Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და საკანონმდებლო ცვლილებები


საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

გასული კვირა პოლიტიკურად აქტიური აღმოჩნდა. ცვლილებები შევიდა ბიუჯეტში, პარლამენტმა დაიწყო რამდენიმე კანონპროექტის განხილვა - მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიებისა და ეროვნული ბანკის შესახებ. განახლდა საუბარი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უშიშროების სამსახურის გამოყოფაზეც, რის წინააღმდეგაც გამოვიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და პარლამენტს მოუწოდეს არსებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ. რუსეთმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” ხელშეკრულება დადო, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2014 წლის ანგარიშში საქართველოს საკმაოდ დიდი ადგილი დაუთმო.

გასული კვირა დაიწყო რუსეთსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს შორის ხელშეკრულების დადებით, რასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ “ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯი” უწოდა. საუბარია ე.წ. ხელშეკრულებაზე “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ”, რომლის რატიფიცირებაც რუსეთის დუმამ 19 ივნისს მოახდინა. ამ ხელშეკრულებით კმაყოფილები დარჩნენ ოფიციალური პირები როგორც რუსეთის, ასევე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მხარეს, რასაც ვერ ვიტყვით ქართულ მხარეზე.

როგორც პიოტრ გასიევი, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი “ედინაია ოსეტიადან”, ამბობს, მას რუსეთთან საზღვრის გახსნის იმედი აქვს:

„სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, უპირველეს ყოვლისა, ელოდება საბაჟო თუ სხვა პროცედურების გამარტივებას და თითქმის გაუქმებას. ხალხის ყველაზე დიდი მოლოდინი საბაჟო გამშვები პუნქტის გაუქმებას უკავშირდება. იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი გაწერილი იქნება დამატებით შეთანხმებებში. ვიცი, რომ ჩვენი საბაჟო უკვე რუს კოლეგებთან ერთად მუშაობს. თვითონ ცხოვრება გვკარნახობს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არ უნდა იყოს საბაჟო და სასაზღვრო ბარიერები. ვფიქრობ, იქნება თავისუფალი გადასვლის შესაძლებლობა ოსეთის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში. ვფიქრობ, კონტროლი შენარჩუნდება, მაგრამ პროცედურებს აბსოლუტურად სხვა სახე მიეცემა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ თემაზე ჯერ 19 ივნისს წერილობითი განცხადება გაავრცელა, სამი დღის შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, საგანგებო დავალებათა ელჩმა დავით კერესელიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ ვალდებულებებს,მათ შორის, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის ამ ქმედებას და სათანადო ზეწოლა განახორციელოს რუსეთის ფედერაციაზე. საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის დესტრუქციული ქმედებების აღსაკვეთად“, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კი 23 ივნისს წარადგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდებიან თავშესაფრის ის მაძიებლები, რომლებიც საქართველოში გადმოვიდნენ უშუალოდ იმ ქვეყნიდან, სადაც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ოღონდ მათ დადგენილი წესით საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარი უნდა სთხოვონ. 23 ივნისს მთავრობის სხდომაზე მინისტრმა სოზარ სუბარმა ამ პაკეტის წარდგენისას განმარტა:

"ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში იყო გარკვეული შენიშვნები, რომლებიც გულისხმობს ლტოლვილისა და თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის სტატუსის მინიჭების წესში გარკვეულ ცვლილებებს. სწორედ ეს ცვლილებები შემოგვაქვს დღეს. ამ შემთხვევაში ზოგი მიმართულებით არის გამარტივება, ზოგი მიმართულებით კი, პირიქით, – გამკაცრება”.

როგორც წინასწარი განმარტებებიდან ირკვევა, გამკაცრებაში იგულისხმება ის, რომ დღემდე ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ ადამიანს შეეძლო, ცვლილებების შემდეგ კი მხოლოდ ის ადამიანები მიიღებენ დევნილის სტატუსს, ვინც უშუალოდ იმ ქვეყნიდან შემოვიდა, სადაც მას ავიწროებდნენ და დევნიდნენ.

საოკუპაციო გამყოფი ზოლი
საოკუპაციო გამყოფი ზოლი

ცვლილებები კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არ მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობას“. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ამბობს, ეს რუსეთისათვის უკან დახევის სიგნალი იქნება, რადგანაც მოსკოვმა თბილისს არაერთხელ მოსთხოვა ამ კანონის გაუქმება:

​„ერთი შეხედვით ვითომდა საერთაშორისო ნორმებს მორგებული ცვლილებით, ხელისუფლებას, ჩემი აზრით, აქვს მცდელობა გახსნას ამ კანონის შეცვლის ახალი სერია და ამის აუცილებლობა არ არსებობს... ეს იქნება ერთგვარი ბზარი ამ კანონში იმისათვის, რომ შემდეგ ნაპრალი რუსეთის წნეხის ქვეშ გადიდდეს და რუსეთმა ეს კანონი აქციოს ფარატინა ფურცლად“.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება პასუხობს ევროკავშირის რეკომენდაციებს და ჯდება საერთაშორისო ჰუმანიტარული მოთხოვნების კონტექსტში.

23 ივნისის მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 140 მილიონი ლარით შემცირდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, ცვლილება არ შეეხება სოციალურ და კაპიტალურ ხარჯებს, ხოლო დამატებითი სახსრები გამოეყოფა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თბილისსა და მის შემოგარენში სტიქიური უბედურებით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად:

„ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! რეგიონში თითქმის ყველა სახელმწიფომ გააკეთა ბიუჯეტის კორექტირება იმის გამო, რომ სახეზეა სერიოზული კრიზისი მთელ რეგიონში, მათ შორის, რუსეთში, უკრაინაში... ყველგან რთული ვითარებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მოვერგოთ ახალ რეალობას“.

საქართველოს მთავრობის სხდომა
საქართველოს მთავრობის სხდომა

ყველაზე მეტად, 15 მილიონით, შემცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი, ხოლო თავდაცვის სამინისტრო 5 მილიონით ნაკლებს მიიღებს.

ბიუჯეტის შემცირებას საპარლამენტო ოპოზიცია დიდი ხანია ითხოვდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ ეს ცვლილება დამაკმაყოფილებელი არ არის. როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი დავით ონოფრიშვილი ამბობს, ხარჯვითი ნაწილის მხოლოდ 140 მილიონი ლარით შემცირება საკმარისი არ არის:

„თუ მთავრობა თვლის, რომ მშპ მცირდება 5 %-დან 2 %-მდე, მაშინ 140 მილიონი ნამდვილად არ არის საკმარისი. ბიუჯეტი, ჩემი გათვლებით, უნდა შემცირდეს 200-300 მილიონი ლარით, რათა დაბალანსებული იყოს და არ მოხდეს წლის ბოლოს ბიუჯეტის გარღვევა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი კი ამბობს, რომ მათი პარტია ამ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს.

ამ კვირაშივე განახლდა საუბარი საპოლიციო და უშიშროების სამსახურის გამიჯვნის შესახებ. 8 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს “უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონპროექტის ამჟამინდელ რედაქციას.მათ მიმართვა 24 ივნისს გაავრცელეს.

მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაციის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”, აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ფიქრობს, რომ დღევანდელი კანონპროექტით ერთი პრობლემური უწყების ნაცვლად ორ არანაკლებ პრობლემურ უწყებას მივიღებთ,რაც, მისი თქმით, ადამიანის უფლებებისა და კანონიერი მმართველობის პრინციპებს ეწინააღმდეგება:

შსს
შსს

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოფა უშიშროების სამსახური, რომელიც დაექვემდებარება პრემიერ-მინისტრს. გარდა ამ ცვლილებებისა, ჩვენი აზრით, ფაქტობრივად, სხვა, სიღრმისეული, ცვლილებები არ ხორციელდება, მათ შორის, არ იცვლება ის ოდეერების პრაქტიკა, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში და შემდეგ უკვე, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, გადმოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში“.

როგორც 12 ივნისს ამ კანონპროექტის განხილვისას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა,ეს არის წინაპირობა იმისა, რომ მოხდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში არსებული ჭარბი ძალაუფლების დეცენტრალიზაცია:

“ინტენსიურად ვმუშაობდით, გავეცანით საერთაშორისო პრაქტიკას, გვქონდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ექსპერტებთანაც და მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ის სტანდარტები და მიდგომები, რომელიც აპრობირებულია განვითარებულ ქვეყნებში. ლაპარაკია ანგარიშვალდებულების მაღალ ხარისხზე, გამჭვირვალობაზე“.

არასამთავრობო ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ეს კანონპროექტი სწორედ საერთაშორისო სტანდარტების დაუცველობით გამოირჩევა. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს,მნიშვნელოვანი იქნება ეს დოკუმენტი ანალიზისთვის გაიგზავნოს ვენეციის კომისიასა და ევროპის საბჭოში,რათა უცხოელი ექსპერტების შეფასებაც მოვისმინოთ.

25 ივნისს საქართველოს ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე, გენერალი ადრიან ბრედშოუ ესტუმრა. ის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედროებს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ შეხვდა. მისი თქმით, საქართველო განსაკუთრებულად წარმოჩნდა ISAF-ისა და “გადამწყვეტი მხარდაჭერის” მისიების ფარგლებში,ამიტომ ნატოც განსაკუთრებულად აფასებს საქართველოს მონდომებას:

სამხედრო სწავლება
სამხედრო სწავლება

ადრიან ბრედშოუმ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ისაუბრეს საქართველოში ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის დაფუძნებაზეც. გენერალ-მაიორი ვარაუდობს, რომ ეს შემოდგომამდე უნდა მოხდეს:

„საუბარია ცენტრის დაფუძნებაზე სექტემბრამდე. მისი მშენებლობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ლოკაცია და ერთი გარკვეული შენობა“.

ამ შეხვედრის პარალელურად კი, ბრიუსელში შეხვედრები გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.ის, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას იღებდა თავდაცვის მინისტერიალში და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომებსაც დაესწრო.

საქართველოს პარლამენტმა კი რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკისგან ფინანსური მონიტორინგისა და საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას ითვალისწინებს. 27 ივნისს ეს კანონპროექტი დამტკიცდა 78 ხმით ერთის წინააღმდეგ.

სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები.როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი ამბობს,ეს კანონპროექტი მიუღებელია:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

„მოვუწოდეთ პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობას გადაედოთ კენჭისყრა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ოთხმა მსხვილმა საფინანსო ორგანიზაციამ მიმართა პრემიერ- მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეეჩერებინათ ამ კანონის განხილვა, რადგან ის ანგრევს საბანკო სისტემას“.

მსოფლიო ბანკმა,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, აზიის ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაავრცელეს განცხადება,რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი დაგეგმილი ცვლილებით შეშფოთებულები არიან და რომ მისი მიღება საქართველოში საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობის ხარისხს შეასუსტებს, ასევე რისკის ქვეშ დააყენებს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას.

კანონპროექტის მიხედვით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება და გაუქმდება ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი.

პროექტის ინიციატორი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური, ამბობს, რომ ეს ცვლილება ეროვნულ ბანკს გააძლიერებს:

„ამაღლდეს საზოგადოების ნდობა ეროვნული ბანკისადმი და მისი ახალი საბჭოს დაკომპლექტებაში მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა როგორც ხელისუფლების, ასევე ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა“.

ეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის შეფასებით, ეს ცვლილება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და საქართველოს პრეზიდენტის დასუსტებას ემსახურება. ამ ცვლილების მიმართ თავად პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც უარყოფითადაა განწყობილი და აპირებს პარლამენტის გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს.

კვირის მიწურულს, 26 ივნისს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების შესახებ 2014 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში გასულ წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობაც აისახა.

65 გვერდზე, რომელიც ამ ანგარიშში საქართველოს დაეთმო, საუბარია პატიმრების უფლებებსა და მდგომარეობაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში,პოლიტიკური საფუძვლით დაკავებების შესახებ, სიძულვილის ენაზე, ოჯახში ძალადობაზე, უმცირესობების მდგომარეობაზე, იძულებით გადაადგილებულ პირებზე, გამოხატვის თავისუფლებაზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ, 2012 წლის შემდეგ მიღწეული პროგრესის მიუხედავად, პენიტენციური სისტემა ჯერაც არაერთი გამოწვევის წინაშე დგას.

ამ ანგარიშშივე აღინიშნა 2012 წლის შემდეგ 45 საშუალო და მაღალი დონის ყოფილი მაღალჩინოსნისათვის ბრალის წაყენება, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება და თავდაცვის მინისტრობიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლება.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ანი მიროტაძე კანონის უზენაესობის დაცვადმიიჩნევს იმას, რაც ანგარიშში პოლიტიკური დევნის ნიშნით მოხვდა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საჯარო უწყებებმა 2014 წელს მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით, თუმცა იქვეა შედარებით “ჩაკეტილი” უწყებების ჩამონათვალიც.

საუბარია იმაზეც, რომ ქვეყანამ ვერ შექმნა შრომის ინსპექცია,როგორც ეს 2013 წელს მიღებულმა შრომის კოდექსმა განსაზღრა.

საგანგებო ადგილი დაეთმო ქალთა მიმართ ძალადობასაც.ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველო ამ ანგარიშში უკეთესი შედეგებით ვერ გამოირჩა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG