Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პერსპექტივა საქართველოში


EBRD ქარის პირველი ელექტროსადგურის, "ქართლის", დაფინანსებას განიხილავს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის. დოკუმენტი გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის კონკრეტულ თანამშრომლობას ქარის ელექტროსადგურ "ქართლის" პროექტის დაფინანსების შესახებ.
როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი განიხილავს პროექტის 25 მილიონი დოლარით დაფინანსებას. სესხის მიზანია საქართველოში აშენდეს და ოპერირებდეს ქარის ელექტროსადგური. პროექტის საინვესტიციო ჯამური ღირებულება 35 მილიონ აშშ დოლარამდეა, დადგმული სიმძლავრე - 20 მგვტ, ხოლო სავარაუდო წლიური გამომუშავება - 87 მილიონი კვ.სთ.

საქართველოს ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, რომლის საშუალო წლიური რაოდენობა 4 მლრდ კვტ.სთ-მდე არის შეფასებული.

ქარის ენერგეტიკული ბუნებრივი პოტენციალის მიხედვით, საქართველოს ტერიტორია დაყოფილია ოთხ ზონად:

1. მაღალი სიჩქარეების ზონა - სამხრეთ საქართველოს მთიანეთი, კახაბერის ვაკე და კოლხეთის დაბლობის ცენტრალური ნაწილი. სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა 5 000 სთ-ზე მეტია წელიწადში.

2. ნაწილობრივ მაღალსიჩქარიანი და დაბალსიჩქარიანი ზონა - მტკვრის ხეობა მცხეთიდან რუსთავამდე, ჯავახეთის სამხრეთი ნაწილი, შავი ზღვის სანაპირო ზოლი ფოთიდან კახაბერის ვაკემდე. სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა შეადგენს წელიწადში 4500-5000 სთ-ს.

3. დაბალსიჩქარიანი ქედების ეფექტიანი ექსპლუატაციის ზონა - გაგრის ქედი, კოლხეთის დაბლობი და აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობები.

4. დაბალსიჩქარიანი ქედების შეზღუდული გამოყენების ზონა - ივრის ზეგანი და სიონის წყალსაცავი.

საქართველოს ტერიტორიის დანარჩენი ნაწილის ქედები ქარის ელექტროსადგურების ექსპლუატაციისათვის არ გამოდგება.

ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლენილია ქარის ეფექტური ელექტროსადგურების პერსპექტიული მშენებლობის რამდენიმე მოედანი, მათ შორის: ფოთი, ჭოროხი, ქუთაისი, მთა-საბუეთი, გორი-კასპი, ქარავანი, სამგორი, რუსთავი.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, EBRD-ს საქართველოს ეკონომიკაში ორ მილიარდ ექვსასი მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, სადაც 20 % ენერგეტიკაზე მოდის. ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკმა 312 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია საქართველოს განახლებადი ენერგიების ათვისებისთვის განახორციელა, კიდევ 210 მილიონი დოლარის ინვესტიცია ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობასა და რეაბილიტაციაში ჩადო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG