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გუშინ გამოაქვეყნა საინტერესო კვლევის შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ რეგიონალური მუნიციპალიტეტების უმრავლესობა თანამშრომელთა ანაზღაურებისთვის კანონით განსაზღვრულზე მეტ თანხას ხარჯავს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლის მე-3 ქვეპუნქტის თანახმად, "გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 პროცენტს".

მიუხედავად ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ, მაგალითად, შუახევის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 32.05 %-ია (შრომის ანაზღაურება - 1 348 160 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები - 4 205 960 ლარი), ქედის მუნიციპალიტეტში - 52.35 %. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის თანახმად, შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებულია 1 828 600 ლარი, რაც ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების, 5 993 100 ლარის, 30.5 %-ია; ონის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 35.89 %-ია;

ასპინძის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 32.02 %-ს შეადგენს, ნინოწმინდაში - 32.94 %-ს;

ადიგენის მუნიციპალიტეტში 31.39 %-ს და ა.შ.

გამოკვლეული მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში კანონი ამა თუ იმ ფორმით დარღვეულია.

ამის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტებში მომუშავეთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდაა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს მუნიციპალიტეტებს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში მოახდინონ ბიუჯეტის კორექტირება და შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული ხარჯები შესაბამისობაში მოიყვანონ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლით დადგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 %-იან ზღვართან.

გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი, საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადაანაწილონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG