Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის


გასული თვის ბოლოს საქართველოში მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა. კანონი ითვალისწინებს ეკონომიკურ სტიმულირებას ბიზნესისათვის, სოციალურ შეღავათებს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისათვის და მიზნობრივ ფინანსურ დახმარებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის. რამდენიმე დეტალზე უფრო ვრცლად შევჩერდებით:

მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირები სარგებლობენ საშემოსავლო და ქონების გადასახადებში საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათებით. ამას გარდა, პირი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვს „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისგან. ამ სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სტატუსი არ ენიჭება ან ეს სტატუსი უუქმდება საწარმოს, თუ იგი ახორციელებს: ლიცენზირებას/ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას; საქონლით ვაჭრობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს გამონაკლისი.

ამან, მთავრობის გათვლით, მაღალმთიან რეგიონში წარმოების სტიმულირებას უნდა შეუწყოს ხელი. გარდა ამისა, სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში შემდეგი სოციალური შეღავათების დაწესებას:

საპენსიო ასაკს მიღწეულ მუდმივად მცხოვრებ პირზე ყოველთვიურად დამატებითი თანხის, სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტის ოდენობით, გაცემას;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის ყოველთვიური დანამატის გაცემას;
ზამთრის პერიოდში მოსახლეობის გათბობით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით ღონისძიებების განხორციელებას;
აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლები) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტის ანაზღაურებას, მაგრამ არაუმეტეს 100 კვტ.სთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურისა;
ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული თითოეული ბავშვი, რომლის მშობლები არიან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები, მიიღებენ არანაკლებ 100 ლარისა ერთი წლის განმავლობაში;
მაღალმთიან დასახლებაში გათვალსწინებულია მასწავლებელზე დანამატის გაცემა; მრავალსექტორიანი საჯარო სკოლებისათვის მოსწავლეებზე ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით დაფინანსება;

გარდა ამისა, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეიმუშაოს დამატებითი სოციალური პროგრამები, რომლებიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ყველა ეს შეღავათი მიმართულია საქართველოს მთიანი რეგიონის განვითარებისკენ და მოსახლეობისთვის მთაში საცხოვრებლად მოტივაციის გასაღრმავებლად. ანალოგიური კანონი საქართველოში ადრეც, მაგალითად, 1999 წელს იყო მიღებული, გარკვეული განსხვავებებით, ცხადია. თუმცა მასშტაბური პროექტების გარეშე მსგავსი შეღავათები, როგორც წესი, უფრო სოციალურ ხასიათს ატარებს და ნაკლებად ემსახურება პირდაპირ ეკონომიკურ სტიმულირებას. ეს შეიძლება იყოს ნაბიჯი, თუმცა გრძელვადიანი პროგრამების განხორციელების გარეშე გრძელვადიანი ეფექტის მიღწევა საკმაოდ რთული იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG