Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები


ქუთაისის ცენტრი
ქუთაისის ცენტრი

მიმდინარე წელს ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 25 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვაა დაგეგმილი. რეგიონების განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით 47 ქუჩის გზის საფარი და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა, ფონდიდან და ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯება თანხა მრავალბინიანი კორპუსების ლიფტების, ფასადების, სადარბაზოებისა და ეზოების კეთილმოწყობისთვის, 2015 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს ასევე ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომლის დასრულება ოქტომბრის თვის ბოლოს იგეგმება, გელათის ქუჩის სამკილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციაა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გელათის ქუჩაზე მთლიანად შეიცვალა წყლის სისტემა, რის შემდეგაცწყლით უზრუნველყოფილი იქნება ის ქუჩები, რომლებსაც წყალი არასოდესმიეწოდებოდა. გაკეთდა ასევე საყრდენი კედლები, ბორდიურები, დახურული და ღია სანიაღვრე სისტემები, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან 3 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. ,,გზამშენი 21“ ასრულებს. ქუჩაზე უკვე დაგებულია ასფალტის საფარის პირველი ფენა. ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მალხაზ ბასილაძის განცხადებით, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ყველა პროექტი დროულად დასრულდება.

რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებთან ერთად ქუთაისში ხორციელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, მიმდინარე წელს, შარშანდელთან შედარებით, გაორმაგდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ბინების გადახურვის პროგრამის ხარჯები. შოთა მურღულიას განმარტებითვე, წელს 60 ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვისთვის 280 ათასი ლარია გამოყოფილი.

ქალაქში თანადაფინანსების პრინციპით ხორციელდება მრავალბინიანი კორპუსების სადარბაზოების კეთილმოწყობა. როგორც საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილე ჯონი არაბიძე ამბობს, სადარბაზოების რემონტისთვის საჭირო თანხის 90 %-ს თვითმმართველობა აფინანსებს, 10 % კი მოსახლეობამ უნდა დაფაროს. მიმდინარე წელს 60-ზე მეტი სადარბაზოს რეკონსტრუქციაა დაგეგმილი, რისთვისაც მერია 820 ათას ლარს გამოყოფს.

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილის ჯონი არაბიძისავე განცხადებით, სადარბაზოების მსგავსად ფინანსდება მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობაც და ამ დროისთვის 40-ზე მეტ ეზოში დაიგო ასფალტი და მოპირკეთდა გზის საფარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG