Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კონფლიქტების უნივერსიტეტი“ კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში


რიჩარდ სიდნეი ბათუმში ანექსირებული ყირიმიდან ჩამოვიდა. იგი ქალაქ სიმფეროპოლში ცხოვრობს. ამბობს, რომ ოკუპაციის პირობებში ყირიმში განსხვავებული მოსაზრებების მქონე პირების დევნა მიმდინარეობს. რუსეთის ხელისუფლებამ უკვე გათიშა უკრაინული არხები, დაიწყო იმ ჟურნალისტების და მოქალაქეების დევნა, ვისაც პროუკრაინული პოზიცია უკავია. ყირიმის ოკუპაციის დეტალებზე რიჩარდი ბათუმში ახლადგაცნობილ კოლეგებს ხშირად უყვებოდა. იგი აქ „კონფლიქტების და განვითარების უნივერსიტეტის“ ლექციათა ერთკვირიან კურსს დაესწრო, სადაც, მის გარდა, რუსეთის, უკრაინის, მოლდოვას, დნესტრისპირეთის, საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. რიჩარდი გაკვირვებულიც კი დარჩა იმ ურთიერთობით, რომელიცახალგაზრდა რუს და უკრაინელ პოლიტოლოგებს ჰქონდათ. მისი აზრით, ეს უნივერსიტეტი სამაგალითოც კი შეიძლება გახდეს პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც მოლაპარაკებას ვერ ახერხებენ.

„კონფლიქტების და განვითარების ყოველწლიური უნივერსიტეტი“ ბათუმში „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით მოეწყო. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული 40-მდე ახალგაზრდა ერთი კვირის განმავლობაში ბოლო დროს მომხდარი კონფლიქტების წარმოშობის მიზეზებს, განვითარების ტენდენციას და მოგვარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს განიხილავდა. სალექციო კურსს ცნობილი კონფლიქტოლოგები უძღვებოდნენ, რომლებიც ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ ჩამოსულნი. მთიანი ყარაბახის, დნესტრისპირეთის, ჩრდილოეთ კვიპროსის, კოსოვოს, ჩრდილოეთ ირლანდიის, უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები – ეს არის იმ თემების არასრული ჩამონათვალი, რომლის შესახებაც დისკუსიები მიმდინარეობდა. ალექსანდრ ისკანდერიანმა მთიანი ყარაბახის კონფლიქტი მიმოიხილა და არაერთი დასამახსოვრებელი ფრაზა წარმოსთქვა. მაგალითად, – ყარაბახის გარეშე სომხეთი იქნებოდა საქართველო, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისითო. მისი აზრით, ასეთი სახის შეხვედრები და კომუნიკაცია, საბოლოო ჯამში, კონფლიქტების მოგვარებაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს.

ფეოდორ ბასოვი მოსკოვიდანჩამოვიდა, იგი კავკასიურ კონფლიქტებს სწავლობს. ბათუმში მანსხვა ქვეყნებში არსებული კონფლიქტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღო, რაც პოსტსაბჭოთა სივრცის კონფლიქტებთან შედარების შესაძლებლობას იძლევა.

განსაკუთრებული ყურადღება რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტის გაანალიზებას დაეთმო.უნივერსიტეტის მიზანია ამ კონფლიქტის გააზრება და მისი მშვიდობიანი ტრანსფორმაციის ხელშეწყობა. უნივერსიტეტი, კონფლიქტების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლებასთან ერთად, ორიენტირებულია შექმნას თავისუფალი სააზროვნო სივრცე, სადაც მხარეთა შორის რაციონალური დისკუსიების წარმართვით შესაძლებელი გახდება რუს და უკრაინელ მომავალ ლიდერებსა და პოტენციური გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის თანაშრომლობის ხელშეწყობა და კონფლიქტის მოგვარების გზების ერთიანი ძალისხმევით ძიება. ევგენი შაპოვალიხარკოვის საქალაქო საბჭოს წევრია. მისი აზრით, სახალხო დიპლომატიის ამოქმედება კონფლიქტების საბოლოო მოგვარებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს, ამიტომ უკრაინაში კონფლიქტის ჯერ ისევ ცხელ ფაზაში ამ რესურსის ამოქმედება უნდა მოხდეს.

კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილიაცხადებს, რომ სამომავლოდ უნივერსიტეტის მასშტაბები გაიზრდება და მასში მონაწილეობას აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებიც მიიღებენ.

„კონფლიქტების და განვითარების ყოველწლიური უნივერსიტეტი“ ხორციელდება პროექტის „უკრაინა-დიალოგისგზით გამოსავლის ძიებაში“ ფარგლებში, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას ბრიტანეთის მთავრობა ახორციელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG