Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისში მოიმატა ვირუსული პაციენტების რიცხვმა


ვირუსული ინფექციების მატების გამო 2 დღით გადაიდო სასწავლო პროცესის განახლება ქუთაისის ბაგა-ბაღებში. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, ქალაქის 37-ვე სკოლამდელ დაწესებულებაში სწავლა 27 იანვარს დაიწყება. სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასწავლო დაწესებულებების ადმინისტრაციის თანამშრომლები ყოველდღიურად აფრთხილებენ, ვირუსული ინფექციის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში არ გაუშვან მოზარდი სკოლაში. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა გიორგაძე განმარტავს, არსებული მონაცემები გრიპის ვირუსის ეპიდემიის საფრთხეს არ ქმნის.

ბავშვთა მიმართვიანობის გაზრდას ადასტურებს ნომერ პირველი პირველადი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი გიორგი მიმინოშვილი და აცხადებს, რომ A ტიპის H1N1 შტამის გრიპი ამ დრომდე არც ერთ პაციენტს არ დადასტურებია.

ვირუსული პაციენტების მატების გამო ქუთაისის მერია მზად არის საჭიროების შემთხვევაში საწვავით დაეხმაროს პოლიკლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს. ქალაქის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, თვითმმართველობა მზად არის ჯანდაცვის დაწესებულებებს პაციენტების მომსახურება გაუადვილოს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ უკვე მიმართა სამედიცინო დაწესებულებებს რეკომენდაციით, საღამოს 9 საათამდე იმუშაონ. დავით ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმი ხათუნა ზაქარაია ჩამოთვლის იმ სიმპტომებს, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულებებს უნდა მიმართონ.

ექიმები მოსახლეობას ურჩევენ პირადი ჰიგიენის ნორმები დაიცვან, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებში ხანგრძლივად ყოფნას, გრიპის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მოზარდები სასწავლო დაწესებულებებში არ გაუშვან, დროულად მიმართონ პოლიკლინიკებს და არ დაიწყონ თვითმკურნალობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG