Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაზაკები ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ


კადრი ნავალნიზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოდან
კადრი ნავალნიზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოდან

რუსეთში კაზაკების ჯგუფი თავს დაესხა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის და მისი ანტიკორუფციული ორგანიზაციის წევრებს. ინციდენტი 17 მაისს მოხდა სამხრეთ რუსეთში მდებარე ქალაქ ანაპის აეროპორტთან.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებზე კარგად ჩანს, რა მოხდა 17 მაისს შავი ზღვისპირა ქალაქ ანაპის აეროპორტთან: ნავალნი 30-მდე ადამიანთან ერთად მიემართება აეროპორტის შენობისაკენ და მთელ ამ ჯგუფს გზაში ხვდებიან - პრაქტიკულად, წინ ეღობებიან - კაზაკების ტანისამოსში გამოწყობილი მამაკაცები.

ნავალნის და მასთან ერთად მყოფ რამდენიმე პირს კაზაკები ჯერ რაღაც სითხეს შეასხამენ (როგორც ირკვევა, რძეს), შემდეგ კი ძალადობის უხეშ ფორმაზე გადადიან. საყურადღებოა, რომ ნავალნის ჯგუფში ქალებიც არიან და ჩანს, სულ ცოტა, ერთი ბავშვი. რაც შეეხება ამავე ჯგუფში მყოფ მამაკაცებს, ისინი ცდილობენ წინ აეფარონ ცნობილ ოპოზიციონერს, დაიცვან ის თავდასხმისაგან.

გინახავთ, ჩვეულებრივ, რამდენი პოლიციელია ნებისმიერ აეროპორტში? ახლა თან, მაისში, ანაპის აეროპორტში. ორად ორი პოლიციელი იყო მთელ აეროპორტში...
ალექსეი ნავალნი

რაღაც მომენტიდან კაზაკები უკვე მუშტებით და წიხლებით უსწორდებიან ნავალნის ჯგუფში მყოფ კაცებს. ზოგი ძირს ეცემა.

ხალხი, ვინც ნავალნის თან ახლდა, მისივე ორგანიზაციის - ანტიკორუფციული ფონდის - წევრები და მათი ოჯახის წევრები არიან.

როგორც ნავალნიმ მოგვიანებით ტვიტერზე დაწერა, თავდამსხმელებმა სცემეს კაცებსაც და ქალებსაც, პოლიციამ კი ბევრი ვერაფერი გააკეთა მოძალადეების შესაჩერებლად.

„გინახავთ, ჩვეულებრივ, რამდენი პოლიციელია ნებისმიერ აეროპორტში? ახლა თან, მაისში, ანაპის აეროპორტში. ორად ორი პოლიციელი იყო მთელ აეროპორტში“, წერს რუსი ოპოზიციონერი ტვიტერში.

კადრი ნავალნიზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოდან
კადრი ნავალნიზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოდან

საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ანაპის პოლიციის განცხადებაზე მითითებით იუწყება, რომ არავინ დაუკავებიათ. ასევე „ტასი“ ავრცელებს ინფორმაციას ინციდენტის ვერსიაზე, რომელიც ანაპაში კაზაკების რაზმის უფროსის, ვალერი პლოტნიკოვისაგან შეიტყო. ამ ვერსიით, კაზაკები ცდილობდნენ გაეშველებინათ ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ჯგუფი, როცა ნავალნის ჯგუფის ერთ-ერთ წევრს რძე შეესხა და ჯგუფის სხვა წევრებმა წონასწორობა დაკარგეს.

ნავალნი ტვიტერზე ირონიული კომენტარით გამოეხმაურა მინიშნებას, რომ ჩხუბი მისი ჯგუფის წევრებმა დაიწყეს...

ანტიკორუფციული ფონდის წევრი არტიომ ტორჩინსკი, რომელიც, ამავე დროს, არის ტელეარხ „დოჟდის“ კორესპონდენტი, თავის არეში მიღებული ჭრილობით მოათავსეს საავადმყოფოში. მან „დოჟდს“ ტელეფონით უთხრა, რომ კაზაკები სრულიად უმიზეზოდ დაესხნენ თავს ანტიკორუფციული ფონდის წევრებს შეძახილებით, წადით ჩვენი მიწიდანო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG