Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცი, გენდერული კვოტირება და პრემიები


ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ჩამოსვენება. თბილისის აეროპორტი
ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ჩამოსვენება. თბილისის აეროპორტი

გასულ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი 30-ზე მეტი დეპუტატისმიერ ხელმოწერილი სარჩელი. დეპუტატები „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ. შეგახსენებთ: პარლამენტმა თითქმის ორი კვირის წინ მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას და ცალკე სააგენტოს შექმნას, რაც, საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა.

კონსტიტუციის 95-ე მუხლის თანახმად, ფინანსური ინსტიტუტების სტაბილური ფუნქციონირება და ამ საკითხზე ზედამხედველობა ეროვნული ბანკის ვალდებულებაა და ეს არის მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება, ამბობენ „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატები და, შესაბამისად, ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ.

სარჩელის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა შალვა შავგულიძემ, სამშაბათს განმარტა, რომ სასარჩელო განცხადება მოიცავს მოთხოვნას, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობა შეჩერდეს:

„სარჩელთან ერთად ჩვენ შუამდგომლობა წარვადგინეთ, რათა ამ ნორმების ამოქმედების შეჩერება მოხდეს. ეს არ გამოიწვევს ამ სფეროს რეგულირებაში კოლაფსს, ვინაიდან კანონპროექტთა პაკეტი ითვალისწინებს გარდამავალდებულებაში დებულებას, რომ ვიდრე ამოქმედდება ეს ახლად შექმნილი სააგენტო, მანამდე ზედამხედველობას განახორციელებს ეროვნული ბანკი ისე, როგორც დღემდე და მეტად წარმატებულად ახორციელებდა“.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ცალკე გამოყოფის წინააღმდეგი იყო პრეზიდენტი, მან კანონს ვეტოც დაადო, მაგრამ მოგვიანებით, ანუ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვეტო დაძლია, მან ხელი მოაწერა კანონს, თუმცა ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის თქმით, კანონის ანტიკონსტიტუციურობასთან დაკავშირებული კითხვები ხელმოწერის შემდეგაც არ მოხსნილა:

გიორგი აბაშიშვილი
გიორგი აბაშიშვილი

„პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც მე წარვადგინე პარლამენტში, შეიცავდა პუნქტს, რომლის თანახმადაც, ჩვენ ვსაუბრობდით, რომ შეიქმნებოდა სერიოზული პრობლემა იმ შემთხვევაში, თუ საფინანსო ზედამხედველობის სამსახური გამოეყოფოდა ეროვნულ ბანკს, რამდენადაც ვერ შეძლებდა ეროვნული ბანკი მისი კონსტიტუციური ფუნქციების შესრულებას. ბუნებრივია, ეს კითხვის ნიშანი არ მოხსნილა და ეს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებშიცაა ასახული“.

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ საფინანსო ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს ჩამოერთვა და გადაეცა მასზე ნომინალურად დაქვემდებარებულ სააგენტოს, ანუ ეს ფუნქცია ეროვნული ბანკის იურისდიქციიდან გავიდა, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.

გასულ კვირაში ავღანეთში 31-ე ქართველი სამხედრო, ვასილ ყულჯანიშვილი, დაიღუპა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში მსახურობდა. გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშები დაეშვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე. უწყების ხელმძღვანელის თინა ხიდაშელის განმარტებით, სამხედრო ბაზას თავს არ დასხმიან, ჯარისკაცები პატრულირებისას მომხდარი შეტაკების დროს დაიჭრნენ.

„ვუსამძიმრებ დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს. წუხელ მთელი ღამე იქ ვიყავით. გულწრფელად ვამბობ, იშვიათად მინახავს ახალგაზრდა ქალი, დედა, რომელიც შვილის დაღუპვის ამბავს ასე გმირულად შეხვდა“, - განაცხადა ხიდაშელმა. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მეორე ქართველ ჯარისკაცს, რომელიც დაჭრილია, ოპერაციის შემდგომ სამშობლოში დააბრუნებენ.

იქ ყოფნა, რა თქმა უნდა, აამაღლებს ქართველი სამხედროების კვალიფიკაციასაც. საქართველოში დაბრუნებულებს, შეეძლებათ სამშობლოს სადარაჯოზე დგომა...
ნიკა ჩიტაძე

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის ნიკა ჩიტაძის თქმით, საქართველო ამ მისიებში მონაწილეობით ცალსახად აცხადებს, რომ მას სურს იყოს კონტრიბუტორი და თავისი წვლილი შეიტანოს მსოფლიო უსაფრთხოების პროცესებში. გარდა ამისა, ჩიტაძის თქმით, ამ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმზეც აისახება:

„იქ ყოფნა, რა თქმა უნდა, აამაღლებს ქართველი სამხედროების კვალიფიკაციასაც. საქართველოში დაბრუნებულებს, შეეძლებათ სამშობლოს სადარაჯოზე დგომა“.

საქართველოს შეიარაღებული ძალები სამშვიდობო მისიებში აქტიურ მონაწილეობას 1999 წლიდან იღებს, ავღანეთში კი საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად ქართული კონტინგენტი პირველად 2004 წელს გაიგზავნა. ამ დროისთვის ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში 900-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. რაც შეეხება დაღუპულ ჯარისკაცს, 21 წლის ვასილ ყულჯანიშვილს, ის სამშობლოში 25 სექტემბერს ჩამოასვენეს.

თუკი საუბარს სამხედრო თემით გავაგრძელებთ, მაშინ აუცილებლად უნდა ვახსენოთ გასული კვირის ოთხშაბათს გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც საბჭომ გაიზიარა თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება და უცვლელად დატოვა საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა. ანუ, 2016 წელს საქართველოში სამხედრო მოსამსახურეების რიცხვი 37 ათასს არ გადააჭარბებს. უკანასკნელ წლებში გაზრდილი საფრთხეების ფონზე, ამ გადაწყვეტილებას ექსპერტთა ერთი ნაწილი არაადეკვატურად მიიჩნევს.

ექსპერტმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ სამხედროების ეს რაოდენობა არასაკმარისია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მისი თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები მნიშვნელოვნად გაზრდილია – იქნება ეს რუსეთისგან, ახლო აღმოსავლეთის კრიზისიდან თუ უშუალოდ ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ წამოსული საფრთხე. ის თვლის, რომსაქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა 50 ათასზე ნაკლები არ უნდა იყოს:

„ჩვენ უნდა შევძლოთ მინიმალური პოზიციური თავდაცვითი ზღუდეების შექმნა, რომ აგრესია შევაკავოთ მინიმალურ დონეზე მაინც და შემდგომში უკვე, საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის ფორმატში, მოვახდინოთ ომის შეკავება... სომხეთის შეიარაღებული ძალები, უშუალოდ რეგულარული არმიის ნაწილების სახით, მუდმივი მზადყოფნის დონეზე, ითვლის 70 ათას სამხედრო მოსამსახურეს და პლუს მთიანი ყარაბაღის ე. წ. რესპუბლიკის შემადგენლობაც ასევე შედის სომხეთის შეიარაღებული ძალების მთლიან შემადგენლობაში... აზერბაიჯანის შეიარაღებული ჯარების შემადგენლობაში არის თითქმის 120–130 ათასი ადამიანი და ამაში არ იგულისხმება გასამხედროებული ფორმირებები, რომლებიც მოქმედებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - ვთქვათ, შინაგანი ჯარი, პოლიციისა და უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმები და ასე შემდეგ“.

საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს დაევალოთ დაიცვან 50%-იანი სქესთა ბალანსი: სიაში ყოველი მეორე - განსხვავებული სქესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია უბრუნებს პარტიას სიას ხარვეზის გამოსასწორებლად...
ნინო ჯანაშია

მართალია, საქართველოს ჯარის სასურველი რაოდენობის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა, მაგრამ აღნიშნა, რომ სამხედრო ძალების რაოდენობას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს „განსაკუთრებულად საშიში მიმართულებების ჩასაკეტად“ .

შეიძლება ითქვას, რომ გასულ კვირაში ქალთა აქტივისტებმა, რომლებიც, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით, დროებით სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღების მომხრენი არიან, პირველი წარმატება მოიპოვეს. 24 სექტემბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრთა საკანონმდებლო წინადადებას "საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რომელიც სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღებას გულისხმობს, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად. ქალთა აქტივისტების თქმით, ეს წინადადება უახლოეს მომავალში უკვე საკანონმდებლო ინიციატივად ჩამოყალიბდება.

„ჩვენ მოვითხოვთ სამართლიანობას! ჩვენ მოვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენ მოვითხოვთ რეალურ თანასწორობას. მაშინ როცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქალია, მაშინ როცა ამომრჩეველთა უმრავლესობა ქალია, ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ 38 ქალს 150 პარლამენტარიდან. და ეს არ არის ბევრი“, თქვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელმა.
საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო რეგისტრაციისათვის სიების წარდგენისას აუცილებელი გენდერული კვოტა უნდა დაიცვან.

ნინო ჯანაშიამ, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წარმომადგენელმა, კომიტეტში შეკრებილ დეპუტატებს, ქალთა აქტივისტებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნო თავიანთი საკანონმდებლო წინადადების მთავარი არსი:

„საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს დაევალოთ დაიცვან 50%-იანი სქესთა ბალანსი: სიაში ყოველი მეორე - განსხვავებული სქესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია უბრუნებს პარტიას სიას ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ პარტია ვერ აღმოფხვრის ამ ხარვეზს, მაშინ ის, უბრალოდ, ვერ გაივლის რეგისტრაციას. გარდა ამისა, პარლამენტის და საკრებულოს წევრის მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, უფლებამონაცვლე უნდა იყოს სიაში მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი“.

ანუ, თუკი საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევა და პარტიულ სიებში ყოველი მეორე წარმომადგენელი ქალი იქნება, ამ გათვლით, მომდევნო მოწვევის პარლამენტში 150 პარლამენტარიდან 38 ქალი უნდა იყოს, ნაცვლად, მაგალითად, 18-ისა, როგორც დღევანდელ პარლამენტშია.

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

კომიტეტის სხდომაზე შეკრებილ ქალთა აქტივისტებსა და დეპუტატებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მოსაზრება სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღების თაობაზე. ის თვლის, რომ, დღეს არსებული მდგომარეობით, პარლამენტის კარი ქალებისთვის დახურულია და ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს.

გასულ კვირაში კიდევ ერთ საპარლამენტო კომიტეტში გამართულ მსჯელობაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. 25 სექტემბერს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა საკანონმდებლო ინიციატივაზე: გაუქმდეს საჯარო სექტორის მაღალი თანამდებობის პირთა პრემირება. საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატს, ზაქარია ქუცნაშვილს, ეკუთვნის. „კარგი მუშაობისთვის პრემიის მიღების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, ჩვენ ისედაც კარგად უნდა ვიმუშაოთ“, განაცხადა მან და განმარტა,რომ პროექტის მიზანი მთავრობის მიერ საჯაროდ გამოცხადებული "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის მხარდაჭერაა, რამდენადაც, მისი მიღების შემთხვევაში, ბიუჯეტიდან 4,5-მილიონი ლარის დაზოგვა იქნება შესაძლებელი.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, პრემიის აღება უნდა აეკრძალოთ პარლამენტის წევრებს, მინისტრებს და მის მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, მთავრობათა თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს; ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრებს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს; მოსამართლეებს; მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს; იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს; საკრებულოების თავმჯდომარეებს, მერებს და გამგებლებს და სხვებს. ჯამში, საუბარია 746 თანამდებობის პირზე.

მაგრამ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ეს შეზღუდვა უნდა გავრცელდეს ასევე, მაგალიათად, „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარეზე, რომელსაც თვეში 27ათასი ლარი აქვს ხელფასი, ასევე რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე და სხვა.

პრემირების წესთან დაკავშირებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტის ორმა კომიტეტმა უკვე დაუჭირა მხარი. საპროცედურო კომიტეტის უარის მიუხედავად, ზაქარია ქუცნაშვილი მის გატანას კენჭისყრაზე მაინც აპირებს. ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის, „ნაციონალური მოძრაობის“, წარმომადგენელი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე, თავის მხრივ, გეგმავს თანამდებობრივი სარგოების ზღვრის დაწესების თაობაზე ინიციატივით მიმართოს პარლამენტს. მისი თქმით, ეს, პირველ რიგში, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელის ხელფასს შეეხება. აკაკი ბობოხიძის თქმით, საქართველოში არანორმალური ხელფასების დრო უნდა დასრულდეს და სახელფასო ზედა ზღვარი დაწესდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG