Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენდოთ თუ არა კარაქს საქართველოს ბაზარზე


რომელ კარაქსა და სპრედს უნდა ვერიდოთ და როგორ უნდა მივხვდეთ, რომელი აკმაყოფილებს რძის პროდუქტისათვის საჭირო მოთხოვნებს? რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე და არსებობს თუ არა ე.წ. სამარხვო კარაქი? საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის ბოლო გამოკვლევის თანახმად, საქართველოში წარმოებული 16 სახეობის რძის ნაწარმში (კონკრეტულად კი, კარაქსა და სპრედში), წინა წლებისგან განსხვავებით, ნაკლები დარღვევაა, თუმცა კვლავაც რჩება ცალკეული ნაწარმი, რომლის ეტიკეტზე მითითებული მონაცემები და შიგთავსის შემადგენლობა ერთმანეთს არ ემთხვევა.

საქართველოს მომხმარებელმა ფედერაციამ კარაქისა და სპრედის 16 ნიმუში შეისწავლა. როგორც ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, წინა კვლევებთან შედარებით, სასიამოვნოდ მოულოდნელი შედეგები მიიღეს, თუმცა გარკვეული დარღვევები ამჯერადაც გამოვლინდა. მიკრობიოლოგიურად ყველა ნიმუში სუფთა აღმოჩნდა. კონკრეტული მაჩვენებლები ვერ დააკმაყოფილა ერთი სახეობის კარაქმა:

„ეს არის შპს „კარაქის“ ნაწარმი, „საუკეთესო ხევსურული“. მან ვერ დააკმაყოფილა ორგანულეპტიკური მაჩვენებლებლები - მას ჰქონდა მძაღე სუნი და მომჟავო გემო. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ დარღვეული იყო დისტრიბუციის ან შენახვის პირობები, თუმცა კარაქი ვადაგასული არ ყოფილა. ეს კარაქი საკვებად გამოუსადეგარი იყო“.

ხარისხობრივი მაჩვენებლების თვალსაზრისით, დარღვევები გამოვლინდა „მილკოფუდის“ პროდუქციაში. ეტიკეტზე მითითებული იყო რძის ცხიმი - 20 %, თუმცა შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ცხიმი პროდუქტში მხოლოდ 1,85 % იყო.

„ასევე დარღვევები აღმოვაჩინეთ კარაქ „ვალიოში“ - 82 %-ის ნაცვლად ცხიმი იყო 78 %, უკრაინულ „დოიარუშკაში“ კი ეტიკეტზე მითითებული 73,2 % რძის ცხიმის ნაცვლად იყო 67, 9 % რძის ცხიმი“.

მადონა კოიძე ასევე აცხადებს, რომ კარაქის მწარმოებელი კომპანიების „შატილის“, „სამგორის“, სანტინოს“ „რაჭისა“ და „ჩვენი ფერმერის“ პროდუქციის ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციასა და შემადგენლობას შორის 100 %-იანი თანხვედრა იყო და შემოწმებისას პროდუქტი მიკრობიოლოგიურადაც სუფთა აღმოჩნდა.

ერთი პრობლემა ის არის, რომ ჩვენი საქონლის, ჩვენი ძროხების ჯანმრთელობა არ არის უზრუნველყოფილი - მზა რძის ნაწარმში ვერ ვზომავთ, არის თუ არა მასში ბრუცელოზი. რაც შეეხება შემადგენლობას, აქ უფრო ფალსიფიკაციის პრობლემას ვაწყდებით ხოლმე, რომელიც გამოწვეული იყო იმით, რომ აქამდე არ არსებობდა რძის ნაწარმის სტანდარტი...
ლია თოდუა

კიდევ ერთი, რაზეც მომხმარებელთა ფედერაცია ყურადღებას ამახვილებს, არის ე.წ. სამარხვო კარაქი. მაგალითად, ასეთი წარწერა ჰქონდა „ჩვენი ფერმერის“ პროდუქციას. მადონა კოიძის განცხადებით, ეს მომხმარებლის მოტყუებას ნიშნავს, რადგან კარაქი თავისთავად რძის ცხიმზე დამზადებულ პროდუქტს ჰქვია და ის სამარხვო ვერანაირად ვერ იქნება.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი ლია თოდუაც გვეუბნება, რომ, პროდუქციაში რძის ცხიმის შემცველობის მხრივ, არასასურველი სურათია არაეტიკეტირებულ ნაწარმში, თუმცა ეტიკეტირებულ პროდუქტებში მდგომარეობა შედარებით გამოსწორებულია. გამონაკლისები მაინც რჩება. მაგალითად, 23 თებერვლის თებერვლის მონაცემებით, არაჟანი „სვანური“ საერთოდ არ შეიცავს რძის ცხიმს. ლია თოდუა შენიშნავს, რომ ბოლო სამი წლის განნავლობაში მიკრობიოლოგიურად დაბინძურების მხოლოდ რამდენიმე შემთხევვაა აღმოჩენილი, ქიმიური დაბინძურების მხრივ კი ვითარება იმ მიზეზით არ უკვლევიათ, რომ ლაბორატორიებს საქართველოში ამის შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ზოგადად კი, რძის პროდუქტებთან მიმართებით საქართველოში დღეს ორი პრობლემა იკვეთება:

„ერთი პრობლემა ის არის, რომ ჩვენი საქონლის, ჩვენი ძროხების ჯანმრთელობა არ არის უზრუნველყოფილი - მზა რძის ნაწარმში ვერ ვზომავთ, არის თუ არა მასში ბრუცელოზი. რაც შეეხება შემადგენლობას, აქ უფრო ფალსიფიკაციის პრობლემას ვაწყდებით ხოლმე, რომელიც გამოწვეული იყო იმით, რომ აქამდე არ არსებობდა რძის ნაწარმის სტანდარტი, თუმცა, როგორც მთავრობის წევრები გვარწმუნებენ, 1 აგვისტოდან ახალი რეგლამენტი შედის ძალაში და ვნახოთ“.

რას ითვალისწინებს ახალი რეგლამენტი, რომელიც 1 აგვისტოდან უნდა ამოქმედდეს და როგორ შეცვლის ახალი წესი ვითარებას? - ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ზაზა დოლიძეს მიმართა:

„მწარმოებლები ვალდებულები იქნებიან იმ რძის ნაწარმზე, რომელსაც საქართველოში ამზადებენ ან საზღვარგარეთიდან შემოაქვთ, მის ეტიკეტზე დაიტანონ ობიექტური ინფორმაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ რძის ნაწარმი შეიცავს მცენარეულ ცხიმს, მათ უფლება არ ექნებათ ასეთ პროდუქციას კარაქი ან არაჟანი დააწერონ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ვითარებას გააკონტროლებს და ტყუილად პროდუქციას ვერავინ დააწერს, რომ ეს არის რძე, ან კარაქი, ან არაჟანი და ა.შ“.

ზაზა დოლიძის განცხადებით, თუ მწარმოებელი ამ წესს დაარღვევს, მას დააჯარიმებენ, ფალსიფიკაციის შემთხევვაში კი ჯარიმის გარდა მას სხვა, უფრო მკაცრი, პასუხისმგებლობა დაეკისრება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG